Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1135-02 11 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ.კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ბინიდან საკუთრების უფლებით ფართის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 24 მაისს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ე. ბ-მა სარჩელი აღძრა მ. მ-ისა და ო. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი დედამთილის, მ. მ-ის, სახელზე რიცხული ბინის თანამესაკუთრედ ცნობა და ბინიდან საკუთრების უფლებით ფართის გამოყოფა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1971 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ო. ბ-თან. ერთად ცხოვრების მანძილზე მათ შეეძინათ სამი შვილი, რომლებიც მოსარჩელესთან ერთად ჩაწერილები იყვნენ ბებიის, მ. მ-ის, სახელზე რიცხულ ბინაში.

მოსარჩელის განცხადებით მისი, მეუღლისა და დედამთილის ერთობლივი დანახარჯებით განხორციელდა ბინის მიშენება და კაპიტალური რემონტი. ამასთან ე. ბ-მა მიუთითა, რომ მას მოპასუხეებთან შედარებით ჰქონდა უფრო დიდი შემოსავალი, რომელიც დაახარჯა ბინის რეკონსტრუქციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მეუღლეს სასამართლოში განცხადება ჰქონდა შეტანილი მოსარჩელესთან განქორწინებაზე, ე. ბ-მა მოითხოვა მისი დედამთილის, მ. მ-ის, სახელზე რიცხული სახლიდან კუთვნილი წილის გამოყოფა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ბ-ის სარჩელი და მას მ. მ-ის სახელზე რიცხული ბინიდან საკუთრების უფლებით გადაეცა მთლიანი ფართობის 1/3.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლისათვის გადაცემა.

აპელანტმა მიუთითა, რომ სადავო ბინა მხოლოდ მის საკუთრებაში იყო. ვინაიდან ო. ბ-მა სკ-ს 1439-ე მუხლის საფუძველზე უარი თქვა თავის სამკვიდროზე დედის სასარგებლოდ, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ არის გათვალისწინებული იმის შესაძლებლობა, რომ ყოფილმა რძალმა დედამთილის ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა და წილის გამოყოფა მოითხოვოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და ევა ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ს ნორმები ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ურთიერთობა წარმოიშვა სკ-ს ძალაში შესვლამდე, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სანივთო უფლება, ხოლო სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანხმად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან თუ სკ უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

სააპელაციო პალატამ ბინის მესაკუთრედ ჩათვალა მ. მ-ი, რომელიც რეგისტრირებული იყო ასეთად მცხეთის ტექინვენტარიზაციის ბიუროში, ე. ბ-მა კი ვერ წარადგინა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, რომლის თანახმადაც იგი შეიძლებოდა, ცნობილიყო აპელანტის სახელზე რეგისტრირებული ბინის თანამესაკუთრედ.

რაც შეეხება საკუთრების უფლების შეძენის კანონისმიერ წესს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სკ-ს 1163-ე მუხლის თანახმად თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება, ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სადავო სახლი მთლიანად მ. მ-ის საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა დედამთილის ქონებაზე რძლის თანამესაკუთრედ ცნობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ევა ბ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილების, როგორც უკანონო გადაწყვეტილების, გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი უთითებს, რომ 1986 წლიდან მამამთილის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ და დედამთილმა ფაქტობრივად საერთო მფლობელობაში მიიღეს სამკვიდრო ბინა. ე. ბ-მა ასევე განმარტა, რომ 1990 წელს სადავო ბინა ნოტარიუსმა აღრიცხა დედამთილის სახელზე ისე, რომ მის მეუღლე ო. ბ-ს უარი არ უთქვამს თავის სამკვიდროზე. ამასთან, მან მონაწილეობა მიიღო ბინის მიშენებაში, რომლის შემდეგაც სახლის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო სკ-ს 1163-ე მუხლის თანახმად თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის მოსაზრება იმაზე, რომ სკ-ს 183-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ამ საქმესთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან მან საკუთრების უფლება ბინაზე მოიპოვა კანონიერად მეუღლის სამკვიდრო ბინის ერთობლივი გაუმჯობესებით. არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო პალატის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო სახლი წარმოადგენს მ. მ-ის საკუთრებას, რადგან აღნიშნული ბინის დედამთილზე გადაფორმების დროს კასატორის მეუღლეს უარი არ უთქვამს თავის სამკვიდრო წილზე და ფაქტობრივი ფლობით მიიღო იგი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. მცხეთაში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ა. ბ-ის სახელზე, ხოლო 1990 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, სახლი გადაიფორმა ა. ბ-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ _ მეუღლე მ. მ-მა, რომელიც დღეისათვის მცხეთის ტექინვენტარიზაციის ბიუროში ირიცხება სახლის ერთადერთ მესაკუთრედ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორად გამოიყენა კანონი – სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სკ-ს 183-ე მუხლით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში სადავო ბინაზე საკუთრების უფლება კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული აქვს მ. მ-ს.

დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ სადავო სახლი წარმოადგენს მისი მეუღლის, ო. ბ-ის, საკუთრებასაც. როგორც ზემოთ აღინიშნა, უძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად კანონით იმპერატიულად დაწესებული აუცილებელი პირობები შესრულებულია მხოლოდ მ.მ-ის მიერ. ამასთან, ო. ბ-ს სადავო სახლის მესაკუთრეობაზე პრეტენზია არ განუცხადებია.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ სკ-ს 1163-ე მუხლით მას უფლება აქვს ქონების თანასაკუთრებაზე, ვინაიდან მან მონაწილეობა მიიღო სადავო ბინის მიშენებაში. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია თითოეული მეუღლის ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევის წესი. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ო. ბ-ის საკუთრება სადავო ბინაზე დადასტურებული არ არის.

სწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს ისეთ იურიდიულ ნორმას, რომელიც უფლებას აძლევს პირს (რძალს), გახდეს მეუღლის მშობლის (დედამთილის) კუთვნილი ქონების თანამესაკუთრე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონის დარღვევის გარეშე და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.