Facebook Twitter

3კ-1141-02 22 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე)

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში ...... მდებარე სამოთახიანი ბინა ირიცხებოდა ნ. კ-ას სახელზე, ხოლო ...... ოროთახიანი ბინის მესაკუთრე იყო მ. კ-ა.

1995წ. 30 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინები გასხვისებული იქნა გ. გ-ზე.

2000წ. 26 ოქტომბერს გ. გ-მა ..... მდებარე ბინა მიყიდა ზ. კ-ს: 2000წ. 31 ოქტომბერს ზ. გ-სა და თ. ნ-ეს შორის დაიდო ..... მდებარე ოროთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ორივე საცხოვრებელი ბინის საფასურად ნ. და მ. კ-ებს გ. გ-ისაგან მიღებული ჰქონდათ 42000 აშშ დოლარი.

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. გ-ის სარჩელი ნ. კ-ას მიმართ ბინიდან გამოშვების შესახებ, რომელიც არ აღსრულებულა.

1999წ. ოქტომბერში გ. გ-სა და ნ. კ-ას შორის დადებული გარიგების შესაბამისად ბინის დაბრუნების სანაცვლოდ ნ. კ-ას გ. გ-ისათვის უნდა გადაეხადა 55000 აშშ დოლარი ფაქტობრივად გადახდილი იქნა 42000 აშშ დოლარი.

1999წ. 13 ოქტომბერს შედგენილი ხელწერილით გ. გ-მა ივალდებულა, რომ ნ. კ-ას მიერ დამატებით 13000 აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ უკანასკნელს დაუბრუნებდა 42000 აშშ დოლარს, რის შემდეგაც ექნებოდა სადავო ბინის გასხვისების უფლება. ვალდებულება თანხის დაბრუნების თაობაზე გ. გ-ის მიერ არ ყოფილა შესრულებული.

2000წ. ოქტომბერში ნ. და მ. კ-ებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში გ. გ-ისა და ზ. კ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულბებების ბათილად ცნობის შესახებ.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და მ. კ-ებმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კვლავ არ დაკმაყოფილდა ნ. და მ. კ-ების სარჩელი.

ნ. და მ. კ-ები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას.

სააპელაციო კოლეგაში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს განცხადება დავის მორიგებით დამთავრების შესახებ, რომლის თანახმად მოპასუხე გ. გ-ი თანახმაა, რომ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება დაუბრუნდეს ნ. კ-ას და განთავისუფლდეს 42000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან.

მოსარჩელეები ნ. და მ. კ-ები ბინაზე საკუთრების გადაცემის სანაცვლოდ უარს აცხადებენ 42000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლებაზე. ნ. კ-ა თანახმაა გადაუხადოს გ. გ-ს მის მიერ გაწეული ხარჯები – 1500 აშშ დოლარი.

მესამე პირი – ზ. კ-ი ნებაყოფლობით თმობს სადავო ბინაზე საკუთრების უფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილ განცხადებას მორიგების თაობაზე და თვლის, რომ მოცემულ დავასთან დაკავშირებით უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ.

272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.

სსკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილ სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისისა რომელთაც ეს თავი შეიცავს.

კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით, 399-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს მხარეთაA შუამდგომლობა. დამტკიცდეს მხარეთაA მორიგება შემდეგი პირობებით:

ქ. თბილისში ..... მდებარე ბინის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს ნ. კ-ა.

შესაბამისად შეიცვალოს ქ. თბილისის ტექ-ინვენტარიზაციის ბიუროს და საჯარო რეესტრის მონაცემები. გაუქმდეს ზ. კ-ზე აღნიშნული ბინის აღრიცხვის ჩანაწერი და მესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნეს ნ. კ-ა.

გ. გ-ი განთავისუფლდეს ნ. კ-ას სასარგებლოდ 42000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან.

ნ. კ-ას გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1500 აშშ დოლარის გადახდა.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება და მხარეთა მორიგების გამო შეწყდეს საქმის წარმოება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.