¹3კ-1146-02 5 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე დ. ვ-ის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 3500 აშშ დოლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 1999წ. სექტემბერში მოდავე მხარეებს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იჯარით გადაეცა თბილისში, ..... კორპუსში მდებარე 18 კვ.მ ფართი. აღნიშნულ ფართში გახსნა აფთიაქი. 2000წ. ოქტომბერში აფთიაქი დახვდა დაკეტილი იქ არსებული მედიკამენტები წაღებული იყო მოპასუხის მიერ. მას შემდეგ მოპასუხე არ უშვებს ფართში სამუშაოდ, თუმცა იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო 2002წ. 4 ოქტომბრამდე, არც მედიკამენტებს უბრუნებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე დროულად არ იხდიდა იჯარის ქირას, რის გამოც ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად მათ შორის ხელშეკრულება შეწყდა. მის მირ მოწმეთა თანდასწრებით აღწერილი იქნა აფთიაქში არსებული წამლები, რომლებიც თანახმაა დაუბრუნოს მოსარჩელეს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო პალატამ მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილაად ცნო, რომ 2000წ. 1 სექტემბერს ინდმეწარმე “ქ. გ-ესა” და “ს-ის” მაღაზია ¹39-ის დირექტორს დ. ვ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ იჯარით აიღო არასაცხოვრებელი ფართი 18კვ.მ ოდენობით აფთიაქის გასახსნელად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2002წ. 1 სექტემბრამდე. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოსარჩელის არყოფნის დროს მოპასუხე შევიდა აფთიაქში და ამოიღო იქ არსებული მედიკამენტები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მედიკამენტების ხელყოფა, რის შედეგად მესაკუთრეს აღეკვეთა შესაძლებლობა მედიკამენტებით სარგებლობისა, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და სკ-ს 992-ე მუხლის თანახმად იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს ზიანი.
მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხის აფთიაქში შესვლის მომენტში იქ სწორედ 2400 აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები იყო. სააპელაციო პალატამ ზიანის ოდენობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კომპიუტერული ამონაბეჭდები. პალატის აზრით აღნიშნული საბუთით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ სხვადასხვა დროს შეძენილია ამა თუ იმ ღირებულების მედიკამენტი, რაც ვერ ადასტურებს ზიანის ოდენობას იმის გათვალისწინებით, რომ 2000წ. ივნისიდან 2000წ. ნოემბრამდე ხდებოდა ამ წამლების რეალიზაციაც.
სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე სთავაზობდა მოსარჩელეს მედიკამენტების წაღებას მაგრამ მოსარჩელემ არ წაიღო იმ საფუძვლით, რომ ზაფხულში ისინი აღარ გაიყიდებოდა.
მითითებული საფუძვლით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ მიუხედავად იმისა, რომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე სკ-ს 992-ე მუხლის თანახმად ვალდებულია აუნაზღაუროს ზიანი, დაუსაბუთებლად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორის მოსაზრებით მისი სასარჩელო მოთხოვნა სრულად აკმაყოფილებდა 102-ე მუხლის მოთხოვნებს და დასაბუთებული იყო გარდა მისი განმარტებისა, თავად მოპასუხის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა განმარტებებით და პოლიციის მიერ მოკვლეული მასალებით, რასაც სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს. სააპელაციო პალატამ ერთი მხრივ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როდესაც მოახდინა მოსარჩელის საკუთრების ხელყოფა და იგი ვალდებულია სკ-ს 992-ე მუხლის შესაბამისად აანაზღაუროს ზიანი. მეორე მხრივ სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ, მაშინ როდესაც მოსარჩელეს მოთხოვნის საფუძვლად სწორედ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჰქონდა მითითებული.
სააპელაციო პალატამ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობის დაუდასტურებლობა. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთი გადანაწილებულია მხარეთა შორის. დამტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზე თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. დამტკიცების ტვირთის გვერდით არსებობს აგრეთვე მითითების ტვირთიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს ევალებათ მიუთითონ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ მათ მოთხოვნებს თუ შესაგებელს (სსკ-ს 103-ე, 136-ე, 157-ე მუხლები).
მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ დადასტურებულია და სააპელაციო პალატის მიერაც დადგენილია, რომ სადავო მედიკამენტები ინახება მოპასუხესთან. მოპასუხის განმარტებით მის მიერ მოწმეთა თანდასწრებით აღწერილი იქნა აფთიაქში არსებული წამლები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საპირისპირო მტკიცებულებების წარმოდგენა ევალება მოპასუხეს.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას, რომ მოსარჩელეს შეუძლია ნებისმიერ დროს წაიღოს მედიკამენტები, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, ხომ არ დაკარგა მოსარჩელემ მედიკამენტების დაბრუნების ინტერესი (მედიკამენტების შენახვის პირობების გამო, ვადის გასვლის გამო და ა.შ).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.