Facebook Twitter

საქმე N080100122005964347

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №300აპ.-23 3 ივლისი 2023 წელი

დ–ა ა., №300აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. დ–აია (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის თებერვალში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, დღის საათებში, ქ.ქ–ში, ი–ის გამზირ N...... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა. დ–მ არასრულწლოვან გერს - ა. ბ–ს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგად ა. ბ–სემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2022 წლის 19 მაისს, დღის საათებში, ქ. ქ–ში, .........ი შესახვევი, N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა. დ–მ არასრულწლოვან გერს - ა. ბ–ს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგად ა. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2022 წლის 21 მაისს, დღის საათებში, ქ. ქ–ში, ............ის N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა. დ–მ შ. შ–ს, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხელი დაარტყა სახის არეში ორჯერ, არასრულწლოვანი გერის - ა. ბ–ს თანდასწრებით, რის შემდეგ ხელი დაარტყა სახის არეში არასრულწლოვან გერს - ა. ბ–ს. ა. დ–ს ქმედებებით შ. შ–მ და ა. ბ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით ა. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

1.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით ა. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და განაჩენთა (2018 წლის 19 ივლისის განაჩენი) ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 3 წელი და 6 თვე.

1.7. 2021 წლის 5 ნოემბერს, დღის საათებში, ქ.ქ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს „დ–ს“ კუთვნილ მაღაზია „დ–ში“ ქურდობისათვის ნასამართლევი ა. დ–ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელსა და სხვა სასურსათო პროდუქტებს, რის შედეგადაც შპს „დ–ს“ მიადგა 52,49 ლარის ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ა. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაული ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის განაჩენით ა. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით ა. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და განაჩენთა (2018 წლის 19 ივლისის განაჩენი) ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 3 წელი და 6 თვე.

2021 წლის 5 ნოემბერს, დღის საათებში, ქ. ქ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს „დ–ს“ კუთვნილ მაღაზია „დ–ში“ ქურდობისათვის ნასამართლევი ა. დ–ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელსა და სხვა სასურსათო პროდუქტებს, რის შედეგადაც შპს „დ–ს“ მიადგა 52,49 ლარის ქონებრივი ზიანი.

2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ა. დ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ა. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ა. დ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ა. დ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. დ–მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. წ–მ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ა. დ–სთვის დანიშნული სასჯელის 1/3-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობით ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის საააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 16 თებერვალს მსჯავრდებულმა ა. დ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, მისთვის სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა და დანიშნული სასჯელის 1/3-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობით ჩათვლა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა მიყენებული ზიანი და შეურიგდა დაზარალებულს, მისთვის დანაშაულის ჩადენისას არ წაუსწრიათ, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არის მშრომელი ადამიანი, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი, ოჯახს აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რადგან შეუჩერდათ სოციალური დახმარება, ცხოვრობენ ქირით და მან გაჭირვების გამო მაღაზიიდან წამოიღო საკვები პროდუქტები, რომლის ღირებულება შეადგენდა 52 ლარსა და 49 თეთრს, იგი მზად არის დაადგეს გამოსწოების გზას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისა და მისი ნაწილის პირობით ჩათვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ა. დ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: ა. დ–მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა მიყენებული ზიანი, ამასთან, იგი ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 59-ე და 67-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. დ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ა. დ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და მისი ნაწილის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. დ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე