Facebook Twitter

საქმე N 330100121005352609

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №269აპ-23 4 ივლისი, 2023 წელი

კ–ე ა., №269აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. კ–ე (პირადი ნომერი: ................) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ა. კ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ნასამართლობის მოხსნამდე ა. კ–მ, წინასწარი შეთანხმებით შ. ო–სთან ერთად, საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (ფუძე) წონით 0,0508 გრამი; ნარკოტიკული საშუალება ,,თებაინი“, წონით 0,0219 გრამი და ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, წონით 16,8428 გრამი, რაც შ. ო–სემ ა. კ–სთან წინასწარი შეთანხმებით 2021 წლის 26 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

1.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ა. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ა. კ–სთან წინასწარი შეთანხმებით, შ. ო–მ საზღვარგარეთ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (ფუძე) წონით 0,0508 გრამი; ნარკოტიკული საშუალება ,,თებაინი“, წონით 0,0219 გრამი და ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 16,8428 გრამი უკანონოდ შეინახა პირადად, რაც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 26 აგვისტოს ამოიღეს ქ.ბ–ში, ..................ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში შ. ო–ს მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

1.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ა. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ა. კ–სთან წინასწარი შეთანხმებით, შ. ო–მ საზღვარგარეთ უკანონოდ შეძენილი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინი“, საერთო წონით 4,2 გრამი უკანონოდ შეინახა პირადად, რაც საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 26 აგვისტოს ამოიღეს ქ.ბ–ში, ..........ის ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში შ. ო–ს მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენით ა. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ა. კ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. კ–ს 5 წლით ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 22 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ა. კ–ს ბრალეულობას. ა. კ–ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2021 წლის 26 აგვისტოს, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ. ა. კ–ს ბრალი ედება იმ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში, რომელიც კონკრეტულად მისგან არ ამოუღიათ, ამოიღეს შ. ო–ს პირადი ჩხრეკისას. შ. ო–მ ა. კ–ს წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით. მოწმე შ. ო–მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ა. კ–ე არის მისი ნათესავი, რომელიც 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, დაახლოებით ერთ კვირაზე მეტ ხანს ცხოვრობდა თ–ში, მის საცხოვრებელ სახლში და წვდომა ჰქონდა სახლში არსებულ ნივთებთან, სარგებლობდა ტანსაცმლის კარადით, აბაზანით და სამზარეულოთი. ექსპერტმა ნ. კ–მ კი განმარტა, რომ ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილი სხვა პირის ტანსაცმელზე, ნივთზე, ტანზე შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი კონტაქტის გზით და შესაძლებელია შენარჩუნდეს თვეების განმავლობაში. კასატორის პოზიციით შესაძლებელია, მათი თანაცხოვრების დროს სწორედ ამ გზით გადავიდა ა. კ–სის გენეტიკური პროფილი შ. ო–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ აზღუდზე და ამ აზღუდიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შ. ო–სა და ა. კ–ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მონაწილოებით და მას გარეშე პირი არ ესწრებოდა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია კანონის დარღვევით, რის გამოც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან საქარათველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების მიხედვით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ა. კ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმე შ. ო–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ თ–ში მასთან სტუმრად მყოფმა ა. კ–მ უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გადასატანად ეს რეისი იყო ბოლო და ამით დაამთავრებდა საქმიანობას. ა. კ–ე მასთან ათი დღით დარჩა და ელოდებოდა ფულს, შემდეგ კი წავიდა ს–ში. უკან დაბრუნებულმა ა–მა მას შესთავაზა მასთან ერთად ორი დღით დაბრუნებულიყო ს–ში და გზის ფულს თვითონ გადაუხდიდა. ისინი თ–დან 25 აგვისტოს წამოვიდნენ ს–სკენ. მას ა. კ–მ სთხოვა ნემსი, ძაფი და ხელთათმანები. თ–ს საზღვართან კი სთხოვა ბიუსჰალტერის ჩაცმა, რის სანაცვლოდაც შესთავაზა 1500 აშშ დოლარი. ფინანსური პრობლემების გამო იგი დათანხმდა ა–ს შეთავაზებას. ისინი შეთანხმდნენ, რომ მას აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ა–სთვის ს–ში უნდა მიეცა. თავდაპირველად მან უარი უთხრა ა–ს ნარკოტიკული საშუალებების გადმოტანაზე, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა, თუმცა არ იცოდა რა სახის ნარკოტიკული საშუალებები იყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ვარდისფერი ბიუსჰალტერი, რომელიც მან ა. კ–ს მითითებით ჩაიცვა იყო თავისი. ა. კ–ე მას დახვდა ტაქსით და ერთად წამოვიდნენ ს–ში. ა. კ–მ იგი წაიყვანა იმ ბინაში, რომელიც ორ-სამ ბიჭთან ერთად ჰქონდა ნაქირავები. ა–ს მისთვის თანხა ბინაში უნდა მიეცა. სახლთან მისვლისას ისინი სადარბაზოში გააჩერა პოლიციამ, რომლის თანამშრომლებმაც ა. კ–ე გაიყვანეს გვერდით, თვითონ კი გაჩხრიკეს. მისი ჩხრეკის მიმდინარეობას იღებდა პოლიციის თანამშრომელი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ა. კ–ს თ–ში ყოფნისას მის ნივთებთან ჰქონდა შემხებლობა, რადგან სარგებლობდნენ საერთო აბაზანით, სარეცხი მანქანით და ა.შ. მოწმის ჩვენება გამყარებულია პირადი ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 26 აგვისტოს, 13:44-14:36 საათზე, ჩატარებული პირადი ჩხრეკისას შ. ო–მ ნებაყოფლობით წარადგინა მისი ტანთცმული ბიუსტჰალტერიდან ერთი კონვალუტა, რომელზეც მოთავსებულია 14 მოწითალო-მოთეთრო ფერის შეფერილობის მცირე ზომის კაფსულები, რომელსაც უკანა მხარეს აქვს წარწერა ,,REGAPEN“ 300 mg. ბიუსტჰალტერის მარცხენა და მარჯვენა შიდა სარჩულიდან ამოღებული იქნა ფოლგის ქაღალდში მოთავსებული მოთეთრო ფერის ნივთიერება, მარჯვენა მხრიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში გადახვეული, 2 ცალად პოლიეთილენის შესაკრავიან მცირე ზომის პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება. ბიუსტჰალტერის მარცხენა მხრიდან ამოიღებული იქნა პოლიეთილენის პარკში გადახვეული 2 ცალად პოლიეთილენის შესაკრავიან მცირე ზომის პარკში მოთავსებული მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, ასევე მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერში გადახვეული მოშავო ფერის ნივთიერება. აღსანიშნავია, რომ პირადი ჩხრეკის მიმდინარეობა გადაღებულია მობილური ტელეფონით და ვიდეო-ჩანაწერი ერთვის სისხლის სამართლის საქმეს. მოწმეების - მ. ტ–ს და ბ. ვ–ს ჩვენებებით კი დადგენილია, რომ მათ შ. ო–მ უთხრა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მას თ–ში გადასცა ა. კ–მ, რის გამოც შეაჩერეს ა. კ–ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს უდავო მტკიცებულებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 27 აგვისტოს №............... დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ კონვალუტაზე წარწერით: „REGAPEN...“ განთავსებული თოთხმეტი (14) ცალი კაფსულა, (ობ.N..) შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინს, საერთო რაოდენობით 4,2 გრამს. ვერცხლისფერ ფოლგის ქაღალდში მოთავსებული მოთეთრო კრისტალური ნივთიერება წონით 0,7937 გრამი, (ობ.N..) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (ფუძე) წონით 0,0508 გრამს. მომწვანო პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოშავო-ყავისფერი, წებოვანი ნივთიერება წონით 1,8517 გრამი, (ობ.N..) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (ფუძე), რაოდენობით 0,0307გრამს; კოდეინს (ფუძე), რაოდენობით 0,0480 გრამს და თებაინს, რაოდენობით 0,0219 გრამს. მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით 20,41 გრამი, (ობ.N..) არ შეიცავს ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, წონით 29,89 გრამი, (ობ.N..) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 5,9483 გრამს. მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, წონით 30,23 გრამი, (ობ.N..) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 6,2588 გრამს. პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, წონით 24,79 გრამი, (ობ.N..) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 4,6357 გრამს. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონამ (ობ.N5-7) შეადგინა 16,8428 გრამი.

5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვინაიდან ა. კ–ს თ–ში ყოფნისას შემხებლობა ჰქონდა შ. ო–ს ნივთებთან, ასევე სარგებლობდნენ საერთო აბაზანითა და სარეცხის მანქანით შესაძლებელი იყო მისი გენეტიკური პროფილი გადასულიყო მოწმის ბიუსჰალტერზე. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 ნოემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N............. დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით „...ბიუსტჰალტერი და შესაფუთი მასალა...“ მოთავსებულ აზღუდის წინა შიდა ზედაპირზე, მთლიანობა დარღვეულ უბნებზე (ობ. N..) და აზღუდის დანარჩენ ზედაპირზე (ობ. N..) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N..-ის პროფილის მაჟორული წილი და ობ. N..-ის პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ა. კ–სეს (ობ. N..; პაკეტი, წარწერით...აღებულ იქნა წერწყვის ნიმუში პირის ღრუდან.. მოწმე ა–ნ ნ–ს ძე კ–ს...“). ობ. N..-ის პროფილის მინორული წილი და ობ. N..-ის პროფილის მეორე წილი ეკუთვნის - შ. ო–სეს (ობ. N..; პაკეტი, წარწერით: „...აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან... ბრალდებული შორენა ა–ს ას. ო–ე...“); მოვერცხლისფრო - ფოლგის ფრაგმენტსა (ობ. N..) და მომწვანო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტზე (ობ. N..) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ა. კ–ს (ობ. N..), მეორე წილი ეკუთვნის შ. ო–ს (ობ. N..); გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტებზე (ობ. N..) და გამჭვირვალე პოლიეთილენის ფრაგმენტებზე (ობ. N..) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის შ. ო–ს (ობ. N..) მინორული წილი ეკუთვნის ა. კ–სეს (ობ. N..). მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ თითოეული ადამიანის ბირთვული დნმ-ი და გენეტიკური პროფილი არის უნიკალური და იდენტური გენეტიკური პროფილი არ არსებობს. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ადასტურებს, რომ ა. კ–ს შემხებლობა ჰქონდა როგორც მოწმე შ. ო–ს ბიუსტჰალტერთან, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთ მასალასთან, რისი გათვალსწინებითაც კასატორის პოზიცია მოკლებულია დამაჯერებლობას.

5.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ შ. ო–მ გამოძიებას ა. კ–ს საწინააღმდეგო ჩვენება მისცა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნითა და საპროცესო შეთანხმების დადების სანაცვლოდ. გასათვალისწინებელია, რომ შ. ო–მ ა. კ–ს საწინააღმდეგო ჩვენება მისცა დაკავების მომენტშივე, ასევე საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ა. კ–ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი. მოწმის დაკითხვისას დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა მოწმისათვის დაესვა შეკითხვები. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ შ. ო–სესა და ბრალდების მხარეს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მოწმის ჩვენებას არ უკარგავს სანდოობას.

5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას შ. ო–სა და ა. კ–ს პირადი ჩხრეკების კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარების შესახებ. პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ შ. ო–ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, დღის საათებში. ის გარემოება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიმდინარეობისას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია დაადასტურეს მოწმეებმა - მ. ტ–მ და ბ. ვ–მა. გარდა ამისა, შ. ო–მ ნებაყოფლობით წარადგინა ბიუსტჰალტერი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები. ამასთან, შ. ო–მ დაადასტურა, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობისას მის მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია, მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა და ნარკოტიკული საშუალებები საკუთარი ნებით გადასცა გამომძიებელს. აღსანიშნავია, რომ მისი პირადი ჩხრეკა გადაღებულია მობილური ტელეფონით და ამით გამოძიებამ შექმნა ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულება. აღსანიშნავია ასევე, რომ 2021 წლის 26 აგვისტოს ა. კ–ს პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ა. კ–ე. ჩხრეკის ოქმი კანონიერად არის ცნობილი, სასამართლოს განჩინება, კი არ გასაჩივრებულა ზემდგომ ინსტანციაში. ა. კ–ს 2021 წლის 21 დეკემბრის პირადი ჩხრეკა კი ჩატარდა სასამართლოს ნებართვით, რომელიც მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე და ჩხრეკის ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს ა. კ–ე.

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე