Facebook Twitter

¹3კ-1163-02 17 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ზ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა-ის მიმართ და მოითხოვა ვალის – 8000 აშშ დოლარის დაბრუნება, ასევე ვალის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის 5280 აშშ დოლარის გადახდევინება. სულ მოსარჩელემ მოითხოვა 13280 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს შესაბამისი სამსახურის მიერ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული მონაკვლევი მასალა.

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. ამასთან დაადასტურა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ნამდვილად ისესხა მოსარჩელისაგან 1500 აშშ დოლარი, რომელიც დროულად დაუბრუნა გამსესხებელს.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის 2000 აშშ დოლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაოფილებაზე.

ეს გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი თანხის – 2000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის სესხის დაბრუნების ვადა არ იყო განსაზღვრული. მოსარჩელემ სესხის დაბრუნება მოითხოვა 2001წ. თებერვალში, მაგრამ მოპასუხე დღემდე არ აბრუნებს ვალს. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ სესხის დაბრუნების ვალდებულების წარმოშობის დროისათვის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ შეადგენდა 2%. 2001წ. თებერვლიდან 2002წ. 31 ივლისამდე ვადაგადაცილებამ შეადგინა 17 თვე. ყოველთვიური გადაცილებისათვის პროცენტის ოდენობა შეადგენს 40 აშშ დოლარს (2000 დოლარის 2%). 40 აშშ დოლარი X 17 თვეზე=680 აშშ დოლარს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხის გარდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ყოველთვიური 40 აშშ დოლარის გადახდა, ვიდრე არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ს 403-ე მუხლი და 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 680 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, გადახდის დროისათვის არსებული კურსით. მასვე დაეკისრა 2002წ. 31 ივლისიდან, ვიდრე ფულადი ვალდებულების შესრულებამდე, ყოველთვიურად 40 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. დანარჩენ ნაწილში ლ. ზ-ის მოთხოვნას ეთქვა უარი. მხარეებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ. ლ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

კასატორი ს. ა-ი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას პროცენტის დაკისრების ნაწილში.

კასატორი მიუთითებს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც უკანონოდ დაეკისრა ის თანხა, რაც დაბრუნებული აქვს. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატას უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება და არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 403-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ვალდებულება შეწყდა. სკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მითითებული ნორმის თანახმად მოვალემ იმის დასადასტურდებლად, რომ მან შეასრულა ვალდებულება უნდა წარმოადგინოს რაიმე საბუთი.

მოცემულ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. ა-ს ლ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა. ს. ა-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე საბუთი იმის დასადასტურებლად, რომ მან დააბრუნა ვალი. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სკ-ს 403-ე მუხლის პირველი ნაწილი რომლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლეLად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.