Facebook Twitter

საქმე N190100121004760751

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №254აპ.-23 17 ივლისი, 2023 წელი

მ–ა ზ., №254აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენზე .........ს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის, ასევე, მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–მისა და მსჯავრდებულ თ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. მ–სა (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. მ–მ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინაღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი ე.წ. „აბრეზი“, რასაც 2021 წლის 3 მარტს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში უკანონოდ ატარებდა.

2021 წლის იანვარში, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, ურთიერთშელაპარაკების გამო ზ. ს–სა და მის თანასოფლელ ბ. ჯ–სს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ. აღნიშნულის გამო, ბ. ჯ–სმა დახმარების მიზნით მიმართა მეგობარს - ზ. მ–სას, რომელიც ზ. ს–ს სისტემატურად უკავშირდებოდა და დაჟინებით სთხოვდა შეხვედრას, რაზედაც ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა.

2021 წლის 3 მარტს ზ. მ–სა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით, მეგობრებთან - შ. ქ–სთან და თ. გ–სთან ერთად, ანგარიშსწორების მიზნით მივიდა სოფელ ს–საში მდებარე ზ. ს–ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეხვდნენ ზ–ს და აგრესიული ტონით მოსთხოვეს ავტომობილში ჩაჯდომა, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი და გაუწია წინააღმდეგობა. ამ დროს, ზ. მ–მ, რომელიც განაწყენდა ზ. ს–ს წინააღმდეგობის გამო და მის მიმართ უფრო მეტად განეწყო აგრესიულად შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული გადაჭრილი სანადირო თოფიდან ე.წ. ,,აბრეზიდან“ დამიზნებით გაისროლა ზ. ს–ს მიმართულებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავისა და ხელის არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და დროებით დაკარგა მხედველობა. მიუხედავად იმისა, რომ ზ. მ–მ ყველა ზომა და საშუალება გამოიყენა ზ. ს–ს განზრახ მოკვლის მიზნით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში.

1.2. თ. გ–სა (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თ. გ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ,,AKM“ მოდელის, 7,62x39 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატი და საბრძოლო მასალა - ვაზნა, რასაც 2021 წლის 3 მარტს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში უკანონოდ ატარებდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. ასევე, ზ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 3 მარტს, დილის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ს–ში, ზ. მ–მ მის ნაცნობს - ზ. ს–ს, სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით, თანნაქონი თოფის მაგვარი საგნიდან ტყვიის შემცველი ჭურვების გასროლით, განზრახ მიაყენა სხეულის დაზიანება ნაჭდევების და ორი ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით, რითაც ზ. ს–ს მიადგა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ზ. მ–სა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ზ. მ–ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ზ. მ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდისგან პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2 აპრილის N.......... გადაწყვეტილებით და საბოლოოდ ზ. მ–სას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. გ–სა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა .........ს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა წარდგენილ ბრალდებებში ზ. მ–სა და თ. გ–ს სრულად დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ზ. მ–ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. გ–ს მიმართ კი დაკმაყოფილდა სრულად და ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის განაჩენში, კერძოდ:

ზ. მ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდა;

ზ. მ–ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლზე.

ზ. მ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოხდისგან პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს, 2019 წლის 2 აპრილის N........... გადაწყვეტილებით და საბოლოოდ ზ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. მ–სას აღნიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - 2021 წლის 4 მარტიდან, 2022 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენებით.

თ. გ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ. გ–სას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენებით, თ. გ–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა - 4 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო თ. გ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 3 მარტს, ზ. მ–სა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით, მეგობრებთან - შ. ქ–სთან და თ. გ–სთან ერთად, მივიდა სოფელ ს–საში მდებარე ზ. ს–ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც შეხვდნენ ზ–ს და აგრესიული ტონით მოსთხოვეს ავტომობილში ჩაჯდომა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა და გაუწია წინააღმდეგობა. ამ დროს, ზ. მ–სამ, რომელიც განაწყენდა ზ. ს–ზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული, სავარაუდოდ გადაჭრილი სანადირო თოფიდან, დამიზნებით გაისროლა ზ. ს–ს მიმართულებით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავისა და ხელის არეში ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და დროებით დაკარგა მხედველობა. მიუხედავად, იმისა რომ ზ. მ–მ ყველა ზომა და საშუალება გამოიყენა ზ. ს–სის განზრახ მოკვლის მიზნით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში.

ამავე კონფლიქტის დროს, ზ. მ–სთან ერთად მყოფი თ. გ–სა, უკანონოდ ატარებდა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ,,AKM“ მოდელის, 7,62x39 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს და საბრძოლო მასალას - ვაზნას.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა .........ს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელმაც მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ზ. მ–ს სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მა, რომელმაც მოითხოვა ზ. მ–სას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ–მ, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და თ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.6. მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის ზ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში უცვლელად დატოვება.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, .........ს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ზ. მ–სას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ამ ნაწილში ზ. მ–ს ბრალეულობას, კერძოდ, ზ. მ–ს გ. ხ–საგან ნათხოვარ ავტომანქანაში წინასწარ ჰყავდა მობილიზებული შ. ქ–სი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი თ. გ–სა. ამასთან, თვითონაც შეიარაღებული იყო გადაჭრილი სანადირო თოფით, რომლის ტყვიების ნაწილს ინახავდა ავტომანქანის უკანა სავარძლის ჯიბეში. დაზარალებულის განმარტებით, მან დაინახა, რომ ზ. მ–მ მოიმარჯვა გადჭრილი თოფი და მანქანის ზემოდან გადმოჰყო მისი ლულა, რომელიც თავის არეში დაუმიზნა მას და ესროლა ორჯერ. ის, რომ ზ. ს–ს მიყენებული აქვს დაზიანებები დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელშიც ასევე მითითებულია, რომ ზ. ს–ის გადმოცემით, მას დაზიანებები 2021 წლის 3 მარტს სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენა ნაცნობმა. ზ. მ–ს ბრალეულობას ასევე ადასტურებს გ. ხ–ს ავტომაქანის დათვალიერების ოქმები, რომლებითაც დასტურდება, რომ პირველ ჯერზე საბარგულიდან ამოიღეს გადაჭრილი სანადირო თოფის ლულა და კონდახი, ხოლო მეორე დათვალიერებისას ავტომანქანის სავარძლის უკანა ჯიბიდან ამოიღეს სანადირო თოფის ვაზნები. შესაბამისად, იმ ავტომანქანაში, რომლითაც ზ. მ–სამ დაზარალებულზე თავდასასხმელად მიიყვანა თანამზრახველები, სანადირო თოფის ნაწილების აღმოჩენა ადასტურებს ზ. მ–ს მიერ სანადირო თოფის ფლობასა და მისი გადაჭრის ფაქტს. გარდა ამისა, ზ. მ–ს მიერ გადაჭრილი სანადირო თოფის შეძენა, შენახვასა და ტარებას ადასტურებს დაზარალებულ ზ. ს–ს და მოწმეების - გ. ე–სა და მ. ქ–ს ჩვენებები. ამასთან, ავტომანქანიდან ამოღებული თოფის ნაწილები და ვაზნები ადასტურებს, რომ ზ. მ–სას ნამდვილად ჰქონდა თოფი, რომელიც დანაშაულის ჩასადენად გადააკეთა, რათა მისი გამოყენება, გადატანა და დამალვა უფრო მარტივად შესაძლებელი და მოსახერხებელი ყოფილიყო.

4.2. კასატორის, მსჯავრდებულ თ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი თ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ მის ბრალეულობას. გარდა ამისა, შემთხვევის დროს ავტომატურ იარაღს ფლობდა ზ. ს–ი. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ მასზე ზ. ს– ს დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა ბადებს ეჭვს. მოცემულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა ხუთი თვის განმავლობაში და ბრალდების მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან და სხვა შესაბამისი სამსახურიდან გამოეთხოვა ინფორმაცია ამ იარაღის კუთვნილებისა და სხვა დანაშაულის ჩადენის შესახებ. პოლიციელები ცდილობდნენ დახმარებოდნენ ზ. ს–ს და გამოძიება ყველაფერს აკეთებდა, რომ მტკიცებულებათა ბაზა არ გასცდენოდა ე.წ. თვითმხილველ მოწმეთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კასატორი ასევე უთითებს, რომ თ. გ–ს ჰქონდა უნებლიე შარდვის პათოლოგიური მდგომარეობა, რის გამოც ს–ს მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობისას მათ არაერთხელ მოუწიათ ავტომობილის შეჩერება, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მათ თ–დან ს–მდე ჩასასვლელად ერთი საათის ნაცვლად დასჭირდათ ორი საათი. სასამართლოს განმარტება, რომ იარაღი აღმოჩენამდე იმყოფებოდა ისეთ პირობებში, რამაც წაშალა მასზე არსებული ბიოლოგიური კვლები არასწორია, რადგან ექსპერტებს დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებზე არ გამოურიცხავთ საგანზე დაბალი ტემპერატურის, სისველის, ნამის, ყინვისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო დნმ-ის კვალის შენარჩუნების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ზ. ს–სა და ბ. ჯ–ს შორის დაპირისპირებას მართლაც რომ ჰქონოდა ადგილი პროკურატურა შეძლებდა ამ ინფორმაციის გადამოწმებას, მაგრამ ვინაიდან ამ ინფორმაციაზე ბრალდების მხარეს რეაგირება არ მოუხდენია მიუთითებს იმაზე, რომ მათ ეს ვერსია სარწმუნოდ არ მიიჩნიეს. გარდა ამისა, დამაჯერებლობასაა მოკლებული, რომ ზ. ს–სთვის 3-4 მეტრის მანძილიდან სახისა და ყელის არეში მიყენებულ დაზიანებას ხელის აფარების გამო სისხლდენა არ გამოუწვევია. ზემოაღნიშნული საფანტის ვაზნის ზომის გათვალისწინებით, ასეთი მცირე დისტანციიდან გასროლისას წარმოქმნილ წნევას სულ მცირე ზ. ს–ი უნდა წაექცია, რადგან ამ ნომრის ვაზნებს იყენებენ მინიმუმ 10 მეტრ მანძილზე მომაკვდინებელი დაზიანების ეფექტით გარეულ ღორზე ან დათვზე სანადიროდ. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ ზ. ს–სმა სხეულზე არსებული მცირე ზომის დაზიანება მიიღო სხვა დროსა და ვითარებაში. ამასთან, გაურკვეველია დაზარალებულის სხეულიდან ვინ ამოიღო საფანტის ბურთულოვანი ტყვიები, ვინაიდან საექსპერტო შემოწმებისას, ზ. ს–ს სახის კანის ეპიდერმისის ფენაში ტყვიის ბურთულები არ აღინიშნებოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რის გამოც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ მოწმე რ. დ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ პოლიციელები მან მიიყვანა ავტომანქანასთან, რომელთანაც მათი მისვლისას არავინ იმყოფებოდა და არც გარედან იცავდა ვინმე. მისი იქ ყოფნის პერიოდში პოლიციელებს ავტომანქანა ლენტის შემოვლებით არ შემოუსაზღვრავთ. კასატორის პოზიციით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციელებმა საგამოძიებო მოქმედების ოქმი არ შეადგინეს, რათა არ დაფიქსირებულიყო პოლიციის მიერ ავტომანქანის პოვნის ზუსტი დრო - 2021 წლის 3 მარტის, დაახლოებით 14:30 საათი. ამ დროიდან ავტომანქანა იყო პოლიციის განკარგულებაში. გარდა ამისა, ავტომანქანაში დაღვრილი იყო თ. გ–სა და შ. ქ–ს სისხლი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოსთვის ადგილზე თოფის კონდახისა და ლულის მიტანა, მათი ცელოფანში მოთავსება და სალონში დაღვრილი სისხლით ცელოფნის პარკის დასვრა სირთულეს არ წარმოადგენდა. ამისთვის თ. გ–ს სისხლის ნიმუშის გამოყენება საჭირო არ იყო. ცელოფანში ჩადებამდე, მოხდა ნივთების მანქანის სალონში არსებული სისხლის მასალაზე შეხება, რის გამოც კონდახისა და ლულის ზედაპირზე აღმოჩნდა თ. გ–ს გენეტიკური პროფილი. ხსენებულ დღეს ავტომანქანის დათვალიერება დაიწყო ღამის საათებში. შესაბამისად, გაურკვეველია 8 საათის განმავლობაში რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ავტომანქანა. ამასთან, მოწმებმა ვერ გაიხსენეს როგორ გააღეს ავტომანქანა და სად ნახეს გასაღები. 2021 წლის 4 მარტის ამოღების ოქმით ირკვევა, რომ გასაღები ბრელოკთან ერთად ამოღებულია ცალკე, თუმცა არ არის ნახსენები პულტი. შესაბამისად, ეს გასაღები უნდა ყოფილიყო ავტომანქანის საჭის და არა კარის, რადგან კარის გასაღები პულტი და გასაღები სავარაუდოდ გაჰყვა ზ. მ–ს, რის გამოც ავტომანქანის კარი არ იყო ჩაკეტილი და სახელურის გამოწევით ავტომანქანაში შეღწევის საშუალება ჰქონდა ნებისმიერ პირს, მითუფრო მტკიცებულებათა ფალსიფიკაციით დაინტერესებულ პოლიციელებს. ავტომანქანის ხელმეორედ დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტომასალაში კი ჩანს, რომ ავტომანქანის მძღოლის სავარძლის უკანა მარჯვენა ჯიბეში მოთავსებულია შავი ცელოფანი და შეუძლებელია იგი არ შეემჩნიათ 3 მარტს ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერებისას. ამასთან, ავტომანქანის დათვალიერებისას ზემოაღნიშნულ ჯიბეში არ აღმოჩნდა ის ნივთები, რომელზეც უთითებდა მოწმე გ. ხ–ი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის საგნები ვერ თავსდება ,,მინივენის“ სავრძლის ქვეშ, შესაბამისად მათი ავტომანქანაში შენიღბულად განთავსება მოკლებულია დამაჯერებლობას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევის ადგილზე კონფლიქტური სიტუაციის დაწყება-დასრულებას დასჭირდა 30 წამი, თუმცა განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ამ ყველაფერს უნდა დასჭირვებოდა 30 წამზე მეტი დრო. კასატორი ასევე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ზ. ს–ს მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი მიიჩნია პრეიუდიციად, თუმცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ისეთი განაჩენის პრეიუდიციად გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც მხარეებს მიაჩნიათ სადავოდ. ამასთან, პრეიუდიციული შეიძლება იყოს არა განაჩენი, არამედ განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში კი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით რაიმე ფაქტობრივი გარემოება არ დადგენილა, რის გამოც დაცვის მხარე ითხოვდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს არქივიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხდომის ოქმებს, რაც არ გადაეცათ. კასატორი ასევე უთითებს, რომ მაღალია ალბათობა იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან ავტომატის მასრები და საფანტის გულანები აკრიფეს და გადამალეს ზ. ს–მა ან მისი ოჯახის წევრებმა. ამასთან, მ. ქ–ის ეზოს ჭიშკრის ქვედა მარცხენა ფრთის ლითონის ფურცელზე ნატყვიარის ხვრელი ამოავსეს დაინტერესებულმა პირებმა, რათა არ გაჩენილიყო ავტომატური იარაღიდან გასროლის პოზიციის და ტყვიების ტრაექტორიის სხვა ვერსია. კასატორის პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ტრაქტორის მინები იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში და მას მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა, 10 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მეტლახი იყო სრულად დაგებული, თუმცა მეტლახის სამუშაოს დასრულების შესახებ მოწმეებს სასამართლოში არ უსაუბრიათ, ავტომატური იარაღი ბოლოს იმყოფებოდა ზ. ს–ს ხელში და თუ მისი ზედაპირი ქიმიური საშუალებით არ გაიწმინდებოდა მასზე დნმ-ის კვალი არ წაიშლებოდა. ამასთან, არ განსაზღვრულა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ზ. ს–სის მისვლისა და შენობაში შესვლის დრო და არ დადგენილა ზ. ს–სს მართალაც უნდა შეშინებოდა თუ არა ზ. მ–ს უკან დაბრუნების, რომელსაც ორი მძიმედ დაჭრილი ადამიანი ჰყავდა ავტომანქანაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ. ს–ს არაფერი ესაქმებოდა რადიოსადგურის შენობაში, მას სახლშიც ექნებოდა ისეთი სათავსო, სადაც ზ. მ–ს დაემალებოდა. გარდა ამისა, თუ ასეთ საფრთხეს გრძნობდა, რატომ არ უთხრა ამის შესახებ ოჯახის წევრებს, ან რატომ არ დარეკა პოლიციაში. გასათვალისწინებელია, რომ ზ. ს–სის განმარტებით იგი იყო დაჭრილი, თუმცა არ დადგენილა ასეთ შემთხვევაში ვინ გაუწია მას პირველადი სამედიცინო დახმარება. დაცვის მხარის ვერსიით ზ. ს–სი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაუკავშირდა თბილისის პოლიციის ცალკეული რაიონების მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს, მათ შორის ი. ჯ–ს და სხვა პირებს, რომლებმაც ურჩიეს თბილისის პოლიციაში გამოცხადება. 13:00 საათისთვის პოლიციაში შესული იყო შეტყობინება და ფაქტებს და გარემოებებს მოარგებდნენ გამოძიებისა და მოვლენების მსვლელობას. სხვა შემთხვევაში გაურკვეველია 2021 წლის 4 მარტს, დილით, სუსხიან ამინდში პოლიციამ ოპერატიული ძაღლების, ადგილობრივი პოლიციის განყოფილების თანამშრომლებისა და ზ. ს–ს მონაწილეობის გარეშე დაახლოებით 20 წუთში გაუკვალავი გზა-ბილიკის გავლით როგორ მიაგნო ავტომატს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მათ თვითონ მიიტანეს ავტომატი ადგილზე, რის შემდეგაც ამოიღეს. ამასთან, შემთხვევიდან დაახლოებით 16 საათის შემდეგ, გზის სავალი ნაწილიდან ამოღებული ავტომატის ერთი ცალი ვაზნა უნდა ყოფილიყო დასვრილი, სველი და ავტომანქანების ორმხრივად მოძრაობის გამო შესაძლოა დეფორმირებულიც, თუმცა ექსპერტმა განმარტა, რომ ვაზნა სუფთა მდგომარეობაში იყო გზის ზედაპირზე დაგდებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამომძიებელმა გ. უ–მა ვერ განმარტა, თუ რის საფუძველზე მოხდა ავტომანქანის განმეორებით დათვალიერება. კასატორი ასევე უთითებს, რომ გამოძიებამ გამოითხოვა 13:30 საათამდე, შ. ქ–სის რ. დ–ს ავტომანქანაში გადაყვანის ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა არ გამოითხოვა შემდგომი პერიოდის ჩანაწერები, რაც დაადასტურებდა დათვალიერებამდე რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ავტომანქანა. აღსანიშნავია, რომ ...........ის პოლიციის თანამშრომლები ზ. მ–ს დასაკავებლად მივიდნენ 2021 წლის 3 მარტს, შესაბამისად, .........ს პოლიციამ ხსენებული დღის საღამოდან დაიწყო საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება, თუმცა სისხლის სამართლის საქმე იმ დროისთვის მათთან არ იმყოფებოდა და არც პროკურორის დავალება ჰქონდათ ქვემდებარეობის შესახებ. შესაბამისად, თუ გამოძიება ...........ის პოლიციაში არ მიმდინარეობდა, მაშინ არც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებს გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი. ..........ის პოლიცია შეეცადა საკუთარი ტერიტორიული ქვემდებარეობის მიხედვით დაეწყო გამოძიება და ოპერატიულად წარემართა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ამის პრაქტიკულ შესაძლებლობას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია არ აძლევდა, რადგან დროულად არ გადასცა სისხლის სამართლის საქმე და არც თვითონ ატარებდა რაიმე საგამოძიებო მოქმედებას, რაც მიუთითებს გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებაზე.

4.3. კასატორის, მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ზ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით დგინდება, რომ ზ. მ–ს ხელებზე, სხეულსა და ტანსაცმელზე არ აღენიშნებოდა დენთის კვალი, ხოლო გადაჭრილ იარაღის ნაჭრებსა და მკვლელობის იარაღზე - ავტომატზე, არ აღმოჩნდა ზ. მ–ს ბიოლოგიური ან დაქტილოსკოპიური კვალი. გასათვალისწინებელია, რომ ზ. ს–ს ტანსაცმელი არ არის დაზიანებული და მას არ აღენიშნება სისხლის კვალი. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რის გამოც ისინი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. კასატორი ასევე უთითებს, რომ დაზარალებულ ზ. ს–ს ბრალად ედებოდა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ჩადენა. შესაბამისად, ასეთი მძიმე ბრალდებისგან თავის დასახსნელად მას შეეძლო ყველაფრის თქმა. სხვა პირდაპირი მოწმეები არიან ზ. ს–ს ძმა - მ. ქ–ე და მეგობარი, მათთან მცხოვრები და მათზე ფინანსურად დამოკიდებული - გ. ე–მი, რომელიც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა სამჯერ და მის ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები. აღნიშნული მოწმე უთითებდა, რომ შემთხვევის დროს ზ. ს–ს ტანსაცმელი დაესვარა სისხლით, თუმცა გამოკვლევისას დადგინდა, რომ დაზარალებულის ტანსაცმელს სისხლის კვალი არ ემჩნეოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გ. ე–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული ზ. ს–ს გამოიყვანდა ციხიდან და იგი ზ. მ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემით კარგ საქმეს აკეთებდა. გარდა ამისა, მოწმემ პირველი გამოკითხვისას მიუთითა, რომ ბ. ჯ–ს იცნობს, თუმცა არ იცის იყო თუ არა ამ უკანასკნელსა და დაზარალებულს შორის უთანხმოება. ამასთან, მოწმემ განსხვავებული განმარტებები გააკეთა გასროლის დროს ზ. მ–ს ადგილსამყოფელის შესახებ. მოწმე გ. გ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ მან გაიგო ორი გასროლის ხმა და დაინახა ზ. მ–სა, რომელსაც იცნობდა სოფლიდან. იგი სანადირო თოფის ხმას არჩევს, თუმცა არ იცის რა განსხვავებაა ქარხნული სანადირო თოფისა და გადაჭრილი სანადირო თოფის ხმას შორის. მანვე დაადასტურა, რომ ზ. მ–ს და ზ. ს–ს კონფლიქტის მიზეზი იყო ბ. ჯ–სი. მოწმე გამოძიების დროს ამობდა რომ შემთხვევის დროს საუბარი არ გაუგია, თუმცა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თ. გ–სა ზ. ს–ს აგინებდა დედის მისამართით. მოწმე ნ. ლ–ე-შ–ს განმარტებით მას ორი სხვადასხვა იარაღიდან გასროლის ხმა არ გაუგია, გაიგო მხოლოდ მიყოლებითი გასროლის ხმა. მოწმე მ. ქ–მ კი გამოკითხვისას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა გამომძიებლების უპასუხისმგებლობით ახსნა, რაც მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან იგი გამოკითხა სხვადასხვა გამომძიებელმა და არა ერთმა. გარდა ამისა, მოწმე მ. ქ–მ განმარტა, რომ ორივე გასროლა მოხდა ერთდროულად და უარყო, რომ თ. გ–მ შეაგინა ზ. ს–ს. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ,,მინივენის“ უკანა მარჯვენა კარი იყო გამოღებული და ზ. მ–ს რომ სდომებოდა წინ წასვლა, უნდა შემოევლო კარისთვის, რაც მიუთითებს მოწმის ჩვენების არასანდოობაზე, ვინაიდან ასეთი ავტომანქანების უკანა კარი არ იღება და მოძრაობს მხოლოდ წინ და უკან მიმართულებით, არის ე.წ. ,,ლიფტის“ სტილის. მოწმემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას უარყო გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ შემთხვევის შემდეგ ზ. ს–ი წავიდა და დაბრუნდა უკან. მანვე განმარტა, რომ ზ. ს–მა მოგვიანებით სხვებისგან გაიგო, რომ მისი ნასროლი ტყვიით გარდაიცავალა ადამიანი, თუმცა ვერ მიუთითა საიდან ფლობს ამ ინფორმაციას. მ. ქ–ს განმარტებით, ავტომანქანა მას შემდეგ წავიდა, რაც ზ. ს–მა შეწყვიტა სროლა. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება მოწმე გ. ე–ს ჩვენებას. მოწმე მ. ქ–ე ასევე უარყოფს ი. ჯ–სთან შეხვედრასა და საუბარს, რაც ეწინააღმდეგება თვითონ ი. ჯ–სის ჩვენებას. კასატორის პოზიციით არსებობს ეჭვი, რომ ზ. ს–ს დაეხმარნენ მაღალი თანამდებობის პირები. დაზარალებულმა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე განაცხადა რა მოხდა მასსა და ბ. ჯ–ს შორის და ახსენა მესამე პირები, რომლებიც გამოძიების ეტაპზე არ უხსენებია, რითაც მხარეებს მოუსპო აღნიშნულ პირთა დაკითხვის შესაძლებლობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბ. ჯ–ს განმარტებით, მასსა და ზ. ს–ს შორის კონფლიქტი არ ყოფილა და მას არც ზ. მ–სთვის მიუმართავს დახმარებისთვის. ამასთან, შემავალი-გამავალი სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხით არ დადასტურდა, რომ ზ. მ–სა უკავშირდებოდა ზ. ს–ს და სთხოვდა შეხვედრას. გარდა ამისა, ზ. მ–ს მოძრაობასთან დაკავშირებით განსხვავებულ ჩვენებას იძლევიან ზ. ს–სი და მისი ოჯახის წევრები. დაზარალებულის განმარტებით, თ. გ–მ ავტომატი ამოიღო მანქანის უკანა მარცხენა მხრიდან, რაც ეწინააღმდეგება სხვა მოწმეების ჩვენებას. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შემთხვევის დროს ავტომატურ გასროლებს ადგილი არ ჰქონია და ყველა გასროლა ერთჯერადი გამოკვრით განხორციელდა, რაც დამაჯერებლობას უკარგავს ზ. ს–ს ჩვენებას. დაზარალებულის განმარტებით, იგი შიშის გამო გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ავტომატი დააგდო მინდორში და დაიმალა მიტოვებულ შენობაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ როდესაც ადამიანს ეშინია რომ მოკლავენ, იგი იარაღს მინდორში არ დატოვებს და მის გარეშე მიტოვებულ შენობაში არ დაიმალება. დაზარალებულის განმარტებით, მან მეორე დილით შეიტყო რომ მისი ტყვიით გარდაიცვალა ერთი პირი და გადაწყვიტა თბილისში წამოსვლა და ციხეში ჩაბარება, თუმცა ტაქსის მძღოლმა ურჩია პოლიციაში მისულიყო. იგი მივიდა ქალაქის სამმართველოში, რა დროსაც პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი თან არ ჰქონდა, თუმცა შენობაში შესვლაზე პრობლემა არ შეჰქმნია. ამასთან, სიგარეტის კოლოფი და სანთებელაც უპრობლემოდ შეიტანა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინიადან 2021 წლის 3 მარტს ქვეყანაში არსებობდა გადაადგილების შეზღუდვა და ზ. ს–ი არ სარგებლობდა სპეციალური საშვით. შესაბამისად, გაურკვეველია იგი მითითებულ დროს როგორ მოხვდა ს–დან თ–ში. აღნიშნული მიუთითებს, რომ მათ დაეხმარნენ ახლობელი პოლიციელები და სწორედ ამიტომ არ იცის დაზარალებულმა ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში შესასვლელად რა პროცედურებია გასავლელი. კასატორი ასევე უთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება ავტომატთან, თოფის გადანაჭერთან და ტყვიებთან თ. გ–სა და ზ. მ–ს შემხებლობა. გარდა ამისა, სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ზ. ს–ს ჯემპრზე აღმოჩნდა ლითონ-ტყვიის კვალი. თუმცა იმის გამო, რომ არის მსხვილად ნაქსოვი, შესაძლებელია ნაჭერი არ იყოს დაზიანებული. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ გამომძიებელმა 2021 წლის 4 მარტს, 07:45-08:15 საათზე ამოიღო ზ. ს–ს კუთვნილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. შესაბამისად, ისინი უნდა დაელუქათ 08:15 საათზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მოთავსებული იყო მაღაზიების - „დ–სა“ და „ე–ს“ ცელოფნებში, რომლებსაც მიკრული ჰქონდა გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, თარიღით 2021 წლის 4 მარტი, 10:08 საათი და 2021 წლის 4 მარტი, 10:10 საათი. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ზ. ს–ის ტანსაცმელი დაუყოვნებლივ არ დალუქულა. შესაბამისად, დარღვეულია ამ ნივთების ამოღებისა და დალუქვის წესი. გარდა ამისა, ავტომანქანის დათვალიერება მოხდა სამჯერ. პირველ დათვალიერებამდე ნივთიერი მტკიცებულება იყო უყურადღებოდ და მასზე ყველანაირი მანიპულაციის განხორციელება იყო შესაძლებელი. თუმცა, დათვალიერებისას მასში საფანტის ტყვიები არ უნახავთ. მეორედ ავტომანქანა დათვალიერდა ქალაქის მთავარი სამმართველოს ავტოსადგომზე, რა დროსაც მასში აღმოჩნდა საფანტის ტყვიები, თუმცა მათზე ზ. მ–სას და თ. გ–ს დნმ-ის კვალი ან თითის ანაბეჭდი არ ამოვიდა. სასამართლოს მიერ ავტომანქანის დათვალიერებისას კი აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის უკანა კარი არ იყო ჩაკეტილი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უტყუარად იმის მტკიცება, რომ დათვალიერებისას ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ზ. მ–ს ან თ. გ–ს მოკლებულია საფუძველს. ამასთან, შემთხვევის დროს, რომ ავტომანქანაში იარაღი არ იყო მოთავსებული ადასტურებს მოწმე ლ. გ–მი. გარდა ამისა, დადგინდა, რომ საფანტის ვაზნების შიგნით მოთავსებული ბურთულები არის იმდენად სქელი, რომ 2-3 მეტრის მანძილიდან მოხვედრის შემთხვევაში გამოიწვევდა ადამიანის სიკვდილს. ზ. ს–სს კი მხოლოდ მხარზე აღენიშნებოდა ნაჩხვლეტ-ნაკაწრი დაზიანებები. კასატორი ასევე უთითებს, რომ გაუგებარია, იარაღიდან გასროლის შემთხვევაში რატომ არ აღმოჩნდა ზ. მ–ს ტანსაცმელსა და სხეულზე დენთის კვალი. ამასთან, ის, რომ ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ ზ. ს–ი უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში უტყუარად არ ადასტურებს მასზე ზ. მ–სა და თ. გ–ს თავდასხმას, რა დროსაც ზ. მ–მ სცადა მისი მოკვლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლებისა და მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (საქართველოს სსკ-ის 2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ, ასევე, თ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ზ. მ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ზ. მ–სა და თ. გ–ს მიერ დანაშაულების ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ზ. ს–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2020 წლის ნოემბერში, ვინმე გ. ა–სი ჯართად განკუთვნილ რკინის დეტალებს ტვირთავდა მის სატვირთო ავტომანქანაზე. ვინაიდან თავად გ. ვერ ეხმარეობოდა დატვირთვაში, გ. ა–მა დამხმარედ მიიყვანა მათი თანასოფლელი ბ. ჯ–ი, რომელსაც დახმარების სანაცვლოდ გ. ა–მა გადაუხადა 50 ლარი. მეორე დღეს ბ. ჯ–ი მივიდა მასთან და მოსთხოვა გ. ა–ს მობილური ტელეფონის ნომერი. გარკვეული ხნის შემდეგ მასთან მივიდა გ. ა–ი და შესჩივლა, რომ ბ. ჯ–ი მას ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მიცემული 50 ლარი არ იყო საკმარისი და კიდევ უნდა მიეცა თანხა. მან დაურეკა ბ–ს და უთხრა თავი დაენებებინა გოგიტასთვის, ვინაიდან კუთვნილი თანხა მიღებული ჰქონდა. მეორე დილით, 2020 წლის 21 ნოემბერს, მიდიოდა სამუშაოდ, რა დროსაც ქუჩაში დახვდა ბ. ჯ–სი, რომელსაც ჰკითხა, რა დამატებით თანხას თხოვდა გ. ა–ს, რაზეც ბ. ჯ–მა უპასუხა, რომ ვინაიდან ჯართში ჩასაბარებელი რკინები ნაპოვნი იყო მინდორში, მისი გასხვისებით მიღებული თანხის ნაწილი მისთვისაც უნდა გაეყოთ. ეს საუბარი მათ შორის ჩხუბში და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბისას ბ. ჯ–ი გაიქცა და მიაძახა, რომ აღნიშნულს მწარედ ანანებდა, მას დაუკავშირდებოდნენ და მის საქციელზე პასუხს აგებინებდნენ. მომხდარიდან მეორე დღეს, მას დაურეკა ზ. მ–მ და მოსთხოვა აეხსნა რატომ დაარტყა ხელი ბ. ჯ–ს. ამასთან ზ. მ–მ მოუწოდა, რომ ჩასულიყო თ–ში და შეხვედროდა მას. რაზეც უარი უთხრა. მას ზ. მ–მ უთხრა, რომ თუ ის თ–ი ჩავიდოდა, მისთვისვე იქნებოდა კარგი, რის გამოც მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ზ. მ–სას. იგი ზ. მ–სასთან შეხვედრას თავს არიდებდა, ვინაიდან არ სურდა მასთან ჩხუბი. 2021 წლის 3 მარტს, დილით, დაახლოებით 11-12 საათზე, იმყოფებოდა თავისი სახლის წინ ქუჩაში და ტრაქტორზე ამონტაჟებდა ფანჯრის გამღებ მექანიზმს, მისი ძმა - მ. ქ–ე და ახლობელი - გ. ე–ი მუშაობდნენ სახლში. ამ დროს გზაზე გამოიარა უცხო ავტომანქანამ, ლურჯი ფერის „ტოიოტას“ მარკის მინივენმა, სახელმწიფო ნომრით ............. აღნიშნულმა პირებმა მანქანა ორი სახლის მოშორებით მოაბრუნეს და მას გაუჩერეს ფეხებთან. ავტომანქანიდან გადმოვიდნენ ზ. მ–სა, რომელიც იჯდა საჭესთან, თ. გ–სა, რომელიც იჯდა წინა მარცხენა სავარძელზე და შ. ქ–ი, რომელიც იჯდა უკანა სავაძელზე. ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ზ. მ–მ და შ. ქ–მა მოსთხოვეს ჩამჯდარიყო მათ მანქანაში, თუმცა არ უხსენებიათ, რომ ბ. ჯ–სთან მომხდარი კონფლიქტის გამო იყვნენ მისულები. თ. გ–სა იყო მშვიდად და ხმას არ იღებდა. იგი პასუხის გაცემის გარეშე შევიდა მ. ქ–ს სახლის ეზოში და მის ხელთ არსებული ხელსაწყოები და ჭანჭიკები ჩაალაგა ეზოს შესასვლელში არსებულ პლასტმასის ყუთში. როდესაც ეზოს ჭიშკრიდან გამოვიდა ნახა, რომ ჭიშკრის გვერდით ღობეზე მიყუდებული სატვირთო ავტომანქანის ძარის გრძელი გვერდულის ქვემოდან გამოვიდა შ. ქ–სი. მან ჰკითხა შ.ს, რას აკეთებდა იქ, რაზეც შ. ქ–მა უპასუხა, რომ მოშარდა. მან კვლავ ჰკითხა: აბა სადაა მოშარდულიო? რაზეც შ. ქ–მა უპასუხა: „ჩაჯექი მანქანაში და გაჩვენებო“. ამის შემდეგ თ. გ–მ და შ. ქ–მა ხელმკლავი გაუკეთეს და მიიყვანეს თავიანთ ავტომანქანასთან. მან, თავის დაღწევის მიზნით, ხელი ჰკრა თ. გ–სას, შ. ქ–სს კი მიარტყა იდაყვი და თავი გაინთავისუფლა. ამ დროს ზ. მ–სა იდგა ავტომანქანის წინა მარჯვენა კართან კარნიზზე და მარჯვენა ხელში ეჭირა თოფი. მალევე გაიგო იარაღის გასროლის ხმა. მას ტყვია მოხვდა მარჯვენა მხარში და მარჯვენა ქვედა ყბის არეში. ტყვიის მოხვედრისას მან ხელი ჯერ მხარში მოიკიდა, შემდეგ კი სახეზე აიფარა. მას ძლიერი სისხლდენა არ ჰქონია და ტანსაცმელი სისხლით არ დასვრია, ტყვიის მოხვედრით განიცადა ძლიერი ტკივილი. ტყვიის მოხვედრიდან რამდენიმე ხანი თვალებში დაუბნელდა და ჩაიკეცა, თუმცა ძირს არ დავარდნილა. დაზარალებულის განმარტებით, ზ. მ–სას ხელთნაქონი იარაღი იყო პატარა, ჰორიზონტალურად განლაგებული ორი ლულით. გასროლა მოხდა ერთხელ, გასროლის მომენტში ის იდგა მანქანიდან დაახლოებით ორ მეტრში. მას შემდეგ, რაც თვალებიდან გამოიხედა დაინახა, რომ თ. გ–სამ გააღო ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი. ამასობაში ვიღაცამ დაიძახა „მანდ არისო“ და დაინახა როგორ ეჭირა თ. გ–სას მხარზე გადასაკიდებელი, ქამრიანი, ავტომატის მაგვარი უკონდახო იარაღი, რომელიც ავტომანქანის უკანა მარცხენა კარიდან გადმოიღო. თ. გ–ს იარაღი ეჭირა შუა ნაწილით მარჯვენა ხელში, ამ დროს მასსა და თ. გ–სას შორის დისტანცია იყო დაახლოებით 1 მეტრი. მან, მარჯვენა ხელით ქამარში წავლების საშუალებით, გამოგლიჯა ავტომატური იარაღი თ. გ–სას და მარცხენა ხელი მოკიდა ავტომატური იარაღის ტარს, თან 2-3 ნაბიჯი გადადგა უკან. იარაღი არ დაუმუხტავს, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა ის უკვე დამუხტული იყო და მარცხენა ხელის მოკიდებისთანავე, ისე რომ სასხლეტს როგორ გამოკრა ხელი არც უგვრძნია, იარაღმა მოახდინა რამდენიმე გასროლა. იმ მომენტში, როდესაც მან თ. გ–სას იარაღი წაართვა, ზ. მ–სა ისევ იმ ადგილას იდგა და იარაღს უმიზნებდა. ამ დროს მანქანის ოთხივე კარი იყო ღია. თ. გ–ს იარაღის წართმევისას ცალი ფეხი მიწაზე ედგა, ცალი კი მანქანაში ჰქონდა და წართმევის დროს ინერციით უკანა სავარძელზე დაჯდა. მექანიკურად მომხდარი გასროლების შემდეგ, მას არ დაუნახავს მიწაზე დავარდნილი შ. ქ–სი ან მოსდიოდა თუ არა ვინმეს სისხლი. სროლების დასრულების შემდეგ მას იარაღი ძირს დაუვარდა, იარაღის აღების შემდეგ კი ის წაიღო მისი ძმის - მ. ქ–ს სახლის ეზოს ბოლოში, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში და არხის გვერდით გადააგდო. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 500 მეტრში არის ძველი რადიოსადგურის შენობა, სადაც ის დილამდე იმყოფებოდა იმის შიშით, რომ ზ. მ–სა და მისი თანმხლები პირები უკან არ დაბრუნებულიყვნენ და ჩადენილისთვის ანგარიში არ გაესწორებინათ. იმავე დილით, დაახლოებით 6-7 საათზე, როდესაც გავიდა მაღაზიასთან სიგარეტის საყიდლად იქ მყოფი ქალებისგან შეიტყო, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მან გააჩერა გამვლელი ავტომანქანა და ჩავიდა თბილისში, რის შემდეგაც გამოცხადდა ქალაქ თბილისის პოლიციაში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ სოფელ ს–ში მდებარე მაღაზია ,,ს–დან“ ზ. მ–სას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა კვეთს თ–სკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალს და შედის ზ. ს–ს საცხოვრებელი სახლისკენ მიმავალ გზაზე. დაახლოებით 9 წუთში, იგი დიდი სისწრაფით გამოდის იმავე გზიდან. შესაბამისად, ზ. მ–სას და მის თანმხლებ პირებს მაღაზია ,,ს–დან“ ზ. ს–სის სახლთან მისვლას, კონფლიქტს და კვლავ მაღაზია ,,ს–თან“ დაბრუნებას დასჭირდათ მითითებული დრო. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ზ. მ–სა და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ზ. მ–ს მისვლის შემდეგ ზ. ს–სი შევიდა ჭიშკარში, შეუხვია მარცხნივ კედელთან და დაბრუნდა უკან, აღნიშნულს დასჭირდა დაახლოებით 30 წამი. ზ. ს–სი სახლში ან შენობაში არ შესულა. გარდა ამისა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ დაზარალებულისთვის ზ. მ–სთან შეხვედრა იყო მოულოდნელი. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის ჩვენებაზე, რომლებითაც დგინდება, რომ ზ. ს–ს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა მრავლობითი წერტილოვანი დაზიანება. რაც თანხვდენილია თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებთან. გარდა ამისა, დაცვის მხარის მოწმემ ი–ი მ–მ განმარტა, რომ მისი აზრით ზ. ს–სს მარჯვენა მხარში მოხვედრილი ჰქონდა საფანტი. ის ფაქტი, რომ დაზარალებულის ჭიშკრის ბოძს აღენიშნებოდა საფანტის სროლის შედეგად მიყენებული კვალი დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მასში მონაწილე პირთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში ასევე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ავტომატური ცეცლსასროლი იარაღიდან ზ. ს–მა ისროლა ზ. მ–ს, თ. გ–სა და შ. ქ–ს მიმართულებით, რის შედეგადაც შ. ქ–ი გარდაიცვალა, ხოლო თ. გ–მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

5.5. დაცვის მხარის პოზიციით, გამოძიებამ არ მოიპოვა ინფორმაცია ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი შემადგენელი ნაწილების კუთვნილებისა და ამ იარაღიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ამ ინფორმაციის მოძიებით შესაძლებელია დადგენილიყო ამოღებული იარაღის კონკრეტული პირისადმი კუთვნილება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან არცერთს, რომლებსაც შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევაში თან ჰქონოდათ ეს იარაღი, მათ შორის ზ. ს–ს ან თ. გ–ს, არ გააჩნდათ მისი ფლობის, შენახვისა და ტარების უფლება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თ. გ–ს ბრალი ედება მასში, რომ იგი შემთხვევის დროს ფლობდა დაუდგენელ ვითარებაში შეძენილ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და ვაზნებს. მართალია აღნიშნულ იარაღზე ზ. ს–სა და თ. გ–ს კვალი არ აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნული არ გამორცხავს თ. გ–ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ვინაიდან ამოღებამდე ეს იარაღი იმყოფებოდა ისეთ პირობებში, რასაც შესაძლოა წაეშალა მასზე არსებული ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვლები. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით, ზემოხსენებული იარაღის აღმოჩენის ადგილის, ამ იარაღიდან გასროლების ფაქტის დადგენისა და ამ გასროლების შედეგად დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით უტყუარად დგინდება, რომ თ. გ–სას მხრიდან ადგილი ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და ვაზნების უკანონო შეძენა, შენახვასა და ტარებას.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ შემთხვევის ადგილის დროული დათვალიერების შემთხვევაში, შესაძლოა აღმოჩენილიყო საფანტის ნაწილები, სანადირო თოფისათვის განკუთვნილი ტყვიის დასატენად გამოყენებული მასალა და ავტომატიდან გასროლილი მასრები, რაც მეტად გაამყარებდა ასეთი თოფიდან გასროლის ფაქტს. თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ზ. მ–მ გადაჭრილი სანადირო თოფით გასროლა განახორციელა ზ. ს–ს მიმართულებით. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება ბრალდების მხარის მიერ ისეთი მტკიცებულების შეგნებულად არ მოპოვება, რომლის მოპოვებაც რეალური და შესაძლებელი იყო და რომელიც ამავდროულად მეტ სიცხადეს შეიტანდა ზ. მ–სა და თ. გ–ს ბრალეულობაში.

5.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას იმის შესახებ, რომ მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რის გამოც არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ზ. ს–მა განმარტა, რომ მას ტყვია მოხვდა მარჯვენა მხარსა და მარჯვენა ქვედა ყბის არეში. ტყვიის მოხვედრისას მან ხელი ჯერ მხარში მოიკიდა, შემდეგ კი სახეზე აიფარა, რის გამოც ძლიერი სისხლდენა არ ჰქონდა და არც ტანსაცმელი დასვრია სისხლით, თუმცა ტყვიის მოხვედრისას განიცადა ძლიერი ტკივილი. ის გარემოება, რომ დაზარალებულს არ ჰქონდა ძლიერი სისხლდენა, აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ მას სისხლი არ წამოსვლია. შესაბამისად, ამ ნაწილში მოწმეთა ჩვენებები არ ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებას. ამასთან, ზ. ს–ს ჩვენება გამყარებულია უდავო მტკიცებულებით, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 11 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N............. დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ ,,ზ. ს–სს მარჯვენა მხარის უკანა და წინა ზედაპირების საზღვარზე, ზემო მესამედში გარდამავალი ქვემო მესამედში, აღენიშნებოდა გაფანტული, კანის დონიდან დაბლა მდებარე, მოწითალო ფერის მრგვალზედაპირიანი, შედარებით მომრგვალო ფორმის ნაჭდევები 24,0x8,0 სმ. ფართზე, უდიდესი დიამეტრით 0,5 სმ და უმცირესი დიამეტრით 0,2 სმ. ნაჭდევების ირგვლივ აღენიშნება ჰიპერემია. აღნიშნული ნაჭდევების ფონზე, შუა მესამედში უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო, მოოვალო ფორმის, ზედაპირული უსწოროკიდეებიანი ჭრილობა დიამეტრთ 0,4 სმ, ალაგ დაფარული, მოწითალო ფერის შემხმარი სისხლით, ირგვლივ მიდამო ჰიპერემულია. ასეთივე ხასიათის ჭრლობა აღენიშნება მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე დიამეტრით 0,3 სმ. ასეთივე ნაჭდევი აღენიშნება: ქვედა ყბის კუთხეში მარჯვნივ დიამეტრით 0,3 სმ და კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, ზემო მესამედში, ორი ერთმანეთის მიმდებარე დიამეტრით 0,3 სმ და 0,2 სმ.“ აღნიშნული მიუთითებს, რომ დაზარალებულს საფანტის სროლის შედეგად დაზიანებები მიღებული ჰქონდა: მარჯვენა მხარის უკანა და წინა ზედაპირების საზღვარზე, ზემო მესამედში გარდამავალი ქვემო მესამედში; მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე და კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, ზემო მესამედში. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ზ. ს–ს სხეულზე იგივე დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს ყველა ის გამომძიებელი, ვინც დაზარალებული ნახა ქალაქის მთავარ სამმართველოში. მოწმე გ. ე–მა კი დაადასტურა, რომ მან მანქანის წასვლის შემდეგ შენიშნა, რომ ზ. ს–ს ნიკაპისა და მარჯვენა მხრის არედან მოსდიოდა სისხლი. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ. ქ–მ, რომელმაც განმარტა, რომ სროლის შედეგად ზ–ს მოსდიოდა სისხლი. ყველა თვითმხილველი მოწმე ადასტურებს, რომ საფანტიანი იარაღიდან სროლის შედეგად ზ. ს–ს აღენიშნებოდა დაზიანება.

5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ მოწმეთა მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოში მიცემული ჩვენებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რის გამოც ისინი არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით. მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. შესაძლოა მოწმეთა ჩვენებებში იყოს გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობას საფუძვლად დაედებოდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არ არის არსებით წინააღმდეგობაში ერთმანეთთან, ასევე წერილობით მტკიცებულებებთან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შემთხვევის დროს მოვლენები განვითარდა ძალიან სწრაფად, ცეცლსასროლი იარაღის არაერთი გასროლის ფონზე და დასრულდა უმძიმესი შედეგით. შესაბამისად, ასეთი ემოციური ფონის გათვალისწინებით შესაძლებელია მოწმეს სრულყოფილად არ ახსოვდეს გარკვეული დეტალები, თუმცა ზ. ს–მა, მ. ქ–მ და გ. ე–მა დეტალური და თანმიმდევრული ჩვენებები მისცეს სასამართლოს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრილია დაზარალებულ ზ. ს–ს ჩვენებასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოწმე გ. ე–მა ზ. ს–სი ამხილა განზრახ მკვლელობის ჩადენაში და განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ზ. მ–მ იარაღიდან გაისროლა ორჯერ, მისი თოფი დატენილი აღარ იყო. თ. გ–სას კი ზ. ს–სმა წაართვა ავტომატი, რის შემდეგაც თავდამსხმელები გაიქცნენ, რა დროსაც მათი მიმართულებით ავტომატიდან ისროდა ზ. ს–ი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს, რომ გ. ე–ი იძლევა ობიექტურ ჩვენებას და ჰყვება იმას რაც ნახა და არა ზ. ს–ს სასარგებლო ჩვენებას. ის, რომ თვითმხილველი მოწმეები არიან დაზარალებულის ახლობლები დამაჯერებლობას არ უკარგავს მათ ჩვენებებს, მითუფრო, რომ დანაშაული მოხდა ზ. ს–სთვის მოულოდნელად, დაზარალებულის სახლთან, შესაბამისად, შემთხვევის შემსწრეები გახდნენ სწორედ მისი ახლობლები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მეუღლემ - მ. ს–მ განმარტა, რომ ბ. ჯ–ს იცნობს, თუმცა რა ურთიერთობა აქვს მასთან ზ. ს–ს და ჰქონდათ თუ არა კონფლიქტი არ იცის. აღნიშნული კი მეტ დამაჯერებლობას სძენს დაზარალებულისა და ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებებს, რადგან თუ მოწმეები - მ. ქ–ე და გ. ე–ი განზრახ ცრუობენ ზ. ს–სის სასარგებლოდ, მაშინ ანალოგიურ ჩვენებას მისცემდა დაზარალებულის მეუღლეც. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს დაზარალებულსა და მოწმეთა შორის შეთანხმების არსებობას.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ ზ. ს–ს საცხოვრებელი სახლისკენ მიმავალი გზიდან გამოსული ავტომობილი, რომლის საჭესთანაც ზის ზ. მ–სა მოძრაობს დიდი სისწრაფით. ამ დროს წინა მარცხენა სავარძელი არის თავისუფალი. ავტომანქანა ისევ პერპენდიკულარულად კვეთს თ–კენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალს და შედის მაღაზია ,,ს–ს“ გვერდით შემავალ გზაზე, რომელიც არ არის თ–კენ ან საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და ამ მხარეს ცხოვრობს ბ. ჯ–სი. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ ზ. მ–სა დაჭრილი შ. ქ–სის თ–ში, ან სხვაგან მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში წაყვანის ნაცვლად, ჯერ დანაშაულის დაფარვით დაკავდა. ამასთან, მოწმე ლ. გ–ის ჩვენება, რომ დაინახა როგორ დაადგნენ ბიჭები თ–სკენ მიმავალ გზას და უკან მობრუნებულები არ უნახავს მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანწერს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზ. მ–სას განმარტებით, მან ზ. ს–ს ქუჩაზე ჩაუხვია იმის გამო, რომ თ. გ–ს დაეკმაყოფილებინა ბუნებრივი მოთხოვნილება, თუმცა ვიდეოჩანაწერებით ირკვევა, რომ იგი მაღაზია „ს–დან“ თანმხლებ პირებთან ერთად მიზანმიმართულად გაემართა დაზარალებულის ქუჩისკენ. იმის გათვალისწინებით, რომ ზ. ს–ს სახლი არ მდებარეობს მაღაზია ,,ს–დან“ თ–კენ მიმავალ გზაზე, ზ. მ–სა და თ. გ–ს ჩვენებები დაზარალებულის ეზოსთან შემთხვევით მოხვედრის შესახებ მოკლებულია დამაჯერებლობას. ამასთან, მათი ჩვენებები, რომ შეეშინდათ ზ. ს–ი არ დადევნებოდათ, რის გამოც ასფალტიანი გზით არ წავიდნენ თ–ში და გაემართნენ ბ. ჯ–ს სახლის მიმართულებით, არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, რადგან არცერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ზ. ს–ს სახლთან იდგა მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც დაზარალებული შეძლებდა მათ დადევნებას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, რომ მათ დროულად არ მოიძიეს სამედიცინო დაწესებულება, რათა დახმარება აღმოეჩინათ დაჭრილი შ. ქ–სთვის. პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ მომხდარის კვალისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადამალვა-განადგურებას. თ. გ–საც საავადმყოფოში მივიდა მას შემდეგ, რაც დიდი ოდენობით სისხლი დაკარგა და მიხვდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნ. კ–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ შ. ქ–ს საავადმყოფოში შეყვანისას გული ჰქონდა გაჩერებული და გუგები გაფართოებული. შეყვანის დროს მას პაციენტზე გვამური ლაქები არ შეუნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეანიმაციულ ღონისძიებებს არ ჩაატარებდა. იმის გამო, რომ არ იცოდა პაციენტს როდის გაუჩერდა გული, დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა გულის ამუშავება ვერ მოხერხდა. იმ ადამიანებთან, ვინც პაციენტი კლინიკაში მიიყვანა კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ზ. გ–სა და მ. კ–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დგინდება, რომ შეთხვევის დღეს, საღამოს, ზ. მ–სა შეხვდა მ. კ–ს, რომელთან ერთადაც თითქოსდა მონატრების საბაბით განმარტოვდა ზ. გ–ს ბინაში. რეალურად კი მის მიზანს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისგან დამალვა წარმოადგენდა. საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ზ. გ–ს ბინასთან მისულ პოლიციის თანამშრომლებს, არ უღებდნენ კარს, თითქოსდა არ იცოდნენ მისულ პირთა ვინაობა და ეგონათ, რომ ზ. მ–ს მკვლელობის მიზნით იყვნენ მისულნი. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ამ დროს ზ. გ–ს საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის თანამშრომლებით იყო გარშემორტყმული. მ. კ–მა გადაიხედა და დაინახა ეზოში შეკრებილი ხალხი. მათ გარეთ მყოფებმა არაერთხელ მოსთხოვეს კარის გაღება, თუმცა არ უღებდნენ, რადგან ზ. მ–ა ზ. გ–ს ბინაში მისული იყო დამალვის მიზნით. პარალელურად კი, ცდილობდა დროის მოგებას, კვალის წაშლასა და მტკიცებულებების განადგურებას, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ჩხრეკისას ზ. გ–ს ბინაში აღმოჩნდა თ. გ–ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც იქ ზ. მ–მ მიიტანა ............მში მის მიერ ნაქირავები ბინიდან.

5.11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ ზ. მ–სას ხელებზე, სხეულსა და ტანსაცმელზე არ აღმოჩნდა დენთის კვალი და წარმოდგენილი არ არის ზ. მ–სას მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღი, არ წარმოადგენს მკვლელობის მცდელობაში მის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველს. შემთხვევის შემდეგ პოლიციისთვის და სასწრაფო დახმარებისთვის მიმართვის ნაცვლად, ზ. მ–ა და თ. გ–სა საათობით დადიოდნენ სხვადასხვა მისამართებზე, მალავდნენ და ანადგურებდნენ ნივთიერ მტკიცებულებებს და შლიდნენ დანაშაულის კვალს. ამასთან, სასიკვდილოდ დაჭრილ შ. ქ–ს ტელეფონზე ურეკავდა დედა, რომელსაც არ შეატყობინეს მომხდარის შესახებ. გარდა ამისა, ზ. მ–მ შეძლო დანაშაულის ჩადენის იარაღის გადამალვა და ტანსაცმელსა და სხეულზე კვალის წაშლა.

5.12. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე დ. ბ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ ზ. ს–ი თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და განაცხადა მომხდარის შესახებ. მას ყურის არესა და სახის ნაწილზე აღენიშნებოდა დაზიანებები, იყო განცდებში და ღელავდა. მოწმეებმა - კ. რ–მ, ზ. ბ–მა და ს. ზ–მ კი დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ჭიშკარზე ნახეს ტყვიით მიყენებული დაზიანების კვალი. ყოველივე ზემოაღნიშნულით კი უტყუარად დასტურდება, რომ საფანტით დატენილი ვაზნის კვალი აღენიშნებოდა, როგორც ზ. ს–ს, ასევე ეზოს ჭიშკარს, რომლის წინაც სროლის დროს იდგა დაზარალებული.

5.13. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ლ.კ–ს, დ. ც–ს, გ. ს–სა და რ. ნ–ს ჩვენებებსა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმზე, რომლებითაც დგინდება, რომ 2021 წლის 3 მარტს, 21:15 საათიდან 2021 წლის 4 მარტის 03:00 საათამდე პერიოდში, თ–ში, ვ–ს დასახლება, მე-.. მიკრორაიონი, მე.. კვარტალი, კორპუსი №..-ის მიმდებარედ დათვალიერდა ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ........., რომლის სალონიდან ამოიღეს მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული მეტალისა და ხის საგნებით. მოწმე გ. ხ–მა კი დაადასტურა, რომ 2021 წლის 3 მარტს, მისი კუთვნილი ზემოაღნიშნული ავტომანქანა ათხოვა ზ. მ–ს. დათვალიერებისას მისი ავტომობილი ქუჩაში იყო გაჩერებული და აღენიშნებოდა ნატყვიარები. მათ ავტომანქანა დახვდათ დაკეტილი. მას ზუსტად ახსოვს, რომ დათვალიერებისას მის ავტომანქანაში აღმოჩნდა ხის კონდახი, ხოლო თოფის ლულების არსებობა ზუსტად არ ახსოვს. კონდახი ან თოფი მანამდე მის ავტომანქანაში არ ყოფილა. ამ დროს მას თან ახლდა მისი ახლობელი ზ. ტ–ე, რომელმაც მისცა ანალოგიური ჩვენება. ყოველივე ზემოაღნიშნულით კი უტყუარად დასტურდება, რომ დათვალიერებისას გ. ხ–სის კუთვნილ ავტომანქანაში, რომელიც მან შემთხვევის დღეს ათხოვა ზ. მ–ს აღმოჩნდა კონდახი და თოფის ლულები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 4 ოქტომბრის ექსპერტიზის N......... დასკვნითა და ექსპერტების - შ. კ–სა და ნ. ბ–ს ჩვენებებით კი დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: „პოლიეთილენის თეთრი ფერის პაკეტი მოწითალო ფერის ლაქებით. მასში მოთავსებული ხის და მეტალის დეტალებით ამოღებული მანქანის საბარგულიდან, მოთავსებული პარკის ორივე მხარეზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს და მისი შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თ. გ–ს. პაკეტში მოთავსებული: კონდახისმაგვარ ფრაგმენტის შედარებით ვიწრო კიდეებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და თ. გ–ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. მოყავისფრო ხისმაგვარი მასალის ოვალური ფორმის დეტალზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ. გ–სას.

5.14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ თუ კონდახი და თოფის ლულები ნამდვილად იყო მოთავსებული ავტომანქანაში, მას ნახავდა ლ. გ–ი. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ავტომანქანის დათვალიერებას გამომძიებლებისა და ექსპერტების გარდა ესწრებოდა მანქანის მესაკუთრე - გ. ხ–ი და მისი მეგობარი, რომლებმაც დაადასტურეს ავტომანქანიდან თოფის კონდახისა და ლულების ამოღების ფაქტი. ამასთან, დათვალიერებისას ამოღებული ნივთები შეიფუთა და დაილუქა. ექსპერტიზის დასკვნებით კი დადგინდა, რომ ლუქების მთლიანობა დარღვეული არ იყო. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ავტომანქანის დათვალიერებისას და ამოღებული ნივთების დალუქვისას თ. გ–ს სისხლის ნიმუში გამოძიებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოპოვებული. შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია აღნიშნული ნივთების მანქანაში არსებული სისხლით მოსვრისა და მათზე მანიპულაციის შესახებ არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, მათ შორის თვითონ ავტომანქანის მესაკუთრის ჩვენებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა ეს ნივთები ისე ყოფილიყო ავტომანქანაში შენიღბულად შენახული, რომ ავტომანქანის საბარგულის ამოწმენდისას ვერ ენახა ლ. გ–ს, ისევე როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი თოფი, რომელსაც თ. გ–სა და ზ. მ–სა ატარებდნენ.

5.15. კასატორთა პოზიციით, ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა მისი აღმოჩენიდან ბევრად გვიან. ამ პერიოდში პოლიციის თანამშრომლებს თავისუფლად შეეძლოთ ავტომანქანაში კონდახისა და ლულების ჩადება. შინაგან საქმეთა სამინისტროს „გავლენიანმა“ მაღალჩინოსნებმა კი ზ. ს–ს დახმარების მიზნით „გააქრეს“ იმ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, სადაც შესაძლებელია ასახული ყოფილიყო ზ. მ–ს მიერ მიტოვებულ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანასთან პოლიციელთა შემხებლობა და ზ. ს–სის დახმარების მიზნით მასში თოფის ლულებისა და კონდახის ჩადების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ კასატორთა პოზიცია არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამოღებული ლულები და კონდახი ეკუთვნის თუ არა იმ თოფს, რომლიდანაც ზ. მ–მ ესროლა ზ. ს–ს. შესაბამისად, ზ. მ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების ბრალდების დასადასტურებლად ეს ნივთიერი მტკიცებულებები არარელევანტურია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით ......, დათვალიერება მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რა დროსაც აღებული იქნა არაერთი ნიმუში, დათვალიერდა ავტომანქანის სალონი, სათავსოები და სხვა. დათავალიერების დასრულების შემდეგ საგამოძიებო ორგანომ ამოიღო ავტომანქანა და დალუქა. 2021 წლის 9 მარტს კი გამომძიებელმა მესაკუთრის დასწრების გარეშე კვლავ დაათვალიერა იგივე ავტომანქანა და მისი სავარძლის ჯიბიდან ამოიღო ტყვიები. გასათვალისწინებელია, რომ თითოეული მტკიცებულების მოპოვებისას მხარე ვალდებულია გულმოდგინედ მოეკიდოს მის მოვალეობას და სრულყოფილად შეასრულოს იგი. გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება არა მხოლოდ რეალურად უნდა იყოს ობიექტური, არამედ ასეთად უნდა ჩანდეს ობიექტური დამკვირვებლის თვალში. მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 3 მარტს გამოძიება რამდენიმე საათის განმავლობაში ათვალიერებდა ავტომანქანას, რომლის საზურგის ჯიბეში მოთავსებული თოფის ვაზნები აღმოაჩინა არა იმავე დღეს, არამედ 6 დღის შემდეგ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ეჭვი სწორად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ და 2021 წლის 9 მარტს ჩატარებული დათვალიერებისას ამოღებული მტკიცებულებები მის წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნა.

5.16. საკასაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გამოძიებამ დაარღვია ნივთიერი მტკიცებულების მოპოვების წესი, ვინაიდან საეჭვოა ზ. ს–ს ტანსაცმლის დალუქვის დრო. მოცემულ შემთხვევაში ზ. ს–ს ტანსაცმლის მოპოვებისას არსებითადაა დარღვეული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რაც ეჭვს იწვევს მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულების გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლისა და მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ, შესაბამისად, ეს მტკიცებულებები ვერ იქნება გამოყენებული თ. გ–სა და ზ. მ–ს ბრალეულობის დამადასტურებლად. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ზ. მ–სა და თ. გ–სა ზ. ს–ს არ ამხელენ მათი და გარდაცვლილის მიმართულებით ავტომატიდან გასროლების წარმოებაში. თვითონ ზ. ს–ი და მისი ახლობლები უთითებენ, რომ სწორედ ზ. ს–ს მიერ გასროლილი ტყვიები მოხვდათ ავტომანქანაში მყოფ პირებს. ამასთან, თვითონ ზ. ს–მა მიუთითა პოლიციას, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მოახდინა გასროლები გადააგდო ბუჩქებში. ამ მითითების გარეშე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს იარაღის მოპოვება გაუჭირდებოდათ. ამასთან, ზ. ს–ს ძმის გამოკითხვის ოქმით ირკვეოდა, რომ ზ. მ–სასა და თ. გ–სას ავტომანქანაში ჩასხდომისა და დაძვრის შემდეგაც აგრძელებდა ზ. ს–სი მათი მიმართულებით ავტომატიდან გასროლას. შესაბამისად, გამოძიებამ მოიპოვა ზ. ს–ის მიმართ ყველა შესაძლო მტკიცებულება და არავის უცდია მის სასარგებლოდ მოქმედება. ზ. ს–ი და შემთხვევის თვითმხილველი მოწმეები პირველივე დღიდან ამტკიცებენ, რომ ზ. ს–ს დაესხნენ თავს და იგი მხოლოდ თავის იცავდა. მიუხედავად ამისა, მას წარედგინა მძიმე ბრალდება და იმყოფებოდა პატიმრობაში. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს მისთვის რაიმე შეღავათის გაწევას.

5.17. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შემთხვევის ადგილზე ზ. ს–სა და ზ. მ–სა და მის თანმხლებ პირებს შორის მოხდა კონფლიქტი. ამასთან, ზ. ს–სთვის წინასწარ არ იყო ცნობილი რომ მასთან მივიდოდა ზ. მ–სა თანმხლებ პირებთან ერთად, რაც გამორიცხავს იმას, რომ იგი ამ კონფლიქტისთვის წინასწარ ყოფილიყო მომზადებული. ზ. ს–ი სულ რამდენიმე წამით შევიდა სახლის ეზოში და არ შესულა შენობაში ან სახლში. ამასთან, ის ფაქტი, რომ ზ. მ–ს მიერ თოფის გასროლის შედეგად სხეულზე დაზიანებები მიიღო ზ. ს–მა დასტურდება დაზარალებულისა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად, უტყუარად დგინდება, რომ ზ. მ–სა ფლობდა სანადირო თოფის მსგავს იარაღს, რომლიდანაც ზ. ს–სის მიმართულებით განახორციელა გასროლები. ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი კი შემთხვევის ადგილზე მისვლისას თან ჰქონდა თ. გ–ს. მოწმეთა და დაზარალებულის ჩვენებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ზ. მ–სას წინასწარ ჰქონდა მომარჯვებული სავარაუდოდ გადაჭრილი სანადირო თოფი, რომლიდანაც ზ. ს–ს მიმართ ახლო მანძილიდან - რამდენიმე მეტრიდან განახორცელა გასროლები, რის შედეგადაც ზ. ს–მა მიიღო დაზიანებები. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს, რომ ზ. მ–სა მოქმედებდა ზ. ს–ს მოკვლის განზრახვით, რაც ვერ მოიყვანა სისრულეში. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამოღებული არ არის დანაშაულის ჩადენის იარაღი და ჭურვები, წარმოდგენილი არ არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებითაც დადგინდებოდა დაზიანების მიმყენებელი იარაღი და ჭურვები მიეკუთვნებოდა თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას ან საბრძოლო მასალას, ასევე, ზ. ს–ს სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია თუ არა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ზ. მ–მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებეით უტყარად დგინდება, რომ 2021 წლის 3 მარტს, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, შემთხვევის ადგილზე თ. გ–ა ფლობდა ,,AKM“ მოდელის, 7,62x39 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატსა და საბრძოლო მასალას, რომელთა კანონიერად შეძენის, შენახვის და ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა.

5.18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ზ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, უტყუარად დასტურდება ზ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო თ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრებს დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი .........ს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის, ასევე, მსჯავრდებულ ზ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–სა და მსჯავრდებულ თ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე