Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1165-02 31 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 11 ივნისს ბ. ტ-ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. 1 მაისიდან მოპასუხესთან გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მოქმედებაც რამდენჯერმე გაგრძელდა. თავდაპირველად გაქირავებული ფართი დაიკავა 6 პირმა, შემდგომ კი ეს ფართი დაიკავა დამქირავებლის ადმინისტრაციამ და სახლი ზედმეტად დაიტვირთა. ორგანიზაციის მიერ განხორციელებულმა პროგრამამ გამოიწვია მოსახლეობის მოძალება, რასაც მოჰყვა ნორმალურზე მეტი ცვეთა. მოსარჩელემ წარმოადგინა ექსპერტიზის აქტი, რომლის თანახმად მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 9276 ლარს. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა ავეჯის ღირებულების და სსკ-ს 555-ე მუხლის საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, სულ მოითხოვა მოპასუხისათვის 13336 ლარის გადახდის დაკისრება.

მოპასუხე საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა მის სასარგებლოდ 13336 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულ იქნა საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ. აპელანტმა საჩივარში მიუთითა, რომ მხარეთა შორის დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების თანახამად, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილი იყო, ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება მეორე მხარისთვის წინასწარ, 30 დღით ადრე, წერილობითი შეტყობინებით. აპელანტმა კეთილსინდისიერად განახორციელა თავისი უფლება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და 30 დღით ადრე ამის შესახებ წერილობით აცნობა გამქირავებელს. გარდა ამისა, აპელანტმა მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ გაქირავებული ქონება გამოყენებული იქნებოდა საოფისედ. მხარეთა შორის 1998 წელს დადებული ხელშეკრულება იჯარის შესახებ სამჯერ იქნა განახლებული და მოსარჩელეს არც ერთხელ არ გამოუთქვამს პრეტენზია გაქირავებული ფართის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება ბ. ტ-ის სასარგებლოდ ხელშეკრულების ვადამდე მოშლასთან დაკავშირებით მოპასუხისათვის კომპენსაციის, 1000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, დაკისრების ნაწილში, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის 1998წ. 22 მაისს დაიდო იჯარის ხელშეკრულება. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ხელშეკრულება სამჯერ გაგრძელდა: 1998წ. 1 ნოემბერს, 1999წ. 1 ნოემბერს და 2000წ. 1 ნოემბერს. უკანასკნელად ერთწლიან შეთანხმებას იჯარის შესახებ მხარეებმა ხელი მოაწერეს 2000წ. 1 ნოემბერს. 1998წ. მაისის თვეში ხელშეკრულებით დადგენილი პირობები და მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები 2001წ. 1 მარტამდე არ შეცვლილა. აღნიშნულ პერიოდში ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და ახალი ხელშეკრულება არ შემდგარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული ფართის “საოფისედ" გამოყენება, იგი გამოყენებული უნდა ყოფილიყო როგორც საცხოვრებელი ფართი. ამდენად, პალატამ დაადგინა, რომ იჯარით აღებულ ფართს საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობა არადანიშნულებისამებრ _ საოფისედ იყენებდა. ხსენებული საიჯარო ფართის არადანიშნულებისამებრ ექსპლუატაციის პერიოდში ადგილი ჰქონდა ხალხის ინტენსიურ მოძრაობას და გაძლიერებულ ცვეთას, რომელიც ზუსტად “საოფისე"'და არანორმალურ ცვეთას შეესაბამება. სწორედ ამ არასახელშეკრულებო სარგებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად მიადგა ზიანი ბ. ტ-ის ქონებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ 30 დღით ადრე გააფრთხილა მოსარჩელე ხელშეკრულების მოშლის შესახებ. სკ-ს 555-ე მუხლი არ არის იმპერატიული ნორმა, რის გამოც მოპასუხე არ იყო ვალდებული, შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის სხვა დამქირავებელი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მოდავე მხარეების მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეტა პალატის 2002წ. 26 აპრილის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება სახლის აღდგენით-სარემონტო სამუშაოების, ავეჯის კომპენსაციის, ექსპერტიზისა და ხელოსნების ხარჯების, სახლემწიფიო ბაჟის დაკისრების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლომ სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ შეაფასა მტკიცებულებები, ასევე არასწორად შეაფასა განსხვავება ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებას შორის. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მოცემულია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ხელშეკრულების თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია, ბინა და ავეჯი დააბრუნოს პირვანდელი სახით ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. სასამართლომ ზიანის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინოს გაქირავებული ნივთის ნორმალური ცვეთა.

დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მე-6 პუნქტთან მიმართებაში. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, იჯარის პერიოდში წარმოშობილი დამატებით სარემონტო ხარჯებზე პასუხისმგებელია გამქირავებელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული პუნქტი არ შეესაბამება სკ-ს 548-ე მუხლს, რადგან ამ მუხლში საუბარია “მიმდინარე" რემონტზე და არა _ “დამატებით რემონტზე". საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ორივე მხარის ნამდვილი ნება, ე.ი. უნდა დაადგინოს მხარეთა ნების შინაარსი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებითსაერთაშორისო მაშველთა კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ტ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობამ მოქმედი კანონმდებლობისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სრული დაცვით ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება და ამასთან, იგი არ იყო ვალდებული მოსარჩელისათვის მოეძებნა და შეე|თავაზებინა სამაგიერო მეიჯარის კანდიდატურა.

სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის აქტი. პალატამ ჩათვალა, რომ იჯარით აღებულმა ფართმა განიცადა ნორმალური ცვეთა და ასეთ შემთხვევაში დამქირავებელს სკ-ს 547-ე მუხლის საფუძველზე არ შეიძლება რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.ტ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შეისწავლით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 249-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, და კანონები, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

სკ-ს 547-ე მუხლის თანახმად გაქირავებული ნივთის ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით, დამქირავებელი პასუხს არ აგებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 აპრილის განჩინებით გაუქმდა რა ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმის ხელახალ განმხილველ სასამართლოს მიეთითა გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევის აუცილებლობაზე, მაგრამ სააპელაციო პალატას აღნიშნული გარემოებები არ გამოუკვლევია. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთის ცვლილებები და გაუარესებანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმალური ცვეთის შედეგს. სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა შემდეგ გარემოებას: მოპასუხე აღიარებდა, რომ სახლი ჩაიბარა ნორმალურ მდგომარეობაში და თანახმა იყო, აენაზღაურებინა ნივთის არანორმალური ცვეთით გამოწვეული ზიანი განსაზღვრული ოდენობით. პალატა ასევე არ მიუთითებს, მოპასუხემ რით დაადასტურა, რომ იჯარით აღებულმა ფართმა განიცადა ნორმარლური ცვეთა.

სააპელაციო სასამართლო ასევე არ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებზე, რომელთა გათვალისწინებითაც მას აუცილებლად მიაჩნია, დადასტურდეს, 1998 წლიდან მოყოლებული რომელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაზიანდა სახლი.

პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 აპრილის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება მხოლოდ სახლის აღდგენით-სარემონტო სამუშაოების, ავეჯის კომპენსაციის, ექსპერტიზისა და ხელოსნების ხარჯების და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი და შევიდა კანონიერ ძალაში, რის გამოც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ნაწილზე ხელახლა მსჯელობა და საქმის განხილვა საფუძველს მოკლებულია.

პალატამ საქმის ხელახლა განხილვისას აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გამოიკვლიოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.