3კ-1166-02 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 9 ივლისს დ. ჯ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ ა. ყ-ის სახელზე 14 კვ.მ. ფართის ოთახის აღრიცხვის შესახებ გაკეთებული ჩანაწერის გაუქმება.
სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ თბილისში, ..... მეორე სართულზე მდებარე 14 კვ.მ. ფართის ოთახზე დავა სასამართლოში მიმდინარეობდა წლების განმავლობაში. ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1997წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და გაუქმდა ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1995წ. 3 ნოემბრის ჩანაწერი, რომლითაც სადავო 14 კვ.მ. ფართის ოთახი აღირიცხა ა. ყ-ის სახელზე და სადავო ფართი კვლავ მის სახელზე აღირიცხა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და დღეისათვის კანონიერ ძალაშია. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა საფუძველი სადავო ფართი აღერიცხა ყ-ის სახელზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბინა ირიცხებოდა მ. ჭ-ის სახელზე, ხოლო 14/44 ნაწილი კი პრივატიზაციის შედეგად აღირიცხა ა. რ-ას სახელზე, რომელმაც თავისი წილი სანოტარო წესით მიყიდა ა. ყ-ს. დ. ჯ-მა მოითხოვა აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, რაზედაც 2000წ. 10 აპრილის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ უცვლელი დარჩა დ. ჯ-ის სახელზე ტექბიუროში გაკეთებული ჩანაწერი. სააპელაციო პალატის 2000წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ. უზენაესმა სასამართლომ კი გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დადებულად ცნო ყ-სა და რ-ას შორის ნასყიდობის ხელშეკრულება და დაევალა საჯარო რეესტრს 1993წ. 22 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხულიყო სადავო ბინა ო. ყ-ის სახელზე. აქედან გამომდინარე ჩანაწერი გაკეთდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მესამე პირი ა. ყ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დავა ამ ბინაზე არაერთხელ იქნა გადაწყვეტილი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. ბოლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეკუთვნა მას და აქედან გამომდინარე მოპასუხის მოქმედება სწორია და კანონიერი.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელს ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში ჩანაწერი გაკეთდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დ. ჯ-ის სარჩელს ა. ყ-ის და როდინოვას მიმართ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო ა. ყ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრში. ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ა. ყ-ის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ბინის, 14/44 ნაწილი აღირიცხა ა. ყ-ის სახელზე. აქედან გამომდინარე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელლის განცხადება იმის თაობაზე, რომ ტექაღრიცხვის ბიურომ არასწორი ჩანაწერი გააკეთა ა. ყ-ის სახელზე 14 კვ.მ. ფართის ოთახის აღრიცხვის შესახებ.
სააპელაციო პალატამ სკ-ს 1515-ე მუხლის საფუძველზე არ გაიზიარა ასევე მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული იყო ფართის საჯარო რეესტრში აღრიცხვაზე და არა ტექბიუროში, ვინაიდან დღემდე საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახური ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის.
აღნიშნული საფუძვლებით სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს მის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი უკანონოა.
კასატორის მოსაზრებით საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა უზენაესი სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ცვლილებები შევიდეს საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე ტექბიუროს არ ჰქონდა უფლება შეეტანა ცვლილებები.
სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილს. სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 105-ე და 106-ე მუხლების მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. ჯ-ის სარჩელი ა. ყ-თან და მესამე პირთან ა. რ-ასთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო ა. ყ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ შესაბამისი ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრში. ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა ა. რ-ას და ა. ყ-ს შორის 1993წ. 22 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა ა. ყ-ის სახელზე.
უზენაესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა მოახდინა ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის 14/44 ნაწილის ა. ყ-ს სახელზე აღრიცხვა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა არასწორად აღრიცხა ა. ყ-ის სახელზე 14 კვ. მ. ოთახი, რადგან სსკ-ს მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ ცვლილება შევიდეს საჯარო რეესტრში და არა ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერებში, ვერ გახდება ამ ჩანაწერის გაუქმების საფუძველი, რადგან სკ-ს 1515-ე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები უნდა განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა.
ვერ იქნება გაზიარებული ასევე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ იქნა შეფასებული სააპელაციო პალატის მიერ. სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე აღსასრულებლად მიექცევა სასამართლო დასკვნა ანუ სარეზოლუციო ნაწილი. ამასთან კანონიერ ძალაში შესული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს სარეზოლუციო ნაწილისაგან განსხვავებულ დებულებებს.
ამდენად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და სააპელაციო პალატის განჩინებას კასატორის მითითებული კანონის დარღვევა არ უდევს საფუძვლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.