Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-1169-01 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1992წ. ივლისში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ლ-მ და მოითხოვა 1991 წელს მას და ვ. ლ-ს შორის ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ში მდებარე რ. ლ-ს კუთვნილ სახლ-კარზე დადებული ყიდვა-გაყიდვის ზეპირი გარიგების ბათილად ცნობა და ვ. ლ-სათვის 20000 მანეთის გადახდევინება. რ. ლ-ა სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ 1991წ. მარტის თვეში მან ზეპირი გარიგების საფუძველზე 40000 მანეთად მიჰყიდა ვ. ლ-ს ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ში მდებარე მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი. 20000 მანეთი ვ. ლ-მ გადაიხადა, რაც ხელწერილითაც დაადასტურა, ხოლო დანარჩენი 20000 მანეთის გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც რ. ლ-ა ზეპირი გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვდა.

1993წ. 29 მარტის განჩინებით ზუგდიდის რაიონის სასამართლომ აღნიშნული სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე პროცესზე არ ცხადდებოდა, ამასთან, მოპასუხე ვ. ლ-ს შეგებებული სარჩელის აღძვრის უფლება დაუტოვა. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ საქმე გამოითხოვა, მაგრამ რ. ლ-ს მეუღლემ, მისმა წარმომადგენელმა მ. ლ-მ საქმე საფოსტო განყოფილებიდან ამოიღო და 2 წლის განმავლობაში ინახავდა.

1995 წელს ვ. ლ-მ მიმართა სოფ. ...ის საკრებულოს და მოითხოვა სადავო საცხოვრებელი სახლის თავის სახელზე რეგისტრაცია, რისთვისაც საკრებულოს გამგებელს ზუგდიდის რაიონის სასამართლოს 1993წ. 29 მარტის განჩინება, შინაურული ხელწერილი და ზუგდიდის რაიონის იურიდიული კონსულტაციის გამგის განმარტება წარუდგინა. აღნიშნულის საფუძველზე ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს გამგებლის მიერ 1995წ. 16 ივნისს სადავო საცხოვრებელი სახლი ვ. ლ-ს სახელზე აღირიცხა. რ. ლ-ს მეუღლის, წარმომადგენელ მ. კ-ა-ლ-ს განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მათი ოჯახისათვის მხოლოდ 1999 წელს გახდა ცნობილი, რის გამოც მათ სოფ. ...ის საკრებულოს გამგებლისაგან ვ. ლ-ს სახელზე უკანონოდ აღრიცხული სადავო სახლის ისევ რ. ლ-ს სახელზე რეგისტრაცია მოითხოვეს. საკრებულოს გამგებელმა 1999წ. 28 ივლისს სადავო სახლი რ. ლ-ს სახელზე აღრიცხა. აღნიშნულის საფუძველზე რ. ლ-მ 1999წ. 8 ნოემბერს კვლავ მიმართა სასარჩელო განცხადებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ამჯერად, სადავო სახლიდან აწ გარდაცვლილი ვ. ლ-ს მეუღლის _ ჟ. ლ-სა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება და 2000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდევინება მოითხოვა.

ვ. ლ-ს უფლებამონაცვლემ, მისმა მეუღლემ ჟ. ლ-მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1991წ. 19 იანვარს რ. ლ-სა და ვ. ლ-ს შორის მართლაც დაიდო სახლის ყიდვა-გაყიდვის ზეპირი გარიგება, მაგრამ არა 40 000 მანეთზე, არამედ 18000 მანეთზე, რომლის თანახმადაც რ. ლ-ს ვ. ლ-მ 18000 მანეთი გადაუხადა. შემდეგ რ. ლ-მ 2000 მანეთის დამატება ითხოვა, რაც ვ. ლ-მ შეასრულა და სულ 20000 მანეთი გადაიხადა, რაზედაც შედგა ხელწერილი. აღნიშნულ სახლს 1991 წლიდან ფლობს და განაგებს ვ. ლ-ს ოჯახი, რომელმაც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დავის გამო 1995 წლამდე ვერ შეძლო სოფლის საკრებულოში მისი რეგისტრირება. მოპასუხის განმარტებით, 1995 წლიდან სადავო სახლი, როგორც ფაქტობრივად, ისე – იურიდიულად, მისი საკუთრებაა და ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის გამგებელს არ ჰქონდა უფლება იგი რ. ლ-ზე გადაეფორმებინა.

ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის გამგებელის ა. ლ-ას განმარტებით, დღეისათვის სადავო სახლი არავისზეა რეგისტრირებული და მისი რეგისტრაცია შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს, თუ ვინ არის სადავო სახლის მესაკუთრე, მოხდება სახლის რეგისტრაცია მესაკუთრეზე.

2000წ. 24 ივლისს ჩხოროწყუს რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილა რ. ლ-ს სარჩელი და თავისი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა იგი უსაფუძვლობის გამო.

რ. ლ-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ, რომელმაც მიიჩნია, რომ აღნიშნული დავა, როგორც სამოქალაქო სამართლებრივი, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდანაა წარმოშობილი და ამდენად, ადმინისტრაციულმა პალატამ უნდა განიხილოს. სააპელაციო პალატამ საქმეში ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის გამგებელი ჩააბა და ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარის, ჟ. ლ-ს პასუხი რ. ლ-ს სააპელაციო საჩივარზე შეგებებულ სააპელაციო საჩივარს წარმოადგენდა, რომლითაც ჟ. ლ-ა სადავო სახლის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ სოფ. ...ის გამგებლის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას მოითხოვდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000წ. 12 დეკემბრის ახალი გადაწყვეტილებით რ. ლ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ჟ. ლ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ის საკრებულოს მიერ ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ჟ. ლ-ს სახელზე რეგისტრაციის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციული აქტი.

რ. ლ-ა არ დაეთანხმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საკასაციო წესით გაასაჩივრა იგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ განიხილა რა რ. ლ-ს საკასაციო საჩივარი, 2001წ. 22 მაისის განჩინებით გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადასცა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ლ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა რ. ლ-ს სარჩელი; ჟ. ლ-ა მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ში მდებარე რ. ლ-ს საცხოვრებელი სახლიდან.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ლ-სა და რ. ლ-ს შორის 1991 წელს გაფორმდა შინაურული ხელწერილი, იმის შესახებ, რომ რ. ლ-მ 20000 მანეთად მიჰყიდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ვ. ლ-ს. მხარეთა შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით, კერძოდ _ სანოტარო წესით. 1995 წელს სადავო სახლი აღირიცხა ვ. ლ-ს სახელზე, მაგრამ 1999 წელს რ. ლ-ს პრეტენზიის გამო სოფ. ...ის გამგეობამ ჟ. ლ-ს რეგისტრაცია სადავო სახლზე გააუქმა და მესაკუთრედ ისევ რ. ლ- აღრიცხა.

სკ-ს 328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილია განსაზღვრული ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

სკ-ს 321-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მთელი თავისი ქონება ან ქონების ნაწილი გადასცეს სხვას, მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, რადგან დარღვეულია სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, სადავო სახლის მესაკუთრედ კვლავ მოსარჩელე რ. ლ- ითვლება.

სკ-ს 183-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს სადავო სახლის ფლობის სამართლებრივი საფუძველი გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მხარეებს შორის უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა.

ჟ. ლ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, უნდა გამოეყენებინა გარიგების დადების დროს მოქმედი სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლითაც სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული წერილობით და რეგისტრირებული სასოფლო საბჭოს აღმასკომში არაუგვიანეს სამი თვისა ხელშეკრულების დადების დღიდან;

ვ. ლ-მ საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის შესახებ 1991წ. იანვრის თვეში მიმართა ...ის სასოფლო საბჭოს აღმასკომს, მაგრამ უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ ქალაქში მცხოვრებთა რეგისტრაცია შეჩერებული იყო მიწის კანონმდებლობის მიღებამდე.

სოფ. ...ის საკრებულომ 1999წ. 20 აგვისტოს სადავო საცხოვრებელ სახლზე შეაჩერა რეგისტრაციის საკითხი, რამაც ასახვა არ ჰპოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

1995წ. 16 ივნისიდან საცხოვრებელი სახლი რეგისტრირებული იყო ვ. ლ-ს სახელზე, უძრავ ნივთზე კი საკუთრების უფლება მოქმედი სამოქალაქო კოდექსით წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 172-ე მუხლის I ნაწილი, ვინაიდან იგი საცხოვრებელი სახლის კანონიერი მფლობელია, ფლობის უფლება გააჩნია 1991წ. იანვრიდან, მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი სახლის ღირებულება მთლიანად გადაიხადა;

რ. ლ-მ ვ. ლ-ს სახელზე საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციის შესახებ 1995 წელს შეიტყო.

გარიგება მთლიანად შესრულებულია და იგი კანონსაწინააღმდეგოს არაფერს შეიცავს.

სააპელაციო სასამართლოს დავის გადასაწყვეტად უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 46-47-ე მუხლები.

რ. ლ-ს მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, სკ-ს 129-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა უძრავ ნივთებთან დაკავშირებით 6 წელს შეადგენს და არა _ 10 წელს, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რ. ლ-სა და ვ. ლ-ს შორის 1991წ. 19 იანვარს გაფორმდა შინაურული ხელწერილი, რომლითაც ზუგდიდის რაიონის სოფ. ...ში მდებარე სახლი რ. ლ-მ მიჰყიდა ვ. ლ-ს 20000 მანეთად. აღნიშნული პერიოდიდან სახლს ფლობდნენ ვ. ლ-ა და მისი ოჯახის წევრები. ვ. ლ-ა გარდაიცვალა 1999წ. მარტში. სადავო საცხოვრებელი სახლი 1995 წლამდე აღრიცხული იყო სოფ. ...ის საკრებულოში რ. ლ-ს სახელზე. 1995 წელს სახლი ვ. ლ-ს სახელზე აღირიცხა; ახალ მესაკუთრეზე უძრავი ქონების აღრიცხვის საფუძველი გახდა ზუგდიდის სასამართლოს 1993წ. 29 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, მხარეთა შორის საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის შინაურული ხელწერილი და ადვოკატ დ-ის მიწერილობა-განმარტება. 1999 წელს რ. ლ-ს პრეტენზიის საფუძველზე სოფლის გამგებელმა სადავო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი კვლავ რ. ლ-ს სახელზე აღრიცხა. ამ უკანასკნელმა სარჩელი მოპასუხის საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების შესახებ სასამართლოში 1999წ. 8 ნოემბერს შეიტანა. სანოტარო წესით მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა დავის წარმოშობის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები. სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

პალატა თვლის, რომ აღნიშნული ნორმის მიხედვით ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მოქმედების პერიოდში წარმოშობილ ურთიერთობებზე და დადებულ გარიგებებზე ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები ვრცელდება, თუკი გარიგების შინაარსიდან გამომდინარე გარიგება დროში უწყვეტად მიმდინარეობს სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგაც. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარიგება მხარეთა შორის სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების პერიოდში დაიდო, წერილობითი ხელშეკრულება (შინაურული ხელწერილი) რეგისტრირებულ იქნა სოფლის საბჭოში 1995 წელს და ამ პერიოდშივე წარმოიშვა მხარეთა უფლება-მოვალეობები. პალატას მიაჩნია, რომ დავა იმ ნორმატიული აქტის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რომელიც მოქმედებდა მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების წარმოშობის, კერძოდ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის II ნაწილის თანახმად სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული წერილობით და რეგისტრირებულ იქნეს სახალხო დეპუტატების სასოფლო საბჭოში არა უგვიანეს სამი თვისა ხელშეკრულების დადების დღიდან.

საქმის მასალების მიხედვით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებულია შინაურული ხელწერილი, რაც წარმოადგენს სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად 1995წ. 16 ივნისს რეგისტრაციაში გატარდა სასოფლო საბჭოში. ამავე მუხლის III ნაწილის მიხედვით საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის III ნაწილის თანახმად კი თუ ნივთის გასხვისების ხელშეკრულება რეგისტრაციას მოითხოვს, საკუთრების უფლება წარმოიშობა რეგისტრაციის მომენტიდან.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ვ. ლ-ს საკუთრების უფლება სადავო სახლზე და მიწის ნაკვეთზე წარმოეშვა 1995წ. 16 ივნისიდან და სოფლის საკრებულოს არ გააჩნდა რ. ლ-ს პრეტენზიის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის ან რეგისტრაციის გაუქმების იურიდიული საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა. პალატას მიაჩნია, რომ 1995 წლიდან ვ. ლ-ა ირიცხებოდა უძრავი ქონების მესაკუთრედ და ამ პერიოდიდან სწორედ მას და არა რ. ლ-ს გააჩნდა მესაკუთრის უფლება-მოსილება მათ შორის, ვინდიკაც. სარჩელის წარდგენის უფლება.

სსკ-ს 146-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს უფლება აქვს გამოითხოვოს თავისი ქონება უკანონო მფლობელისაგან. განსახილველ შემთხვევაში რ. ლ-ა არ არის სადავო ქონების მესაკუთრე, ვინაიდან მისი საკუთრების უფლება მოისპო ქონების მესაკუთრედ ვ. ლ-ს რეგისტრაციის შემდეგ.

პალატა თვლის, რომ ვინაიდან რ. ლ-ს არ გააჩნია მესაკუთრის სტატუსი, მას არა აქვს იურიდიული საფუძველი მოითხოვოს მოპასუხის გამოსახლება სადავო სახლიდან; აღნიშნულიდან გამომდინარე რ. ლ-ს სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ჟ. ლ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

რ. ლ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.