Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 1177-02 15 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

სარჩელის საგანი: უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა; ყადაღისგან ქონების გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის მესაკუთრედ ცნობა და ყადაღისგან მისი გათავისუფლება შემდეგი საფუძვლებით: 1994 წლიდან სადავო ბინის ფაქტობრივი მფლობელია მოსარჩელე და ბინა შეძენილია პირადი სახსრებით, მაგრამ 1994წ. 18 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველად მითითებულია მისი და ე. გ-ი, მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დროისათვის მოქმედი კანონით ნ.გ-ი არ ჰქონდა თბილისში ბინის ყიდვის უფლება, ვინაიდან, თბილისში არ იყო ჩაწერილი. ხელშეკრულება საჯარო რეესტრში ე.გ-ის სახელზე არ არის რეგისტრირებული და მას არა აქვს იურიდიული ძალა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ე. გ-ის მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისრა 13333 აშშ დოლარის გადახდა, რისი აღსრულებაც სადავო ბინაზე მიექცა. თ. დ-ემ იცოდა რა, რომ ბინის მესაკუთრე არ იყო ე. გ-ი, მას არა აქვს უფლება სადავო ბინის მეშვეობით დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა. ამასთან, ე. გ-ი აღიარებს, რომ სადავო ბინის მესაკუთრეა ნ. გ-ი.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინებით ნ. გ-ი-რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: პალატამ სკ-ს 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობის გამო ნ. გ-ი მესაკუთრედ არ მიიჩნია.

ნ. გ-ი-რ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სსკ-ს 103-ე მუხლის მეორე ნაწილის და 104-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნ. გ-ის მოთხოვნა თანხის დაკისრებისა და სამოქალაქო საქმის მასალების გამოთხოვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით თანხის გადახდა ე. გ-ს დაეკისრა ნ. და არა თ. დ-ის სასარგებლოდ. ამასთან, იმავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხემ იცოდა კასატორის საკუთრებაში ბინის არსებობის შესახებ; გადასახდელი თანხა წარმოადგენდა რეალურად 6500 და არა 13000 აშშ დოლარს; 1994 წლიდან სადავო ბინის ფაქტობრივი მფლობელია; ბინა შეძენილია მისი სახსრებით და წარმოადგენს მის საკუთრებას; ნასყიდობის ხელშეკრულებაში ე. გ-ი მხოლოდ იმიტომ დაფიქსირდა, რომ კასატორს არ გააჩნდა თბილისში რეგისტრაცია, რამაც ხელი შეუშალა მის სახელზე ბინის აღრიცხვას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მითითებული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის ორ აუცილებელ საფუძველს. მხოლოდ მათი არსებობის შემთხვევაში შეიძლება პირის ნივთზე მესაკუთრედ მიჩნევა. ვინაიდან ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით (იხ. სკ-ს 323-ე მუხლი). გარიგების ნამდვილობისათვის კანონით დადგენილი ფორმის დაცვის აუცილებლობა დაწესებულია სკ-ს 68-ე მუხლით. აღნიშნული ნორმათა ანალიზი უდავოს ხდის იმ ვითარებას, რომ უძრავ ნივთზე საკუთრება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მტკიცებულებით შეიძლება დადგინდეს და მას ვერცერთი სხვა სახის მტკიცებულება ვერ შეცვლის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობაზე, ვინაიდან, მას საკუთრების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში სავსებით სწორად მიუთითა სსკ-ს 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევის გარეშეა მიღებული, საქმეზე დადგენილი გარემოებები სამართლებრივად სწორადაა შეფასებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ი-რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.