საქმე N 330100122005733923
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №322აპ-23 5 ივლისი, 2023 წელი
ხ–ი ა., №322აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ხ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ქ.თ–ში, ............ის გამზირი №.., ბინა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ა. ხ–ი სისტემატურად, ყოველდღე აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას არასრულწლოვან შვილს - 15 წლის ლ. ხ–სს, კერძოდ, ხელებსა და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, რითაც ყოველი დარტყმისას დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. ასევე, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში, საღამოს საათებში, ზემოაღნიშნულ მისამართზე, მისაღებ ოთახში, ლ. ხ–ს გაშლილი ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში. მანვე, 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, დაახლოებით 19:00 საათზე, იმავე მისამართზე, ფეხი დაარტყა სახეში, რა დროსაც ლ. ხ–ს გაუსკდა ტუჩი და გაუტყდა კბილების ბრეკეტი, ხოლო 2022 წლის 15 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, იმავე მისამართზე, ლ. ხ–ს მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახეში. ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ხ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ა. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ხ–ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 22 მარტს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. 2023 წლის 28 მარტს გამართლებულ ა. ხ–იის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს–მ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ა. ხ–ს ბრალეულობას. მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასრულწლოვანი ლ. ხ–ს შეტყობინება მამის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. მართალია დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს მამის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, თუმცა საგამოძიებო ექსპერიმენტისას დეტალურად აღწერა ძალადობის ფაქტები. შესაბამისად, მისი ქცევა ჰგავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდეგ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას, რაც უბძგებს მას მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებისკენ (თვითგადარჩენისკენ) და აღნიშნულის გამოსავალს მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმით პოზიციის რადიკალური ცვლილება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ხ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ლ. ხ–მა (შვილმა) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ა. ხ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 16 მარტს ძალადობის ცენტრიდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლითაც ირკვევა, რომ მათ დაუკავშირდა 15 წლის ლ. ხ–სი და განაცხადა, რომ მამის მხრიდან განიცდის ფიზიკურ ძალადობას, ხოლო ოჯახის სხვა წევრებისგან ფსიქოლოგიურს.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმეების - ნ. ო–სა და ა. ო–ს ჩვენებებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ მათ ლ. ხ–მა უამბო, რომ მამას - ა. ხ–ის პრეტენზია ჰქონდა მის ჩაცმულობასთან და მუსიკალურ გემოვნებასთან დაკავშირებით, რის გამოც „მცემსო“. იყო შემთხვევა, როდესაც ლ–ას ხელები ჰქონდა დასერილი. მათ ლ–მ უთხრა, რომ ხელების გადასერვა აიძულა მამამ, შემდეგ კი სცემა. ერთხელ კი ტუჩი ჰქონდა შიგნიდან გახეთქილი და ბრეკეტი გატეხილი. მათ ლ–ამ უთხრა, რომ მამამ სცემა. 2022 წლის 16 მარტს ლ–სგან შეიტყვეს, რომ წინა დღეს, 2022 წლის 15 მარტს, საღამოს, სახლში იყო მარტო და ჩაეძინა, რა დროსაც კარზე მშობლების კაკუნი ვერ გაიგო, რის გამოც მამამ სცემა. მეორე დღეს ლ–ა წამოვიდა სახლიდან, მივიდა მათთან, დარეკა ძალადობის სახელმწიფო ცენტრში და ითხოვა დახმარება. ა. ხ–ს დაკავების შემდეგ ლ–ა დაახლოებით ორი კვირა ცხოვრობდა მათთან, რა დროსაც ხასიათი გამოუსწორდა. უშუალოდ თვითონ მამა-შვილს შორის კონფლიქტსა და ძალადობას არასდროს შესწრებიან, მამა-შვილს ჰქონდათ ნორმალური დამოკიდებულება, რაზეც ლ–ა ამბობდა „სხვებთან არის ასეთი კარგი, თორემ ჩემთან არაო“. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმეების - ნ. ო–სა და ა. ო–ს დედამ, მოწმე ნ. ჩ–მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ა. ხ–ს დაკავების შემდეგ, მათთან ცხოვრების პერიოდში ლ–მ ხელებზე მიიყენა თვითდაზიანება, თუმცა რატომ გააკეთა ეს - არ იცის. აღსანიშნავია, რომ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები სისტემატური ცემის ფაქტთან დაკავშირებით არაინფორმაციულია, რადგან აღნიშნულს თვითონ არ შესწრებიან და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მათი ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა. ხ–ს მხრიდან დაზარალებულზე სისტემატური ცემის ფაქტს წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მოწმეების - ნ. გ–ს, დ. ხ–ს, ლ. ხ–ს, ნ. გ–ს, ნ. ხ–სა და კ. ს–ს ჩვენებებს, რომლებითაც დადგენილია, რომ ა. ხ–ის ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა შვილთან - ლ. ხ–სთან, რომელსაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ზედმეტადაც კი უფრთხილდებოდა და ყველა სურვილს უსრულებდა. ამასთან, იგი იყო შვილის ერთადერთი დონორი, რის გამოც თვითონაც მკაცრად იცავდა ჯანსაღი ცხოვრების წესს.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 8 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ პირადი შემოწმებით, 2022 წლის 18 მარტს ლ. ხ–ს მარცხენა წინამხრის მიდამოში (მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში) გარეგნულად აღენიშნება დაზიანება სწორნაპირებიანი ნაწიბურის სახით, რომელიც წარმოადგენს აღნიშნულ მიდამოში ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს - განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ატარებს მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს და ხანდაზმულობით დაახლოებით 2-3 თვისაა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, დაახლოებით 3-4 დღის წინ მამამ სახეში დაარტყა ხელი. იგი ასევე უთითებს მშობლების და ბებიის მხრიდან სისტემატურ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რაც გამოიხატებოდა ზედა კიდურებისა და თავის მიდამოში დარტყმებით. ერთ-ერთი ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 2021 წლის დეკემბერში, მან თავისი ხელით მიიყენა თვითდაზიანება, კერძოდ, ბრიტვით გადაიჭრა ხელი, თუმცა მომხდართან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია დასტურდება, რომ ლ. ხ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა აღსანიშნავია, რომ ა. ხ–ს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით დაზიანების მიყენებაში ბრალი არ ედება. მითუფრო, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ აღნიშნული იყო ლ. ხ–ს მიერ მიყენებული თვითდაზიანების შედეგი. თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, აღნიშნული თვითდაზიანებების მიყენების მოტივი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 10 მაისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №........ დასკვნით ირკვევა, რომ ლ. ხ–მა განიცადა თუ არა ფსიქოლოგიური ტანჯვა, ამის დადგენა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება ა. ხ–ს ბრალეულობა და ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის N108აპ-20 გადაწყვეტილებას, რომელშიც განმარტებულია, რომ ,,მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფაქტობრივად (შინაარსობრივად) არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმში. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2022 წლის 17 მარტის №...... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 15 მარტს ა. ხ–იმა არასრულწლოვან ლ. ხ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ლ. ხ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2022 წლის თებერვალში კი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ლ. ხ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე ოქმში მითითებულია, რომ ა. ხ–ი ლ. ხ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ „არაკაცია, სუსტი ადამიანია“ და აგინებდა. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია სისტემატური ცემის შესახებ, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. ხ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე