¹ ბს-1545-1120(კ-05) 17 მაისი, 2006
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საქონლის საბჟო ღირებულების განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 19 თებერვალს შპს «ნ-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თბილისის რეგიონალური საბაჟო «რკინიგზის» მიმართ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ ამერიკიდან აწარმოვა 260975 ტონა გაყინული ქათმის ბარკლის იმპორტი. წინასაიმპორტო ინსპექტირების შედეგად კომპანია «ა-მა» საქონელზე უსაფუძვლოდ დაადგინა გაზრდილი დასაბეგრი ღირებულება, მაშინ, როდესაც საქართველოში იმპორტირებული საქონლის იდენტური სახეობის დასაბეგრი ღირებულება 1 ტონაზე არ ყოფილა 570 აშშ დოლარზე მეტი. აღნიშნული ფასი ღირებულების განსაზღვრისთვის მისაღებად აღიარებული იყო თვით საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რაც კანონმდებლობის თანახმად, მის დისკრეციულ უფლებას წარმოადგენდა. მოსარჩელე ითხოვდა დავალებოდა მოპასუხეს საქონლის განებაჟებინა 1 ტონა გაყინულ ქათმის ბარკალი 570 აშშ დოლარად აგრეთვე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, საქონლის მალფუჭადობის გამო, დროებითი განჩინებით დაევალებინა საბაჟო ორგანოსათვის 1 ტ საქონელი განებაჟებინა 570 აშშ დოლარად.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს «ნ-ის» მოთხოვნა დროებითი განჩინების გამოტანის თაობაზე და თბილისის რეგიონალურ საბაჟო «რკინიგზას» დაევალა მოსარჩელის მიერ იმპორტირებული 260,975 ტ 1 ტონა გაყინული ქათმის ბარკალი განებაჟებინა 570 აშშ დოლარად.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «ნ-ის» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; რეგიონალურ საბაჟო «რკინიგზას» დაევალა შპს «ნ-ის» კუთვნილი საქონლის _ 260,975 ტონა გაყინული ბარკლის განბაჟება 570 აშშ დოლარიდან 1 ტონაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის დროებითი განჩინება დაახალი გადაწყვეტილებით შპს «ნ-ის» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს «ნ-მა», რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 18 ნოემბრის განჩინებით შპს «ნ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში ერთი ტონა საქონლის საბაჟო ღირებულება სიფ პირობით წარმოადგენდა 420 აშშ დოლარს. აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა, «საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესის» მე-3 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული არ იქნა, რის გამოც საბაჟო ღირებულების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო მითითებული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის მიხედვით, ერთ ტონაზე 570 აშშ დოლარად და არა კომპანია «ა-ის» მიერ განსაზღვრული 662,23 აშშ დოლარად, ვინაიდან «ა-მა» საბაჟო ღირებულება საქონლის თანმხლები დოკუმენტაციით განსაზღვრული 420 აშშ დოლარიდან გაზარდა რა 662.23 აშშ დოლარამდე, ამ გაზრდის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცება, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში ვერ წარმოადგინა.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «საბაჟო ტარიფებისა და გადასახდის შესახებ» კანონის მე-10 და მე-11 მუხლები და არ გაითვალისწინა, რომ სადავო პერიოდისათვის სახელმწიფოს გაფორმებული ჰქონდა სათანადო ხელშეკრულება კომპანია «ა-თან, რომელიც ატარებდა გადაზიდვამდე ინსპექტირებას ექსპორტიორ ქვეყანაში და ინსპექტირების შედეგების შესაბამისად გადასცემდა იმპორტს გადასახადის მოწმობას.
«საბაჟო ტარიფებისა და გადასახადის შესახებ» კანონის მე-10 მუხლის ის რედაქცია, რომელიც სადავო პეროდში მოქმედებდა, მიუთითებდა, რომ საბაჟო ღირებულების გაანგარიშებისას საბაჟო ორგანოს უნდა ეხელმძღვნელა იმპორტის გადასახდის მოწმობაში მოყვანილი მონაცემებით, რაც ნიშნავდა, რომ აღნიშნული მონაცემები საბაჟო ორგანოსთვის იყო სავალდებულო.
კასატორის განმარტებით, მაშინ, როცა საბაჟო ორგანო ახორციელებდა «საბაჟო ტარიფებისა და გადასახადის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ანუ აკონტროლებდა საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეს, იგი იმპორტიორის მიერ განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას ამოწმებდა გადასახდის მოწმობაში მოყვანილ მონაცემებთან მიმართებაში.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა საბაჟო ღირებულების გაზრდის საფუძვლიანობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან იგი მსგავს მტკიცებულებას სასამართლოში ვერც წარმოადგენდა, რამდენადაც როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ფუნქციას ახორციელებდა «ა-ი», რომელიც არ იყო ვალდებული, საბაჟო ორგანოს წინაშე დაესაბუთებინა გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების შედეგები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აღნიშნული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს «ნ-მა” საქართველოში იმპორტირების მიზნით შემოიტანა ამერიკული წარმოების 260975 ტ გაყინული ქათმის ბარკალი. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიცა იმპორტის გადასახადის მოწმობა. მითითებული მოწმობის შესაბამისად, შპს «ნ-ს” ფობ პირობით ერთ ტონაზე გადახდილი აქვს 329, ხოლო სიფ პირობით-420 აშშ დოლარი.
სიფ ღირებულება «ა-ის” მიერ 1 ტონა გაყინულ ქათმის ბარკალზე 420 აშშ დოლარიდან გაზრდილ იქნა 662.23 აშშ დოლარამდე, რაც, კასატორის მოსაზრებით, მიჩნეულ უნდა იქნეს საბაჟო დასაბეგრი ღირებულების ზღვრულ ოდენობად.
კასატორი – საბაჟო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საბაჟო ღირებულების გაანგარიშებისას საბაჟო ორგანო ხელმძღვანელობდა იმპორტის გადასახადის მოწმობაში მოყვანილი მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ «ა-ის” მიერ მიწოდებული მონაცემები სავალდებულოა საბაჟო ორგანოსათვისდა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად იქნა განმარტებული «საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანინის მე-10 და მე-11 მუხლები.
კასატორის პრეტენზიის საფუძველზე საკასაციო სასამართლომშეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება, რის შედეგადაც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
«საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულება არის საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქონლის ფასი, რომლის საფუძველზეც დგინდება საბაჟო გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება მოიცავს გარიგების ფასს საქონლის შეძენისას, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის პუნქტამდე მისი ტრანსპორტირების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის, დაზღვევის, საკომისიო და საბროკერო მომსახურების ხარჯებს. რაც შეეხება საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999წ. 4 ოქტომბრის ¹186 ბრძანებით დამტკიცებულ «საქართველოში იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესს”, მითითებული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს გარიგების ფასი ანუ საინვოისო ღირებულება. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, საქონლის ფასი არის შეთანხმებული და განისაზღვრება ინვოისით, რაც,საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენდა საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკმარის საფუძველს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანო არ დაეთანხმა გარიგების ფასს, ვალდებული იყო იმავე წესების შესაბამისად ეხელმძღვანელა იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებით.
დადგენილია და აღნიშნულს, საქმეში დაცული მასალების საფუძველზე, ადასტურებს თავად კასატორიც, რომ 2002 წელს გაყინული ქათმის ბარკლის საბაჟო ღირებულება არც ერთ ეტაპზე არ აღემატებოდა 570 აშშ დოლარს.
კასატორი ვერ უთითებს ვერც ერთ გარემოებაზე და ვერ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას, რაც იქცეოდა დასაბეგრი ღირებულების გაზრდის საფუძვლად.
ზემოაღნიშნული წესების 10.3 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ღირებულების დადგენისას არ უნდა დაიშვას რეალურად გადახდილ ან გადასახდელ ფასზე დამატება, თუ ეს ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი
ვერ ასაბუთებს, თუ რის საფუძველზე მოხდა დასაბეგრი ღირებულების გაზრდა და ვერ უთითებს, რაში გამოიხატება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორი გამოყენება თუ მისი მცდარი განმარტება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება გაზიარებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.