Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1182-02 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ.კვანტალიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1992წ. 3 ივლისს მ. ს-სა და ა. კ-ას შორის დაიდო ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ამავე სახლში სარგებლობის უფლებით ცხოვრობდნენ ი. ი-ი და მ. კ-ა. ი. ი-ი რეგისტრირებული იყო საბინაო წიგნშიც. მათ დაკავებული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლის, ლიტ. “ა”-ს, ¹2, 3 და 4 ოთახები. 1999წ. 31 მარტს გარდაიცვალა ი. ი-ი, ხოლო სახლში დარჩა მ. კ-ა. ბინაზე ნაწარმოები მიშენებების გამო ს-მა მ. კ-ას გამოსახლებაზე სარჩელის აღძვრა ვერ შეძლო. ამჟამად სახლის კანონიერ მესაკუთრეს მ. ს-ი წარმოადგენს. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით მ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. კ-ას ... ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ს-ის სარჩელი და მ. კ-ა ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹2, 3 და 4 ოთახებიდან.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მ. კ-ას მიერ იმ მოტივით, რომ მ. ს-ს გაშვებული აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, მას მიღებული აქვს მემკვიდრეობა და სადავო ბინა ეკუთვნის კანონიერად. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის განჩინებით გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

მ. კ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვს საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას შემდეგი მოტივით: ვინაიდან მ. კ-ა იურიდიულ საკითხებში ვერ ერკვეოდა, აპელაციის განხილვისას მოითხოვა ადვოკატის დანიშვნა. მას მოსამართლეების მიერ განემარტა, რომ ადვოკატის გარეშეც დაიცავდა თავს. მ. კ-ას არ გააჩნია იურიდიული განათლება და თანაც თარჯიმნის მეშვეობით ამყარებდა კონტაქტს სასამართლოსთან. მან ვერ შეძლო თავისი უფლებების დაცვა. აღნიშნულით დაირღვა სსკ-ს მე-4, მე-5 და 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები. მ. კ-ა მოითხოვს 2002წ. 4 ივლისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად საოლქო სასამართლოში დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სსკ-ს მე-4, მე-5 და 47-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაზე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასეთი დარღვევის არ არსებობის გამო. კერძოდ, საქმის მასალებით და თვით კასატორის აღიარებით დადგენილია, რომ მ. კ-ას საქმის განხილვის დროს მიეჩინა თარჯიმანი სსკ-ს მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამოქალაქო სამართალწარმოების ფუძემდებლურ პრინციპად აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს სრული უფლება აქვთ, თვითონ განსაზღვრონ თავიანთი მოთხოვნების დასაბუთების ფორმა და წესი, ხოლო 93-ე მუხლის მეორე ნაწილის და 94-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ როგორც პირადად, ასევე, წარმომადგენლის, მათ შორის, ადვოკატის მეშვეობითაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმის წარმოებისას ადვოკატის მონაწილეობა მხარის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება სსკ-ს 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ადვოკატის მოწვევას სახელმწიფოს ხარჯზე, ასეთი რამ დასაშვებია მხოლოდ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. როგორც სასამართლოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, მ. კ-ას შუამდგომლობა სახაზინო წესით ადვოკატის მოწვევის თაობაზე არ აღუძვრია, ხოლო სასამართლოს ინიციატივით ადვოკატის მოწვევა კანონით დადგენილი არ არის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.