გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1183-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სააქციო საზოგადოების წილების გადანაწილება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელეებმა 2001წ. 4 მაისს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხის მიმართ. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მუშაობდნენ თბილისის მოზრდილთა ¹... პოლიკლინიკაში, რომელიც 1998წ. 31 ოქტომბრის ¹1615 ბრძანებულებით შევიდა საპრივატიზაციო ნუსხაში. 1998წ. 3 დეკემბერს შედგა პოლიკლინიკის თანამშრომელთა საერთო კრება, რომელზეც არჩეული იქნა საპრივატიზაციო კომისია ხუთი კაცის შემადგენლობით. ქონების მართვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა პრივატიზაციის პირობები და საპრივატიზაციო თანხა 28500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. 1998წ. 8 იანვარს შედგა საპრივატიზაციო ამხანაგობის კრება, სადაც მთავარმა ექიმმა გამოთქვა სურვილი ქონების 51%-ის შესყიდვაზე.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მათ ჰქონდათ თანაბარი უფლება გამოესყიდათ ქონება, მაგრამ დათმესEპოზიციები დროებით, რათაA მომხდარიყო ქონების გამოსყიდვა სახელმწიფოსაგან, ხოლო საპრივატიზებო ამხანაგობის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ მომხდარიყო პროცენტების გადანაწილება. მთავარი ექიმის ნ. ვ-ის გარდაცვალების შემდეგ შრომითი კოლექტივის სახელით ქონების მართვის სამინისტროსთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა მ. ვ-მა, რომლის წილი დაფიქსირდა 52,58%. მოსარჩელეთაგან რვა თანამშრომელი ფლობს 5,887%-ს, ხოლო ოთხი არ ფლობს არანაირ პროცენტს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა მოითხოვეს პრივატიზაციისა და სააქციო საზოგადოებაში მათი უფლებების აღდგენა. მოპასუხის და მათი პროცენტების გაერთიანება და გაყოფა, საზოგადოების წესდებაში და ფასიანი ქაღალდების რეესტრში ცვლილებების შეტანა, მათ მიერ მოპასუხისათვის 13832,58 დოლარის გადაცემის შემთხვევაში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს – ნ-ს, ხ-ას, ც-ეს და ს-ს 1999წ. ივნისში უარი აქვთ ნათქვამი პრივატიზაციაში მონაწილეობის მიღებაზე, ხოლო დანარჩენ მოსარჩელეებს, ხ-ისა და ლ-ის გარდა, ნოტარიულურად დამოწმებული დოკუმენტით დადასტურებული აქვთ თანხმობა წილების გადანაწილების თაობაზე, რაც ასახულია საზოგადოების წესდებაში და რეგისტრირებულია სასამართლოში.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც დააზუსტეს მოთხოვნა და მიუთითეს, რომ წილთა გადანაწილების დროს ისინი აღმოჩნდნენ მოტყუებულნი. მათი უფლება დაირღვა 1998წ. 10 სექტემბრის ოქმით, რომლის საფუძველზეც მოხდა სააქციო საზოგადოების რეგისტრაცია. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა, მოსარჩელეთა ნაწილის აქციონერად შეყვანა საზოგადოებაში და წილთა თანაბარი გაყოფა.
მოთხოვნის საფუძვლად აპელანტები მიუთითებდნენ პრეზიდენტის ბრძანებულებას პირდაპირი მიყიდვის შესახებ, კანონს პრივატიზაციის შესახებ და სამოქალაქო კოდექსის დროებითი ამხანაგობის განმსაზღვრელ ნორმებს.
საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქონების მართვის სამინისტროს არანაირი შეხება არა აქვს კოლექტივის შიგნით წილების გადანაწილებასთან. სამინისტრომ ქონება გადასცა შრომით კოლექტივს, ხოლო წილები გადანაწილდებოდა იმის მიხედვით თუ ვინ რა თანხა გადაიხადა ქონების გამოსყიდვისას.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1999წ. 29 იანვარს ჩატარდა მოზრდილთა მე-15 პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის საპრივატიზაციო ამხანაგობის საერთო კრება 75 წევრის შემადგენლობით, სადაც გადაწყდა, რომ საპრივატიზაციო ქონების გამოსასყიდი თანხა 51% დაიფარებოდა ნ. ვ-ის მიერ, ხოლო 45% _ ამხანაგობის წევრთა მიერ. ამხანაგობის წევრებმა ხელმოწერით დაადასტურეს თანხმობა. მათ შორის იყვნენ ნ-ე, მ-ე, ხ-ა, ხ-ი, ლ-ი, თ-ე და თა-ი. 1999წ. 10 სექტემბერს ჩატარდა მოზრდილთა პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის საერთო კრება, სადაც მიიღეს სააქციო საზოგადოების “...-99” წესდება. წესდებით განისაზღვრა აქციათაA მფლობელები და მისი მიხედვითაც საზოგადოება გატარდა რეგისტრაციაში.
სააპელაციო პალატამ მოსარჩელეთა მოთხოვნა წესდებაში ცვლილებების შეტანის და წილთა გადანაწილების შესახებ მიიჩნია უსაფუძვლოდ, რადგან “მეწარმეთა შესახებ” კანონის 54.6 მუხლის შესაბამისად მხოლოდ საერთო კრება არის უფლებამოსილი შეცვალოს საზოგადოების წესდება, ხოლო 5%-ის მქონე აქციონერს უფლება აქვს მოითხოვოს რიგგარეშე კრების მოწვევა. თუ კრება ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას აქციონერს უფლება აქვს გაასაჩივროს კრების გადაწყვეტილება ისევ კრებაზე ამავე კანონის 53.3 მუხლის შესაბამისად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ დაცული არ არის კანონის მიერ დადგენილი პროცედურა, ამასთან სააპელაციო პალატამ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ დაუშვებელია საერთო კრების ოქმის გასაჩივრება მისი შედეგებიდან ორი თვის გასვლის შემდეგ. 1999წ. 10 სექტემბრის კრებიდან კი გასულია 2 წელი.
აღნიშნული საფუძვლებით სააპელაციო პალატამ 2001წ. 10 ივნისის განჩინებით უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გარდა თ. ხ-ისა და შ. ხ-სი, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
1. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 933-ე, 1424-ე და 1427-ე მუხლები რომლებიც უნდა გამოეყენებინა.
2. სააპელაციო პალატამ არ შეამოწმა გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ აწ გარდაცვლილმა ნ. ვ-მა საპრივატიზებო თანხების შეტანა განახორციელა პოლიკლინიკის შემოსავლებიდან და პოლიკლინიკისათვის მისაღები თანხებიდან, რომელიც ძირითადად წარმოადგენდა თანამშრომლების სახელფასო დავალიანებას. აღნიშნულის თაობაზე მითითებული იყო სააპელაციო საჩივრში. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.
3. კასატორის მოსაზრებით 1999წ. 10 სექტემბრის კრების ოქმში არანაირ კავშირში არ არის სასარჩელო მოთხოვნასთან და სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2, 53.3 და 54.6 მუხლები.
4. სააპელაციო პალატის განჩინება არ არის შედგენილი სსკ-ს 249-ე მუხლის სესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 1999წ. 10 სექტემბერს ჩატარდა მოზრდილთა პოლიკლინიკის შრომითი კოლექტივის საერთო კრება, სადაც მიღებული იქნა სს “...-99-ის” წესდება. წესდებით განისაზღვრა აქციათა მფლობელები და მათი კუთვნილი აქციების რაოდენობა, რისი მიხედვითაც საზოგადოება გატარდა რეგისტრაციაში.
საზოგადოების დაფუძნების პროცესი იწყება შეთანხმებით მომავალ პარტნიორებს შორის, საზოგადოების საქმიანობასა და ამ საზოგადოებაში მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ეს შეთანხმება აისახება წესდებაში. აქედან გამომდინარე, საზოგადოების დაფუძნება წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ გარიგებას. ამასთან, ორმხრივ ან მრავალმხრივ გარიგებას, რომლის დადებისათვის აუცილებელია მონაწილეების ნების გამოხატვა და კონსენსუსი ამ ნებათაAშორის.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 933-ე, 1424-ე და 1427-ე მუხლები, რადგან მოცემული ნორმები სულ სხვა ურთიერთობებს (ამხანაგობაში წილის გადაცემა, სამკვიდროს მიღება) აწესრიგებენ. საზოგადოების დაფუძნებისას კი, როგორც გარიგების მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები გარიგებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის საგანს წარმოადგენს ცვლილებების შეტანა წესდებაში (და არა გარიგების ბათილობა) “მეწარმეთა შესახებ” 54.6 მუხლის თანახმად მხოლოდ საერთო კრებაა უფლებამოსილი შეცვალოს საზოგადოების წესდება. რაც შეეხება კასატორის მითითებას პრივატიზაციის დროს მოპასუხის უფლებამოსილების და უფლებამონაცვლეობის კანონიერებაზე, ასევე პოლიკლინიკის თანხების უკანონო გამოყენებაზე, აღნიშნული მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს. შესაბამისად ამაზე ვერც სააპელაციო პალატა იმსჯელებდა.
სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე გამოტანილია არსებითად სწორი გადაწყვეტილება, კასატორის მიერ მითითებული საპროცესო დარღვევები ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. თა-ის, ლ. ნ-ის, ლ. მ-ის, მ. ლ-ის, ე. თ-ის, ც. ლ-ის, ნ. ს-ს, მ. ც-ის, ლ. ხ-ას, მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივნისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.