Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №120აპ-23 თბილისი

გ-ი ფ., 120აპ-23 5 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენით ფ. გ-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ოთხ - 2021 წლის 30, 31 ივლისისა და 2, 4 აგვისტოს ეპიზოდებში) - თითოეულისათვის - 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. გ-ს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 11 აგვისტოდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. ფ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 75 დღით.

2. განაჩენის მიხედვით, ფ. გ-ს მსჯავრი დაედო:

ü ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში (4 ეპიზოდი);

ü ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, ჩადენილი დიდი ოდენობით.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, რ-ში, ---ის გზის მე-- კმ-ზე, ბენზინგასამართ სადგურ „ს-ის“ ტერიტორიაზე, ფ. გ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,041 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 300 ლარად უკანონოდ გაასაღა შ. კ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შ. კ-თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად;

o 2021 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 14:30 საათზე, რ-ში, --ის გზის მე-- კმ-ზე, ბენზინგასამართ სადგურ „ს-ის“ ტერიტორიაზე, ფ. გ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0159 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ 100 ლარად უკანონოდ გაასაღა შ. კ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შ. კ-თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად;

o 2021 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, რ-ში, თ----ის გზის მე--- კმ-ზე, ბენზინგასამართ სადგურ „ს-ის“ ტერიტორიაზე, ფ. გ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,04766 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 200 ლარად, რაც სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით წინასწარ ჩაარიცხვინა, უკანონოდ გაასაღა შ. კ-ზე. ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შ. კ-თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად;

o 2021 წლის 4 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ-ში, ფ-ის დასახლებაში, თ-ის ქუჩის №- მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ. გ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0382 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 200 ლარად უკანონოდ გაასაღა შ. კ-ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შ. კ-თან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად;

o 2021 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 21:14 საათზე, რ-ში, მ-ის გამზირის მე-- და მე-- კორპუსებს შორის, ფ. გ-ი უკანონოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ, 5 შეკვრად დაფასოებულ, დიდი ოდენობით - 0,7768 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რაც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. გ-ის ადვოკატმა გ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ფ. გ-ის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით მსჯავრდების ოთხივე ეპიზოდში, ხოლო მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება. ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ფ. გ-ისათვის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით ოთხივე ეპიზოდში მსჯავრდებასთან მიმართებით დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის სანქციის ფარგლებში მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ფ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ოთხ - 2021 წლის 30, 31 ივლისისა და 2, 4 აგვისტოს ეპიზოდებში) - თითოეულისათვის - 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. გ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 11 აგვისტოდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. ფ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი - ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, შეუმცირდა 75 დღით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ფ. გ-ისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთან, სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ფ. გ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე