გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1192-02 31 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: სასაზღვრო მიჯნის აღმართვა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 3/5 ნაწილი აღრიცხულია გ. ხ-ის, 1/5 ნაწილი _ ვ. თ-ის, ხოლო 1/5 ნაწილი _ თ. თ-ის სახელზე.
2001წ. ივნისში გ. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისი და მოპასუხის კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისად საეზოვე მიწის ნაკვეთის გამოყოფა და სასაზღვრო მიჯნის აღმართვა. სარჩელის საფუძვლად მიუთითებდა მათ შორის კონფლიქტის ასრებობას.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ იქნა დაუსწერებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხის საჩივრის საფუძველზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 ივლისის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე ამავე სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
2002წ. 17 იანვარს მთავარ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; გ. ხ-ს ნება დაერთო თბილისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთზე მისი კუთვნილი 3/5 იდეალური წილის შესაბამისად (270 კვ.მ) სასაზღვრო მიჯნის აღმართვა.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-ემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ არ არსებობდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რადგან როგორც მოპასუხე მიუთითებდა, რომ იგი არ გამოცხადდა სხდომაზე იმის გამო, რომ იცოდა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას _ სასაზღვრო მიჯნის აღმართვის შესახებ და აღნიშნულიდან გამომდინარე, 2002წ. 4 ივლისის განჩინებით უცვლელად დატოვა ამ საქმეზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ს 241-ე, 242-ე, 233-ე და 230-ე მუხლებზე.
კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ
გარემოებათა გამო:
სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის მიღების ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
მითითებული ნორმის თანახმად საქმის წარმოების შეწყვეტისათვის უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება დავაზე:
ა) იმავე მხარეებს შორის, ე.ი., თუ ერთ-ერთი მხარე სხვაა, მაშინ საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებელია;
ბ) იმავე საგანზე ე.ი. დავა იმავე მხარეებს შორისაც რომ მიმდინარეობდეს, მაგრამ სხვა საგანზე _ საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებელია;
გ) იმავე საფუძვლით ე.ი. თუ საფუძველი სხვაა, ვიდრე ის ადრე იყო _ საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებელია.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხემ 1967 წელს შეიძინა სადავო სახლის ნაწილი მოსარჩელის ბაბუისაგან, რომელიც განქორწინებული იყო მეუღლესთან _ მ. ხ-თან. ეს უკანასკნელი ფლობდა სადავო სახლის მეორე ნაწილს. ეზოში გავლებული იყო გამყოფი ღობე, რომელიც თვითნებურად მოშალა მ. ხ-მა. მოპასუხე ვ. თ-ემ მიმართა სასამართლოს მ. ხ-ის მიმართ ღობის აღდგენის შესახებ. აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა 1969წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით. სადავო ღობე აღდგენილ იქნა ვ. თ-ის მიერ. მიუხედავად ამისა მ. ხ-მა კვლავ მოშალა ღობე და დღემდე ასეთ მდგომარეობაშია. 1999 წლიდან სადავო სახლის ნაწილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს გ. ხ-ი, რომელმაც სარჩელი აღძრა ვ. თ-ის მიმართ და მოითხოვა ღობის აღდგენა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე სასამართლოს საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა, რადგან როგორც თავად კასატორი მიუთითებს 1969წ. აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღსრულდა _ აღდგენილ იქნა გამყოფი ღობე, მაგრამ მ. ხ-მა ისევ მოშალა, აღნიშნული კი სარჩელის აღძვრის სხვა საფუძველს წარმოადგენს. სადავო სახლის ახალი მფლობელი _ მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად მიუთითებს მხარეთა შორის არსებულ კონფლიქტს, რაც ასევე სხვა საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებელია და სასამართლომ საქმე მართებულად არ შეწყვიტა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კასატორის მიერ მითითებული დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 9 ივლისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.