საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№210აპ-23 თბილისი
ა-ი ა., 210აპ-23 6 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა- ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით ა- ა-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე ა. ა-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ა- ა-ს საბოლოოდ მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 სექტემბრიდან; მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 5 წლით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ა- ა-მა ჩაიდინა: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ა- ა-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა (იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი ვაზნები), რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2019 წლის 6 სექტემბერს თ-ში, რ---ის №- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.
· 2019 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ-ში, რ---ის №- კორპუსის ბინა №--ში მცხოვრები ა- ა-ი იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი კორპუსის წინ, ეზოში. ამავე დროს ეზოში მივიდნენ იმავე უბანში მცხოვრები, მთვრალი ნ. კ-ი და და ვ. თ-ე. ნასვამი ნ. კ-ი ჩამოჯდა ა- ა-ის ავტომობილის კაპოტზე, რამაც გამოიწვია ა. ა-ის გაღიზიანება და შენიშვნა მისცა ნ. კ-ს. აღნიშნულის გამო ნ. კ-ი და ა- ა-ი შეკამათდნენ, რაც გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბში ასევე ჩაერთნენ იქვე მყოფი სხვა პირები. მომხდარით შეურაცხყოფილი ა- ა-ი შურისძიებით განეწყო ნ. კ-ისა და ეზოში მყოფი სხვა პირების მიმართ და განიზრახა მათი მოკვლა. იგი ავიდა იქვე მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, შეიარაღდა დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით და დაბრუნდა ეზოში. სადარბაზოდან გასვლისთანავე ა- ა-მა დაინახა ნ. კ-ი, რომელიც სხვა პირებთან ერთად ეზოში იმყოფებოდა, მისკენ მიმართა ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი და განზრახ მოკვლის მიზნით, ისე, რომ ასევე საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ესროლა მას. ნ. კ-ისათვის სროლის შემდეგ ა- ა-მა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა იქვე მყოფ რ. ი-ს, რომელმაც შენიშნა მისკენ მიმართული იარაღი, გაიქცა და შეეცადა ხალხში მიმალვას, მაგრამ ა. ა-ი გამოეკიდა და ისე, რომ საფრთხე შეუქმნა სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა და დაჭრა. ამის შემდეგ ა- ა-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ნ. კ-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო რ. ი-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ი-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განაჩენის გაუქმებასა და ა- ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადვოკატის საჩივარში მითითებულ საკითხებს ამომწურავი პასუხები გაეცა. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას საჩივარში მითითებული არგუმენტების უსაფუძვლობის თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. სუსგ №347აპ-18, №979აპ-20) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულის უფლებამონაცვლის, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 22 იანვრის №-, სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და ჰისტოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები და სხვა მტკიცებულებები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ა- ა-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ: როგორც დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებითაა დადგენილი, ა- ა-მა ნ. კ-ისათვის სროლის შემდეგ მოინდომა იარაღის ხელახლა გადატენვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნ. კ-ის გარდა, მას სურდა სხვა პირისათვის სროლაც, რაც განახორციელა კიდეც – გაეკიდა რ. ი-ს და დაჭრა ის, მისი მოკვლა კი მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო, რომ დაჭრილი გაიქცა სკვერის მიმართულებით და ა- ა-ი მას ვერ დაეწია. ამასთან, მოწმეების ჩვენებებით ასევე დადასტურებულია, რომ სროლის ადგილას, გარდა ნ. კ-ისა და რ. ი-ისა, იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით შეექმნა საფრთხე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატის შეფასებით, ა- ა-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
9. მოწმეებისა და დაზარალებულ რ. ი-ის ჩვენებებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ა- ა-მა ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან – გადაჭრილი თოფიდან, ე.წ. „აბრეზიდან“, რომელიც დატენა თანნაქონი ტყვიებით. იარაღისა და საბრძოლო მასალის ვარგისიანობაზე მიუთითებს თავად გასროლის ფაქტები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმად, ნ. კ-ის სიკვდილის მიზეზია მუცლის ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, ხოლო რ. ი-ს მარჯვენა მტევნისა და სხივ-მაჯის, ასევე – წელისა და დუნდულოს არეში აღენიშნებოდა ჭრილობები, რომლებიც განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად. ამასთან, საქართველოს შს სამინისტროს წერილის მიხედვით, ა- ა-ის სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, გამოკვეთილია მსჯავრდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა და ტარება.
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
11. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული ა- ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა გარემოებებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა- ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე