გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1195-02 12 თებერვალი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: შპს-ს რეგისტრაციის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1996 წელს თელავის რაიონის სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა შპს “ო.”, რომლის დამფუძნებლები არიან შ. გ-ი და ო. ფ-ი.
2001 წელს შ.გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ შპს-ს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების არსებითი დარღვევით, კერძოდ: კრება დაინიშნა არა გამგეობის, არამედ დირექტორის მიერ. წესდებაზე არ არის ერთ-ერთი დამფუძნებლის ხელმოწერა; დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი რეალობასთან შეუსაბამოა, საწესდებო კაპიტალის არასაკმარისი ოდენობა და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა შპს “ო-ის” რეგისტრაციის გაუქმება და მისი მთლიანი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ ცნობა.
ო. ფ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა შ.გ-ის ცნობა შპს-ის კუთვნილი ქონების არაკეთილსინდისიერ მფლობელად და ამ ქონების მისგან გამოთხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით შ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ შპს-ს რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში, ხოლო ო.ფ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. შ.გ-მა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება. ო.ფ-მა კი მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შ.გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით ორივე სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შ.გულიშვილის სარჩელი და გაუქმდა 1996წ. 31 აგვისტოს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ სამეწარმეო რეესტრში განხორციელებული შპს “ო-ის” რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერი; ო.ფ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებები:
შპს “ო-ის” რეგისტრაცია განხორციელებულია რიგი არსებითი დარღვევებით. კერძოდ, შპს-ს რეგისტრაციის რეესტრში ხელს არ აწერს არცერთი პარტნიორი; საზოგადოების წესდებაზე არ არის ო. ფ-ის ხელმოწერა; საზოგადოების საწესდებო კაპიტალი 1600 ლარს შეადგენს. ასევე არ არის განსაზღვრული პარტნიორთა წილი. საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახებ” 5.8. მუხლის თანახმად კი, თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი 3 თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვადის დანიშვნას კანონმდებლობა უკავშირებს ხარვეზის ხასიათს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს-ს რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზები თავისი ხასიათით გამოუსწორებელია და ამასთან, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იწვევს რეგისტრაციის გაუქმებას. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელის მოთხოვნა შპს-ს ქონებაზე შ. გ-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, რადგან საწარმოს ლიკვიდაციის პროცესში ჯერ უნდა დაიფაროს საწარმოს ვალები, ხოლო შემდეგ დარჩენილი ქონება უნდა განაწილდეს პარტნიორებს შორის. რაც შეეხება ო.ფ-ის შეგებებულ სარჩელს, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.ფ-მა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შ. გ-ის სარჩელზე უარის თქმა, ხოლო მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილდება. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეუქმებინა რეგისტრაცია, არამედ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლის მიხედვით უნდა დაენიშნა რეგისტრაციის ხარვეზის გამოსწორებისათვის 3 თვიანი ვადა; შ.გ-ს არ ჰქონდა რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის უფლება, რადგან შპს-ს დაარსებიდან გასულია 6 წელი, “მეწარმეთა შესახებ” კანონით კი პარტნიორების მიერ ურთიერთპრეტენზიების წარდგენისათვის განსაზღვრულია 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა; გარდა ამისა, მართალია, შპს-ის წესდება ხელმოწერილია მხოლოდ შ.გ-ის მიერ, მაგრამ იგი დამტკიცებული იყო პარტნიორთა კრებაზე, ხოლო ოქმი რეგისტრირებულია სანოტარო რეესტრში. ზემოაღნიშნულ წესდებაში საზოგადოების დამფუძნებლებად აღიარებულნი არიან როგორც შ.გ-ი, ასევე ო.ფ-ი, რომელთა მონაწილეობა საწესდებო კაპიტალში თანაბარია; ამდენად, კასატორის აზრით, შპს “ო-ს” რეგისტრაციის გაუქმება არამართლზომიერია, მითუმეტეს, როცა მათი წილის 50% მფლობელი ამის წინააღმდეგია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, თუ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლი. საკასაციო სასამართლოს ეს მოსაზრება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საწარმოს რეგისტრაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს. კერძოდ, შპს-ს საწესდებო კაპიტალი 1600 ლარია, განცხადებას საწარმოს რეგისტრაციის შესახებ ხელს არ აწერს არცერთი პარტნიორი, განსაზღვრული არ არის პარტნიორთა შესატანის ოდენობა, წილები და სხვ. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლით, თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ, მართალია, გამოიყენა აღნიშნული ნორმა, მაგრამ ხარვეზის გამოსასწორებლად არ დანიშნა ვადა. პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ის ხარვეზები, რაც მოცემულ შემთხვევაში საწარმოს რეგისტრაციას აქვს, გამოუსწორებადია. ჯერ ერთი, კანონი არ ითვალისწინებს ასეთ დათქმას, ე.ი. ხარვეზის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს აღნიშნული ნორმა და საწარმოს ხარვეზის გამოსასწორებლად უნდა დაენიშნოს ვადა. მეორე, სასამართლო არ ასაბუთებს, თუ რატომაა საწესდებო კაპიტალის შევსება გამოუსწორებადი ხასიათის ხარვეზი. ამდენად, სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა კანონის ნორმას, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიული და ფაქტობრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, რადგან “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.1 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა ეხება არა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობას, არამედ პარტნიორთა ურთიერთ პრეტენზიებს. აღნიშნულ ნორმაში მითითებული ტერმინი – პრეტენზია _ ნიშნავს პირის უფლებას მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება. რეგისტრაციაში ხარვეზის აღმოჩენა კი შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ხოლო მისი გამოსწორებისათვის კანონმა (5.8 მუხლი) გარკვეული ვადები დაადგინა. ამდენად “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.1 მუხლი არ უნდა გამოყენებინა სასამართლოს.
პალატა თვლის, რომ მოცემული დავის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიყენოს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.8 მუხლი და საწარმოს, რეგისტრაციის ხარვეზის გამოსასწორებლად, დაუნიშნოს ვადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.