გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1197-02 31 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: თანხების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 29 აგვისტოს გ. და კ. ჩ-ეებმა სს “...-2-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ უბრალო თამასუქის ხელწერილით გ. ჩ-ემ 1994წ. 18 მარტს კომპანია “...ში” შეიტანა 1000 აშშ დოლარი. ხელწერილის თანახმად კომპანია “...ს” მისთვის 1994წ. 19 მაისს და იმავეწ. 19 ივლისს უნდა გადაეხადა 460-460 აშშ დოლარი, იმავეწ. 19 სექტემბერს _ 1460 აშშ დოლარი. სულ _ 2380 აშშ დოლარი, მან სულ მიიღო 460 აშშ დოლარი, მისაღები კი დარჩა 1960 აშშ დოლარი. სკ-ს 404-ე მუხლის საფუძველზე მან მოპასუხისაგან სულ მოითხოვა 6193,6 აშშ დოლარი. კ. ჩ-ემ სარჩელში მიუთითა, რომ 1994წ. 20 ივნისს კომპანია “...ში” უბრალო თამასუქის ხელწერილით შეტანილი ჰქონდა 515 აშშ დოლარი. ხელწერილის თანახმად 1994წ. 21 სექტემბერს კომპანიას მისთვის უნდა გადაეხადა 824 აშშ დოლარი, მაგრამ კომპანიას და მის სამართალმემკვიდრეს მისთვის რაიმე თანხა არ გადაუხდია.
მან მოითხოვა კომპანია “...ს” სამართალმემკვიდრე სს “...-2-გან” სკ-ს 404-ე მუხლის საფუძველზე 2603,84 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო: მან თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელეებს სს “...-2-დან” აქვთ გარკვეული მოთხოვნის უფლება, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ისინი გავლენ საზოგადოებიდან და ისიც _ გასვლის დროისათვის სს “...-2-ის” მფლობელობაში არსებული კომპანია “...დან” გადმოცემული ქონების წილის შესაბამისად მათი ანაბრის პროპორციულად. სს “...-2-ის” სასამართლოში შეტანილი აქვს განცხადება სს “...-2-ის” სამართალმემკვიდრეობასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც განხილვის სტადიაზეა და მოითხოვა ამ საკითხის საბოლოო გარკვევამდე საქმის შეჩერება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს “...-2-ს” გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 540 აშშ დოლარის, ხოლო კ. ჩ-ის სასარგებლოდ - 515 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთაA პალატის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “...-2-ის” სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იმის სესახებ, რომ გ. ჩ-ემ სავაჭრო სამრეწველო კომპანია “...-ში” 1994წ. 18 მარტს შეიტანა 1000 აშშ დოლარი, ხოლო კომპანიის პრეზიდენტისაგან მიიღო მარტივი თამასუქი, რომლითაც თამასუქის გამცემმა იკისრა ვალდებულება თამასუქის მიმღებისათვის 1994წ. 19 მაისს და 19 ივლისს გადაეხადა 460 აშშ დოლარი, ხოლო 1999წ. სექტემბრისათვის _ 1460 აშშ დოლარი.
კ. ჩ-ემ ამავე კომპანიაში 1994წ. 20 ივნისს შეიტანა 515 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც კომპანიის პრეზიდენტისაგან მიიღო მარტივი თამასუქი, რომლის მიხედვითაც თამასუქის გამცემი კისრულობდა ვალდებულებას 1994წ. 21 სექტემბრისათვის თამასუქის მიმღებისათვის გადაეხადა 824 აშშ დოლარი.
თბილისის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1995წ. 27 იანვრის ¹26 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა სააქციო საზოგადოება “...-2”. ამავე განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ იქნა, რომ სს “...-2” დაფუძვებულია სავაჭრო – სამრეწველო კომპანია “...ს” ბაზაზე. ამასთან, თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995წ. 31 აგვისტოს დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ სააქციო საზოგადოება “...-2” წარმოადგენს სავაჭრო სამრეწველო კომპანია “...ს” სამართალმემკვიდრეს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ისინი წარმოადგენენ მეანაბრეებს, სასარჩელო ხანდაზმულობა მათ მოთხოვნაზე არ ვრცელდებოდა და მიუთითა, რომ მართალია, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹802 დადგენილების მე-10 და მე-11 პუნქტებით, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995წ. 22 ივნისის ¹252 ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად სამრეწველო კომპანიის ბაზაზე მეანაბრეების ნების გათვალისწინებით შეიქმნა სააქციო საზოგადოებები, მაგრამ ზემოთმითითებული ნორმატიული აქტების საფუძველზე თამასუქის მფლობელები კი არ გახდნენ მეანაბრეები, არამედ განისაზღვრა საზოგადოების საწესდებო კაპიტალის შექმნის, კომპანიის სახსრების მოძიების და აღრიცხვის წესი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოთ მითითებული დადგენილებითA და ბრძანებულებით არ მომხდარა თამასუქის მფლობელის მეანაბრესთან გათანაბრება, ამიტომ მოსარჩელეებს სარჩელის წარდგენის უფლება წარმოეშვათ 1994წ. 19 და 24 სექტემბერს, მათ კი სარჩელი წარადგინეს 2000წ. აგვისტოში ამიტომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე და მე-80 მუხლის შესაბამისად სარჩელი ხანდაზმული იყო.
2002წ. 12 აგვისტოს კ. და გ. ჩ-ეებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კ. ჩ-ის სასარგებლოდ 824 აშშ დოლარის, ხოლო გ. ჩ-ის სასარგებლოდ _ 1920 აშშ დოლარის დაკისრება, ანდა საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორებს მიაჩნიათ, რომ სს “...-2-მა” 1995წ. 31 აგვისტოდან იკისრა თამასუქის მქონე მოქალაქეების ვალის დაბრუნება, ვინაიდან იგი გახდა კომპანია “...ს” სამართალმემკვიდრე. მათ მიაჩნიათ, რომ მათი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები არ არინ მეანაბრეები და აქციონერები. ისინი თამასუქის მფლობელები არიან.
ასევე დადგენილია, რომ სარჩელის წარდგენის უფლება მათ წარმოეშვათ 1994წ. 19 და 24 სექტემბერს, ვინაიდან თამასუქში პირდაპირ იყო მითითებული მისი შესრულების ვადის შესახებ, კერძოდ, მითითებული იყო, რომ თამასუქის გამცემი კისრულობდა თამასუქის მიმღებ გ. ჩ-ისათვის 1994წ. 19 მაისისა და 19 ივლისისათვის გადაეხადა 460 აშშ დოლარი, ხოლო 1994წ. სექტემბრისათვის _ 1460 აშშ დოლარი, ხოლო 824 აშშ დოლარი კ. ჩ-ისათვის დაებრუნებინა 1994წ. 21 სექტემბრისათვის.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
აქედან გამომდინარე, კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ისინი მეანაბრეებს წარმოადგენენ და მათზე არ უნდა გავრცელდეს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, უსაფუძვლოა. კასატორები თავიანთ თავს მეანაბრეებთან გათანაბრებულად თვლიან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთაA კაბინეტის 1994წ. ¹802 დადგენილების მე-10 და მე-11 პუნქტების, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995წ. 22 ივნისის ¹252 ბრძანებულების მე-5 პუნქტის საფუძველზე, მაშინ, როცა ზემოთ მითითებულ დადგენილებას და ბრძანებულებას თამასუქის მფლობელები მეანაბრეებთან კი არ გაუთანაბრებია, არამედ დაადგინა სამრეწველო კომპანიების ბაზაზე სააქციო საზოგადოების შექმნის, საწესდებო კაპიტალის განსაზღვრის, კომპანიის სახსრების მოძიებისა და აღრიცხვის წესი, ასევე ის, რომ კომპნიის კრედიტორთა სურვილის შესაბამისად მათ შეეძლოთ გამხდარიყვნენ ახლად შექმნილი სააქციო საზოგადოების აქციონერები.
არასწორია კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან სს “...-2” 1995წ. 31 აგვისტოდან გახდა კომპანია “...ს” სამართალმემკვიდრე და იკისრა ვალდებულება თამასუქის ხელწერილის მქონე მოქალაქეების ვალის დაბრუნების შესახებ, იგი დღესაც ვალდებულია დააბრუნოს ვალი და მათი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუნდაც კასატორთა მითითების შესაბამისად 1995წ. 31 აგვისტოდან დაიწყოს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის ათვლა, სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულია 1998წ. 31 აგვისტოს. კასატორებს კი სარჩელი შეტანილი აქვთ 2000წ. აგვისტოში, ანუ ორიწ. შემდეგ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. და კ. ჩ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთA პალატის 2002წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.