Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1199-02 31 იანვარი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს ,,.. ..-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისაგან ფულადი ვალდებულების შესრულებას . მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლებს, სხვასთან ერთად, წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები:

1999წ. 17 მარტს სს “ე-მა” 17 მარტიდან 17 სექტემბრამდე ვადით მოქალაქე გ-ზე საგარანტიო წერილით გასცა 70000 აშშ დოლარი. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ ამ საგარანტიო წერილის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხის სადებეტო სალდო გაზარდა 48319 აშშ დოლარით.

1999წ. 28 ივლისს სს “ე-მა” 28 ივლისიდან 28 ოქტომბრამდე ვადით პ. ფ-ზე გასცა საგარანტიო წერილით, საგარანტიო თანხა 5000 აშშ დოლარი. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ ამ საგარანტიო წერილის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხის სადებეტო სალდო გაზარდა 4816 აშშ დოლარით.

1999წ. 2 აგვისტოს სს “ე-მა” 2 აგვისტოდან 2 თებერვლამდე ვადით დ. ი-ზე საგარანტიო წერილით გასცა, საგარანტიო თანხა 35000 აშშ დოლარი. გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელის სადებეტო სალდო გაზარდა 23712 აშშ დოლარით.

1999წ. 29 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულებით სს “ე-ი” თავდებად დაუდგა შპს “ბ-ს” 60000 აშშ დოლარზე. თავდებობის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ გაზარდა მოპასუხის სადებეტო სალდო 64931 აშშ დოლარით.

მხარეთა შორის 2000წ. 17 ივლისს გაფორმდა ,,საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება”. ხელშეკრულების 2.3.3 და 2.3.7 პუნქტების მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო, ბანკის წინაშე ფულადი ვალდებულების არსებობის ან ასეთის სამომავლოდ წარმოქმნის შემთხვევაში არ დაეშვა სხვა საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშებით სარგებლობის ფაქტები მოსარჩელესთან ანგარიშის გასწორებამდე. Aაღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში მოპასუხე დაჯარიმდებოდა ფულადი ვალდებულების 30%-ით.

ოვერდრაფტის თანხასთან ერთად მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა ჯარიმის _ 450000 ლარის, გადახდა გამომდინარე ,,საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” 2000წ. 17 ივლისის ხელშეკრულების 2.3.3 და 2.3.7 პუნქტებიდან, რომელთა მიხედვით მოპასუხე ვალდებული იყო, ბანკის წინაშე ფულადი ვალდებულების არსებობის ან ასეთის სამომავლოდ წარმოქმნის შემთხვევაში არ დაეშვა სხვა საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშებით სარგებლობის ფაქტები მოსარჩელესთან ანგარიშის გასწორებამდე.

მოპასუხემ უარყო სარჩელი და აღძრა შეგებებული სარჩელი საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ 2000წ. 17 ივლისის ხელშეკრულების 2.3.5 და 2.3.6 მუხლების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო: “საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ის პირი, რომლის ყველა გვერდზე ,,ე-ის” დირექტორმა მოაწერა ხელი და გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს, რათა მას ხელმოწერილი, დანომრილი და აკინძული დაებრუნებინა, საერთოდ არ შეიცავდა 2.3.5 და 2.3.6 პუნქტებს ჯარიმის დაკისრების თაობაზე.

სადავო ხელშეკრულების 2.3.5 და 2.3.6 პუნქტები კაბალურია და მათი რეალურად არსებობის შემთხვევაშიც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსკ-ს 55-ე მუხლის შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “.. ..-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს “ე-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 102425 აშშ დოლარის ანაზღაურება. სს “ე-ს” .. ..-ის” სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების, 2500 ლარის, ანაზღაურება. მასვე დაეკისრა 1600 ლარის ანაზღაურება ექსპერტიზის ხარჯებისათვის.

“.. ..-ს” დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯების, 8000 ლარის, ანაზღაურება.

სს “ე-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ სს “.. ..-სა” და სს “ე-ს” შორის 2000წ. 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 2.3.5 და 2.3.6 პუნქტები.

სს “.. ..-ს” სს “ე-ის” სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების, 2500 ლარის, ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით სს “.. ..-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სს “.. ..-ის” მოთხოვნა ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გამოყენებული და ბანკისათვის დასაბრუნებელი თანხის სს “ე-ისათვის” დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს “ე-ს” სს “.. ..-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 434097 აშშ დოლარის გადახდა.

სს “ე-ის” მიერ ჯ. გ-ზე, დ. ი-ზე, პ. ფ-ზე, შპს “ბ-ზე” გაცემული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე სს “.. ..-ის” მიერ გაცემული 141778 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტების გადახდევინების, 2000წ. 17 ივლისის ხელშეკრულების 2.3.5 და 2.3.6 პუნქტების ბათილად ცნობისა და მისი დარღვევის გამო ჯარიმის გადახდევინების, ასევე, ფულადი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო ჯარიმის გადახდევინების ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.

საქმის ხელახლა განხილვისას მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ 883339 აშშ დოლარის და 581818 ლარის ანაზღაურება, კერძოდ _ საგარანტიო წერილების და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე 231 747,81 აშშ დოლარი, 450000 ლარი (ჯარიმა) _ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების დარღვევისათვის ოვერდრაფტის მოქმედების პერიოდში; 323040 აშშ დოლარი-ჯარიმა “ჰ-თან” საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების დარღვევისათვის; 302052,99 აშშ დოლარი და 27202,43 ლარი _ სკ-ს 869-ე მუხლის საფუძველზე, 26500 აშშ დოლარი და 10000 ლარი _ იურიდიული მომსახურების საფასური და 8000 ლარი _ სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯებისათვის.

მოპასუხემ მხარი დაუჭირა თავის შეგებებულ სარჩელს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 141778 აშშ დოლარის და 443208 ლარის გადახდა სს ,,.. ..-ის” სასარგებლოდ. სს “ე-ის” შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

კოლეგია მიუთითებს, რომ სკ-ს 895-ე მუხლიდან გამომდინარე თავდების სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი დგება, თუ თავდები ხელშეკრულებით კისრულობს სოლიდარულ ან სხვა თანამნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, ან თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე მუხლის მიხედვით ასეთ შემთხვევებში, იმის გამო, რომ თავდები არის სოლიდარული მოვალე, კრედიტორს შეუძლია, მოთხოვნა წაუყენოს თავდებს იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც. სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა 141778 აშშ დოლარზე დარიცხული საოვერდრაფტო პროცენტის ანაზღაურების თაობაზე. საქმის მასალებით არ დგინდება მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმების არსებობა, თავდებობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების საფუძველზე მოპასუხის უარყოფითი სადებეტო სალდოს გაზრდისა და მასზე საოვერდრაფტო პროცენტების დარიცხვის შესახებ.

კოლეგია მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი: მოპასუხემ დაარღვია საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების 2.3.3 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება: ბანკის წინაშე დავალიანების არსებობის პერიოდში სარგებლობდა რა სხვა საბანკო დაწესებულებებში გახსნილი ანგარიშებით, იღებდა სესხებს უცხოური ბანკებიდან. საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების 2.3.5 პუნქტის საფუძველზე კოლეგიამ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი საჯარიმო თანხა შეადგენს 443208 ლარს.

სასამართლო კოლეგიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სკ-ს 869-ე მუხლის საფუძველზე 302051.99 აშშ დოლარის და 102764 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

კოლეგია მიუთითებს, რომ “ჰ-ზე” გაცემული საგარანტიო წერილის მოქმედების განმავლობაში მოსარჩელეს “ჰ-ის” სასარგებლოდ არ უწარმოებია არანაირი გადახდა, ხოლო საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ წერილი ანულირებული იქნა, რის გამოც მოცემულ ნაწილში ჯარიმის გადახდის თაობაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოსგარეშე ხარჯის 8000 ლარის ანაზღაურების თაობაზე. კოლეგია მიუთითებს, რომ სსკ-ს 53-ე მუხლით დადგენილია მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წესი, სასამართლოსგარეშე ხარჯებიდან მხოლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესია განსაზღვრული.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

სს “ე-ი” მიუთითებს, რომ თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 895-ე მუხლი. სასამართლომ ამ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა მხოლოდ მითითებული ნორმის ნაწილით და არ მოიხსენია ამ ნორმის დანარჩენი ნაწილი, რომელიც ნორმის უშუალო გაგრძელებას და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ეს ნაწილები ერთმანეთისაგან გაყოფილია მხოლოდ მძიმით. კერძოდ, სსკ-ს 895-ე მუხლით სოლიდარული პასუხისმგებლობის დროს თავდებს შეიძლება, წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, მაგრამ იმ პირობით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. აღნიშნული ნორმის დეფინიცია ნიშნავს, რომ კრედიტორს უფლება აქვს, სოლიდარული პასუხისმგებლობისას თავდებს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, მაგრამ მისთვის აუცილებელია, რომ ძირითადმა მოვალემ გადააცილოს გადახდის ვადას და გაფრთხილებას არავითარი შედეგი არ მოჰყვეს, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარა უნდა იყოს. იგივეა მითითებული 1999წ. 29 სექტემბრის თავდებობის ხელშეკრულების 2.5 პუნქტშიც, კერძოდ, ზემოაღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაშიც კრედიტორი ვალდებული იყო, 15 დღის განმავლობაში პრეტენზია წარედგინა თავდებისათვის.

შპს “ბ-თან” გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 1999წ. 28 დეკემბერს. ბანკს, როგორც კრედიტორს, ვალის გადახდის ვადის გადაცილების თაობაზე ძირითადი მოვალე საერთოდ არ გაუფრთხილებია, ასევე საერთოდ არ შეუმოწმებია მისი გადახდისუნარიანობა.

კასატორი მიუთითებს, რომ სკ-ს 894-ე მუხლის თანახმად თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს. კასატორი მიუთითებს, რომ კოლეგიას სკ-ს 55-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა ეცნო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.3.5 და 2.3.6 პუნქტები.

ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტების ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად სს “ე-ი” მიუთითებს ამ პუნქტების კაბალურ ხასიათზე, კერძოდ იმაზე, რომ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის იყო შეუსაბამობა, რაც აშკარაა მითითებული პუნქტებით დადგენილი ჯარიმის სიდიდით (30% და 50%). კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგია სრულიად უსაფუძვლოდ თვლის დადგენილად, რომ თითქოს სააქციო საზოგადოება ,,ე-მა” ვერ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან ხელმოწერილი ხელშეკრულება 2.3.5. და 2.3.6. მსგავს პუნქტებს არ შეიცავდა.

კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სს ,,ე-ის” დირექტორის უფლებამოსილება კანონით დადგენილი წესით შეზღუდული იყო, კერძოდ სავალდებულო იყო სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა იმგვარი ხელშეკრულების გაფორმებისათვის, როგორსაც წარმოადგენდა 2000წ. 17 ივლისის ხელშეკრულება.

სს “.. ..” საკასაციო საჩივარში მიუთითებს: კოლეგიამ უკანონოდ არ დააკმაყოფილა სს “.. ..-ის” მოთხოვნა სს “ე-ისათვის” ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების – საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში საბანკო ხელშეკრულების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ჯარიმის, 323040 აშშ დოლარის, ასევე, სკ-ს 869-ე მუხლის საფუძველზე სს “ე-ისათვის” 302.052,94 აშშ დოლარისა და 27.202,43 ლარის დაკისრების, წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯების – დავის საგნის 2%-ის ანაზღაურებისა და სსკ-ს 37-ე მუხლის შესაბამისად გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების, 8000 ლარის, დაკისრების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 894-ე მუხლის თანახმად თავდებს შეუძლია, უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

სკ-ს 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება, წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა თავდების ვალდებულების შინაარსი და ძირითადი მოვალის მდგომარეობა იძლევა საფუძველს, კრედიტორმა თავდებს წაუყენოს გადახდის მოთხოვნა მოვალისაგან იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

თუ თავდები კისრულობს ვალდებულებას, რომ ძირითადი ვალდებულების შესრულების ვადის დადგომისას თავდები მისი ანგარიშებიდან, თუ ვალდებულება ვადაში არ იქნება შესრულებული თვით მოვალის მიერ, მოახდენს თანხების გადარიცხვას (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ნიშნავს იმას, რომ თავდები უარს თვითონ ამბობს სკ-ს 894-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს სოლიდარულის თანაბარმნიშვნელოვანი ვალდებულების შესრულება, როგორც მოვალისაგან, ასევე _ თავდებისაგან ერთდროულად, ასევე ნებისმიერი მათგანისაგან დამოუკიდებლად.

სკ-ს 894-ე მუხლის თანახმად თავდებს შეუძლია, უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

თავდებს შეუძლია, უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე, როგორც წინასწარ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ისე _ შემდგომში.

მოპასუხემ ერთ შემთხვევაში იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, ხოლო სხვა შემთხვევებში, თავად განსაზღვრა კონკრეტული თარიღი, სესხის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ვადა, როდესაც ის ვალდებული იყო გადაეხადა და ამით უარი თქვა 894-ე მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენებაზე.

მოცემულ შემთხვევაში თავდებობა წარმოადგენს საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალებას. საბანკო კრედიტის დაფარვის თარიღის დადგომიდან გასულია სამ წელზე მეტი, რაც მიუთითებს მოვალის გადახდისუუნარობაზე.

ამასთან, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული თანხის, როგორც დავალიანების არსებობა, აღიარებული იყო მოპასუხის მიერ და მისთვის ასევე საბანკო ამონაწერების მეშვეობით ცნობილი იყო, რომ ბანკის მიერ ეს თანხა შეტანილი იყო საოვერდრაფტო კრედიტში.

სკ-ს 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გარიგება შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარაა შეუსაბამობა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთმა მხარემ ისარგებლა მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით.

კასატორი ვერ მიუთითებს ვერც ერთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს დიდი რაოდენობით განსაზღვრით ბოროტად გამოიყენა მისი ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით.

სკ-ს 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

კასატორი ვერ მიუთითებს, ვერც ერთ გარემოებას, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ხელშკრულების აღნიშნული პუნქტების ბათილად ცნობას. ორმა საწარმომ ერთმანეთთან დადო ხელშეკრულება და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით არცთუ უმნიშვნელო სიდიდის თანხების დაბრუნების უზრუნველსაყოფად განსაზღრა პირგასამტეხლოს ოდენობა, იმ ოდენობით, რაც მათ მოცემული ხელშეკრულების დადებისათვის და პირობების შესრულებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ბათილია ხელშეკრულების აღნიშნული მუხლები, ვინაიდან ხელშეკრულება ხელმოწერილია ,,ე-ის” დირექტორიის მიერ, რომელსაც საზოგადოების წესდების 8.9 მუხლის შესაბამისად ასეთი ხელშეკრულების დადების უფლება არ ჰქონდა და ეს გარემოება ცნობილი იყო მოსარჩელისათვის.

საზოგადოების წესდების შესაბამისად მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით უნდა განხორციელდეს სესხის და კრედიტის აღება, რომელიც აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ რაოდენობას.

კასატორი ვერ უთითებს მტკიცებულებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული რაოდენობა. ამასთან, ეს დებულება ვერ გავრცელდება საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ნორმაზე, სადაც საუბარია მხოლოდ საჯარიმო სანქციებზე და ნაკისრი ვალდებულების რაოდენობა განსაზღვრული არ არის.

პალატა იზიარებს კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ,,საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ის პირი, რომლის ყველა გვერდზე ე-ის დირექტორმა მოაწერა ხელი და გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს, რათა მას ხელმოწერილი, დანომრილი და აკინძული დაებრუნებინა, საერთოდ არ შეიცავდა ჯარიმის დაკისრების თაობაზე აღნიშნულ პუნქტებს. აღნიშნული მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა რაიმე დოკუმენტის წარდგენით, სადაც ასახული იქნებოდა ინფორმაცია მის მიერ მითითებულ გარემოებაზე (ეს შეიძლება ყოფილიყო ხელშეკრულების პროექტი, ან მხარეთა მოლაპარაკების ოქმი). მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობა სადაოდ არ გაუხდია მანამ, სანამ თვით მოსარჩელემ არ აღძრა სარჩელი. ამასთან პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება წარმოადგენს მოსარჩელის მიერ კლიენტებთან გაფორმებულ ტიპიურ ხელშეკრულებას.

პალატა იზიარებს სს ,,.. ..-ის” მოსაზრებას, რომ სსკ-ს 37-ე და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით სასამართლომ მხარეს უნდა აუნაზღაუროს, როგორც სასამართლო ხარჯები, ისე სასამართლოსგარეშე ხარჯებიც. ამავე ნორმიდან გამომდინარე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ გონივრულ ფარგლებში. კასატორი ვერ ადასტურებს სასამართლოს განსაზღვრული ანაზღაურების არაგონივრულობას, ასევე, ვერ ადასტურებს მის მიერ გაწეული ექსპერტიზის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების აუცილებლობას, რის გამოც მის მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ სს ,,.. ..-ის” მოსაზრებას, რომ 1997წ. ივნისიდან 2001წ. 15 აპრილამდე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ვალდებულება _ 1076800 აშშ დოლარზე _ საგარანტიო წერილი.

სკ-ს 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამგვარი ვალდებულების არსებობა საქმის მასალებით დადგენილი არ არის.

ხელშეკრულების 2.3.7. მუხლი გულისხმობს ფულადი ვალდებულების არსებობას. დადგენილია, რომ “ჰ-ზე” გაცემული საგარანტიო წერილის მოქმედების განმავლობაში მოსარჩელეს “ჰ-ის” სასარგებლოდ არ უწარმოებია გადახდები. შესაბამისად მოპასუხეს არ წარმოშობია ვალდებულება აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას 141778 აშშ დოლარზე საოვერდრაფტო პროცენტების დარიცხვის შესახებ.

სკ-ს 869-ე მუხლი ითვალისწინებს საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილ მოთხოვნას.

ვინაიდან მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ უკვე ძალაშია შესული, რომლითაც აღნიშნული თანხა არ იქნა მიჩნეული საოვერდრაფტო თანხად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოთხოვნას აღნიშნული თანხის კრედიტად მიჩნევისა და სკ-ს 869-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტის დარიცხვის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ე-ის” და სს “.. ..-ის” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.