¹ 3კ-1202-02 4 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. შ-ემ სარჩელი აღძრა ქ. ბ-ისა და თ. ქ-ის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეების გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ ქ. ბათუმში, .... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4 ნაწილი მისი საკუთრებაა. კერძოდ, ლიტერ “ა”-ში საცხოვრებელი ოთახები: 38 კვ.მ. 32 კვ.მ. და 38 კვ.მ. ეს ოთახები დაკავებული აქვს მოპასუხეებს, როგორც მდგმურებს. მოპასუხეები 1990 წლიდან ბინის ქირას (6 რუბლი) აღარ იხდიან.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ისინი სადავო ფართის მესაკუთრენი არიან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 561-ე, 562-ე მუხლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბ-მა და თ. ქ-მა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა ბთუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
ქ. ბათუმში, ..... მდებარე სახლმფლობელობის ლიტერ “ა”-ში პირველ სართულზე განლაგებული ¹36-ე, 37-ე და 38-ე ოთახები საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს. მოპასუხეები სახლის ადრინდელ მესაკუთრეს ი. ქორმემედ ოღლს ყოველთვიურად ბინის ქირის სახით უხდიდნენ 6 მანეთს. მას შემდეგ, რაც ჯ. შ-ე გახდა სადავო ოთახების მესაკუთრე, მოპასუხეები განაგრძობდნენ ბინაში ცხოვრებას და ბინის ქირას აღარ იხდიდნენ. 1999წ. მაისში ჯ. შ-ემ სანოტარო წესით დამოწმებული წერილით გააფრთხილა მოპასუხეები, რათა ბინის ქირის სახით გადაეხადათ 80 აშშ დოლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოპასუხეები აღნიშნულ ფართს ფლობენ 1937 წლიდან. ამასთან, მხარეთა შორის ბინის ქირავნობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით არ დადებულა, მაგრამ ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეები ბინის ქირის სახით იხდიდნენ 6 მანეთს. მოპასუხე თანახმაა ყოველთვიურად ბინის ქირად გადაიხადოს არა 80 აშშ დოლარი, არამედ 20 ლარი.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 1507-ე მუხლის III ნაწილი, 562-ე, 572-ე და 170-ე მუხლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბ-მა და თ. ქ-მა. კასატორები თვლიან, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და შესაბამისად არასწორად გამოიყენა კანონი. კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ” კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
დადგენილია,Mრომ მოპასუხეები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო ფართში, კერძოდ, 1937 წლიდან. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები ძველ მესაკუთრეს ბინის ქირის სახით უხდიდნენ 6 მანეთს.
პალატა თვლის, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს განსახილველი საქმის გადაწყვეტისას არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის ნორმები. სკ-ს 1507-ე მუხლის პირველი ნაწილით ეს კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა სკ-ს ამოქმედების შემდეგ (1997წ. 25 ნოემბერი). მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის წარმოშობილი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა ამ კოდექსის ამოქმედებამდეა წარმოშობილი და ამ ურთიერთობას არეგულირებს სპეციალური კანონი “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ დამატებით გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებანი და მითითებული კანონის საფუძველზე გადაწყვიტოს მოცემული დავა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ბ-ისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.