გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1203-02 4 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
ნ.კვანტალიანი
დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (ძირითად სარჩელში); ბინიდან გამოსახლება, უღირს მემკვიდრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ო-ამ, ა. და არ. ა-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. ო-ის მიმართ და მოითხოვეს თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობა იმ მოტივით, რომ ისინი ჩაწერილები იყვნენ სადავო ბინაში და ჰქონდათ ერთიანი საოჯახო მეურნეობა.
რ. ო-მა შეგებებული სარჩელით მიმართა რაიონულ სასამართლოს ლ. ო-ას, ა. და არ. ა-ების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ სადავო ბინა, მდებარე ... ქ. თბილისში, კოოპერატიული ბინაა და ირიცხება მამის, რა. ო-ის, სახელზე. ამ უკანასკნელმა 1995წ. 17 აპრილს სადავო ბინა უანდერძა შვილს რ. ო-ს. 1995წ. 22 ოქტომბერს გარდაიცვალა რა. ო-ი, რომელსაც შეტანილი ჰქონდა იქნა სასარჩელო განცხადება ბინის პრივატიზაციის თაობაზე, რადგან იგი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის “ს-ს” წევრი და მეპაიე იყო და ითხოვდა სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობას. მამის გარდაცვალების შემდეგ სასამართლოს განცხადებით მიმართა რ. ო-მა და მოითხოვა მამამისის რა. ო-ის, უფლებამონაცვლედ ცნობა და სადავო ბინის პრივატიზება თავის სახელზე.
ლ. ო-ამ სასარჩელო განცხადებით დააზუსტა თავისი მოთხოვნა. კერძოდ, მან მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და თანამესაკუთრედ ცნობა, რადგან იგი წლების მანძილზე ცხოვრობს სადავო ბინაში, რაც დასტურდება ¹63 საბინაო სამშენებლო ამხანაგობა “ს-ს” თავმჯდომარის ცნობით, პოლკოვნიკის ცნობებით და ისნის რაიონის სასამართლოს 1995წ. 31 ივნისის გადაწყვეტილებით. ამასთან, მას გადახდილი აქვს პაის ნაწილი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ო-ას, ა. და არ. ა-ებს უარი ეთქვათ რა. ო-ის მიერ 1996წ. 17 აპრილს შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობაზე, რომელთაც მან მთელი ქონება უანდერძა თავის შვილს – რ. ო-ს, ასევე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ თბილისში, ... ბინის ¾ ნაწილზე და რ. ო-ის დანაშთ ქონებას 2/2-ის მესაკუთრედ ცნობაზე.
შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ რ. ო-ს უარი ეთქვა ქ.თბილისში, ... ბინიდან ლ. ო-ას, ა. და არ. ა-ების გამოსახლებაზე. სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობილ იქნა რ. ო-ი; ს. ო-ს უარი ეთქვა ლ. ო-ის უღირს მემკვიდრედ ცნობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც რ. ო-მა, ისე ლ. ო-ამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ო-ის მოთხოვნა ლ. ო-ას უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელი, დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
რა. ო-ის უფლებამონაცვლის, რ. ო-ის, სასარჩელო განცხადება თბილისში, ... მდებარე ბინის მესაკუთრედ ცნობისა და ბინიდან გამოსახლების თაობაზე, ასევე, რ. ო-ის სარჩელი თბილისში, ... მდებარე ბინის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. რ. ო-ი ცნობილ იქნა თბილისში, ... ბინის მემკვიდრედ და მესაკუთრედ და ლ. ო-ა, ა. და არ. ა-ები გამოსახლებულ იქნენ აღნიშნული ბინიდან.
ა. და არ. ა-ების სარჩელი ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობის, ლ. ო-ას სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის, თბილისში, ... ბინის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა:
სადავო ბინა 1995 წლისათვის წარმოადგენდა კოოპერატიულ ბინას, რომლის მეპაიე იყო რა. ო-ი, რომელიც წლების განმავლობაში მიმართავდა სათანადო ორგანოებს პრივატიზაციის მოთხოვნით. თანახმად საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლის დადგენილების მე-10 პუნქტისა, სადავო ბინა წარმოადგენდა აწ გარდაცვლილ რა. ო-ის საკუთრებას. რა. ო-მა გარდაცვალების შემდეგ თავის საკუთრებაში არსებული ბინა უანდერძა რ. ო-ს, რომელსაც მამის გარდაცვალების შემდეგ მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება სადავო ბინაზე და ამიტომ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად იგი ცნობილ იქნა მამის მემკვიდრედ და სადავო ბინის მესაკუთრედ.
ლ. ო-ამ ანდერძის ბათილობის მოთხოვნისათვის გაუშვა ხანდაზმულობის ვადა. ასევე მთელი დავის განმავლობაში მან მხოლოდ 2001 წელს დააყენა მოთხოვნა სადავო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ლ. ო-ამ ასევე ვერ დაასაბუთა, რომ სადავო ბინაზე წარმოებულ მიშენებისათვის თითქოსდა მას ჰქონდა გაწეული ხარჯი, რაც სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ შეიძლება ლ.ო-ა ცნობილ იქნეს რა. ო-ის მემკვიდრედ, რადგან მას სასამართლოში არ წარუდგენია სარჩელი აღნიშნულ ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატას სარჩელით მიმართა კასატორმა ლ.ო-ამ და მოითხოვა ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა რ.ო-ის სარჩელზე უარის თქმისა და მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 107 დადგენლების მე-10 პუნქტი, რომელიც ძალადაკარგულად ჩაითვალა მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებით. ამ დრომდე კი კოოპერატივის გამგეობასა და რა. ო-ს შორის არ დადებულა ხელშეკრულება, რომლითაც მხოლოდ რა. ო-ი ჩაითვლებოდა სადავო ბინის მემკვიდრედ.
სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ს 74-75-ე მუხლები თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ ხანდაზმულობის ვადის გასვლის საკითხთან დაკავშირებით, რადგან ლ.ო-ა ითხოვდა არა თანამესაკუთრედ ცნობას ზოგადად, არამედ, წილობრივი საკუთრების დადგენას, რაც ერთი და იგივე არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილება ბინიდან გამოსახლების ნაწილშიც დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, რომ რა. ო-ი, კასატორთა მამა და პაპა იყო კოოპერატივ “ს. 63-ის” ერთადერთი მეპაიე წევრი, რომელსაც საპაიო შენატანი 1982 წლამდე ჰქონდა დაფარული. პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ ვინაიდან კოოპერატივის გამგეობასა და რ.ო-ს შორის არ დადებულა ხელშეკრულება, ეს უკანასკნელი არ შეიძლება ჩაითვალოს სადავო ბინის მესაკუთრედ;
პალატა იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-10 პუნქტი, რომელიც ძალადაკარგულად ჩაითვალა მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებით, ამასთან თვლის, რომ რა. ო-ი სადავო კოოპერატიული ბინის მესაკუთრე იყო, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 5 ივლისის ¹519 დადგენილების მეორე პუნქტით საბინაო სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეებს უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში ამ სახლებში მათ მიერ დაკავებული ბინები, მიუხედავად იმისა, გადახდილი იყო თუ არა თავდაპირველი შესატანი საპაიო თანხა. საქმის მასალებით რ.ო-ი სადავო ბინის ერთადერთი მობინადრე იყო. იგი 1995წ. ოქტომბერში გარდაიცვალა, გარდაცვალების მომენტში სადავო ბინა წარმოადგენდა სამკვიდრო მასას, რომელზეც გაიხსნა ანდერძისმიერი მემკვიდრეობა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ვინაიდან ა. და არ. ა-ებს არ გაუსაჩივრებიათ სააპელაციო საჩივრით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მათ უარი ეთქვათ ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობის შესახებ, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განეხილა აღნიშნული საკითხი;
პალატა თვლის, რომ ლ. ო-ა არ შეიძლება ცნობილ იქნეს სადავო ბინაზე უფლებამოპოვებულ პირად, ვინაიდან მას არ გააჩნია შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, ამავე კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
განსახილველ შემთხვევაში რ. ო-ის პრეტენზია, ფლობდეს და სარგებლობდეს რა. ო-ის სამკვიდრო სახლით, როგორც ერთადერთი ანდერძისმიერი მემკვიდრე დასაბუთებულ პრეტენზიად უნდა იქნეს მიჩნეული მფლობელთა მიმართ, გამომდინარე აღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა კასატორთა გამოსახლების საკითხი სადაო ბინიდან.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ო-ას, ა. და არ. ა-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.