3კ-1206-02 14 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: კარების გადატანა მისი საზღვრის განსწვრივ, დანგრეული კედლის აღდგენა და ყრუ კედლის აშენებაში ხელშეშლის აკრძალვა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ა-მა სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ი. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა კარების გადატანა მისი საზღვრის განსწვრივ, დანგრეული კედლის აღდგენა და ყრუ კედლის აშენებაში ხელშეშლის აკრძალვა იმ მოტივით, რომ მოპასუხემ 1962 წელს მიითვისა მისი 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი, აღმართა რკინის კარები, მის კუთვნილ ფართში მოაწყო საძროხე და ტუალეტი, დაანგრია ქვის კედელი. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას წაერთვა საკუთარი ნეკვეთით სარგებლობის უფლება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს (1964წ.) 75-ე, 83-ე და 84-ე მუხლებზე.
გ. ა-მა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა ძველი სკ-ს მოქმედების პერიოდში, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 1998წ. 24 მარტის განჩინებით საქმე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული, რითაც სასამართლომ დაარღვია სკ-ს (1964წ.) 228-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 49-ე მუხლის მოთხოვნები. აპელანტმა, აგრეთვე, მიუთითა, რომ მის მიერ განმეორებითი სარჩელის წარდგენა მოხდა ახალი სკ-ს მოქმედების პერიოდში, რის გამოც მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ძველი სკ-ს ხანდაზმულობის მუხლი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა. კერძოდ, ყრუ კედლის აშენებაზე ნებართვის მიცემის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1998წ. 24 მარტის განჩინება გ. ა-ის სარჩელის განუხილველადდ დატოვების შესახებ კანონიერ ძალაში არის შესული, რის გამოც პალატა სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს. პალატამ სარჩელი ყრუ კედლის ამოშენების ხელისშეშლის აკრძალვის ნაწილში ხანდაზმულად არ მიიჩნია, ვინაიდან მოთხოვნა სამომავლოდ შესასრულებელ მოქმედებას შეეხება.
საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ხანდაზმულობის საკითხის განხილვისას უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომლითაც ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადაა უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ დავის შემთხვევაში. ხანდაზმულობის ვადის გამოთვლისას კი უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებაც, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების განჩინება არ ჩაბარებია იმ დროს მოქმედი საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის მიხედვით. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გადაწყვეტილების დასაბუთებულობაში იგულისხმება ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დაცვა. კერძოდ, გადაწყვეტილების (განჩინების) სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მითითებული უნდა იყოს იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც სასამართლოს დასკვნები ემყარება, აგრეთვე, სასამართლომ უნდა მიუთითოს იმის შესახებაც, თუ რატომ არ იზიარებს ამა თუ იმ მტკიცებულებას. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამ ნორმის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისას უნდა მიუთითოს, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით აუქმებს გადაწყვეტილებას, ასევე სსკ-ს 249-ე მუხლის თანახმად უნდა მიუთითოს მის მიერ დადგენილ ფაქტებზე და იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რასაც მის მიერ გამოტანილი განჩინება ემყარება. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არ მიუთითა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება –არადაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძლებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.