საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№583აპ-23 თბილისი
წ. ბ., 583აპ-22 20 სექტემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. წ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრისა და წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, 2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
§ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 17 მაისის ჩათვლით ა. ა. და ბ. წ-ი ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2021 წლის 17 მაისს, დღის საათებში, თ-ში, დ. დ-ში, პ. ი-ის ქ. №- ბინა №--ში ყოფნისას, ბ. წ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ანასტასია ანდღულაძეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ა. ა-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
§ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 17 მაისის ჩათვლით ა. ა. და ბ. წ-ი ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2021 წლის 17 მაისს, დღის საათებში, თ-ში, დ. დ-ში, პ. ი-ის ქ. №-, ბინა №--ში ყოფნისას, ბ. წ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ა-ეს, კერძოდ, ხელი ძლიერად მოუჭირა ნიკაპსა და ხელებზე. აღნიშნულმა ქმედებებმა ანასტასია ანდღულაძის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
§ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 17 მაისის ჩათვლით ა. ა. და ბ. წ-ი ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2021 წლის თებერვლის დასაწყისში თ-ში, ფ. ქ. №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ბ. წ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ა-ეს, კერძოდ, ხელი მოჰკიდა ძლიერად მკლავში, დაარტყა სახის არეში და დააგდო მიწაზე. აღნიშნულმა ქმედებებმა ა. ა-ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
§ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 17 მაისის ჩათვლით ა. ა. და ბ. წ-ი ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2021 წლის 18 მაისს, საღამოს საათებში, თ-ში, დ. დ-ში, პ. ი-ის ქ. №-, ბინა №--ში ყოფნისას, ბ. წ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ორსულ ა. ა-ეს, კერძოდ, ტელეფონზე საუბრისას უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. ა. ა-ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 თებერვლის განაჩენით ბ. წ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის თებერვლის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. ბ. წ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2021 წლის 17 მაისის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3200 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2021 წლის 19 მაისიდან იმავე წლის 20 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით გაუქმდა: ბ. წ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი როინ ხინთიბიძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ბ. წ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბ. წ-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა ბ. წ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება ბ. წ-ის მხრიდან ა. ა-ის მიმართ მუქარისა და ფიზიკური ძალადობის დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენებაა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობისა და სანდოობის კრიტერიუმებს. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან სააპელაციო სასამართლომ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და იგი გაამართლა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე