¹ 3კ-1216-02 6 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. და ა. მ-ები არიან ძმები და ცხოვრობენ თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მათ მამას – ნ. მ-ს. 1991 წელს მან მთელი თავისი ქონება უანდერძა ა. მ-ს. 1996 წელს ნ. მ-ი გარდაიცვალა.
2000წ. 27 ივნისს ჯ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ანდერძის ბათილად ცნობა და ა. მ-ის უღირს მემკვიდრედ ცნობა. მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ ანდერძი მოტყუებით და იძულებით დააწერინეს მამამისს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდროზე 15,99 კვ.მ. ფართის ოთახზე მემკვიდრეობის აღდგენა და ამ ოთახიდან ჯ. მ-ის ოჯახთან ერთად გამოსახლება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მას აღუდგა უფლება სადავო სახლის 1/12 ნაწილზე. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. მ-ის შეგებებული სარჩელიც და იგი ცნობილ იქნა აღნიშნული სახლის 5/12 ნაწილის მესაკუთრედ. ამასთან მესამე პირების, ჟ. გ-ისა და მ. ვ-ის მოთხოვნა სახლის ნაწილზე მემკვიდრეობის უფლების ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 27 ივნისის გაუქმდა გლდანი-ნავალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ორივე მხარეს უარი ეთქვათ ერთმანეთის მიმართ წარდგენილი სარჩელების დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით კვლავ ორივე მხარემ გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 13 მარტის განჩინებით გაუქმდა საოლქო სასამართლოს 2001წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ნ. მ-ი გარდაიცვალა 1996 წელს. მან თავისი ქონება ანდერძით დაუტოვა ა. მ-ს, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას ანუ მიღებულად ეთვლება ანდერძისმიერი სამკვიდრო ქონება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ანდერძი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და ჯ. მ-ის სარჩელში მითითებული საფუძვლებით არ დასტურდება ანდერძის ბათილობის მოთხოვნა. სააპელაციო პალატამ ჯ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია როგორც უსაფუძვლოდ ასევე ხანდაზმულად.
სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე, 540-ე, 551-ე და 556-ე მუხლები.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით ორივე სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გოლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ჯ. მ-ის სარჩელი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. მ-ის სარჩელი და იგი ცნობილ იქნა სახლის სადავო ნაწილის 15.99 კვ.მ. ფართის ოთახის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ. გამოსახლების ნაწილში მისი შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება ა. მ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ ა. მ-ის საჩივრის განხილვით, რომელმაც ვერ წარმოადგინა სადავო ფართზე (15,99 კვ.მ.) უფლების არსებობის ვერც იურიდიული, ვერც ფაქტობრივი მტკიცებულება და არ უმსჯელია კასატორის საჩივარზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი ირიცხება ნ. მ-ის სახელზე. ნ. მ-მა 1991წ. 9 სექტემბერს თავისი ქონება და საცხოვრებელი სახლი უანდერძა შვილს – ა. მ-ს. ნ. მ-ი გარდაიცვალა 1996წ. 7 ივლისს. დადგენილია, რომ ა. მ-ი მამის გარდაცვალებამდე და მის შემდეგაც ცხოვრობს ნ. მ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელი სახლის ნაწილში.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს საკასაციო პალატა მიიჩნევს სავალდებულოდ, თანახმად სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილისა, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 556-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ 6 თვის განმავლობაში.
განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. მ-ი მამის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად ფლობს სამკვიდრო ქონებას და საცხოვრებელი სახლის ნაწილს. კასატორი სადავოდ ხდის საცხოვრებელი სახლის ნაწილს, კერძოდ 15.99 კვ.მ. ფართის ოთახს და მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხეს არასოდეს უცხოვრია სადავო ოთახში, მას არ მიუღია სამკვიდრო. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს, რადგან დადგენილია, რომ მოპასუხე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდროს ნაწილს, სამკვიდროს ნაწილის დაუფლებით კი მას მიღებულად ეთვლება მთლიანი სამკვიდრო.
საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატა შემოიფარგლა მხოლოდ მოპასუხის საჩივრის განხილვით და არ უმსჯელია მის საჩივარზე.
სააპელაციო პალატამ განიხილა ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი და მისი მოთხოვნა მიიჩნია როგორც ხანდაზმულად ასევე უსაფუძვლოდ. უდავოდ დადგენილია, რომ სამკვიდროს დამტოვებელი გარდაიცვალა 1996წ. 9 სექტემბერს, მოსარჩელემ სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ აღძრა 2000წ. 27 ივნისს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხე შეუდგა სამკვიდროს ფლობას, მოსარჩელეს უნდა შეეტყო თავისი დარღვეული უფლების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ანდერძის ბათილად ცნობაზე უსაფუძვლობის მოტივითაც უთხრა უარი მოსარჩელეს, რადგან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ანდერძი იძულებით ან მოტყუებით იყო შედგენილი.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ვინაიდან ჯ. მ-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მისი მოთხოვნა ანდერძის ბათილობის შესახებ და ამ მიმართებით არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არა აქვს წამოყენებული, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.