საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №303აპ-23 თბილისი
ლ-ე ა., 303აპ-23 5 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. ლ-ეს, – ნასამართლევს, – ბრალი დაედო ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ-ში, ბ---ის ქ. №- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ლ-ემ დაუდგენელ პირებთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ. ს-ოს, კერძოდ, დაუდგენელმა პირებმა რ. ს-ოს გაუკავეს ხელები, რა დროსაც ა. ლ-ემ რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი სახისა და თავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ა. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; ა. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2022 წლის 28 თებერვლიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ლ-ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 22-23 თებერვლის ღამის საათებში თ-ში, ბ--ის ქუჩის №- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ლ-ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რ. ს-ოს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მას ხელი სახისა და თავის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად რ. ს-ომ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
5. მსჯავრდებულ ა. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ლ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. სუსგ №193აპ-23) და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
7. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ვერ დადგინდა სავარაუდო დანაშაულის დრო და ადგილი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ რ. ს-ოს, მოწმეების – გ. ვ-ის, ს. გ-ას, გ. ლ-ისა და სხვათა ჩვენებები, ასევე – საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ლ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე ობიექტური გარემოება, რაც დაზარალებულის ჩვენების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, ასევე არ გამოვლენილა მისი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესება.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრებს (მათ შორის – სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროისა და ადგილის დადგენის შესახებ) გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე