გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1238ა-02 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: მომსახურების ღირებულების დავალიანების ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელის საგანი: მოხმარებული ექლე
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 თებერვალს შპს “...-2000-მა” სს “თ-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. 14 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის შესახებ.
მათ მხრივ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულ იქნა. ხელშეკრულების 3.2,3.3 მუხლის შესაბამისად მოპასუხე ვალდებული იყო, გადაეხადა მომსახურების საფასური მთლიანი შესყიდული და დისპეტჩერიზაციის მეშვეობით მოწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესაბამისად.
მოპასუხემ გაწეული მომსახურების ღირებულება ნაწილობრივ აანაზღაურა. 2001წ. 1 იანვრისათვის მოპასუხეზე რიცხულმა დავალიანებამ შეადგინა 544083 ლარი, რასაც მოპასუხეც არ უარყოფს, მაგრამ ვალის გადახდას აჭიანურებს.
ხელშეკრულების მე-12 მუხლის შესაბამისად მოპასუხეს არაერთგზის მიმართეს ვალდებულების შესრულების თაობაზე, მაგრამ მოპასუხემ ამ მოთხოვნებზე პასუხიც კი არ გაუგზავნა მოსარჩელეს.
მოსარჩელემ ვალდებულების შესრულების გადაცილებისათვის სკ-ს 403-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა 92494 ლარის ანაზღაურება. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის საფუძველზე მან თანხების დროულად გადაუხდელობის გამო განიცადა ზიანი, რაც გამოიხატა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანებით დარიცხული საურავით, რამაც საერთო ჯამში 297885 ლარი შეადგინა. ხელშეკრულების 5.6 მუხლის შესაბამისად ანგარიშსწორების წესების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით გადასახდელმა თანხამ 130580 ლარი შეადგინა. მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელემ ხელიდან გაუშვა 65290 ლარი.
სულ მოსარჩელემ მოითხოვა 1130332 ლარი.
2002წ. 11 ივნისს მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ საქენერგოს შენობაში განლაგებულ ორგანიზაციებს შორის (მათ შორის შპს “...-2000-ის” მონაწილეობით) შედგა აქტი ¹1, რომლის შესაბამისადც განისაზღვრა “ს-ის” მრიცხველზე აღრიცხული ელექტროენერგიიდან თითოეული ქვეაბონენტის შესაბამისი საპროცენტო წილი. ამ აქტის მიხედვით მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის ხარჯვამ შეადგინა მთლიანი ელექტროენერგიის 35.6%, რის შესახებაც მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმების ოქმი. ამ ოქმის შესაბამისად, 2001წ. 19 ოქტომბრის მდგომარეობით, მოსარჩელის დავალიანებამ შეადგინა 243.371 ლარი, რაც აღიარებული იქნა მოპასუხის მიერაც (თუმცა ზუსტი დაანგარიშებით ამ თანხამ 248802,71 ლარი შეადგინა). ამავე შეთანხმების ოქმის მიხედვით შპს “...-2000-ს” ეს თანხა ყოველთვიურად ¹1 აქტის პირობების შესაბამისად უნდა გადაეხადა. შეგებებული სარჩელის შეტანის დროისათვის (35.6 %-ის გაანგარიშებით) აქტების მიხედვით ეს დავალიანება შეადგენს 377549.63 ლარს.
შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ მოსარჩელეს, მართალია, მათგან ეკუთვნის გარკვეული თანხა, მაგრამ სამაგიეროდ მასაც ეკუთვნის მოსარჩელისაგან 377549.63 ლარი და მხარეებს შორის სადავო თანხის 681879 ლარის ნაწილი, რომელშიც ჩათვლილია ¹1 აქტით დაფიქსირებული 243646 ლარიც.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “...-2000-ის” სარჩელი.
სს “თ-ს” დაეკისრა 811968 ლარის გადახდა.
სს “თ-ის” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეებს შორის 2000წ. 14 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს წარმოეშვათ გარკვეული უფლება-მოვალეობები.
ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს 2001წ. 1 იანვრისათვის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაწეულმა მომსახურების საფასურმა შეადგინა 514003 ლარი, მოპასუხეს კი ეს თანხა არ გადაუხდია მოსარჩელისათვის.
საოლქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ამ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო მოსარჩელემ განიცადა ზიანი 297885 ლარის ოდენობით, რაც მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ დარიცხული საურავის სახით მის ქონებრივ დანაკლისს წარმოადგენდა. ეს კი გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით დავალიანების დროულად გადაუხდელობის გამო მოსარჩელის მხრიდან საბიუჯეტო დავალიანების დროულად დაუფარველობის მიზეზით.
საოლქო სასამართლომ მოსარჩელის მიერ სკ-ს 403-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი 92434 ლარი უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ზიანის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის – 92434 ლარისა და 65290 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
საოლქო სასამართლომ შეგებებული სარჩელის თაობაზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ყოფილი “სახელმწიფო კომპანია ს-ს” შენობაში ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო. მათ შორის – შპს “...-2000”. ამ საწარმოებს არა აქვთ დადგმული ცალ-ცალკე მრიცხველები. შენობაში მოხმარებული ელექტროენერგიაზე სს “თ-ი ანგარიშსწორებას აწარმოებს შპს “ს-სთან”, როგორც “სახელმწიფო კომპანია ს-ს” სამართალმემკვიდრესთან და სს “თ-ის” აბონენტთან.
2001წ. 24 ოქტომბერს ყოფილ “სახელმწიფო კომპანია ს-ს” შენობაში განთავისუფლებულ საწარმოებს შორის გაფორმდა აქტი ¹1, რომლითაც შენობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი საწარმოებმა გაინაწილეს მათ მიერ დაკავებული ფართის შესაბამისად. შპს “...-2000-ის” წილი განისაზღრა 35.6%-ით.
2001წ. 13 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმების ოქმი დავალიანების გადახდის შესახებ სს “თ-სა” და შპს “... 2000-ს” შორის.
საოლქო სასამართლომ მითითებული ხელშეკრულება მიიჩნია შერეული ტიპის ხელშეკრულებად, რომელიც ერთი მხრივ, წარმოშობს აღიარებული ვალის გადახდის ვალდებულებას, მაგრამ ცალმხრივად არ ავალდებულებს მოვალეს ამ ვალის გადახდას. იმავდროულად ეს ხელშეკრულება წარმოშობს კრედიტორის საპასუხო ვალდებულებასაც. ხელშეკრულების 1.1, 1.2, 1.3, 1.4, 1.5 პუნქტების საფუძველზე, მართალია, შპს “...-2000-ს” წარმოეშვა სს “თ-ის” სასარგებლოდ 243371 ლარის გადახდის მოვალეობა, მაგრამ ამ ხელშეკრულების 1.6 პუნქტის შესაბამისად სს “თ-ს” შპს “...-2000-ის” მიმართ წარმოეშვა ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის სისტემის მოწესრიგების ვალდებულება, მაგრამ არცერთმა მხარემ ეს ვალდებულებები არ შეასრულა.
საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ს 369-ე მუხლის შესაბამისად იმ პირს, რომელმაც ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება იკისრა, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი ვალდებული იყო, თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. ამიტომ საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “...-2000” უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა შესრულებაზე საპასუხო შესრულებამდე.
საოლქო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 2001წ. 13 ნოემბრის შეთანხმების ოქმი არ წარმოშობდა შპს “...-2000-ის” ვალდებულებას მის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებაზე წარმოშობილი მიმდინარე დავალების 2001წ. 24 ოქტომბრის აქტი ¹1-ის პირობების შესაბამისად გადახდის თაობაზე, რის გამოც მისი მოთხოვნა საერთო თანხის – 372118 ლარის, ანაზღაურების ნაწილშიც უსაფუძვლოდ მიიჩნია.
2002წ. 26 აგვისტოს სს “თ-მა” საკასაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო საჩივრის განხილვის დროს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე მოითხოვეს საქმის წარმოებით შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მხარეთა მოთხოვნა, მორიგების გამო საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის განხილვის დროს მხარეების მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. 2000წ. 14 აპრილს სს “თ-სა” და შპს “...-2000-ს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მორიგების ხელმოწერის თარიღისათვის თ-ის სრული დავალიანება სსე-ს მიმართ 514083 ლარია.
2. სსე-ს დავალიანება თ-ის მიმართ 2003წ. 22 იანვრის მდგომარეობით 479958 ლარია, რომელსაც თ-ი წარმოადგენს შესაბამისი ანგარიშფაქტურებით წინამდებარე აქტის შედგენის თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.
3. მხარეები თანხმდებიან ურთიერთჩათვლის მეშვეობით გაქვითონ ამ მოგების პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნული თანხები.
4. დარჩენილ განსხვავებას, 34125 ლარს თ-ი სსე-ს გადაუხდის 2003წ. 11 აპრილამდე.
5. სსე-ს აღარ გააჩნია პრეტენზია თ-ის მიმართ იმ დავალიანებასთან დაკავშირებით, რომელიც 2000წ. 14 აპრილს სს “თ-სა” და შპს “... 2000-ს” შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს.
6. თ-ს აღარ გააჩნია არანაირი პრეტენზია სსე-ს მიმართ იმ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, რომელიც 2003წ. 22 იანვრამდე მოიხმარა სსე-მ ან მისმა წინამორბედმა.
7. თ-ი თანახმაა, 2003წ. 8 აპრილს მხარეებს შორის დადებული ელექტროენერგიის გადაცემისა და სადისპეტჩერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად სსე-ს გადაურიცხოს მინიმუმ 190000 ლარი, როგორც აპრილში მომსახურების წინასწარი გადახდა ამ მორიგების მე-4 პუნქტში მითითებული თარიღის მიხედვით.
სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
პალატამ შეისწავლა რა წარმოდგენილი მორიგების აქტის შინაარსი, მიაჩნია, რომ იგი არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებას; არ არსებობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნიშნები; იგი არ არის არც მოჩვენებითი და არც თვალთმაქცური; მხარეთა ნება გამოვლენილია მკვეთრად; იგი დადგენილია საამისოდ უფლებამოსილი სუბიექტებს შორის და დაცულია ამ სახის გარიგების დადების ფორმა. აქედან გამომდინარე, პალატა უფლებამოსილია დააკმაყოფილოს მხარეთა მოთხოვნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” პუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება.
დამტკიცდეს მხარეთა 2003წ. 8 აპრილის მორიგება შემდეგი პირობებით:
1. 2000წ. 14 აპრილს სს “თ-სა” და შპს “...-2000-ს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მორიგების ხელმოწერის თარიღისათვის თ-ის სრული დავალიანება სსე-ს მიმართ 514083 ლარია.
2. სსე-ს დავალიანება თ-ის მიმართ 2003წ. 22 იანვრის მდგომარეობით 479,958 ლარია, რომელსაც თ-ი წარმოადგენს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებით წინამდებარე აქტის თარიღიდან 1 თვის განმავლობაში.
3. მხარეები შეთანხმებისამებრ, ურთიერთჩათვლის მეშვეობით გაქვითავენ ამ მორიგების პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნულ თანხებს.
4. დარჩენილ განსხვავებას 34125 ლარს, თ-ი სსე-ს გადაუხდის 2003წ. 11 აპრილამდე.
5. სსე-ს აღარ გააჩნია არანაირი პრეტენზია თ-ის მიმართ იმ დავალიანებასთან მიმართებაში, რომელიც გამომდინარეობს სს “თ-სა” და შპს “...-2000-ს” შორის 2000წ. 14 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებიდან.
6. თ-ს აღარ გააჩნია არანაირი პრეტენზია სსე-ს მიმართ იმ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, რომელიც 2003წ. 22 იანვრამდე მოიხმარა სსე-მ ანდა მისმა წინამორბედმა.
7. თ-ი თანახმაა მხარეებს შორის 2003წ. 8 აპრილს დადებული ელექტროენერგიის გადაცემისა და სადისპეტჩერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად სსე-ს გადაურიცხოს მინიმუმ 190000 ლარი, როგორც აპრილის თვის მომსახურების წინასწარი გადასახადი, ამ მორიგების მე-4 პუნქტში მითითებულ თარიღის მიხედვით.
მხარეთა შორის მორიგების გამო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს.
სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.