¹3კ-1239-02 4 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: ანაბარზე შეტანილი თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მეანაბრეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე “გ-ის” წინააღმდეგ. სარჩელში მიუთითებდნენ, რომ 2000წ. მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მეანაბრეებსა და სს “გ-ის” ¹7 ფილიალს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები ფიზიკური პირის ვადიანი სავალუტო ანაბრის მიღების შესახებ თვის ბოლოს პროცენტის დარიცხვისა და გატანის უფლებით. ბანკმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
მოსარჩელეებმა სკ-ს 874-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოითხოვეს, “გ-ს” მეანაბრეთა სასარგებლოდ დაკისრებოდა 839.700 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 142.722 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი, სულ _ 982.422 აშშ დოლარი.
შემდგომში, 2001წ. 16 ივლისს, რვა პირმა დამატებით შეიტანა სასარჩელო განცხადება, რის გამოც მოსარჩელეებმა სსკ-ს 83-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გაზარდეს მოთხოვნა 443.330 აშშ დოლარით, მათ შორის 347.000 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 96.330 აშშ დოლარი კი _ საპროცენტო სარგებელი.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ მეანაბრეებმა იკისრეს ვალდებულება, შეეტანათ ბანკში ნაღდი ფული გარკვეული ვადით, ხოლო ბანკმა იკისრა ვალდებულება, მიეღო მეანაბრეებისაგან ნაღდი ფული და დაერიცხა თანხაზე ფიქსირებული პროცენტი არანაზარდი ჯამით, რომლის გატანაც მეანაბრეებს შეეძლოთ ყოველი 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ. მეანაბრეებმა ჯეროვნად შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ბანკს გადასცეს 1425752Aაშშ დოლარი. ბანკმა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, იგი ყოველ მეანაბრეს უხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ 2000წ. სექტემბრის ჩათვლით, ხოლო ანაბარზე შეტანილი ძირითადი თანხების დაბრუნებაზე მან უარი განაცხადა, რითაც ბანკმა დაარღვია სკ-ს 874-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნები.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეს დაკისრებოდა 1425752 აშშ დოლარის გადახდა. ამ თანხიდან ძირითადი თანხაა 1186700 აშშ დოლარი, ხოლო 239052 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი. ისინი ითხოვდნენ “გ-ისათვის” მოსარჩელეების სასარგებლოდ შემდეგი ოდენობის თანხის დაკისრებას:
1) ლ. ს-ის სასარგებლოდ 24000 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე.
2) მ. შ-ის სასარგებლოდ 16000 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე.
3) ა. მ-ის სასარგებლოდ 22000 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე.
4) ნ. ხ-ას სასარგებლოდ 7000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 2100 საპროცენტო სარგებელი 3 თვეზე.
5) ვ. ბ-ის სასარგებლოდ 14200 აშშ დოლარი და 1420 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
6) გ. ა-ის სასარგებლოდ 24500 აშშ დოლარი და 1715 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 1 თვეზე.
7) ლ. კ-ის სასარგებლოდ 31000 აშშ დოლარი და 1860 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 1 თვეზე.
8) გ. კ-ის სასარგებლოდ 23000 აშშ დოლარი და 1380 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 1 თვეზე.
9) მ. შ-ის სასარგებლოდ 12500 აშშ დოლარი და 750 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 1 თვეზე.
10) ნ. ბ-ის სასარგებლოდ 12000 აშშ დოლარი და 1440 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
11) დ. გ-ის სასარგებლოდ 36000 აშშ დოლარი და 4320 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
12) ვ. ჯ-ის სასარგებლოდ 14000 აშშ დოლარი და 1680 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
13) თ. ა-ის სასარგებლოდ 25000 აშშ დოლარი და 3000 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
14) ზ. ვ-ის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე.
15) ნ. ყ-ის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 2400 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
16) მ. ვ-ის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარი და 3000 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
17) ნ. ი-ის სასარგებლოდ 34000 აშშ დოლარი და 4080 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
18) მ. ვ-ის სასარგებლოდ 6000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 720 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
19) ნ. უ-ის სასარგებლოდ 14000 აშშ დოლარი და 1680 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
20) ფ. მ-ის სასარგებლოდ 26000 აშშ დოლარი და 11700 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 9 თვეზე.
21) ა. ა-ის სასარგებლოდ 31000 აშშ დოლარი და 5580 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 3 თვეზე.
22) მ. ე-ის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარი და 1500 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 3 თვეზე.
23) ბ. ე-ის სასარგებლოდ 25000 დოლარი და 4500 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 3 თვეზე.
24) მ. მ-ის სასარგებლოდ 28000 აშშ დოლარი 3750 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 3 თვეზე.
25) მ. გ-ის სასარგებლოდ 22000 აშშ დოლარი და 6160 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 4 თვეზე.
26) ვ. შ-ის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარი და 4800 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 4 თვეზე.
27) დ. გ-ის სასარგებლოდ 32000 აშშ დოლარი და 7680 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 4 თვეზე.
28) დ. მ-ის სასარგებლოდ 20000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 4800 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 4 თვეზე.
29) ზ. ლ-ის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 1600 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 4 თვეზე.
30) გ. გ-ის სასარგებლოდ 23000 აშშ დოლარი და 5520 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 4 თვეზე.
31) ნ. გ-ის სასარგებლოდ 42000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 12600 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 5 თვეზე.
32) თ. პ-ის სასარგებლოდ 32000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 6400 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
33) მ. ხ-ას სასარგებლოდ 4000 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე.
34) ნ. გ-ის სასარგებლოდ 28000 აშშ დოლარი და 8400 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 5 თვეზე.
35) მ. ა-ის სასარგებლოდ 7500 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 2625 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 5 თვეზე.
36) ი. ჟ-ის სასარგებლოდ 35000 აშშ დოლარი და 7350 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 3 თვეზე.
37) მ. გ-ას სასარგებლოდ 19000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 3660 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 3 თვეზე.
38) დ. ბ-ის სასარგებლოდ 22000 აშშ დოლარი და 4620 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 3 თვეზე.
39) ტ. მ-ის სასარგებლოდ 35000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 7350 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 3 თვეზე.
40) მ. ბ-ის სასარგებლოდ 74000 აშშ დოლარი ოთხი ხელშეკრულების საფუძველზე საპროცენტო სარგებლის გარეშე.
41) ნ. კ-ის სასარგებლოდ 12000 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის გარეშე.
ასევე ნ. კ-ის სასარგებლოდ 19500 აშშ დოლარი და 3800 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 4 თვეზე.
42) ნ. მ-ის სასარგებლოდ 74000 აშშ დოლარი და 14800 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 2 თვეზე.
43) ნ. ც-ის სასარგებლოდ 43000 აშშ დოლარი და 25800 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 6 თვეზე.
44) ი. ა-ის სასარგებლოდ 36000 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და 17270 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 6 თვეზე.
45) მ. ა-ის სასარგებლოდ 30000 აშშ დოლარი და 21600 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 6 თვეზე.
46) თ. ბ-ის სასარგებლოდ 9000 აშშ დოლარი და 6480 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 6 თვეზე.
47) ლ. ჭ-ის სასარგებლოდ 47000 აშშ დოლარი და 66580 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი 12 თვეზე.
მოპასუხე “გ-მა” სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის არ დადებულა. მოსარჩელეები სს “გ-ის” მეანაბრეები არ იყვნენ და ხელშეკრულებებში აღნიშნული თანხები ანაბრებს არ წარმოადგენს.
ამასთან, მოპასუხის აზრით, “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” 1996წ. 23 თებერვლის კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ბანკებისათვის ნებადართული საქმიანობის ერთ-ერთ სახეს ფულადი ანაბრების მოზიდვა წარმოადგენს. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბანკების და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მართვა და მათი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება კანონმდებლობის, დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო ლიცენზიებზე თანდართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული დადგენილების, წესების და ინსტრუქციების შესაბამისად. 2000 წელს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ბანკის 1998წ. 19 აგვისტოს ¹75 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშის (ანაბრის) გახსნისა და წარმოების შესახებ” ინსტრუქცია. აღნიშნული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად საქართველოს მოქალაქეებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა ანგარიშის (ანაბრის) გასახსნელად ბანკს უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:
_ განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ;
_ პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
_ ბარათი ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებული პირის ხელმოწერის ნიმუშით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ.
სს “გ-ში” აღნიშნული დოკუმენტები არ მოიპოვება, რადგან მოსარჩელეებს წარმოდგენილი ხელშეკრულებები ბანკთან არ გაუფორმებიათ.
აღნიშნული ინსტრუქციის გარდა, სს “გ-ის” საბურთალოს ფილიალისათვის ანაბრებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებისას შესასრულებლად სავალდებულო იყო თვით სს “გ-ის” მიერ შემუშავებული და საფინანსო კომიტეტის 2000წ. 17 იანვრის ¹8 საოქმო გადაწყვეტილებით დამტკიცებული სს “გ-ის” ფილიალებში ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი) ვადის ბოლოს პროცენტის დარიცხვისა და გატანის უფლებით ფიზიკური პირის ვადიან ანაბარზე ოპერაციების წარმოების წესები” და იმავე საოქმო გადაწყვეტილებით დამტკიცებული სს “გ-ის” ფილიალებში ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი) თვის ბოლოს პროცენტის დარიცხვისა და გატანის უფლებით ფიზიკური პირის ვადიან ანაბარზე ოპერაციების წარმოების წესები”.
მოპასუხის განმარტებით, სკ-ს 875-ე მუხლის, სსრკ სახელმწიფო შრომითი შემნახველი სალაროების გამგეობის 1980წ. 3 ოქტომბრის ¹15 ინსტრუქციისა (რომელიც 2000წ. 10 მაისიდან შეცვალა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000წ. 28 აპრილის ¹132 ბრძანებით დამტკიცებულმა “კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირების საანაბრო ოპერაციების წარმოების წესებმა”) და ბანკში მოქმედი წესების შესაბამისად ბანკში ანაბრის შეტანისას მოქალაქეს უნდა შეევსო საალფაბეტო ბარათი _ ფორმა ¹13 და პირველდაწყებითი ორდერი _ ფორმა ¹51/36. აღიშნული დოკუმენტების მიღების შემდეგ, პასუხისმგებელ შემსრულებელს უნდა გაეფორმებინა სახელობითი ანაბარი _ ფორმა ¹1 პირადი ბარათი, რომელზეც უნდა გაკეთებულიყო მეანაბრის ხელმოწერა, რაც უნდა დადასტურებულიყო პასუხისმგებელი შემსრულების ხელმოწერით, რის შემდეგაც გამოწერილიყო შემნახველი წიგნაკი. აღნიშნული პროცედურების შემდეგ, აღნიშნულია შესაგებელში, პასუხისმგებელ შემსრულებელს უნდა დაეტოვებინა განცხადება ანაბრის გახსნის შესახებ, ხოლო შემნახველი წიგნაკი და პირველდაწყებითი ორდერი გადაეცა მოლარისათვის, რომელსაც უნდა შეედარებინა მისაღები თანხა და ხელი მოეწერა ოპერაციის ჩანაწერზე შემნახველ წიგნაკსა და პირველდაწყებით ორდერზე, მიეღო თანხა ანაბრის შემომტანი პირისაგან, თავისთან დაეტოვებინა პირველდაწყებითი ორდერი, ხოლო ანაბრის შემომტანი პირისათვის მიეცა შემნახველი წიგნაკი. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით კი მოსარჩელეებს შემნახველი წიგნაკები არ წარმოუდგენიათ და ვერც წარმოადგენდნენ, რადგან მათ სს “გ-ში” თანხები არ შეუტანიათ.
საქმის განხილვისას მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებებზე ბანკის თანამშრომლების: ი. მ-ის და ზ. ა-ის ხელმოწერების ნამდვილობა.
ექსპერტმა იმ მიზეზით, რომ დაკარგულია ხელმომწერი პირისათვის წერის ჩვევის დამახასიათებელი ინდივიდუალური ნიშნები და საიდენტიფიკაციო კვლევის ჩატარება შეუძლებელია, ზოგიერთ ხელშეკრულებაზე არსებულ ხელმოწერასთან დაკავშირებით უარი განაცხადა დასკვნის გაკეთებაზე, ხოლო რამდენიმე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ექსპერტის დასკვნით ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა ი. მ-ის, არამედ _ სხვა პირთა მიერ.
კოლეგიამ მთავარ სხდომაზე მოპასუხე “გ-ის” წარმომადგენლის შუამდგომლობით, რასაც დაეთანხმა მოსარჩელეთა ჯგუფის წარმომადგენელი ე. ბ-ა, მტკიცებულებებიდან ამორიცხა შტამპთან დაკავშირებით ჩატარებული ტექნიკურ-კრიმინალისტური დასკვნები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ მოპასუხე ბანკში არ იყო შეტანილი ანაბრები. აღნიშნულის საფუძვლად სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს მტკიცებულებები თანხის შეტანის დასადასტურებლად. სასამართლომ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოპასუხე ბანკის ¹7 ფილიალის მმართველის ი. მ-ის ხელმოწერები არ დადასტურდა. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები ფორმის დაუცველად დადებული ხელშეკრულებებია, რის გამოც ისინი სკ-ს 59-ე, 61-ე მუხლების შესაბამისად უცილოდ ბათილ გარიგებებს წარმოადგენენ.
აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ იყო დადებული ხელშეკრულებები, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 328-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 874-ე მუხლზე.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ ტენდენციურად და შინაარსის დამახინჯებით შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტის დასკვნა.
კასატორის აზრით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში კოლეგიამ სარჩელის უარყოფის მოტივად მოიშველია მოსარჩელეთა მიერ ბანკში ანაბრების შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობა და აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულ იქნა სარჩელში მითითებული გარემოებების უარმყოფელი გარემოება, კერძოდ, თანხები შეტანილი იქნა არა საბანკო ანაბრებზე, არამედ გადაეცა ფიზიკური პირს, ზ. ა-ს, რომელიც უცხო პირების მეშვეობით მას ე.წ. “შავ ბაზარზე” აგზავნიდა. აღნიშნული არგუმენტი არის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბება, რადგან საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმემ დაადასტურა საწინააღმდეგო ფაქტი. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ბანკში ნამდვილად ხდებოდა ხელშეკრულებების გაფორმება, თანხის შეტანა კი ხდებოდა ხელშეკრულების ხელმოწერამდე. არცერთ მოწმეს არ განუცხადებია იმის შესახებ, რომ რომელიმე მეანაბრისათვის ცნობილი იყო ან შეიძლებოდა მათ სცოდნოდათ ის გარემოება, რომ მათ მიერ შეტანილი თანხები საბანკო ანგარიშებზე არ შედიოდა.
თანხის ზ. ა-ისათვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს 2001წ. 23 თებერვალს გაფორმებული მორიგების აქტი “გ-სა” და მეანაბრეებს შორის, რომლითაც “გ-მ” იკისრა ვალდებულება, გადაეხადა მეანაბრეთა სხვა ჯგუფისათვის 354425 აშშ დოლარი.
აღნიშნული მორიგებით “გ-ი” არ ცნობს სარჩელს, მაგრამ საბანკო სფეროში ბანკის აღიარებული ავტორიტეტიდან და საიმედოობის იმიჯიდან, ასევე, მოსარჩელეების მიერ სადავო თანხის დაკარგვასთან დაკავშირებით, მათი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხე იჩენს კეთილ ნებას და თანახმაა, გადასცეს მოსარჩელეებს 354425 აშშ დოლარი. ბანკმა თანხის წარმოშობის წყაროდ ჩათვალა ზ. ა-ის მიერ მოპასუხის შტამპისა და სახელწოდების უკანონოდ გამოყენება.
სკ-ს 396-ე მუხლის თანახმად მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომლითაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.
სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ქ. თბილისის საგამოძიებო ნაწილის პროკურატურის 2001წ. 23 მარტის დადგენილების თანახმად ფილიალის მმართველი ი. მ-ე და სავალუტო განყოფილების უფროსი ზ. ა-ი ყალბი დოკუმენტების შექმნით მოიპოვებდნენ რა მოქალაქეთა ნდობას, იღებდნენ ანაბრების სახით ფულად თანხებს, რასაც თაღლითური გზით ითვისებდნენ. იმის გამო, რომ სასამართლო კოლეგია თავიდანვე იცავდა რა მოპასუხის ინტერესებს, მთელი კატეგორიულობით ცდილობდა, საქმეზე არ დაერთო აღნიშნული მტკიცებულება.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სკ-ს 997-ე მუხლის თანახმად პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავის შრომითი მოვალეობის შესრულებისას.
სკ-ს 104-ე მუხლის თანახმად თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა უფლებამოსილების არსებობა.
კასატორი მიუთითებს, რომ სკ-ს 317-ე მუხლის I ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ბანკი ვალდებული იყო დაეცვა ხელშეკრულების ფორმა. სასამართლო კი მეანაბრეებს აკისრებს იმ ვალდებულებას, რაც ბანკის თანამშრომელს ეკისრება.
სასამართლომ განჩინებით აბსოლუტურად დაუსაბუთებლად თქვა უარი მოწმის, ა. ო-ის, დაკითხვაზე, რომელიც გამოცხადებულ იყო სასამართლო პროცესზე. აღნიშნულ მოწმეს შეეძლო, მოეთხრო სასამართლოსათვის, თუ რატომ, ვისი ინიციატივით და რა ვითარებაში ხდებოდა ანაბრების მიღება.
კასატორი მოითხოვს, საკასაციო სასამართლომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს სასარჩელო მოთხოვნა, მაგრამ თუ შეუძლებელი იქნება ახალი გადაწყვეტილების მიღება, საქმე დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს კოლეგიას ხელახალი განხილვისათვის.
კასატორი მიუთითებს, რომ ასევე უნდა გაუქმდეს საქმეზე გამოტანილი შემდეგი განჩინებები: 2002წ. 16 ივლისის განჩინება, რომლითაც კოლეგიამ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულების, 2001წ. 23 მარტის ქ. თბილისის პროკურატურის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების, საქმეზე დართვის შესახებ; 2002წ. 17 ივლისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა აღნიშნული დადგენილების გამოთხოვის შესახებ; 2002წ. 17 ივლისის განჩინება კოლეგიის მთელი შემადგენლობის აცილებაზე უარის თქმის შესახებ და 2002წ. 17 ივლისის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საპაექრო სიტყვის მომზადებისათვის შესვენების გამოცხადების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საკრედიტო-საანგარიშსწორებო ურთიერთობებთან დაკავშირებულ დავებში სკ-ს თანახმად გადამწყვეტი მნიშვნელობა წერილობით მტკიცებულებებს ენიჭება. სკ-ს 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული ნორმის თანახმად აუცილებელია მსესხებლის სავალო ხელწერილის ან სხვა რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მსესხებლისათვის განსაზღვრული ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი. მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია სესხის მიღების ან მისი გაცემის, სესხის ოდენობის და პირობების დადგენა. სესხის ხელშეკრულების ზეპირად დადება მხარეთა შორის ნდობის ფაქტორზეა დამოკიდებული და გაზრდილ სახელშეკრულებო რისკს უკავშირდება.
საბანკო მომსახურება არის სასესხო ურთიერთობების საკრედიტო დაწესებულებების მეშვეობით განხორციელების ერთ-ერთი ფორმა. აღნიშნული ურთიერთობები ითვალისწინებს საანგარიშსწორებო ანგარიშის გახსნას, მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებას, შემნახველი წიგნაკის გაცემას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000წ. 28 აპრილის ¹123 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირების საანაბრო ოპერაციების წარმოების წესი.
აღნიშნული წესების თანახმად მეანაბრისათვის ანგარიშის გახსნა წარმოებს მის მიერ ანაბარზე ნაღდი ფულის შეტანის თაობაზე განცხადების ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე. ანგარიშსწორებისათვის პასუხისმგებელი პირები განცხადებას უკეთებენ აღნიშვნას ანგარიშის გახსნის თაობაზე. ანგარიშზე თანხის შეტანა ხორციელდება შემოსავლის ორდერის საფუძველზე სახელობითი ანაბრის გახსნისას. შემოსავლის ორდერის გარდა ფორმდება ხელშეკრულება ორ ცალად. ხელშეკრულების ერთი პირი მიეცემა მეანაბრეს, ხოლო მეორე რჩება ბანკში. ყოველ ახლად გახსნილ ანაბარზე გაიხსნება მეანაბრის პირადი ანგარიშის სააღრიცხვო ბარათი, რომლის შევსებისას მეანაბრე ტოვებს ხელმოწერის ნიმუშს. პირადი ანგარიშის გახსნასთან ერთად პასუხისმგებელი შემსრულებელი მეანაბრეს უხნის სახელობით ან წარმომდგენზე შემნახველ წიგნაკს. მოლარე გადაცემული საბუთებით ადგენს მისაღები თანხისა და ნაშთის გამოყვანის სისწორეს. უდარებს ერთმანეთს შემნახველი წიგნაკისა და ორდერის ჩანაწერებს და იღებს თანხას ფულის შემომტანისაგან, რის შემდეგაც ხელს აწერს შემნახველი წიგნაკისა და ორდერის ჩანაწერებს, ხოლო შემნახველ წიგნაკს გადასცემს ფულის შემომტანს ან მეანაბრეს.
აღნიშნული ნორმატიული აქტის მიღებამდე საქართველოში მოქმედებდა სსრკ სახელმწიფო შრომითი შემნახველი სალაროების გამგეობის 1980წ. 3 ოქტომბრის ¹15 ინსტრუქცია. აღნიშნული ინსტრუქციის მე-9 მუხლის თანახმად მეანაბრეს გადაეცემა დადგენილი ფორმის შემნახველი წიგნაკი.
სკ-ს 875-ე მუხლის თანახმად საკრედიტო დაწესებულება გასცემს შემნახველ წიგნაკს.
უდავოა, რომ საანაბრო ურთიერთობების არსებობა უნდა დადასტურდეს წერილობითი დოკუმენტებით და ის არ შეიძლება დადგენილ იქნეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ სადავო გარემოებებთან, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის წერილობითი მტკიცებულებებით, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია უტყუარი ინფორმაციის მიღება გადაცემულ თანხებზე, მათ ოდენობაზე, ანაბრის პირობებზე და სხვა. სსკ-ს 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნ- გარემოებათა შესახებ.
მოსარჩელეთა აზრით, ასეთი მტკიცებულებებია მათ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომელთა ნამდვილობაც მოპასუხემ სადავო გახადა. სსკ-ს 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. მხარე, რომლის მიერაც იყო წარმოდგენილი ასეთი საბუთი ან რომლის შუამდგომლობითაც სასამართლომ იგი გამოითხოვა, ვალდებულია, დაამტკიცოს ამ საბუთის ნამდვილობა.
მოცემული ხასიათის საბუთების ნამდვილობის დადასტურება უნდა მოხდეს ექსპერტიზის დასკვნით ან გამოთხოვილი იქნეს სხვა მტკიცებულებები.
კასატორი ვერ მიუთითებს ვერცერთ სხვა წერილობით მტკიცებულებაზე, რომლითაც დასტურდება მის მიერ წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობა. სასამართლოს მიერ დანიშნულია ექსპერტიზა, რომლითაც არ დგინდება, რომ ხელშეკრულებაზე დაფიქსირებული ხელმოწერები ნამდვილად ეკუთვნის მ-ეს ან ა-ს.
სკ-ს 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მარტივი წერილობითი ფორმის არსებობისას გარიგების ნამდვილობისათვის საკმარისია გარიგებაში მონაწილე მხარეთა ხელმოწერა. ხელმოწერა გულისხმობს გარიგებისათვის სპეციალურად შედგენილ დოკუმენტზე ხელისმოწერას. ხელმოწერა უნდა განხორციელდეს საკუთარი ხელით. თუ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებებზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, აღნიშნული ხელშეკრულებები ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამგვარი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა სკ-ს 396-ე, 997-ე, 104-ე მუხლების გამოყენებაზე.
მართალია, კასატორი უთითებს “გ-სა” და მეანაბრეებს შორის _ 2001წ. 23 თებერვალს გაფორმებულ მორიგების აქტზე, მაგრამ ამ გარემოებას მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ნამდვილობის დადასტურების თვალსაზრისით არსებით მნიშვნელობა ვერ მიეცემა, ვინაიდან მათ სსკ-ს 106-ე მუხლიდან გამომდინარე არ შეიძლება ჰქონდეთ პრეიუდიციული ძალა.
სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
მოცემულ საქმეზე სარჩელზე უარის თქმის საფუძველი არის წერილობითი მტკიცებულებების არარსებობა. პალატის აზრით, ის გარემოებები, რომ სასამართლომ არ დაურთო საქმეს თბილისის პროკურატურის დადგენილება, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქმის აცილების შესახებ და შუამდგომლობა საპაექრო სიტყვის მომზადებისათვის შესვენების გამოცხადების შესახებ, ვერ გამოიწვევდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ აღნიშნული განჩინებები მიღებულია სსკ-ს 215-ე, 216-ე, 31-ე მუხლების დაცვით და მათი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ბანკებში ანაბარზე თანხის შეტანის წესების დაცვა აუცილებელია არა მხოლოდ საბანკო საქმიანობის და საბუღალტრო ანგარიშგების მოწესრიგების თვალსაზრისით, არამედ ამ წესების დაცვა ხელს უწყობს ხელშეკრულების მხარეებს სასამართლოში დავის შემთხვევაში ჰქონდეთ სათანადო უდავო მტკიცებულებები.
აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ-ას და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება, 2002წ. 16 ივლისის 17 ივლისის და 19 ივლისის განჩინებები.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.