Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-1240-02 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

ლ. გოჩელაშვილი

სარჩელის საგანი: პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

შეგებებული სარჩელის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის”, ა. გ-ისა და ი. კ-ის წინააღმდეგ. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებდა შემდეგი გარემოებებით:

2001წ. 1 აპრილს სამაუწყებლო კომპანიამ “.. ..” და ა. გ-მა გადაცემა “...-ის” მეშვეობით საჯაროდ გაავრცელეს მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია. კერძოდ: მოპასუხეებმა ი. კ-ემ და გადაცემის ავტორმა ა. გ-მა გადაცემაში იგი ორი ადამიანის მკვლელობაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივ გამოყოფაში დაადანაშაულეს.

მოსარჩელის განმარტებით, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია გადაცემაში მოპასუხე ი. კ-ის მიერ გაკეთებულმა შემდეგმა განცხადებებმა:

1995 წელს, როდესაც ი. კ-ე მუშაობდა მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელის ...ის თანამდებობაზე, ის ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა რუსეთის საელჩოს იმჟამინდელ პირველ მდივან ვ. ა-თან. ვ. ა-მა ი. კ-ე გადაიბირა რუსეთის სპეცსამსახურში სათანამშრომლოდ. ამ პერიოდში მინისტრთა კაბინეტის აპარატის ... იყო ვ. ა-ი, რომელიც “ვარდება აპათიაში იმის გამო, რომ მისი შვილის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია”. “ა-ის სამსახური და თვითონ ა-ი სარგებლობენ ამ მომენტით და ა-ს არწმუნებენ საკმაოდ ავტორიტეტული პირების მოშველიებით იმაში, რომ მისი შვილის ჯანმრთელობას სჭირდება მსხვერპლშეწირვა. რუსეთის სპეცსამსახურებს კი ვ. ა-ის დარწმუნება მსხვერპლშეწირვის აუცილებლობაში სჭირდებოდათ იმისათვის, რომ შემდგომში ვ. ა-ი გადაებირებინათ რუსეთის სპეცსამსახურში სამუშაოდ”.

1995წ. 20 აგვისტოს ი. კ-ემ ვ. ა-ის მითითებით ვარკეთილის მასივში მდებარე ბინაში, რომელიც მას ა-მა კონსპირაციული მიზნებისათვის შეუძინა, მოტყუებით მიიყვანა გ. ბ-ე და მ. ო-ი. ბინაში უკვე იმყოფებოდა ოთხი პიროვნება: ვ. ა-ი, მისი ...ე რ. ბ-ი და საქართველოს უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი – ზ. გ-ე და გ. ქ-ე, რათა თითქოს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით განეხორციელებინათ გ. ბ-ის მკვლელობა.

ავტომანქანაში მყოფი ვ. ა-ი და ი. კ-ე ვიდეო და აუდიო გადამცემის საშუალებით აფიქსირებდნენ გ. ბ-ისა და გ. ო-ის მკვლელობის ფაქტს, რომელიც განხორციელდა ბინაში მყოფი პირების მიერ. კერძოდ, ი. კ-ე ინტერვიუში აცხადებს: “მე მაქვს ვიდეოკამერა მუხლებზე, როდესაც ა-ი უყურებს აუდიოს, უყურებს გამოსახულებას, მე ვუსმენ აუდიოს. მე არ ვიცი ეს რიტუალის ნაწილია, მე არ ვიცი ეს ა-ის ახირება იყო თუ რა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბ-ეს პირველი ჩაარტყა ა-მა თავის ქალაში უკნიდან და ბ-ე ეცემა”.

ამის შემდეგ ბინაში მყოფ პირთა მიერ “იწყება დანაწევრება გვამების, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ლითონის საჭრელი ხერხი, ეგრეთ წოდებული “ნაჟოვკა”.

ღამის თერთმეტ საათზე ვ. ა-ი ვიდეოკამერით ავიდა ვარკეთილის ბინაში და ვ. ა-ი დაიყოლია რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე, სამაგიეროდ ა-მა “დაწყებული რიტუალის ბოლომდე მიყვანა” მოითხოვა. “ა-ი თავისი თანამშრომლობის ფასად ასახელებს გვამების გატანას ანუ რიტუალის ბოლომდე მიყვანას; თავების გატანა ხდება სასაფლაოზე აღმოსავლეთით. ამაზე აკვიატებული იდეა იყო ა-ის, ა-ს უკვე წინასწარ გადაწყვეტილი ჰქონდა სად მიდიოდა სხეულის ერთი ნაწილი და სად მიდიოდა სხეულის დანარჩენი ნაწილები, დამარხვა თავების შეიძლებოდა, მაგრამ სხეულები არ უნდა დამარხულიყო”.

მოსარჩელის მითითებით, მეორე მოპასუხემ, გადაცემა “...-ის” ავტორმა ა. გ-მა კი მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახა გადაცემაში გაკეთებული იმ განცხადებებით, რომლებმაც მაყურებელს შეუქმნა შთაბეჭდილება ი. კ-ის ვერსიის საფუძვლიანობის შესახებ. კერძოდ, მოსარჩელის მითითებით ეს განცხადებებია:

1. “მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში დადასტურდა”.

ა) “მკვლელობის საქმე, კვლავაც გაუხსნელი რჩება”.

ბ) “მკვლელობის საქმე, რომ ხელოვნურად დაიხურა, ამას ხუთი წლის წინაც ყველა ხვდებოდა”.

გ) “დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ხუთი წლის წინათ დახურული მკვლელობის საქმე დღესაც გამოუძიებელია და ღიად დარჩენილი უამრავი კითხვა პასუხის გაცემას მოითხოვს”.

დ) “ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით”.

2. მოსარჩელე, აგრეთვე, განმარტავს, რომ გადაცემაში ა. გ-მა კომენტარი გაუკეთა გაზეთ “...-ში” დაბეჭდილ თავის ინტერვიუს და გააკეთა განცხადებები იმის შესახებ, რომ:

ა) “...-ის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია”.

ბ) სატელეფონო საუბრისას ვ. ა-ს “...-ის” ჟურნალისტმა თავი წარუდგინა “ერთ-ერთი მკვლელის, ზ. გ-ის, მხარედ”. ამით მან, მოსარჩელის განმარტებით, ფაქტობრივად ტელემაყურებელს შეუქმნა შთაბეჭდილება ვ. ა-ის მიერ მკვლელობის ჩადენის შესახებ.

გ) მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ა. გ-ის გაკეთებული შემდეგი განცხადებები: “ბ-ის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ მკვლელობის ამსახველი კასეტა გვქონდა, დრო არ დასჭირვებია და, რომ გადაცემაში ასახული ვერსია ორი ადამიანის მკვლელობის თაობაზე დასტურდება ვ. ა-თან და მის ვაჟთან გადაცემა “...-ის” ჟურნალისტის სატელეფონო საუბრით”, არ არის დამტკიცებული არავითარი კონკრეტული არგუმენტებით და ემსახურება ტელემაყურებლისათვის გადაცემის ავტორის ცრუ ვერსიის სარწმუნოდ მიჩნევას.

3. მოსარჩელე, აგრეთვე, მიუთითებდა, რომ ა. გ-ის მიერ გადაცემაში მიზანმიმართულად გაყალბებულად არის წარმოდგენილი ექსპერტების: ლ. ჩ-ს, გ. კ-ის და მ. ნ-ის მოსაზრებები გარდაცვლილ გ. ბ-ის თავის ქალაზე მიყენებული დაზიანებათა შესახებ. კერძოდ, ისინი წარმოდგენილი არის ი. კ-ის ვერსიის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავად ასევე მიიჩნევს მოპასუხეთა შემდეგ გამონათქვამებს:

ა) “საქმეში არსებული სამედიცინო დასკვნაში ყოველგვარი დაზიანება უარყოფილია”.

ბ) “სამხედრო სამედიცინო ექსპერტმა გ. კ-ემ თავის ქალაზე დაზიანებები შეუიარაღებელი თვალითაც აღმოაჩინა”.

გ) “თავის ქალის მიკროსკოპიული შესწავლა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მ. ნ-მაც ჩაატარა, მისი დასკვნაც ანალოგიური იყო”.

4. მოსარჩელის განმარტებით, ა. გ-ი გადაცემაში გაკეთებული განცხადებებით, იმის შესახებ, რომ ა) “ზვარესთან ბ-ეს არანაირი შეხება არ ჰქონდა”, ბ) “კრედიტის დოკუმენტებზე ხელს აწერს ვ. ა-ი”, გ) “გამოძიების ვერსიით კ-ემ იმიტომ ჩაიდინა დანაშაული, რომ კრედიტის საქმე არ გამოდიოდა, მას კი აღებული ქრთამის უკან დაბრუნება არ უნდოდა და ეს მაშინ, როცა საქმეში არსებული საბუთები მიუთითებდა, რომ კრედიტი ფაქტიურად გაფორმებული იყო და მისი აღება დროის ფაქტორზეღა იყო დამოკიდებული”, ცდილობს მაყურებელი დაარწმუნოს, ჯერ ერთი, იმაში, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს კრედიტის გამოყოფაზე იმ პირისათვის, რომელსაც არანაირი შეხება არ გააჩნდა ამ კრედიტის დანიშნულებასთან და როგორც საჯარო მოხელემ გამოიჩინა არაჯანსაღი დაინტერესება ამ კრედიტთან დაკავშირებით; მეორეც, ცდილობს საკითხი ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს კრედიტის გამოყოფის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო და შესაბამისად, ი. კ-ეს არ გააჩნდა გ. ბ-ის და მ. ო-ის მკვლელობის მოტივი.

5. მოსარჩელე, აგრეთვე, განმარტავდა, რომ ა. გ-მა გადაცემაში გაკეთებული განცხადებით: _ “ა-ი მაშინ სწორედ ა-ის გამოწერილი მუდმივი საშვით დადიოდა სახელმწიფო კანცელარიაში”, _ ცრუ წარმოდგენას უქმნის ტელემაყურებელს იმის შესახებ, რომ თითქოს ვ. ა-მა ის ნამდვილად გადაიბირა სპეცსამსახურში სამუშაოდ.

6. მოსარჩელე უთითებს, რომ ა. გ-მა გადაცემაში გაკეთებული შემდეგი განმარტებებით: _ “სატანისტურ რიტუალზე სხვა ფაქტებიც მიუთითებდა, მაგრამ გამოძიებას ისინი შეუმჩნეველი დარჩა”, “წინასწარ დაგეგმილი რიტუალი მაინც შედგა”, _ მას ბრალი დასდო სატანისტური რიტუალის დაგეგმვასა და შესრულებაში.

მოსარჩელე მიზანშეწონილად თვლის, რომ მოპასუხის აღნიშნული გამონათქვამები განხილულ უნდა იქნეს შემდეგი მოსაზრების კონტექსტში: “მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში დადასტურდა”.

10. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ა. გ-ი გადაცემაში გაკეთებული განმარტებით იმის შესახებ, რომ “ვ. ა-ის შვილი უცხოეთიდან სასიკვდილო დიაგნოზით დაბრუნდა”, უხეშად ჩაერია მის პირად და საოჯახო ცხოვრებაში და უმძიმესი ტრავმა მიაყენა მისი ოჯახის ყველა წევრსა და ახლობელს.

მოსარჩელის მოსაზრებით, გადაცემის დასასრულს გაკეთებული, ა. გ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ გადაცემის ავტორები არ ამტკიცებენ, რომ ეს შემზარავი მკვლელობა ჩადენილია ვ. ა-ის ან ი. კ-ის მიერ დასახელებულ სხვა რომელიმე პირის მიერ, ვერ აბათილებს გადაცემაში მანამდე გაკეთებულ მისი პატივის და ღირსების შემლახველ განცხადებებს და წარმოადგენს მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის” და პირადად ა. გ-ის პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მცდელობას.

აღნიშნული საფუძვლებით მოსარჩელემ მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისათვის სკ-ს მე-18, 413-ე, 997-ე, 998-ე მუხლების შესაბამისად მოითხოვა:

1. დაეკისროთ მოპასუხეებს სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ს”, ა. გ-სა და ი. კ-ეს 2001წ. 1 აპრილს სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის” გადაცემა “...-ში” მათ მიერ გავრცელებული მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფა, კერძოდ:

ა) დაევალოს მოპასუხე ი. კ-ეს ვ. ა-ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა შემდეგი ფორმით:

“ვაცხადებ, რომ ჩემს, ი. კ-ის, მიერ სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის” 2001წ. 1 აპრილის გადაცემა “...-ის” მეშვეობით ვ. ა-ის დადანაშაულება ორი ადამიანის მკვლელობაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობასა და სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივ გამოყოფაში, წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას, რომლითაც შელახულ იქნა ვ. ა-ის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც ვ. ა-ის შესახებ ჩემს მიერ გავრცელებულ ყველა ცნობას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საჯაროდ უარვყოფ”.

ბ) დაევალოთ მოპასუხეებს – სამაუწყებლო კომპანია “.. ..-სა” და ა. გ-ს ვ. ა-ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა შემდეგი ფორმით:

“ვაცხადებთ, რომ ჩვენს, სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ისა” და გადაცემა “...-ის” ავტორის, ა. გ-ის, მიერ 2001წ. 1 აპრილის გადაცემა “...-ის” მეშვეობით გავრცელებული ცნობები ვ. ა-ის მიერ ორი ადამიანის მკვლელობის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივი გამოყოფის შესახებ საფუძველს არის მოკლებული და სინამდვილეს არ შეესაბამება, ხოლო ჩვენს მიერ 2001წ. 1 აპრილს გადაცემა “...-ის” მეშვეობით საჯაროდ გავრცელებული გამონათქვამები იმის შესახებ, რომ “მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში დადასტურდა”, “ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით”, “...-ის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია”, “კრედიტის დოკუმენტზე ხელს აწერს ვ. ა-ი”, “ა-ი მაშინ სწორედ ვ. ა-ის მიერ გამოწერილი მუდმივი საშვით დადიოდა სახელმწიფო კანცელარიაში”, წარმოადგენენ ვ. ა-ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს, რომელთაც საჯაროდ უარვყოფთ”.

2. დაეკისროთ მოპასუხეებს ათი მილიონი აშშ დოლარის სოლიდარულად ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება სოლიდარულად დაკისრებული თანხის 4%-ის ოდენობით.

4. ა. გ-ის შეგებებულ სარჩელს ვ. ა-ის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე ეთქვას უარი.

5. ი. კ-ის შეგებებულ სარჩელს ვ. ა-ის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე ეთქვას უარი.

ვ. ა-ის სარჩელზე წერილობითი შესაგებელი წარმოადგინა ა. გ-მა და სამაუწყებლო კომპანია “.. ..-მა”.

მოპასუხეთა წერილობითი შესაგებლით მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ, მთლიანად უარყოფენ მას და მიაჩნიათ, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როდესაც ა. გ-ი აცხადებს, რომ 1. “აღნიშნული მკვლელობის საქმე კვლავაც გაუხსნელი რჩება”, “მკვლელობის საქმე რომ ხელოვნურად დაიხურა, ამას ხუთი წლის წინაც ყველა ხვდებოდა”, “დაბეჯითებით ვაცხადებთ, ხუთი წლის წინათ დახურული მკვლელობის საქმე დღესაც გამოუძიებელია და ღიად დარჩენილი უამრავი კითხვა პასუხის გაცემას მოითხოვს”, _ ა. გ-ი ვ. ა-ის პატივსა და ღირსებას არ ლახავს. მისი განმარტებით, ეს უფრო სამართალდამცავ ორგანოთა ცუდ მუშაობაზე მიუთითებს. ის ახლაც აცხადებს, რომ საქმეში ბევრი თეთრი ლაქაა.

2. “ბ-ის დარწმუნება იმაში, რომ მკვლელობის ამსახველი კასეტა გვქონდა, დრო არ დასჭირვებია”, _ აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და განმარტავს, რომ ვიდეომასალაში ყველაფერი აშკარად ჩანს: “საქმეში არსებულ სამედიცინო დასკვნაში ყოველგვარი დაზიანება უარყოფილია”, “სამხედრო-სამედიცინო ექსპერტმა გ. კ-ემ თავის ქალაზე დაზიანებები შეუიარაღებელი თვალითაც აღმოაჩინა”, “თავის ქალის მიკროსკოპული შესწავლა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მ. ნ-მა ჩაატარა, მისი დასკვნაც ანალოგიური იყო”, “კრედიტის დოკუმენტებზე ხელს აწერს ვ. ა-ი”, “არადა გამოძიების ვერსიით კ-ემ იმიტომ ჩაიდინა მკვლელობა, რომ კრედიტის საქმე არ გამოდიოდა. მას კი აღებული ქრთამის უკან დაბრუნება არ უნდოდა და ეს მაშინ, როცა საქმეში არსებული საბუთები მიუთითებენ, რომ კრედიტი ფაქტიურად გაფორმებული იყო და მისი აღება დროის ფაქტორზეღა იყო დამოკიდებული”. ყველა სხვა დანარჩენ გამონათქვამებზე ა. გ-ი განმარტავს, რომ აღნიშნული მთლიანად ი. კ-ის მონათხრობია და თავად მხოლოდ მისი ინტერპრეტაცია მოახდინა გადაცემაში აღნიშნული ფაქტის სიმართლესთან შესაბამისობაზე მსჯელობის გარეშე.

“ერთ-ერთი მკვლელი ზ. გ-ეა”, _ მოპასუხე ა. გ-ის განმარტებით: ზ. გ-ის არაქონებრივი უფლებების დაცვა არ უნდა წარმოადგენდეს ვ. ა-ის კომპეტენციას.

მოპასუხე ა. გ-ი იმ გამონათქვამის შესახებ, რომ “ვ. ა-ის შვილი უცხოეთიდან სასიკვდილო დიაგნოზით დაბრუნდა”, განმარტავს, რომ აღნიშნულზე მითითებულია სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაშიც, რაც თვითონ ვ. ა-ის ჩვენებიდან გამომდინარეობს და აღნიშნული მოპასუხეს არ მიაჩნია ვ. ა-ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად.

3. არც შემდეგი გამონათქვამი მიაჩნია მოპასუხეს ვ. ა-ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად: “ა-ი მაშინ სწორედ ა-ის გამოწერილი მუდმივი საშვით დადიოდა სახელმწიფო კანცელარიაში”. მისი განმარტებით, გენერალური პროკურატურის დადგენილებაშიც მითითებულია, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლებზე (მათ შორის ვ. ა-ზე) საშვები გაიცა სწორედ ვ. ა-ის რეზოლუციის საფუძველზე და ამას არც მოსარჩელე უარყოფს.

4. მოპასუხე ა. გ-ი გენერალური პროკურატურის დასკვნას ტენდენციურად და ცალმხრივად მიიჩნევს და თვლის, რომ მას არ გააჩნია სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა.

5. მოპასუხე ა. გ-ის განმარტებით, მოპასუხეთა მხრიდან არც ჟურნალისტური ეთიკისა და არც კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა. “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად ჟურნალისტი მოვალეა, შეამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა. მოპასუხეთა განმარტებით, სამაუწყებლო კომპანია ყველა შესაძლო მეთოდიკით შეეცადა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას, რისი შედეგიც იყო ხანგრძლივი ჟურნალისტური გამოძიება, ექსპერტიზა, მოწმეთა ჩვენებები და გადაცემის ფინალში გაკეთებული დასკვნა: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები კ-ის მონათხრობის ჭეშმარიტებასთან შესაბამისობის დასადასტურებლად.

მოპასუხეთა განმარტებით, “პრესისა და მასობრივი ინფორმაციების სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს (“.. ..-ს”) და მასალების ავტორებს (ა. გ-ს) ინფორმაციის გამავრცელებელ პირთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეთა და ორგანიზაციათა შეურაცხყოფა და ცილისწამება მათ პირდაპირ განზრახვას წარმოადგენდა, რასაც ადგილი არ ჰქონია. გადაცემაში მოთხრობილ იქნა გახმაურებული და საკმაოდ იდუმალებით მოცული მკვლელობის ერთ-ერთი ვერსიის შესახებ ი. კ-ის მიერ. ყველა ვერსიას, მათი განმარტებით, აქვს არსებობის და საზოგადოების განსასჯელად გახმაურების უფლება. რაც შეეხება ჟურნალისტის პოზიციას, მისი წარმომადგენლის განმარტებით, ა. გ-ი გადაცემის ყოველ ეპიზოდში ცდილობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისი და მისი კოლეგების პოზიციად არ დააფიქსიროს და აცხადებს: “როგორც ი. კ-ე ამბობს”, “კ-ის მონათხრობით”, “ქალბატონი მ. აცხადებს” და ა.შ.

კ-ემ ითხოვა აზრის გამოთქმა და მას საეთერო დრო დაეთმო. მის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე და ფაქტებთან დაკავშირებით “.. ..-მა” და ა. გ-მა ჩაატარეს საკუთარი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის საფუძველზეც გადაცემის მიწურულს ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი საკუთარი აზრი დააფიქსირეს. გადაცემის ავტორები არ ამტკიცებენ, რომ ეს შემზარავი მკვლელობა ჩადენილია ვ. ა-ის ან ი. კ-ის მიერ დასახელებულ სხვა პირის მიერ, ასეთი განცხადებისათვის მათ საფუძველი არ გააჩნდათ. ასევე, არც იმას ამტკიცებენ, რომ ამ ბინძურ საქმეში დანაშაული არ მიუძღვის ი. კ-ეს. გ-ი არა თუ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, არამედ პირიქით – აცხადებს, რომ მათმა გამოძიებამ, მიუხედავად მცდელობისა, ვერ მოიპოვა კ-ის მონათხრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რითაც პირიქით, არ ეთანხმება გავრცელებულ ინფორმაციას და ტელემაყურებელსაც ურჩევს, არ აღიქვას იგი უცილობელ ჭეშმარიტებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ არათუ განზრახვაზე, საერთოდ რაიმე სახის ბრალზე და პასუხისმგებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამასთან, მთლიანად დაუსაბუთებლად მიაჩნიათ არაქონებრივი ზიანისათვის 10000000 აშშ დოლარის მოთხოვნა.

მოპასუხე ი. კ-ეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.

2001წ. 16 ნოემბერს შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. გ-მა მოპასუხე ვ. ა-ის მიმართ და პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სკ-ს მე-18, 413-ე, 997-ე, 998-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 10000000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია 2001წ. 24-30 ივნისის ¹171 (2022) გაზეთ “ა-ში” მოსარჩელის მიერ გავრცელებულმა ცნობებმა. ჟურნალისტ გ. კ-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ვ. ა-მა განაცხადა, რომ ა. გ-მა მას თხოვა კომენტარი მის მიერ მოსამზადებელ გადაცემაში რესპონდენტ ი. კ-ის ბრალდებებთან დაკავშირებით, მაგრამ ვ. ა-მა, აკ. გ-ის განმარტებით, კომენტარი არ გააკეთა, შემდეგი მოსაზრებით: “როგორ შეიძლება კომენტარის გაკეთება იმ ადამიანებთან, რომლებიც უზნეობის მატარებელნი არიან, როგორ შეიძლება იმ ადამიანის ნდობა, რომელიც აცხადებს – “ჟურნალისტს სქესი არა აქვსო”; “როგორ შეიძლება ადამიანის ნდობა, რომელსაც უხარია საზოგადოების დათრგუნულ მდგომარეობაში ყოფნა. ამ ხალხს ზნეობა არა აქვს და ცდილობს საზოგადოებაც მისნაირი გახადოს”.

აკ. გ-ის განმარტებით, მოპასუხე მას უწოდებს “ბეთჰოვენას” და მიაწერს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის უმძიმეს ბრალდებას. ა. გ-ის განმარტებით, მისთვის, როგორც ჟურნალისტისათვის, განსაკუთრებული ღირებულების მქონეა სამართლით დაცული სიკეთე, რომელსაც საქმიანი რეპუტაცია ჰქვია.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვ. ა-მა თავისი საჯარო განცხადებით განზრახ შელახა სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული მისი უფლებები.

ვ. ა-მა შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აღნიშნული ინტერვიუს მიცემამდე სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის” გადაცემა “...-ის” მეშვეობით ა. გ-ის მიერ გავრცელებულ იქნა მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია.

ვ. ა-ის განმარტებით, როდესაც მან მიუთითა, რომ არ შეიძლება იმ ადამიანის ნდობა, რომელსაც უხარია საზოგადოების დათრგუნულ მდგომარეობაში ყოფნა, ის გულისხმობდა საკუთარ თავს და ოჯახს, რომლებიც შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების გამო დათრგუნულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მას მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ამაზრზენ ცილისწამებას, მოკლებულნი არიან ზნეობას.

რაც შეეხება ა. გ-ის მეტსახელის _ “ბეთჰოვენას” _ მის მიერ გაჟღერებას, მისი განმარტებით, “ეს დოკუმენტებზე დაყრდნობით ითქვა და მისი აზრით გ-ის აგენტობას ადასტურებენ ის პირები, რომლებიც უშიშროების სისტემაში მუშაობდნენ”. ასეთ დოკუმენტად ვ. ა-ი ასახელებს “ლ-ს” რედაქტორის, ბატონ თ. წ-ის პუბლიკაციას.

ვ. ა-ის განმარტებით, მის გამონათქვამებში ა. გ-ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არაფერი არ ყოფილა, მან მხოლოდ დააფიქსირა ინტერვიუს მიცემის მომენტში არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა.

2002წ. 24 იანვარს ი. კ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა საოლქო სასამართლოს მოპასუხე ვ. ა-ის მიმართ და მოითხოვა პატივისა და ღირსების შელახვისათვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

მისი პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნია 2001წ. 21 ივნისს “დ-ში” ი. ჯ-ის სტატიაში _ “ვ. ა-მა “დუმილის” უფლება დაარღვია და მართლმსაჯულებისაგან პასუხს მოითხოვს “ ვ. ა-ის მიერ მის მიმართ გავრცელებული გამონათქვამები და ჟურნალისტთა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ვ. ა-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციები.

ი. კ-ეს მისი პატივისა და ღირსების შემლახველად მიაჩნია ვ. ა-ის შემდეგი გამონათქვამები: “...-ის მინისტრი დღეს უკვე იძულებულია თქვას, რომ ი. კ-ე, რომელიც უმამოდ იზრდებოდა, თავის დროზე შეეცოდა და მიიღო თავის ...ედ, მაშინ როცა მას “მგლის ბილეთი” ჰქონდა და არსად არ იღებდნენ სამუშაოდ”.

ი. კ-ე თვლის, რომ აღნიშნული გამონათქვამით მას შეელახა პატივი და ღირსება და თან მყისიერად მიენიჭა უმადური ადამიანის იარლიყი.

მოსარჩელეს მისი პატივისა და ღირსების შემლახველად მიაჩნია 2001წ. 24 ივნისს გაზეთ “ა-ში” გ. კ-ისათვის მიცემულ ინტერვიუში გავრცელებული გამონათქვამები: “ყოველ შემთხვევაში, ვიღაცას რაღაცისთვის დასჭირდა, რომ კ-ეს ეს ეთქვა, საინტერესოა, რატომ მაინც და მაინც ს-ის მეგობარი გ-ი შევიდა ამ პატიმართან და არა სხვა ტელეარხი?! ეს არ არის დამაეჭვებელი?!”

ზემოთ აღნიშნულმა გამონათქვამმა ი. კ-ის განმარტებით, გაანადგურა მისი პატივი და ღირსება, რაც იმაში გამოიხატა, რომ ყველა პატიმარმა, ვინც მის გვერდით იხდის სასჯელს, მასში ი-ის სამინისტროს ხელმძღვანელობის ნების აღმსრულებლის ამოცნობა სცადა, რამაც აურაცხელი შეურაცხყოფის მსხვერპლად აქცია.

მოსარჩელეს მისი პატივისა და ღირსების შემლახველად მიაჩნია 2001წ. 21 ივნისის “ა-ში” დაბეჭდილ სტატიაში, რომლის სათაურია “ვ. ა-ს სატანისტობა ს-ის შეკვეთით დააბრალეს”, ვ. ა-ის სიტყვები: “ჟურნალისტმა ჯერ თქვა, რომ ს-მა პირადად მიიყვანა კ-ესთან, მერე კი უარყო, ზოგადად ი-ის სამინისტროზე მიუთითა და კონკრეტული გვარ-სახელი არ დაუსახელებია”. მოსარჩელე თვლის, რომ ვ. ა-ი ამგვარი გამონათქვამით ფეხქვეშ თელავს მის პიროვნებას. ი. კ-ეს პატივის და ღირსების შემლახველად მიაჩნია 2001წ. 25 ივნისს გაზეთ “ას-ში” გამოქვეყნებული თ. ა-ის ინტერვიუ ვ. ა-თან სათაურით: “უფრთხილდით ალენ დალესის ზნედაცემულ მიმდევრებს”, რომელშიც მოპასუხე ჟურნალისტის კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ “ჟურნალისტები საპატიმროში უნდა შევიდნენ, ეს ბუნებრივია, მაგრამ გ-ი თავად ამბობს, რომ კონსულტაციები მიიღო ი-ის სამინისტროდან, ისიც გავიგე, რომ ამ ჯგუფს პირადად მ. ს-ი დაეხმარა”.

მოსარჩელე თვლის, რომ მოპასუხის განცხადებით დეზინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას, თითქოს მას და ს-ს პირი შეუკრავთ ერთმანეთთან ვ. ა-ის წინააღმდეგ, რისთვისაც აუცილებელი გახდა მის მიერ ამბების შეთხზვა. რაც მისი პატივისა და ღირსების დარღვევაა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ის მე-18, 413-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება 10000000 აშშ დოლარის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში.

ვ. ა-მა შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და პირველ გამონათქვამთან დაკავშირებით განმარტა, რომ კ-ე მუშაობდა თ. კ-ის სამსახურში, მას მერე რაც დაემართა კ-ს არავის სურდა მასთან ნამუშევარი ხალხის სამსახურში მიღება. მისი განმარტებით, მან აღნიშნული გამონათქვამით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ი. კ-ეს არ ჰქონდა ცუდი პიროვნული მახასიათებლები და რომ ეს გარემოება არ წარმოადგენდა ახალგაზრდა კაცისათვის სამსახურის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველს. “მგლის ბილეთი” მისი აზრით არის შეფასებითი და არა მატერიალური კატეგორია.

ვ. ა-ის განმარტებით, რაც შეეხება მის ინტერვიუებში გამოთქმულ გარკვეულ ეჭვებს ჟურნალისტ ა. გ-ისა და ი-ის სამინისტროს წარმომადგენლების ურთიერთობის თაობაზე, ვ. ა-ს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის პრეტენზია მოცემულ შემთხვევაშიც უსაფუძვლოა, ვინაიდან მის მიერ გამოთქმული ეჭვი არ წარმოადგენს არა მხოლოდ რაიმე ფაქტის მტკიცებულებას, არამედ იგი არ განეკუთვნება შეფასებით კატეგორიასაც კი, ხოლო დაეჭვების საფუძველი მისი განმარტებით მის მდგომარეობაში მყოფ ყველა ადამიანს შეიძლებოდა გასჩენოდა, მითუმეტეს, მისი განმარტებით გენერალური პროკურატურის დასკვნაში პირდაპირაა მითითებული, რომ კ-ესთან ჟურნალისტები ი-ის სამინისტროს უშუალო მეცადინეობით შევიდნენ, კონსულტაციები აიღეს ი-ის მინისტრის მოადგილისაგან და მოცემული საკითხის წამოწევა განხორციელდა ი-ის სამინისტროს დაინტერესებით.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 1 აპრილს, სამაუწყებლო კომპანია “.. ..” ეთერში გავიდა გადაცემა “...-ი”, რომელიც მისი ავტორის და წამყვანის ა. გ-ის განცხადებით ეხება 5 წლის წინათ დახურული მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას.

სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 24-30 ივნისის ¹171 (2022) გაზეთში “ა.” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ვის აწყობდა ა-ის სატანისტობა” (“ჩემი ცილისწამებისათვის ი-ის სამინისტრომ პასუხი უნდა აგოს”), რომელშიც ვ. ა-ი ჟურნალისტ გ. კ-თან ინტერვიუში აკეთებს განცხადებებს 2001წ. 1 აპრილის “...-ის” გადაცემასთან დაკავშირებით.

სასამართლო კოლეგიამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ა-ი 2001წ. 1 აპრილის გადაცემამდე სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჯარო პოლემიკაში არ მონაწილეობდა.

სასამართლო კოლეგიამ გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართალი. იმის შეფასებისას, შელახა თუ არა ი. კ-ის გამონათქვამებმა ვ. ა-ის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე – ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ. საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ პრეცენდენტის თანახმად “ზუსტად უნდა დადგინდეს ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის განსხვავება. ფაქტების არსებობა შეიძლება დემონსტრიირებულ იქნეს მაშინ, როდესაც მოსაზრებები არ ექვემდებარება მტკიცებულებებს სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. კ-ის მიერ გავრცელებული ყველა განცხადება ცნობებია ფაქტების შესახებ, რომელსაც სჭირდება მტკიცება. სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი კი იმავე ლინგენსის საქმეზე დადგენილი სტანდარტით და სკ-ს მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ეკისრება მის გამავრცელებელს.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცნობები ფაქტების შესახებ აშკარად ლახავს ვ. ა-ის პატივს ღირსება და საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან ისინი შეიცავენ მტკიცებას მოსარჩელის მიერ კანონის, მორალის ნორმების დარღვევისა და უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხეებმა ვ. ა-ს ბრალი დასდეს უმძიმეს დანაშაულთა – რიტუალური მკვლელობის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტებაში. მოპასუხეებმა ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ უზრუნველყვეს მათი ვერსიის სინამდვილესთან შესაბამისობის დამტკიცება.

ი. კ-ის ვერსიის უსაფუძვლობის დასასაბუთებლად სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებზე:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიის 1996წ. 24 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მსჯავრი დაედო ი. კ-ეს ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის.

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის 2001წ. 18 ივნისის დადგენილება “მსჯავრდებული ი. კ-ისა და ე. ჩ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღძრული საქმის წარმოების შეწყვეტის” შესახებ, რომელიც აღიძრა აღნიშნულ გადაცემასთან დაკავშირებით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001წ. 31 ივლისის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ი. კ-ის მიერ გასაჩივრებული ზემოაღნიშნული საქართველოს გენერალური პროკურატურის დადგენილება.

საოლქო სასამართლომ განიხილა ვ. ა-ის მტკიცება სამაუწყებლო კომპანია “.. ..”ისა და ჟურნალისტ ა. გ-ის მიერ ვ. ა-ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფის შესახებ, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტისა და სამაუწყებლო კომპანიის შესაძლო პასუხისგებაზე დაუდასტურებელი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების გამო. სასამართლომ აღნიშნა, რომ “.. ..”-ისა და ჟურნალისტ ა. გ-ის მიერ ტენდენციურად იქნა გაშუქებული ი. კ-ის ზემოაღნიშნული ვერსია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ა. გ-მა ცნობებს თავისი დასკვნებით შესძინა დამაჯერებლობა და საზოგადოებას მიაწოდა როგორც უტყუარი და დადასტურებული ფაქტები, რითაც შელახა ვ. ა-ის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. სასამართლოს აზრით ვ. ა-ის მიმართ გაკეთებული განცხადებები არის ცნობები ფაქტების შესახებ, რაც დამტკიცებას ექვემდებარება და რომლის სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ლინგენსის საქმეხე დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ეკისრება მის გამავრცელებელს.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ გადაცემაში “...-ი” მოპასუხე გ-ის გამონათქვამი _ “მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში დადასტურდა” _ ლახავს ვ. ა-ის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან აღნიშნული გამონათქვამი წარმოადგენს ბრალდებას ვ. ა-ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. გ-ი “მკვლელობის წარმოდგენილი ვერსიის” ქვეშ გულისხმობდა ი. კ-ის ვერსიას, რომელიც მისივე განმარტებით, მისი ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა და მომდევნო გამონათქვამით _ “ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით” _ ის არწმუნებს ტელემაყურებელს მისი ჟურნალისტური გამოძიების შედეგების უტყუარობაში.

შემდგომი გამონათქვამი, რომელშიც ა. გ-ი კომენტარს უკეთებს გაზეთ “...-ს” 2001წ. 31 მარტის 42-ე ნომერში დაბეჭდილ ვ. ა-ის ინტერვიუს, რომელშიც ის აცხადებს “...-ის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია”, სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე ლახავს ვ. ა-ის პატივსა და ღირსებას, რადგან გ-ი არწმუნებს მაყურებელს ვ. ა-ის მიერ გაკეთებული განცხადების უსაფუძვლობაში, რითაც საზოგადოებას დადასტურებულად წარმოუჩენს მისთვის სასურველი ვერსიის ჭეშმარიტებას მომხდარი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლოს აზრით ა. გ-ი “აღსარების ქვეშ გულისხმობდა ა-ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ აღსარებას და არა ჟურნალისტთა მიერ ვ, ა-თან არაერთგზის დარეკვის ფაქტის შესახებ აღსარებას.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გამონათქვამები: “საქმეში არსებულ სამედიცინო დასკვნაში ყოველგვარი დაზიანება უარყოფილია”, “სამხედრო-სამედიცინო ექსპერტმა გ. კ-ემ თავის ქალაზე დაზიანებები შეუიარაღებელი თვალითაც აღმოაჩინა”, “თავის ქალის მიკროსკოპული შესწავლა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნ-მაც ჩაატარა, მისი დასკვნაც ანალოგიური იყო”. არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. გენერალური პროკურატურის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპერტთა მოსაზრებები გარდაცვლილ გ. ბ-ის თავის ქალაზე მიყენებულ დაზიანებათა შესახებ ჟურნალისტის მიერ მიზანმიმართულად გაყალბებულად არის წარმოდგენილი. არცერთი ექსპერტი არ ადასტურებს ი. კ-ის ვერსიის ნამდვილობას – გ. ბ-ისათვის თავის ქალაზე უკნიდან დაზიანების მიყენების შესახებ, რის წარმოჩენასაც და მაყურებლის შეცდომაში შეყვანასაც ცდილობდა ა. გ-ი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გამონათქვამები _ “კრედიტის დოკუმენტზე ხელს აწერს ვ. ა-ი”, ასევე ლახავს ვ. ა-ის პატივსა და ღირსებას.

სასამართლოს მოსაზრებით ა. გ-ი ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ თითქოს ვ. ა-მა ხელი მოაწერა დოკუმენტს კრედიტის გამოყოფაზე იმ პირისათვის, რომელსაც არანაირი შეხება არ გააჩნდა ამ კრედიტის დანიშნულებასთან, რითაც ხაზი გაუსვა მოსარჩელის, როგორც საჯარო მოხელის არაჯანსაღ დაინტერესებას ამ კრედიტთან დაკავშირებით. მოპასუხეები ცდილობენ საკითხი ისე წარმოაჩინონ, თითქოს ზემოაღნიშნული კრედიტის გამოყოფის საკითხი ფაქტიურად გადაწყვეტილი იყო და შესაბამისად, ი. კ-ეს არ გააჩნდა გ. ბ-ის და გ. ო-ის მკვლელობის მოტივი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება გამონათქვამი _ “ჩვენ დავადგინეთ, რომ ა-ი მაშინ სწორედ ვ. ა-ის მიერ გამოწერილი მუდმივი საშვით დადიოდა სახელმწიფო კანცელარიაში”, ვინაიდან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.

სასამართლოს აზრით ეს გამონათქვამი ცრუ წარმოდგენას უქმნის საზოგადოებას იმის შესახებ, რომ თითქოს ვ. ა-ი ვ. ა-მა რუსეთის სპეცსამსახურში სათანამშრომლოდ ნამდვილად გადაიბირა. აღნიშნული პოზიციის გასამყარებლად გადაცემის ავტორებმა ვინმე ი. მ-ს მსჯელობაზე დაყრდნობით ტელემაყურებელს შეუქმნეს შთაბეჭდილება ვ. ა-ის რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, რაც ა-ის წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს ბრალდებას წარმოადგენს, რომელსაც ასევე არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

შემდეგი გამონათქვამები: “სატანისტურ რიტუალზე სხვა ფაქტებიც მიუთითებდა, მაგრამ გამოძიებას ისინი შეუმჩნეველი დარჩა”, “წინასწარ დაგეგმილი რიტუალი მაინც შედგა” _ სასამართლო კოლეგიამ შეაფასა რა ა. გ-ის გამონათქვამთან _ “მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში დადასტურდა” – კონტექსტში და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გამონათქვამები გავრცელებულია მკვლელობის წარმოდგენილი ვერსიის განსამტკიცებლად.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან ვ. ა-ი იმ დროისათვის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, მის მიმართ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები მიმართული იყო მისი, როგორც საჯარო მოხელის საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციისაკენ.

სასამართლომ ასევე განიხილა ვ. ა-ის მტკიცება მის პირად და საოჯახო ცხოვრებაში ჩარევის შესახებ. სასამართლომ მოპასუხეთა გამონათქვამი - “ვ. ა-ის შვილი უცხოეთიდან სასიკვდილო დიაგნოზით დაბრუნდა”- მიიჩნია ვ. ა-ის პირად და საოჯახო ცხოვრებაში ჩარევად.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2002წ. 1 აპრილამდე ნ. ა-ის “სასიკვდილო დიაგნოზის” შესახებ საჯაროდ არავის განუცხადებია. აღნიშნული ცნობა საჯაროდ გახმაურდა ჟურნალისტ ა. გ-ის მიერ 2001წ. 1 აპრილს სამაუწყებლო კომპანია “.. ..” გადაცემაში “...-ი”,, რომელმაც ი. კ-ისაგან მიღებული ინფორმაცია საჯაროდ ამცნო საზოგადოებას.

აღნიშნულის დასასაბუთებლად საოლქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-8 მუხლზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებულ განმარტებაზე და აღნიშნა, რომ “პირადი ცხოვრების” უფლება არის უფლება პირად ცხოვრებაზე, ანუ პიროვნების უფლება იცხოვროს ისე, როგორც თავად სურს და (მისი ცხოვრების წესი) დაცული იყოს საჯაროობისაგან. თანახმად სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, არ გაამჟღავნოს პირის ავადმყოფობის მდგომარეობა. ამასთან, საოლქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ეკისრება არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება – თავად არ გაამჟღავნოს პირად და საოჯახო ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, არამედ პოზიტიური ვალდებულება _ “არ დაუშვას მესამე პირთა მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება მისი თანხმობის გარეშე, რათა არ მოხდეს კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შელახვა”.

ამ ანალიზის საფუძველზე საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცნობები მოსარჩელის შვილის ავადმყოფობის შესახებ, წარმოადგენს ვ. ა-ის პირადი საოჯახო ცხოვრების საიდუმლოებას, ვინაიდან ის არ ეხება პიროვნების საზოგადოებრივ ცხოვრებას და გამიზნულია პირთა განსაზღვრული წრისათვის. თუ პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის დაცვის დროს კანონი იცავს პიროვნების ცხოვრების საზოგადოებრივ მხარეებს, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების გახმაურების უარყოფით, პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვისას საქმე ეხება სრულიად საპირისპირო მოვლენას. პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ცნობები შესაძლოა, სინამდვილეს შეესაბამებოდეს, მაგრამ პიროვნება დაინტერესებულია მათი გახმაურებისაგან დაცვით.

აქედან გამომდინარე სასამართლო კოლეგიამ დაასკვნა, რომ ვ. ა-ის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საჯარო გავრცელებით ა. გ-მა უმძიმესი ტრამვა მიაყენა ვ. ა-ის ოჯახს და პირადად ნ. ა-ს, რომლისთვისაც ადრე არაფერი იყო ცნობილი მისი “სასიკვდილო დიაგნოზის” შესახებ.

სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-17, 24-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლი “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონი, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ მე-17 მუხლი, სკ-ს მე-18 მუხლი და ჩათვალა, რომ ვ. ა-ის პატივის და ღირსების შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფა მოპასუხეთა მიერ უნდა მოხდეს სამაუწყებლო კომპანიის “.. ..” გადაცემა “...-ის” საშუალებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა მორალური ზიანის მოთხოვნის უფლება. მორალური ზიანის კომპენსაციის განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 413-ე მუხლით და გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად ჩათვალა 50 000 ლარი.

ვ. ა-ის წინააღმდეგ აღძრულ აკ. გ-ის შეგებებულ სარჩელზე საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 24-30 ივნისის ¹171 (2022) გაზეთ “ა-ში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ვის აწყობდა ა-ის სატანისტობა”, რომელშიც ვ. ა-ი ჟურნალისტ გ. კ-თან ინტერვიუში აკეთებს შემდეგ განცხადებებს: “როგორ შეიძლება კომენტარის გაკეთება იმ ადამიანებთან, რომლებიც უზნეობის მატარებელნი არიან?! როგორ შეიძლება იმ ადამიანის ნდობა, რომელიც აცხადებს – “ჟურნალისტს სქესი არა აქვსო”, “როგორ შეიძლება ადამიანის ნდობა, რომელსაც უხარია საზოგადოების დათრგუნულ მდგომარეობაში ყოფნა, ამ ხალხს ზნეობა არა აქვს და ცდილობს საზოგადოებაც მისნაირი გახადოს”. ვ. ა-მა იმავე გაზეთში ა. გ-ს “ბეთჰოვენა” უწოდა.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ აღნიშნული განცხადებები ვ. ა-ის მიერ გაკეთებულია 2001წ. 1 აპრილის გადაცემის შემდეგ ანუ მას შემდეგ რაც საზოგადოებაში წარმოიშვა საჯარო პოლემიკა. ვ. ა-ის პოლემიკაში ჩაბმა გამოიწვია სატევიზიო გადაცემამ “...-ი”, რომლითაც გავრცელდა სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აკ. გ-ი ვალდებულია ითმინოს ასეთი გამონათქვამები, რომლებიც თუმცა შეურაცხმყოფელია, მაგრამ ისინი ისე უხეშად არ ხელყოფენ მის რეპუტაციას, როგორც მან შელახა ა-ის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

ვ. ა-ის წინააღმდეგ აღძრულ ი. კ-ის შეგებებულ სარჩელზე სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ 2001წ. 21 ივნისის გაზეთ “დ-ში” გამოქვეყნდა ჟურნალისტ ი. ჯ-ის სტატია სათაურით _ “ვ. ა-მა დუმილის უფლება დაარღვია და მართლმსაჯულებისაგან პასუხს მოითხოვს”. ჟურნალისტი ვ. ა-თან საუბრის შემდეგ აკეთებს დასკვნას _ “...-ის ყოფილი მინისტრი დღეს უკვე იძულებულია თქვას, რომ ი. კ-ე, რომელიც უმამოდ იზრდებოდა, თავის დროზე შეეცოდა და მიიღო თავის ...ედ, მაშინ როცა მას “მგლის ბილეთი” ჰქონდა და არსაც არ იღებდნენ სამუშაოდ.

2001წ. 25 ივნისის გაზეთში “ას-ი” გამოქვეყნდა თ. ა-ის ინტერვიუ ვ. ა-თან სათაურით _ “უფრთხილდით ა. დ-ის ზნედაცემულ მიმდევრებს”, რომელშიც ვ. ა-ი ჟურნალისტის ერთ-ერთ კითხვას პასუხობს _ “ჟურნალისტები საპატიმროში უნდა შევიდნენ, ეს ბუნებრივია, მაგრამ გ-ი თავად ამბობს, რომ კონსულტაციები მიიღო ი-ის სამინისტროდან. ისიც გავიგე, რომ იმ ჯგუფს პირადად მ. ს-ი დაეხმარა”.

2001წ. 24-30 ივნისის გაზეთ “ა-ში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით – “ვის აწყობდა ა-ის სატანისტობა”, რომელშიც ჟურნალისტის შეკითხვაზე _ “ბატონო ვ., თქვენ მიანიშნეთ, რომ გ-მა ო-თან სხვა სახის კონსულდტაცია გაიარა, ანუ შეკვეთა მიიღო მისგან”, ვ. ა-ი პასუხობს _ “ყოველ შემთხვევაში, ვიღაცას რაღაცისათვის დასჭირდა, რომ კ-ეს ეს ეთქვა, საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ს-ის მეგობარი გ-ი შევიდა იმ პატიმართან და არა სხვა ტელეარხი?! ეს არ არის დამაეჭვებელი?

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2001წ. 21 ივნისის გაზეთში “ა.”, გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით _ “ვ. ა-ს სატანისტობა ს-ის შეკვეთით დააბრალეს”, მოყვანილია ა-ის სიტყვები _ “ჟურნალისტმა ჯერ თქვა, რომ ს-მა პირადად მიიყვანა კ-ესთან, მერე კი უარყო, ზოგადად ი-ის სამინისტროზე მიუთითა და კონკრეტული გვარ-სახელი არ დაუსახელებია”.

აღნიშნული განცხადებების შეფასებისას საოლქო სასამართლოს კოლეგია მივიდა დასკვნამდე, რომ ა-ის მიერ ეს განცხადებები გაკეთებულია 2001წ. 1 აპრილის გადაცემის შემდეგ, რამაც გამოიწვია ა-ის პოლემიკაში ჩაბმა. სასამართლოს აზრით ა-ის მიერ პრესაში გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს ჟურნალისტის შეკითხვაზე გაცემულ პასუხებს, სადაც ა-ი გამოხატავს ეჭვებს და აკეთებს ზომიერ შეფასებებს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ი. კ-ის მიერ გავრცელებულ იქნა სინამდვილესთან შეუსაბამო ბრალდებები ვ. ა-ის მიმართ, ამ უკანასკნელის საპასუხო განცხადებები არ სცილდება საჯარო პოლემიკისათვის დასაშვებ საზღვრებს და არ ლახავს ი. კ-ის პატივსა და ღირსებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

დაევალა სამაუწყებლო კომპანია “.. ..-სა” და ა. გ-ს ტელეკომპანია “.. ..-ის” გადაცემა “...-ის” მეშვეობით 2001წ. 1 აპრილს გავრცელებული ვ. ა-ის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა იმავე გადაცემის მეშვეობით შემდეგი ფორმით: სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ისა” და გადაცემა “...-ის” ავტორის, ა. გ-ის მიერ 2001წ. 1 აპრილს გადაცემა “...-ის” მეშვეობით გავრცელებული ცნობები ვ. ა-ის მიერ ორი ადამიანის მკვლელობის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივი გამოყოფის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება, 2001წ. 1 აპრილს გადაცემა “...-ის” მეშვეობით საჯაროდ გავრცელებული გამონათქვამები: “მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში “დადასტურდა”, “ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით”, “...-ის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია”, “კრედიტის დოკუმენტზე ხელს აწერს ვ. ა-ი”, “ა-ი მაშინ სწორედ ვ. ა-ის მიერ გამოწერილი მუდმივი საშვით დადიოდა სახელმწიფო კანცელარიაში” წარმოადგენენ ვ. ა-ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს, რომელთაც საჯაროდ უარვყოფთ.

ი. კ-ეს, ტელეკომპანია “.. ..-ს” გადაცემა “...-ის” მეშვეობით 2001წ. 1 აპრილს მის მიერ გავრცელებული ვ. ა-ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფა შემდეგი ფორმით: სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ს” 2001წ. 1 აპრილის გადაცემა “...-ის” მეშვეობით ვ. ა-ის დადანაშაულება ორი ადამიანის მკვლელობაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობასა და სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივ გამოყოფაში წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას, რომლითაც შელახული იქნა ვ. ა-ის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც ვ. ა-ის შესახებ ჩემს მიერ გავრცელებულ ყველა ცნობას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საჯაროდ უარვყოფ; დაეკისრა მოპასუხეებს სამაუწყებლო კომპანია “.. ..”-ს, ა. გ-სა და ი. კ-ეს 50000 ლარის სოლიდარულად ანაზღაურება ვ. ა-ის სასარგებლოდ.

ა. გ-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე ვ. ა-ის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი.

ი. კ-ეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე ვ. ა-ის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ეთქვა უარი.

მოპასუხეებს ტელეკომპანია “.. ..-ს”, ა. გ-სა და ი. კ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვ. ა-ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის” და ა. გ-ის წარმომადგენელმა შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე ვ. ა-მა.

ი. კ-ე მოითხოვს საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა სსკ-ს 394-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარებოდა.

კასატორის მოსაზრებით მოცემული დავა უნდა წარმართულიყო სისხლის სამართლის საპროცესო ნორმათა დაცვით, რადგან ცილისწამებახე და ცრუ დასმენაზე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი.

სამაუწყებლო კომპანიის “.. ..” და აკ. გ-ის წარმომადგენელი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით აკ. გ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას და ვ. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით.

კასატორის მოსაზრებით გამონათქვამები _ “მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში დადასტურდა”, “ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით” და “...-ის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია” _ არ შეიცავს ცნობებს ფაქტების შესახებ, ვინაიდან ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტის შეფასებებია. გამონათქვამები _ “კრედიტის დოკუმენტზე ხელს აწერს ვ. ა-ი” _ ითქვა “...-ის” რესპოდენტის მ. ჩ-ს განცხადებაზე დაყრდნობით, ხოლო გამონათქვამის _ “ა-ი მაშინ სწორედ ვ. ა-ის მიერ გამოწერილი საშვით დადიოდა სახელმწიფო კანცელარიაში” _ “სინამდვილესთან შესაბამისობა დასტურდება გენერალური პროკურატურის 2001წ. 18 ივნისის დადგენილებით. ამასთან, კასატორის მოსაზრებით აღნიშნული გამონათქვამები არ ატარებენ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ხასიათს, სკ-ს 18-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი ცნობები, რომლებიც ლახავენ სხვათა პატივსა და ღირსებას. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ ვერ გამიჯნა ცნობები მოსაზრებებისაგან, მაგრამ სადაც საქმე გვქონდა ცნობებთან, გავრცელებულ ცნობებს საკუთარი შეფასებით მიანიჭა პატივისა და ღირსების შემლახველი ხასიათი. აქედან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი სასამართლოსეული შეფასება მცდარია და დაუსაბუთებელია

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს მე-18 მუხლი, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად გავრცელებული ცნობების უარყოფის დაკისრების აუცილებელ წინაპირობას აღარ წარმოადგენს ცნობების პატივისა და ღირსების შემლახველი ხასიათი.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლიც, რადგან ამ ნორმის თანახმად აზრის თავისუფლად გავრცელების (გამოხატვის) უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის უფლებებისა და ღირსების დაცვის აუცილებლობა არ დამდგარა.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაუშვებელზე ვრცლად განმარტა “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული ჟურნალისტის ვალდებულება, შეამოწმოს მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა და ჟურნალისტს დააკისრა ინფორმაციის მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გარკვეული სახის მტკიცებულებებით დადასტურებისა და მისი უტყუარობის მხოლოდ ოფიციალური გზით გადამოწმების ვალდებულება, რაც არსებითად იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტს აეკრძალოს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებებში ეჭვის შეტანა, ვინაიდან მას არ გააჩნია სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები მტკიცებულებების შეკრებისა და სათანადო წესით დამაგრების უფლებამოსილება. კასატორი თვლის, რომ სასამართლო საქმის გარემოებათა არასრული გამოკვლევის, მტკიცებულებათა არასათანადო შეფასების, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და სტანდარტების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მივიდა მცდარ დასკვნამდე, რამაც გამოიწვია მის მიერ კანონის არასწორი განმარტება.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად უარი უთხრა ა. გ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ა-ის საპასუხო განცხადებები გამომდინარეობს ა. გ-ის მიერ განხორციელებული შეურაცხმყოფელი მოქმედებისაგან. ამასთან, ჩათვალა, რომ საგაზეთო ინტერვიუში არ არის დაცული მაქსიმალური ტაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა მიიჩნია, რომ ა. გ-ი ვალდებულია ითმინოს ა-ისაგან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. კასატორის მოსაზრებით ა. გ-ის აგენტურული ფსევდონიმი “ბეთჰოვენა”, ასევე ცნობაა და საჭიროებს დადასტურებას. ა-ის მიერ აღნიშნული ცნობა ვერ იქნა დადასტურებული, ა-მა ვერ შეძლო ასევე გ-ის უზნეობის დადასტურება და ამ ფონზე როცა გ-მა უნდა ითმინოს ბრალდება სამშობლოს ღალატში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, სასამართლომ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა ვ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა.

ვ. ა-ი შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა გაზიარებული მოპასუხეებისათვის ათი მილიონი აშშ დოლარის დაკისრება და წარმომადგენელთა ხარჯების ანაზღაურება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილებას.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ სრულად მართებულად გაიზიარა ყველა მათი არგუმენტი, ხოლო თუ რატომ არ იყო მათი მოთხოვნა შეუსაბამო თანხის ოდენობის ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესზე დაკმაყოფილებულ იქნა მისი შუამდგომლობა და სამაუწყებლო კომპანიას “.. ..” დაევალა სასამართლოსათვის წარედგინა კომპანიის 2000წ. ბალანსისა და მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლები, მაგრამ მოპასუხეებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს სასამართლოს განჩინების შესრულება და სასამართლოს არ წარუდგინეს კომპანიის 2000წ. ბალანსისა და მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლების დამადასტურებელი საბუთები, რის გამოც სსკ-ს 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მათ მიერ განცხადებული იქნა შუამდგომლობა მტკიცების ტვირთისაგან განთავისუფლების თაობაზეMკონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობის გონივრულობის დასაბუთების შესაბამისობის შესახებ და მტკიცების ტვირთის მეორე მხარისათვის დაკისრების თაობაზე. თუმცა სასამართლოს მიერ რაიმე კონკრეტული პასუხი გაცემული არ ყოფილა.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ უარი უთხრა წარმომადგენლების დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ იქნა წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, რადგან მათ მიერ წარდგენილი იყო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის”, ა. გ-ის და ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ ი. კ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემული დავა უწყებრივად არ ექვემდებარება სასამართლოს.

სასამართლოსათვის მიმართვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

სსკ-ს მეორე მუხლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამავე კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმა შეიცავს ჩამონათვალს იმ ურთიერთობებისა, რომლებიდანაც წარმოშობილი დავები უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს. ესენია: სამოქალაქო, შრომის, საადგილმამულო და ა.შ.

სკ-ს მე-18 მუხლი ითვალისწინებს პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვას სასამართლოს მეშვეობით, სასამართლოში სათანადო სარჩელის შეტანის საფუძველზე. ამდენად, მოცემული დავა სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას განეკუთვნება და აქედან გამომდინარე სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ საქმეს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის” და ა. გ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი და სკ-ს მე-18 მუხლი. კასატორების მოსაზრებით გავრცელებული ცნობების უარყოფის დაკისრების (დავალების) წინაპირობას წარმოადგენს ცნობების პატივისა და ღირსების შემლახველი ხასიათი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს და შესაბამისად მოსარჩელის უფლებებისა და ღირსების დაცვის აუცილებლობა არ დამდგარა.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე (1) მუხლით ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად.

ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის კონვენციის მე-10 (1) მუხლი ადგენს, რომ უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე “მოიცავს პიროვნების თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს, გასცეს ინფორმაცია და იდეები”. კონვენციის მე-10 (2) მუხლით ამ თავისუფლებათა განხორციელება, იმის გამო, რომ იგი მოიცავს მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, შეზღუდვებსა და სასჯელს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია ჯანმრთელობის ან ზნეობის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირი, რომელიც აზრს გამოხატავს თავისუფლად ამავე დროს იღებს გარკვეულ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს საკანონმდებლო აქტები ადგენს, როგორც მოსაზრებების, ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების, ისე პირთა პატივისა და ღირსების დაცვის გარანტიებს. ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების თავისუფლება უდავოდ არ წარმოადგენს აბსოლუტურს, რის გამოც სახელმწიფო (კანონი) აწესებს შეზღუდვებს (სანქციებს), რაც ყველას რეპუტაციის დაცვის საშუალებას იძლევა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (1) მუხლით დეკლარირებულია ადამიანის პატივის და ღირსების დაცვა, ხოლო სკ-ს მე-18 მუხლი ადგენს პატივისა და ღირსების დაცვის ფორმებს, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავენ მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება.

კასატორებს მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გავრცელებული ცნობები არ ატარებენ პატივისა და ღირსების შემლახველ ხასიათს.

პატივისა და ღირსების შელახვაში იგულისხმება ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მოპასუხეებმა ვ. ა-ს ბრალი დასდეს მძიმე დანაშაულთა ჩადენაში. კერძოდ, ორი ადამიანის მკვლელობაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უფლებამოსილების გადამეტებაში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გავრცელებული ცნობები აშკარად ლახავს ვ. ა-ის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან ისინი შეიცავენ მტკიცებას ვ. ა-ის მიერ კანონის, მორალის ნორმების დარღვევისა და უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.

კასატორების მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ ვერ გამიჯნა ცნობები მოსაზრებებისაგან. გამონათქვამები: “მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში დადასტურდა”; “ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით” და “...-ის ყოფილი მინისტრის პრესაში დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია” არ შეიცავს ცნობებს ფაქტების შესახებ, ვინაიდან ისინი მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტის შეფასებებია.

“ფაქტში” იგულისხმება ნამდვილად, რეალურად მომხდარი ან არსებული გარემოებები და საგნები.

“აზრის” ცნების ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან და რომლის მართებულობა თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. აზრი შეიცავს არა მარტო შეფასებით, არამედ აგრეთვე ფაქტობრივ ელემენტებსაც. ამიტომ გამონათქვამებში თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა ფაქტებს, ფაქტები კი აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მას. აღნიშნულის გამო, აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცვის ქვეშ მთლიანი გამონათქვამი ექცევა.

საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვათა ინტერესების დასაცავად, სწორედ მოსაზრებების გამოხატვა და გავრცელება შეიძლება შეიზღუდოს. ამდენად, თუ მოსაზრება შეიცავს მტკიცებას პირის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ, ეს შეიძლება გახდეს სკ-ს მე-18 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის საგანი. როდესაც შეფასებითი განსჯა ეფუძნება ისეთ ფაქტებს, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, მოპასუხეებს ევალებათ ამტკიცონ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების ნამდვილობა, რადგან ასეთ ვალდებულებას მათ აკისრებს სკ-ს მე-18 მუხლი.

გავრცელებული ინფორმაციიდან ცალკეული გამონათქვამების გამოყოფა და ამ გამონათქვამების უარყოფა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იზოლირებული გამონათქვამი შეიცავს პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობას. აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს გამონათქვამები: “ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით” და “...-ის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია”.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამონათქვამი “ა-ი მაშინ სწორედ ვ. ა-ის მიერ გამოწერილი საშვით დადიოდა სახელმწიფო კანცელარიაში” სინამდვილეს შეესაბამება, რადგან უშუალოდ ვ. ა-ის მიერ ა-ზე საშვის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. მოპასუხეების მიერ ასევე ვერ იქნა დადასტურებული გამონათქვამის “კრედიტის დოკუმენტზე ხელს აწერს ვ. ა-ი” _ სინამდვილესთან შესაბამისობა, რის გამოც საოლქო სასამართლომ მართებულად დააკისრა აღნიშნული ცნობების უარყოფა.

კასატორები თვლიან, რომ სასამართლოს მიერ განხილული არცერთი გამონათქვამი არ ატარებს პატივისა და ღირსების შემლახველ ხასიათს, მათ შორის გამონათქვამი “ვ. ა-ის შვილი უცხოეთიდან სასიკვდილო დიაგნოზით დაბრუნდა”, ამასთან აღნიშნული გამონათქვამი ეკუთვნის არა მოპასუხე ა. გ-ს, არამედ გადაცემის რესპოდენტ მოპასუხე ი. კ-ეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ცნობები მოსარჩელის შვილის ავადმყოფობის შესახებ წარმოადგენს ვ. ა-ის პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, ვინაიდან ის არ შეეხება პიროვნების საზოგადოებრივ ცხოვრებას და გამიზნულია პირთა განსაზღვრული წრისათვის. მართალია, აღნიშნული გამონათქვამი ეკუთვნის ი. კ-ეს, მაგრამ ეს ინფორმაცია საჯაროდ გავრცელებული იქნა სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის” ჟურნალისტის ა. გ-ის მიერ, ამ მოქმედებამ უმძიმესი სულიერი ტრამვა მიაყენა ვ. ა-ის ოჯახს და პირადად ნ. ა-ს, რომლისთვისაც ადრე არაფერი იყო ცნობილი მისი “სასიკვდილო დიაგნოზის” შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია”. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს უფლება აქვს პატივი სცენ მის პირად და საოჯახო ცხოვრებას. კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს არ გაამჟღავნოს პირის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები მისი თანხმობის გარეშე, ასევე ავალდებულებს სახელმწიფოს არ დაუშვას მესამე პირთა მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება მისი თანხმობის გარეშე. აღნიშნულ ნორმათა გამოყენებით საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელყოფილ იქნა ვ. ა-ის პირადი საოჯახო ცხოვრების საიდუმლოება და არა პატივი და ღირსება, როგორც ამას კასატორები მიუთითებენ.

კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად, დაუშვებელზე ვრცლად განმარტა “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული ჟურნალისტის ვალდებულება, რაც ნიშნავს ჟურნალისტს აეკრძალოს ეჭვის შეტანა სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებებში, ასევე ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ პირადი არაქონებრივი უფლების აღმდგენი სარჩელის განხილვისას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის განცხადება წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს მისი სარგებლიანობის თვალსაზრისით პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად, თუ “ყვითელი პრესის” ან მხოლოდ კერძო ინტერესთა სკანდალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაა გამიზნული.

მოცემულ საქმეზე მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენდა დიდ საზოგადოებრივ ინტერესს მისი სარგებლიანობის თვალსაზრისით. უდავოდ დადგენილია, რომ ი. კ-ის ვერსიის შემოწმების მიზნით, ჟურნალისტთა ჯგუფმა კანონის უხეში დარღვევით მოახდინა გარდაცვლილი ბ-ის თავის ქალის ექსჰუმაცია და ექსპერტიზის ჩატარება, დაკითხეს მოწმეები, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ი. კ-ის ვერსია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მიუხედავად აღნიშნულისა, ა.გ-მა მიზანმიმართულად, ფაქტების დამახინჯებით გაავრცელა სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები ვ. ა-ის შესახებ. ფაქტების დამახინჯებული ფორმით გავრცელება კი არ არის დაცული სიტყვის თავისუფლების საკონსტიტუციო უფლებით.

სასამართლომ პირადი არაქონებრივი უფლების აღმდგენი სარჩელის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და შეფასება მისცეს იმ გარემოებას, ხომ არ მონაწილეობდა მოსარჩელე საჯარო პოლემიკაში და ხომ არ იყო მოპასუხის განცხადება – პასუხი მოსარჩელის ანალოგიურ მოქმედებაზე. საჯარო პოლემიკაში მონაწილეებმა უნდა ითმინონ ოპონენტის მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი შეფასებები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვ. ა-ის მიერ პრესით გამოხმაურება გამოიწვია აკ. გ-ის სატელევიზიო გადაცემამ “...-ი”, რომლითაც გავრცელდა სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები და ვ. ა-ის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები გამომდინარეობდა ა. გ-ის შეურაცხმყოფელი მოქმედებისაგან.

საკასაციო პალატა ეთანხმება საოლქო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ა. გ-ი ვალდებულია ითმინოს ასეთი გამონათქვამები, რომლებიც თუმცა შეურაცხმყოფელია, მაგრამ ისინი ისე უხეშად არ ხელჰყოფენ მის რეპუტაციას, როგორც მან შელახა ვ. ა-ის პატივი და ღირსება. აქედან გამომდინარე, ა. გ-ის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე ვ. ა-ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

სკ-ს მე-18 მუხლის მიხედვით არაქონებრივ უფლებათა დაცვის ფორმებად მიჩნეულია: არაქონებრივ უფლებათა აღიარება, ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა ან მათზე უარის თქმა (გავრცელებული ცნობების უარყოფა). დაცვის ეს ფორმები უმთავრეს მიზნად ისახავს დაზარალებულის უფლებების აღდგენას და მათი განხორციელების მოთხოვნა ფიზიკურ პირს შეუძლია ხელყოფის ბრალეულობის მიუხედავად.

თუ პირადი არაქონებრივი უფლების ხელყოფა ხორციელდება ვინმეს ბრალეული მოქმედებით, ფიზიკურ პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.

სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ.

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ შეადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად დამდგარი შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანია მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად.

მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა სამართალდარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ, მაგრამ პრევენციული ფუნქციის გადამეტებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფულადი კომპენსაციის უზომოდ გაზრდა და პრესის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

კომპენსაციის ოდენობა უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა, რის გამოც კომპენსაციის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობაც.

საკასაციო პალატა თვლის, რომ, მართალია, მოსარჩელის პიროვნული უფლებების ხელყოფა მეტად სერიოზულია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა უზომოდ გაზრდილია და მოწყვეტილია რეალობას. 10 მილიონი დოლარის დაკისრებამ შესაძლოა გააკოტროს მოპასუხე, რაც გამოიწვევს პრესის შეზღუდვას და არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია 50000 ლარი გონივრულ ანაზღაურებად.

რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას წარმომადგენლების დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში ვ. ა-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

სსკ-ს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელს, იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

დადგენილია, რომ ვ. ა-ის ინტერესებს, როგორც საოლქო, ისე უზენაეს სასამართლოში იცავდა დ. ჯ-ი და შ. შ-ე. საქმეში არსებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად ვ. ა-მა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ თავის წარმომადგენლებს ხელფასის სახით უნდა გადაუხადოს დავის საგნის ღირებულების 4%. აქედან გამომდინარე ვ. ა-ს ხელშეკრულების ძალით წარმოეშვა ვალდებულება იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე, რაც სკ-ს 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, მის წარმომადგენლებს აქვთ ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

სკ-ს 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს ვ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 50000 ლარი, რომლის 4% შეადგენს 2000 ლარს. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული თანხა ვ. ა-ის სასარგებლოდ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად. აღნიშნულის გამო საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის”, ა. გ-ის და ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილების მეორე პუნქტიდან ამოირიცხოს შემდეგი გამონათქვამები: “ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით” და “...-ის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია”.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება ვ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნაზე – იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდეს.

დაეკისროთ სოლიდარულად სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ს”, ა. გ-ს და ი. კ-ეს ვ. ა-ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების გადახდა 2000 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.