Facebook Twitter

3კ-1242-02 14 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: მშენებლობის წარმოება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-ემ და ლ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ისინი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ...... სახლში. გაფართოების მიზნით 1998წ. სექტემბერში ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობისაგან აიღეს სახლზე ერთი სართულის მანსარდით დაშენების ნებართვა, რაზედაც მეზობლების ნებართვაც ჰქონდათ. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ საპროექტო ორგანიზაციამ შეადგინა პროექტი, მუშა ნახაზები, რომლებიც დამტკიცებულ იქნა ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ, მაგრამ მოპასუხეები მშენებლობის დაწყების უფლებას არ აძლევენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ემ და ლ. ი-ემ მოითხოვეს სათანადო პროექტისა და ნებართვის შესაბამისად მათთვის სახლზე ერთი სართულის მანსარდით დაშენების ნებართვის მიცემა და მოპასუხეებისათვის მათთვის წინააღმდეგობის გაწევის აკრძალვა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეებთან მათ ნამდვილად ჰქონდათ სიტყვიერი შეთანხმება იმის შესახებ, რომ სახლის სახურავზე არსებულ სხვენს მოიყვანდნენ მანსარდის ფორმაში და ამის სანაცვლოდ მათ საცხოვრებელ ბინებს მიუშენებდნენ ლოჯიებს. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ გამგეობიდან ნებართვის აღების შემდეგ მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელეები აპირებდნენ არა მარტო მანსარდის, არამედ _ ერთი სართულის დაშენებასაც, ხოლო შემდეგ მის გასხვისებას, ლოჯიებს მიშენების პირობის შესრულებაზე კი უარი განაცხადეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებმა მოითხოვეს სარჩელზე უარის თქმა.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ის და ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მათ ქ. თბილისში, ..... სახლზე მიეცათ დამტკიცებული პროექტის მიხედვით დაშენების ნება.

თ. ბ-ემ, ა. ხ-ემ, ა. გ-მა, ს. ბ-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და გ. გ-ისა და ლ. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის და ლ. ი-ის სარჩელი სახლზე დაშენების განხორციელების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტებს და მოწინააღმდეგე მხარეებს საერთო საკუთრების უფლება გააჩნიათ სახლის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება და როგორიცაა საძირველი, სახურავი, კიბეები, ლიფტი, შენობის ის ნაწილები, რომლებიც აუცილებელია ამ შენობის სიმტკიცისა და უსაფრთხოებისათვის (საყრდენები და სხვა). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების განზრახვა, სახლს დააშენონ ერთი სართული და მანსარდი, თავისთავად მოიცავს საერთო საკუთრების ობიექტის (სახურავი, საყრდენები და სხვა) ხელყოფას. ასეთი ქმედების განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ საერთო საკუთრების მესაკუთრეთა თანხმობით, რაც გ-ესა და ი-ეს არ გააჩნიათ. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნულისა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე მიიჩნია, რომ გ-ისა და ი-ის სარჩელი არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და თავისი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გ. გ-ემ და ლ. ი-ემ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით. კასატორებმა მიუთითეს, რომ ვაკის რაიონის გამგეობის 30.09.98 წ. გადაწყვეტილებით მათ მიეცათ საცხოვრებელ სახლზე დაშენების განხორციელების ნებართვა ამ ნებართვის საფუძველზე ოფიციალურად შემუშავებული პროექტისა და მშენებლობის ნორმების საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ემყარებოდა ამავე სახლში მცხოვრები 22 მობინადრის მიერ მათთვის მიცემულ წერილობით თანხმობას. ასეთი თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში გამგეობა მშენებლობის ნებართვას არ გასცემდა.

კასატორებმა ასევე მიუთითეს, რომ მშენებლობა არანაირ საფრთხეს არ უქმნის საცხოვრებელი სახლის სიმტკიცეს, რაც დადასტურებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორჯერ დანიშნული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით.

კასატორები თვლიან, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგეობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. საერთო საკთრებაში წილთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად. ამავე კოდექსის 224-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით კი საერთო საკუთრების მართვა ერთობლივად ეკისრებათ ბინის მესაკუთრეებს. სკ-ს 220-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ყოველი ბინის მესაკუთრეს შეუძლია ისარგებლოს საერთო საკუთრებით მისი წილის შესაბამისად.

მოცემულ საქმეზე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მხარეები არიან მეზობლები და ცხოვრობენ ქ. თბილისში, ..... სახლის ერთსა და იმავე სადარბაზოში და საკუთრების უფლებით ფლობენ განსაზღვრულ საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართს. მოსარჩელეები გ. გ-ე და ლ. ი-ე სასარჩელო განცხადებით ითხოვენ ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 30.09.98 წ. ¹13.19.157 გადაწყვეტილების საფუძველზე სახლზე მათთვის მინიჭებული დაშენების უფლების რეალიზაციას, კერძოდ, ქ. თბილისში ..... მდებარე სახლზე ერთი სართულისა და მანსარდის დაშენების ნებართვის მიცემას, რასაც არ ეთანხმებიან ამავე სახლში მცხოვრები სხვა პირები.

საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახურავი, საყრდენები, კიბეები და სხვა წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ბინების მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას და მათი ხელყოფისათვის აუცილებელია ყველა მობინადრის თანხმობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამ სახლს მობინადრეები: ს. ბ-ე, ა. გ-ი და სხვები მშენებლობის წარმოების წინააღმდეგი არიან, რაც მათ უფლებას წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მასალებს, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. გ-ის და ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 ივნისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.