Facebook Twitter

¹3კ-1243-02 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა საკუთრებაზე ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ..... მცხოვრებმა პირებმა _ ლ. ჩ-ემ, გ. ე-ამ, ნ. მ-მა და სხვებმა, სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ აღნიშნულ მისამართზე ყოველგვარი ნებართვისა და შეთანხმების გარეშე მოპასუხეს _ შპს “ლ-ს” დამონტაჟებული აქვს პურის საცხობი დანადგარები და ეწევა მათ ექცპლუატაციას. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ პურის საცხობის ფუნქციონირება იწვევს ხმაურს, სპეციფიკურ სუნს, გამოიყოფა გამონაბოლქვი. არსებობს ვიბრაცია, რითაც ირღვევა მათი, როგორც ბინის მესაკუთრეთა უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ს 218-ე და 219-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს შპს “ლ-ს” პურის საცხობის ფუნქციონირების აკრძალვა.

მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ არ არსებობს პურის საცხობის ფუნქციონირების აკრძალვის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში, ..... მცხოვრები მოქალაქეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს “ლ-ს” 24 საათიდან 07 საათამდე აეკრძალა მითითებულ მისამართზე პურის საცხობის ფუნქციონრება.

მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს “ლ-მ”, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით, ლ. ჩ-ის, ე. ე-ას, ნ. მ-ის და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამრთლოს 2001წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ლ-ს” აეკრძალა ქ. თბილისში, ..... მდებარე პურის საცხობის ფუნქციონირება. შპს “ლ-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2002წ. 16 აგვისტოს ¹30216/6 ბრძანების “პურის, ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” მეათე თავის მესამე პუნქტის თანახმად, საცხობები და საწარმოო საამქროები, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით, დაშვებულია განლაგდეს სათავსებში, რომლებიც მიშენებულია საცხოვრებელ და სხვა ნაგებობებთან. ჩაშენებულ-მიშენებულია სხვა დანიშნულების ნაგებობას და საცხორებელ შენობასთან, აგრეთვე ჩაშენებულია არასაცხოვრებელ შენობაში. პალატამ განმარტა, რომ პურის საცხობის განთავსებისა და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის თანხმობა, რაც შპს “ლ-ს” არ გააჩნია. ამასთან, სადავო საწარმო ფუნქციონირებს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის უკვე არსებულ სათავსოში და იგი არ განიხილება როგორც ჩაშენებული, მიშენებული ან ჩაშენებულ-მიშენებული სათავსო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ლ-ს” პურის საცხობი არ აკმაყოფილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრის მითითებულ ბრძანებას.

შპს “ლ-მ” საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “პურის, პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების სახელმწიფო ნორმების და წესების” მე-10 თავის მე-3 მუხლი, რადგან სათავსო, სადაც პურის საცხობია განთავსებული, ჩაშენებულია. ამასთან, საქმის მასალებით ის ხმაური, ვიბრაცია და სხვა ზემოქმედება რაც საწარმოდან გამომდინარეობს, დასაშვებ ზღვარზე ნაკლებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საცხობის სრული დატვირთვის ფუნქციონირების ნების დართვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორს ასეთი პრეტენზია არ გააჩნია.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის I სართულზე, შპს “ლ-ს” განთავსებული აქვს პურის საცხობი საწარმო. სკ-ს 218-ე მუხლის პირველი ნაწილით ბინის მესაკუთრეს (შპს ლ-ი) შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, თუ ამ მოქმედებით იგი არ ხელყოფს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ბინის მესაკუთრე მოვალეა იზრუნოს იმისათვის, რომ შენობაში განთავსებულ მის საწარმოში დასაქმებულმა პირებმა ან მათ, ვისაც იგი სარგებლობაში აქვს გადაცემული დაიცვან მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ მათ ზიანი. აქედან გამომდინარე, მოპასუხე – შ.პ.ს. ვალდებულია დაიცვას საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ის წესი, რაც კანონითაა დადგენილი, რათა არ ხელყოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საწარმოს საქმიანობის პროფილია პურ-პროდუქტების წარმოება, აღნიშნული საწარმოს საქმიანობის წესი დარეგულირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001წ. 16 აგვისტოს ბრძანებით “პუნის, ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ”. დადგენილია, რომ ამ ნორმატიული აქტის შესაბამისად მოპასუხეს არ გააჩნია პურის საცხობის განთავსებისა და მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახელმწიფო-სანიტარული ზედამხედველობის ნებართვა. ამასთან, საცხობი განლაგებულია ხუთსართულიანი სახლის I სართულზე და იგი არ განიხილება როგორც ჩაშენებული, მიშენებული ან ჩაშენებულ-მიშენებული სათავსი, როგორც ამას მითითებული ნორმატიული აქტი ადგენს. კერძოდ, “პურის, ფუნთუშულისა და საკონდიტრო ნაწარმის წარმოების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ” მე-10 პუნქტის თანახმად, საცხობები და საწარმოო საამქროები სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით, დაშვებულია განლაგდეს სათავსოებში, რომლებიც მიშენებულია საცხოვრებელ და სხვა ნაგებობებთან, ჩაშენებულ-მიშენებულია სხვა დანიშნულების ნაგებობის და საცხოვრებელ შენობასთან, აგრეთვე აშენებულია არასაცხოვრებელ შენობაში.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “წესების” მე-10 მუხლი და ფართი, სადაც განთავსებულია საწარმო, ჩაშენებული სათავსოა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფართი, სადაც საწარმოა განთავსებული, წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის I სართულს და იგი არ არის ჩაშენებულ-მიშენებული სათავსო. ამდენად, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული ნორმა.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი შეზღუდვები პურ-პროდუქტების მწარმოებელი საწარმოსათვის, გამოწვეულია ამ საქმიანობისათვის დამახასიათებელი მავნე ზემოქმედების (ვიბრაცია, ხმაური, მტვერი, სუნი და ა.შ.) გამო. ამ “წესების” 10.4 მუხლით მცირე სიმძლავრის საწარმოშიც კი მავნე ზემოქმედების წყაროები უნდა განთავსდეს შენობის ძირითადი სათავსოსაგან მოშორებით. ამდენად, საცხოვრებელ ბინაში დაუშვებელია პურის საცხობი საწარმოს მოწყობა, თუ იგი არ აკმაყოფილებს “წესების” მე-10 მუხლის მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ლ-ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 მაისის გადატყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.