Facebook Twitter

¹3კ-1245-02 5 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: სასაზღვრო მიჯნის აღმართვა, აუცილებელი გზა, კომუნიკაციების მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ლ-ემ სარჩელი აღძრა მ. და ლ. შ-ეების წინააღმდეგ და მოითხოვა სასაზღვრო მიჯნის აღმართვა, ავტოფარეხის აღება, საერთო კანალიზაციის ჭასთან ი. შ-ის საკომუნიკაციო მილის გადატანა და სახლის სახურავიდან საწვიმარი მილის იმდაგვარად მოწყობა, რომ ჩამონადენი წყალი არ დაგროვილიყო საერთო სარგებლობის გზაზე.

მ. და ლ. შ-ეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს, რომ ზ. ლ-ეს გაეთავისუფლებინა მისი საცხოვრებელი სახლის ნაწილისაგან შ-ეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ან კომპენსაციის სახით დაკისრებოდა 1200 ლარის გადახდა; ზ. ლ-ეს ეთმინა მისი მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება და მასზე წყლისა და კანალიზაციის მილების არსებობა, ხოლო ზ. ლ-ის მიერ სახლის მშენებლობისას მის მიერ დაკავებული 28 კვ.მ. ფართის სანაცვლოდ მისი მიწის ნაკვეთიდან აუცილებელი გზისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის მიკუთვნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მ. და ლ. შ-ეებს დაევალათ მათ საცხოვრებელ სახლზე არსებული წყლის საწვეთური მილის იმდაგვარად გადაკეთება, რომ წყალი არ ჩავიდეს ზ. ლ-ის ეზოში. ზ. ლ-ეს უარი ეთქვა სასაზღვრო მიჯნის აღმართვაზე, შ-ეების კუთვნილი ავტოფარეხის გაუქმებასა და საკომუნიკაციო (კანალიზაციის, წყალგაყვანილობის) მილების მოშლასა და სხვაგან გადატანაზე. მ. და ლ. შ-ეების შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზ. ლ-ეს დაევალა, ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილების არსებობა. ეზოში შემავალი აუცილებელი გზა დარჩა მხარეთა საერთო სარგებლობაში. მ. და ლ. შ-ეების შეგებებულ სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა იმ მიმართებით, რომ ზ. ლ-ეს თავის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი ორგანოების ნებართვის საფუძველზე, მოპასუხეების საცხოვრებელი სახლის გასწვრივ, ამავე სახლის კუთხიდან 4 მეტრის დაშორებით მისივე სახლის მიმართულებით მიეცა სამეზობლო კედელის აღმართვის უფლება. ლ. და მ. შ-ეების შეგებებული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საერთო სარგებლობაში დარჩა აუცილებელი გზა, ზ. ლ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი ........ ქუჩიდან ამ ეზოში შესასვლელი რკინის ჭიშკრიდან სასამართლოს მიერ სამეზობლო კედლის ასაგებად მინიშნებული წერტილის გასწვრივ, ამ კედლის პერპენდიკულარულად შ-ეებს საცხოვრებელი სახლიდან 4 მეტრის მოშორებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

მხარეები ცხოვრობენ ქ. ბათუმში და მათ საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლები დამხმარე სათავსებით და მიწის ნაკვეთები. ამ მიწის ნაკვეთებზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა დღევანდელი მდგომარეობით არსებული სამეზობლო საზღვარი. ზ. ლ-ის საცხოვრებელი სახლი აგებულია ძველი ხის სახლის ადგილზე, მისივე მიწის ნაკვეთში. ახალი სახლი საექსპლოუატაციოდ ჩაბარდა შ-ეების თანხმობით, რითაც დასტურდება, რომ მხარეებს საზღვრებზე პრეტენზია არ ჰქონდათ. 60-იანი წლებიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შორის ჩამოყალიბდა ურთიერთობა, ზ. ლ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენების თაობაზე. ზ. ლ-ის მიწის ნაკვეთზეა საკანალიზაციო ჭაც, რომელთანაც მიერთებულია მოპასუხის საკანალიზაციო მილები. ამიტომ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ზ. ლ-ის ნაკვეთზე გამავალი გზის გამოყენების გარეშე შეუძლებელია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაძლებელია სამეზობლო კედლის აღმართვა სკ-ს 170-ე მუხლისა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების მე-12 მუხლის საფუძველზე. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ასევე სკ-ს 175-ე, 179-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში კანონიერია. აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრებანი და მიიჩნია, რომ, მართალია, აუცილებელი გზით სარგებლობის შემთხვევაში სკ-ს 179-ე მუხლით გათვალისწინებულია მესაკუთრის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაცია, მაგრამ მოსარჩელემ კატეგორიული უარი განაცხადა მის მიღებაზე, რის გამოც სასამართლომ არ იმსჯელა კომპენსაციის დაკისრებაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოთხოვნა ავტოფარეხის აღებისა და სხვა ადგილზე გადატანის თაობაზე, რადგან იგი აგებულია მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. პალატამ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში ნაგებობის აღება ან მისი კანონიერების საკითხის დაყენება არ შედის მოსარჩელის კომპეტენციაში. ამის უფლება მაშინ ექნებოდა მოსარჩელეს, ადგილი რომ ჰქონოდა სკ-ს 175-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეზობლო ზემოქმედებებს, რაზედაც ზ. ლ-ეს არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

ზ. ლ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან მიიჩნია, რომ იგი დაუსაბუთებელია. მისი მოსაზრებით სასამართლომ დაარღვია სკ-ს 170-ე მუხლი, რადგან მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება მიანიჭა მოპასუხეს და მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს აუცილებელ გზას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა სკ-ს 179-ე მუხლზე, რომელიც არეგულირებს თმენის ვალდებულებისათვის ფულადი კომპენსაციის გადახდის წესს. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია კომუნიკაციებისა და ავტოფარეხის მოშლაზე უარის თქმის ნაწილშიც.

კასატორები, ლ. და მ. შ-ეები, ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, კერძოდ, მიეკუთვნოთ ზ. ლ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 28 კვ.მ. აუცილებელი გზისათვის. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ზ. ლ-ის სახლის ნაწილი დგას მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. სანაცვლოდ მოითხოვდნენ ზ. ლ-ის მიწის ნაკვეთის მიკუთვნებას, რასაც სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 170-ე, 172-ე, მე-5 მუხლის მეორე ნაწილი და უნდა დაეკმაყოფილებინა შეგებებული სარჩელი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრების საფუძვლებს და თვლის, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები მეზობლად მდებარეობს. სკ-ს 174-ე მუხლით მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია, გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. დადგენილია, რომ შ-ეები კუთვნილ მიწის ნაკვეთს ჯეროვნად ვერ გამოიყენებენ, თუ არ ისარგებლეს ზ. ლ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით. სკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, მეზობელს მოთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. დადგენილია, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შორის ჩამოყალიბდა ურთიერთობა ისე, რომ ორივე მხარე სარგებლობდა იმ გზით, რომელიც ზ. ლ-ის მიწის ნაკვეთზე გადის. ასევე დადგენილია, რომ ზ. ლ-ის საკუთრებაში არსებული სახლი, რომლის ნაწილი კასატორების, შ-ეების, მოსაზრებით მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზეა აგებული, მათი თანხმობის საფუძველზე იქნა ჩაბარებული საექსპლოატაციოდ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ მეზობლები, ურთიერთპატივცემის მოვალეობიდან გამომდინარე (174-ე მუხლი), ითმენენ მათ მიწის ნაკვეთებზე ორმხრივ ზემოქმედებას.

სკ-ს 180-ე მუხლის მეორე წინადადებით იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთებზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, ერთჯერადი გადასახადით გამოიხატოს. მოცემულ შემთხვევაში, ჯერ ერთი, დადგენილია, რომ მოსარჩელემ კომპენსაციის მიღებაზე უარი განაცხადა. მეორე, ის ფაქტი, რომ ზ. ლ-ის სახლის ნაწილი შ-ეების მიწის ნაკვეთზეა განთავსებული (28 კვ.მ) და სახლის ექსპლუატაციაში ჩაბარებისას შ-ეებმაც თანხმობა განაცხადეს, მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელი გზის გამოყენება ერთჯერადი გადასახადის სახითაა კომპესირებული ზ. ლ-ის მიერ. სკ-ს 179-ე მუხლი ითვალისწინებს ფულად კომპენსაციას იმ შემთხვევაში, თუ მიწის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს. ამდენად, კანონის საფუძველზე ორივე მხარეს აქვს თმენისა და კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. ვინაიდან შ-ეებმა, ზ. ლ-ეს არ მოსთხოვეს ფულადი კომპენსაცია და ისე დათმეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (28კვ.მ), ზ. ლ-ე სკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვალდებულია, ითმინოს შ-ეების მიერ მისი მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება და არ მოითხოვოს ამისათვის კომპენსაცია. ამასთან, დადგენილია, რომ ზ. ლ-ემ უარი განაცხადა კომპენსაციის მიღებაზე.

პალატა თვლის, რომ კასატორების: ზ. ლ-ის, ლ. და მ. შ-ეების მოსაზრება გადაწყვეტილების უკანონობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმაზე, რომელიც არეგულირებს სამეზობლო სამართლებრივ ურთიერთობებს. სასამართლომ სწორედ გამოიყენა 175-ე, 179-ე, 180-ე მუხლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ლ-ის, ლ. და მ. შ-ეების საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.