Facebook Twitter

საქმე # 190100120003425779

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№407აპ-23 ქ. თბილისი

ჯ. ზ, 407აპ-23 7 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

მსჯავრდებულ - ზ. ჯ-ს

მსჯავრდებულ - გ. გ-ს

მსჯავრდებულ - მ. ღ-ს

მსჯავრდებულ - დ. დ-ს

გამართლებულ - გ. ა-ს

მსჯავრდებულ - დ. მ--ს

ადვოკატ - დ. მ-ს

ადვოკატ - ი. მ-ს

ადვოკატ - გ. ო-ს

ადვოკატ - თ. ხ-ს

ადვოკატ - ნ. ხ-ს

პროკურორ - ლევან ლაზარეშვილის, ხატია გოგრიჭიანის

მონაწილეობით, განიხილა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის - ლევან ლაზარეშვილის, მსჯავრდებულ დ. მ--სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ - მ.მ-ს, მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - გ. ო-ს, მსჯავრდებულების - მ. ღ-სა და დ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს, მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - თ. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

ზ. ჯ-მ და გ. ა-ა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება და მასში მონაწილეობა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ და განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით;

დ. მ-მ, მ. ღ-მა და დ. დ–მა ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ;

გ. გ-მა ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ზ. ჯ-ს, გ. ა-ს, დ. მ-ს, მ. ღ-ს, დ. დ-სა და გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები, გამოიხატა შემდეგში:

გ. ა-ა და ზ. ჯ-მ დ. მ-ესთან დაპირისპირების გამო, დაგეგმეს მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა და შურისძიების მოტივით მისთვის სიცოცხლის მოსპობა.

განზრახვის განხორციელების მიზნით, გ. ა-ა და ზ. ჯ-მ გ. გ–ს დაავალეს დ. მ--ს საცხოვრებელი ბინიდან მოტყუებით გამოყვანა, რათა დ. მ-ს, მ. ღ-სა და დ. დ–ს წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მისცემოდათ შესაძლებლობა, დ. მ-სათვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება.

2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ-ი, მ-ს დასახლებაში მცხოვრები - დ. მ-ე, გ. გ–მა მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან, ჩაისვა ავტომობილში (BMW X6 M-ში, სახელმწიფო ნომრით: ------), რომელსაც თავად მართავდა და დაიწყო მოძრაობა დ. მ--სთან, მ. ღ--სა და დ. დ-თან წინასწარ შეთანხმებული მიმართულებით, კერძოდ, თ-ი, გ-ს ---- მიკრორაიონის --- კორპუსის მიმდებარედ; სადაც მათ შეთანხმების შესაბამისად, ,,BMW-ს“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით: ------, დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები - მ. ღ. და დ. მ. და პოლიციის ყოფილი მუშაკი - დ. დ.

პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა სამივე ზემოაღნიშნულმა პირმა განახორციელა დ მ-ს დაკავების ინსცენირება, კერძოდ, შეიპყრეს დ. მ-ე, ჩამოართვეს თანნაქონი ნივთები, მათ შორის - ცეცხლსასროლი პისტოლეტი, დაადეს ხელბორკილი და იძულებით ჩასვეს ავტომობილში, რომელსაც თავად მართავდნენ.

აღნიშნულის შემდეგ, დ. მ-ე ჩაიყვანეს რ-ი, სადაც შეთანხმებისამებრ, შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზ. ჯ-სა და გ. ა-ს, რომლებმაც თავისუფლება უკანონოდ აღკვეთილი დ. მ-ე იძულებით ჩასვეს ავტომობილ „მერსედესში“, სახელმწიფო ნომრით: -----, რომელსაც თავად მართავდნენ და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს რ-ი, მდინარე მ-ს პირას, სადაც ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნისა (საგნების) და მჭრელი საგნის (საგნების) გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა ადგილში მიაყენეს ოცდასამი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა და ათი ნაკვეთი ჭრილობა, რამაც გამოიწვია დ. მ-ს სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, მდინარე მ-ი გადააგდეს დ. მ-ს გვამი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ივლისის განაჩენით:

გ. ა, - დაბადებული --- წლის …- აგვისტოს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გ. ა-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ზ. ჯ, - დაბადებული --- წლის …- მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 1 ოქტომბერს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჯ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 2 იანვრიდან.

გ. გ, - დაბადებული --- წლის ….- თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25.143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 ოქტომბრიდან.

დ. მ, - დაბადებული --- წლის ….- იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 ოქტომბრიდან.

მ. ღ, - დაბადებული --- წლის … მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 ოქტომბრიდან.

დ. დ, - დაბადებული --- წლის ..- ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 ოქტომბრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენით:

ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის ლევან ლაზარეშვილის, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მერაბ მერაბიშვილის, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ლობჯანიძის, მსჯავრდებულ დ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს, მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ-ს, მსჯავრდებულების - მ. ღ-სა და დ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. გ-ს, მსჯავრდებულ ზ. ჯ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ხ-სა და ი. ხ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების - ზ. ჯ-ს, გ. გ-ს, დ. დ-ს, დ. მ-სა და მ. ღ-ს, ასევე გამართლებულ - გ. ა-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ ლევან ლაზარეშვილმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა:

გ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე,“ მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა;

მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე,“ მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

მსჯავრდებულ გ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 25.143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

მსჯავრდებულ დ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

განაჩენის სხვა ნაწილში უცვლელად დატოვება.

პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. დ. მ-სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული გარემოებები სრულად დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული - ვითარების აღდგენის მიზნით, მ. ღ-სა და დ. დ–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები წარმოადგენს სამ, დამოუკიდებელ მტკიცებულებას. სასამართლომ გამოიკვლია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დ. მ-ს, მ. ღ-სა და დ. დ-ს მიერ მითითებული გადაადგილების მარშრუტების დათვალიერების ოქმები, ვიდეოკამერების ჩანაწერები. როგორც გ. ა-ს ავტომანქანა, ისე მისი მობილური ტელეფონი ფიქსირდება შემთხვევის ადგილზე. დაუსაბუთებელია, სასამართლოს მსჯელობა, რომ იგი ვერ გაიზიარებს საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირთა განმარტებებს, რომლის თანახმადაც, მათ დ. მ-ე გადასცეს გ. ა-ს, იმის გამო, რომ ბრალდების მხარეს ამ პირებთან არ ჩაუტარებია გ.ა-ს ამოცნობა. აღნიშნული მოთხოვნა არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-9 ნაწილის შინაარსს, კერძოდ, ამოცნობა არ არის აუცილებელი ჩატარდეს, როდესაც ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლითაც მისი ზუსტი იდენტიფიცირება შესაძლებელია.

კასატორი უთითებს, რომ ზ. ჯ-ს, გ. გ-სა და დ. დ-ს სასამართლომ არასამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოსამართლემ აგრეთვე არ დაუშვა ბრალდების მხარის მტკიცებულება - სატელეფონო შემავალი, გამავალი ზარები, თავისი ანძების დაფარვის ზონით, როგორც ახალი მტკიცებულება. მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და უნდა შეიცვალოს.

5. კასატორმა - მსჯავრდებულმა დ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ-მ მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება დ. მ-ს ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, პირველი და სააპელაციო სასამართლოები სრულად დაეყრდნენ უკანონო მტკიცებულებებს, ცრუ ჩვენებებსა და თვალის ახვევის მიზნით შექმნილ, ბუნდოვან ისტორიებს. მოწმეები - ნ. დ-ი და გ-ა დ–ი სასამართლოს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, რომ გ. გ–მა მათ უამბო გატაცების თაობაზე. ამოღებულ ხელბორკილზე ჩატარებული ექსპერტიზით ვერ დადასტურდა მისი კავშირი განსახილველ საქმესთან. სასამართლომ დ. მ--სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლზე დაყრდნობით არ უნდა გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მუხლის დანაწესი კარგავს აზრს. თავად დ. მ-ს გამოკითხვა შედგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-17 ნაწილისა და სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. არცერთი ექსპერტიზის დასკვნით არ გამოკვეთილა დ. მ-ს კავშირი მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, პირველ ინსტანციაში საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულებს დაერღვათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, კერძოდ, მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს, მოსამართლემ დაცვის მხარეს შეუზღუდა ვიდეოჩანაწერების სრულყოფილად გამოკვლევის საშუალება (კერძოდ, რ-ა და თ-ი არსებული ვიდეო–კამერების ჩანაწერების). მსგავსი შემთხვევა მოხდა 2020 წლის 29 ივნისის სასამართლოს სხდომაზეც, კერძოდ, მოწმე გ. მ-ს ხელახალი პირდაპირი დაკითხვის დროს, დაცვის მხარემ საქართველოს სსსკ-ის 115–ე მუხლის მე–8 ნაწილით მინიჭებული უფლების საფუძველზე მოითხოვა - მოწმისთვის მტკიცებულების წარდგენა (რესტორნიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერების). სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებლად შეზღუდა, რითაც დაირღვა მსჯავრდებულ დ. მ-ს უფლებები. ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ დ. მ--მ ან რომელიმე ბრალდებულმა შეცვალეს სანომრე ნიშნები. მნიშვნელოვანია, რომ საქმის არსებითი განხლვისას, არ დადასტურებულა 2019 წლის 1 ოქტომბერს, დ. მ-ს რ-ი ყოფნა და ასევე, ვერ დადგინდა მისი გარდაცვალების დრო.

6. კასატორმა - მსჯავრდებულების მ. ღ-სა და დ. დ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ნაწილობრივ გაუქმება - მ. ღ-სა და დ. დ-ს ნაწილში და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა. მოცემულ საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები (რომელსაც ეფუძნება რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ) არ ქმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დ. დ-მა და მ. ღ-მა ჩაიდინეს მათთვის ბრალადშერაცხული დანაშაული.

7. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ო-ა მოითხოვა გ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე სხვა მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა, ხოლო გ. ა-ს ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლო ერთადერთ მტკიცებულებად მიიჩნევს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რა დროსაც გ. გ. უთითებს კონკრეტულ ადგილებზე. აღნიშნული მტკიცებულება მოპოვებულია კანონის დარღვევით. იმ დროისათვის, გ. გ-ს ჰყავდა ადვოკატი, რომელიც არ დაუშვეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე. ადვოკატის განცხადებებით დგინდება, რომ საქმეზე წარდგენილი აქვს ორდერი, იგი პოლიციაში იმყოფება და არ ახვედრებენ გ. გ–ს. მხოლოდ მას შემდეგ მიუყვანეს ადვოკატი, რაც უარი განაცხადა ამოცნობაზე. გ. გ-თან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში არ არის აღნიშნული: როდის, რომელ საათზე, რომელ ქუჩაზე იმყოფებოდნენ და ა.შ.. ჩვენებებში მითითებულია, რომ ზ. ჯ-სა და გ. ა-ს ჰქონდათ დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა დ. მ-ესთან, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ადასტურებს ინფორმაციის წყაროს, თუ ვისგან გაიგეს აღნიშნული და რა საკითხს შეეხებოდა კონფლიქტი.

8. კასატორმა - მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ხ-მ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება ზ. ჯ-ს ნაწილში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს არ გამოკვლეულა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ. ჯ-ს კავშირს გ. გ-სა და სხვა პირებთან. არ დადასტურებულა ზ. ჯ-ს წინასწარი შეთანხმება რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის - გ. გ–სა და სხვა პირებთან. მოსამართლე საქმეზე მთავარ მტკიცებულებად მობილური ოპერატორებიდან ამოღებულ დეტალურ ინფორმაციას ვერ გამოიყენებს იმ მიზეზით, რომ ზ. ჯ. არ სარგებლობდა მობილური ტელეფონით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის, მოწმის, ს. ბ-ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზ. ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სისხლიანი ტანსაცმელი მას ეკუთვნის, რომელიც ეცვა 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, დ. მ-ესთან კონფლიქტის დროს და დატოვებული ჰქონდა ძმასთან. დადასტურებულია, რომ ზ. ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღნიშნული ტანსაცმლის ამოღებისას, ზ. ჯ-ს მეუღლემ, ნ. მ-მ წარადგინა ლურჯი პერანგი და რუხი პიჯაკი, სხვა ტანსაცმელთან ერთად, რომელიც მისივე განმარტებით, ეკუთვნოდა მის მეუღლეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტანსაცმლის ამოღების მერე, როგორც ჩხრეკის ოქმში, ისე მას შემდეგ, ნ. მ-ს პრეტენზია, რომ - ამოღებული ტანსაცმელი ზ. ჯ-ს არ ეკუთვნოდა, არ გაცხადებულა. ნ. მ. მოწმის სახით ბრალდების მხარეს არ გამოუკითხავს და არც დასაკითხ პირთა სიაში შეუყვანია. ბრალდებულებმა დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს განმარტეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ინფორმაცია, რომელიც მათ გამოძიების ეტაპზე მიაწოდეს საგამოძიებო სამსახურს, არასწორია, კერძოდ, იგი მიღებულია ფსიქოლოგიური ზეწოლით. შესაბამისად, ვინაიდან ბრალდებულებმა - გ. გ-მა, მ. ღ-მა, დ. მ-მ და დ. დ–მა ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი, მათთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, არ უნდა ჩაითვალოს მტკიცებულებად.

9. დაცვის მხარემ, კერძოდ, მსჯავრდებულ ზ. ჯ-სა და გამართლებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ხ-მ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ პროკურორის საჩივრის მოთხოვნა - გ. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამამტყუნებელი გადაწყვეტილებით შეცვლის ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ხოლო პროკურორის მოთხოვნაზე - ზ. ჯ-ს მიმართ დადგენილი სასჯელის დამძიმების ნაწილში, ვინაიდან დაცვის მხარეს შემოტანილი აქვს საკასაციო საჩივარი მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით, ადვოკატმა შესაგებელში პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

10. 2023 წლის 26 ივნისს, პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და მსჯავრდებულებს - მ. ღ-სა და დ. დ–თან 2023 წლის 22 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ:

დ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით;

მ. ღ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით.

11. 2023 წლის 7 ივლისს, საკასაციო სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორებმა - ხატია გოგრიჭიანმა და ლევან ლაზარეშვილმა, მსჯავრდებულებმა - დ. დ-მა, მ. ღ-მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. მ-ა. ამავდროულად, მ. ღ-მა, დ. დ-მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი. მ-ა სასამართლოს წინაშე ითხოვეს საკასაციო საჩივრის (მ. ღ-სა და დ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს) - განუხილველად დატოვება.

12. საკასაციო სასამართლო სხდომაზე მონაწილე პროკურორებმა - ხატია გოგრიჭიანმა და ლევან ლაზარეშვილმა, მსჯავრდებულ დ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. მ-მ, მსჯავრდებულ გ.გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. ო-ა, მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - თ. ხ-მ მხარი დაუჭირეს მათი საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვეს დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრები, წარმოდგენილი შუამდგომლობები და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულების - მ. ღ-სა და დ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი და უნდა დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება გაფორმებული - პროკურორ ხატია გოგრიჭიანსა და მსჯავრდებულ დ. დ–ს, აგრეთვე - პროკურორ ხატია გოგრიჭიანსა და მსჯავრდებულ მ. ღ-ს შორის; ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის - ლევან ლაზარეშვილის, მსჯავრდებულ დ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ - მ. მ-ს საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - გ. ო-სა და მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - თ. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მსჯავრდებულ - მ. ღ-სა და დ. დ-თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება საკასაციო სასამართლოში:

საკასაციო პალატა პირველ რიგში, განიხილავს მ. ღ-სა და დ. დ-თან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შესაბამისობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამის ნორმებთან, ხოლო შემდეგ იმსჯელებს დაცვისა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრების მოთხოვნებსა და მათ საფუძვლიანობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.

საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.

საკასაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. დ-მა განაცხადა, რომ იგი თავს დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში და სრულად დაეთანხმა მოწმის სახით მიცემული გამოკითხვის ოქმს. 2019 წლის სექტემბრის ბოლოს, მასთან მივიდა დ. მ. და უთხრა, რომ მის დას დაემუქრა ვიღაც, რომლის ნახვაც სურდა მის სიძეს (ზ. ჯ-ს), მაგრამ ვერ ახერხებდა, ვინაიდან, ეს პირი მოძრაობდა იარაღით. დ. მ-მ სთხოვა, დაეკავებინა ეს პირი და მიეყვანათ ზ. ჯ-სთან. მან დახმარება აღუთქვა. 1-ლ ოქტომბერს, მეგობარ ა. ბ-ს გამოართვა მანქანა (ბე-ემ-ვე), შეცვალეს ნომრები, შემდეგ გაუარეს მ. ღ-ს და სამივე მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში წავიდნენ. ადგილზე თ-დან ჩამოვიდა ზ. ჯ, რომელმაც თქვა, რომ თ–ი, დახვდებოდნენ მისი მეგობრები - გ. გ. და გ. ა, რომლებიც აუხსნიდნენ დანარჩენს. მართლაც, წავიდნენ თ-ი, სადაც ც-ს ქუჩაზე ,,X6“ ავტომობილით დახვდნენ - გ. და ა. შეთანხმდენენ, რომ ავტომანქანა ,,X6“-ს გაჰვებოდნენ უკან, გ. ჩაისვამდა ამ პირს მანქანაში და ხალხისაგან მოშორებით, გააჩერებდა ავტომანქანას, სადაც დაკავების ინსცენირება უნდა მომხდარიყო. ისინი გაჰყვნენ გ. გ-ს, რომლის მანქანაშიც ჩაჯდა პირი. ერთ-ერთ მისამართზე, ავტომანქანა გაჩერდა, მათაც უკან გაუჩერეს და პოლიციის ფორმებში ჩაცმულებმა ,,დააკავეს“ დ-ი. მას ნამდვილად ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე მობილური, რომლებიც ამოუღეს. ჩავსვეს თავის მანქანაში და წამოიყვანეს რ-ი. მ-მ დარეკა და რამდენიმე წუთში მერსედესის მარკის ავტომობილით მივიდნენ - ზ. ჯ. და ა, რომელთაც გადაუსვეს ეს პირი. ტრანზიტული ნომრები და ამოღებული ნივთები გადაყარეს მ–ი.

მსჯავრდებულმა მ. ღ-მა საკასაციო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, ეთანხმება გამოძიების სტადიაზე მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას. დ. მ-მ მ. ღ-ს დახმარება სთხოვა, ვინაიდან, მის დას პრობლემა ჰქონდა თავისი სიძის ყოფილ მეგობართან. მას ბიჭებმა საცხოვრებელ ბინასთან გაუარეს და მ-ს ბინასთან წავიდნენ. იქ მოვიდა ზ. ჯ, რომელმაც აუხსნა სიტუაცია. შემდეგ ისინი წავიდნენ ც-ე, სადაც მათ უნდა დახვედროდათ - გ. და ა. გადაწყდა, რომ გაჰყვებოდნენ ,,X6-ს“ ფირმის ავტომობილს, გ. ჩაისვამდა აწ გარდაცვლილს მანქანაში და ისეთ ადგილას გააჩერებდა, რომ მათ გადაესვათ. ასეც მოხდა. გაჰყვნენ უკან, გადაისვევს მანქანაში და იარაღი ჩამოართვეს. შემოვლითი გზით წავიდნენ რ–ი. მ-მ დაურეკა ზ-ს. 15 წუთში მოვიდნენ - ა. და ჯ, რომლებსაც აღნიშნული პირი გადასცეს. დ. მ-მ ამოღებული ნივთები და ტრანზიტული ნომრები მ-ში გადაყარა.

მსჯავრდებულებმა - მ. ღ-მა და დ. დ-მა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოითხოვეს მათსა და პროკურორ ხატია გოგრიჭიანს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას დ.დ-სა და მ. ღ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მსჯავრდებულთა განმარტებით, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ადვოკატისაგან ეფექტური დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს, სრულად აცნობიერებენ შეთანხმების, მათ შორის - ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; დ. დ. და მ. ღ. სრულად აცნობიერებენ დანაშაულს, რომელთა ჩადენაშიც ბრალი ედებათ, სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულთათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელთა ჩადენასაც ისინი აღიარებენ, მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ დ. დ. და მ. ღ. სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, სრულად აღიარებენ ბრალს და ეთანხმებიან პროკურორს სასჯელის ზომაზე.

საკასაციო სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულ დ-------- დ-----–---–სა და მ. ღ-სათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა. დ. დ, მ. ღ. და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. დ. დ. და მ. ღ. ასევე აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულთა პიროვნებას, მათ ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მოტივსა და მოვალეობათა დარღვევის ზომას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

ამდენად, პროკურორ ხატია გოგრიჭიანის შუამდგომლობა მსჯავრდებულების - დ. დ-სა და მ. ღ-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულების - დ. დ-ს, მ. ღ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ი. მ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის (მ. ღ-სა და დ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - ნ. გ-ს) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული; ხოლო საპროცესო შეთანხმება პროკურორ ხატია გოგრიჭიანსა და მსჯავრდებულ დ. დ–ს, პროკურორ ხატია გოგრიჭიანსა და მსჯავრდებულ მ. ღ-ს შორის უნდა დამტკიცდეს მასში ასახული პირობების შესაბამისად.

3. ზ. ჯ-ს, გ. გ-ს, დ. მ-სა და გ. ა-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები:

რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს - ზ. ჯ-ს (დამნაშავედ ცნობილი - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 1-ლ ოქტომბერს მოქმედი რედაქციით), გ. ა-ს (გამართლებული - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2019 წლის 1-ლ ოქტომბერს მოქმედი რედაქციით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), გ. გ–სა (დამნაშავედ ცნობილი - საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და დ. მ-ს (დამნაშავედ ცნობილი - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), მათ მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საკასაციო პალატა ცალკე გააანალიზებს. ბრალდების შესახებ დადგენილების ფაბულის შინაარსისა და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დ. მ-ს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას, ხოლო შემდგომში, მის განზრახ მკვლელობას (დამამძიმებელ გარემოებებში), წინ უძღოდა გარკვეული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც საბოლოო ჯამში დაკავშირებულნი არიან დანაშაულის ჩადენის სუბიექტურ მხარესთან, განზრახვასთან. მეტი თვალსაჩინოებისათვის, საკასაციო პალატა განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს ორ ნაწილად: შემთხვევის დღემდე განვითარებულ და უშუალოდ შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებად და წარმოდგენილი მტკიცებულებების ფონზე, მათ ცალ-ცალკე გააანალიზებს.

3.1. შემთხვევის დღემდე განვითარებული მოვლენები, დანაშაულის ჩადენის მოტივი:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად - გ. ა-ა და ზ. ჯ-მ დ. მ-ესთან დაპირისპირების გამო, მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთა და შურისძიების მოტივით მისთვის სიცოცხლის მოსპობა დაგეგმეს. ამდენად, მნიშვნელოვანია წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თავდაპირველად შეფასდეს ნამდვილად იკვეთება თუ არა შურისძიების მოტივი და თუ - კი, რას ეფუძნება იგი.

განსახილველ ნაწილში საკასაციო სასამართლო აფასებს მათ შორის - მოწმეების: დაზარალებულის უფლებამონაცვლის დ. დ-ის, ნ. დ-ის, მ. მ-ს, გ-ა დ-ის, თ. ლ-ს, ლ. ღ-ს, თ. ჯ-ა და ს. ბ-ს ჩვენებებს. ხსენებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით დგინდება რამდენიმე გარემოება, კერძოდ, რომ: გარდაცვლილი დ. მ-ე კარგად იცნობდა, მეტიც, წარსულში მეგობრობდა - გ. ა-თან, გ. გ-სა და ზ. ჯ-სთან, გარკვეული ხნის შემდეგ კი, გ. ა-სა და ზ. ჯ-სთან ჰქონდა კონფლიქტი; შემთხვევამდე მცირე ხნით ადრე, კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში, მოწმეები მიუთითებენ დ. მ-ესა და ს. ბ--ს (ზ. ჯ-ს ძმა) შორის მომხდარ კამათზე/ინციდენტზე. აღნიშნული ფაქტი თავის მხრივ, დამატებით მიუთითებს პირთა შორის დაპირისპირების ხარისხსა და ფარგლებზე, კერძოდ:

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის - დ.დ-ის განმარტებით, მის გარდაცვლილ ვაჟს, ზ. დ-ს გვარი ჰქონდა შეცვლილი და რეგისტრირებული იყო, როგორც - დ. მ-ე. მისი შვილი მეგობრობდა - გ. ა-თან, გ.გ-სა და ზ. ჯ-სთან. ამასთან, გ. ა. იყო მისი შვილიშვილის ნათლია. მისთვის ცნობილია, რომ ბოლო წლებში მის ვაჟს გ. ა-სა და ზ. ჯ-სთან ჰქონდა კონფლიქტი, მაგრამ მიზეზი მისთვის უცნობია.

მოწმე მ. მ-ს განმარტებით, მის ვაჟს დ. მ-ეს, კონფლიქტი ჰქონდა ზ. ჯ-სა და გ. ა-თან, რის გამოც იყო მუდმივ შიშში. გადმოცემით იცის, რომ მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, ზ. ჯ-ს ძმას - ს. ბ-ს თავი ჩაურტყამს სახეში დ. მ-სათვის. მისთვის ცნობილია, რომ მისი ვაჟის - დ. მ-ს შიშები გამოწვეული იყო ზ. ჯ-სა და გ. ა-ს მხრიდან მუქარით. მისი განმარტებითვე, გარდაცვალებამდე მის შვილს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გ. გ-თან.

მოწმე ნ. დ-ის განმარტებით, დაახლოებით შვიდი-რვა წლის წინ, ზ. ჯ--სა და გ. ა-ს კონფლიქტი ჰქონდათ მის ძმასთან, აწ გარდაცვლილ დ. მ-ესთან. მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში, ლ. ღ-ე მიაგზავნეს ზ. ჯ-სთან, მაგრამ ვერ შერიგდნენ. მათი შეხვედრისას, ს. ბ. ფიზიკურად შეხებია დ. მ-ეს. დ. მ-ეს კონფლიქტი მოსვლია ლ. ღ-ესთანაც. მისი ძმისგან (დ. მ-სგან) გაგებული ჰქონდა, რომ გ. ა. და ზ. ჯ. რაღაცას უმზადებდნენ.

მოწმე გ-ა დ-ის ჩვენებით, არის გარდაცვლილ დ. მ-ს მეუღლე. მისთვის ცნობილია, რომ მის მეუღლეს ბოლო ექვსი-შვიდი წელია, კონფლიქტი ჰქონდა ზ. ჯ-სა და გ. ა-თან. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ 2019 წლის სექტემბერში, მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, ს. ბ-ს თავი ჩაურტყამს სახეში მისი მეუღლისთვის, რის გამოც მის მეუღლეს თვალი ჰქონდა ჩალურჯებული.

მოწმე თ. ლ-ს ჩვენებით, იცნობს გ. გ–ს, ზ. ჯ-სა და გ. ა-ს. გარდაცვლილი დ. მ-ე იყო მისი მეგობარი. 2019 წლის 18 სექტემბერს, დ. მ-ე დაუკავშირდა ტელეფონით და სთხოვა, დახვედროდა ხ-ი. დღის გარკვეული პერიოდი გაატარეს ერთად. მოგვიანებით, დაშორებიდან რამდენიმე საათში, დაუკავშირდა დ. მ-ე, რომლისგანაც გაიგო, რომ კამათი მოსვლია ს. ბ-სა და ლ. ღ-ესთან და სთხოვდა თ-ი წაყვანას. შელაპარაკების მიზეზი მისთვის უცნობია. მან იმავე საღამოს წაიყვანა თ-ი დ. მ-ე და დატოვა მ-ი მდებარე მისავე საცხოვრებელ სახლში. გზაში მსვლელობისას, დ. მ-სთვის რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია. არ პასუხობდნენ ლ. ღ-ს ზარებს.

მოწმის სახით დაკითხული ლ. ღ-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ იცნობს გ. გ–ს, ზ. ჯ-სა და გ. ა-ს. ასევე იცნობდა გარდაცვლილ დ. მ-ეს. 2019 წლის 18 სექტემბერს, საღამოს, დ. მ-ე მივიდა ხ–ი მდებარე მის ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდა ზ. ჯ-ს ძმა - ს. ბ. უცებ, ს. ბ-მ თავი დაარტყა დ. მ-ეს, რაზეც ატყდა ჩოჩქოლი. იმ საღამოსვე დაურეკა დ. მ-ეს და შეხვდა. აუხსნა, რომ ს. ბ-მ თავი იმიტომ დაარტყა, რომ მისასალმებლად გაწვდილი ხელი არ ჩამოართვა. მოულოდნელად, დ. მ-ემ აიღო რაღაც რკინის საგანი, რომელიც სამოც სანტიმეტრამდე გაიშალა და ჩაარტყა თავში, საფეთქელთან.

მოწმე თ. ჯ. ჩვენებით დადასტურებულია, რომ გარდაცვლილი დ. მ-ე იყო მისი მეგობარი. 2019 წლის 18 სექტემბერს ხ-ი, საღამოს დ. მ-ე მივიდა მის ოჯახში და სთხოვა, მიეყვანა ლ. ღ-ს სანახავად. მან დ. მ-ე ლ. ღ-ს ოფისში მიიყვანა და დატოვა მისივე თხოვნით. დაახლოებით თხუთმეტ წუთში, დაურეკა დ. მ-ემ და უთხრა, რომ მის სახლთან იყო მისული. ჩასვლისას ნახა, რომ დ. მ--ეს თავზე მაისური ჰქონდა შემოხვეული. უთხრა, რომ ს. ბ-მ თავი ჩაარტყა სახეში. მათთან ლ. ღ-ე მივიდა და დ. მ-ე ცალკე გაიყვანა სალაპარაკოდ. მათ შორის დაძაბული საუბარი განმუხტა კ. ც-ნ ერთად.

მოწმის სახით დაკითხული ს.ბ-ს ჩვენებით, არის ზ. ჯ-ს ძმა. იცნობს გ. ა-ს, გ. გ-სა და დ. მ-ს. ბავშვობიდან იცნობდა გარდაცვლილ დ. მ-ეს და მასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა ბოლო ექვსი-შვიდი წელი არ ჰყავდა ნანახი ამ უკანასკნელის საზღვარგარეთ ყოფნის გამო. 2019 წლის 17-18 სექტემბერს, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, საღამოს, ხ-ი, ლ. ღ-ს ოფისში დ. მ-ეს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. იმის გამო, რომ არ ჩამოართვა, გაბრაზებულმა თავი ჩაარტყა სახეში.

კასატორი - გ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივარში აპელირებს, რომ მოწმეები ვერ ადასტურებენ თუ რა საკითხს შეეხებოდა კონფლიქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როდესაც კონკრეტულ ფაქტს წინ უძღვის რაიმე სახის კონფლიქტი, რომელიც შემდგომ ხდება გარკვეული მოტივის, განზრახვის განმაპირობებელი ფაქტორი, სავალდებულო არ არის მისი კონკრეტული შინაარსის ცოდნა, ვინაიდან, რიგ შემთხვევაში, მოცემული კონფლიქტის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა პირი არც უმხელდეს მიზეზს თავის ახლობლებს, რაც არ გამორიცხავს ცალკე აღებული დაპირისპირების არსებობასაც, რაზეც მოცემულ შემთხვევაში, არაერთმა მოწმემ მიუთითა. ზოგადად, დაძაბული ვითარების არსებობას დამატებით, მიუთითებს ზ. ჯ-ს ძმასთან მომხდარი წინარე ინციდენტიც.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნაწილში დაცვის მხარის ხსენებული არგუმენტი ვერ გახდის საეჭვოს ბრალდების შესახებ დადგენილების იმ ნაწილს - სადაც საუბარია გ. ა-სა და ზ. ჯ-ს დ. მ-ესთან დაპირისპირების თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული ფაქტიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ, მოვლენები ვითარდება იმგვარად, რომ დ. მ-ე იკარგება, კერძოდ, ნ. დ-ის 2019 წლის 2 ოქტომბრის განცხადების თანახმად, 2019 წლის 1-ლ ოქტომბერს, საცხოვრებელი სახლიდან გავიდა მისი ძმა, დ. მ-ე, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. აღნიშნული განცხადების პარალელურად, საკასაციო პალატა დეტალურად აფასებს იმ ინფორმაციას, რომელიც ოჯახს დ. მ-ს ბოლო ადგილსამყოფლის თაობაზე - ნ.ბ-სგან და აწ გარდაცვლილის მეგობრისგან - გ. გ-საგან გააჩნდა, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის დ. დ-ის განმარტებით, 2019 წლის 2 ოქტომბერს დაურეკა ქალიშვილმა ნ. დ-მა, აცნობა, რომ დ. მ-ე ღამე სახლში არ მისულა და რომ, მობილური ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. როგორც გაირკვა, იგი ბოლოს, ვინმე „ბ-ნ“ (ნ. ბ-სთან) ერთად ყოფილა. თავად ნ. ბ-ს განმარტებით დაადგინეს, რომ მასთან საუბრის შემდეგ, დ. მ-ე გ. გ-ს ავტომანქანით წასულა, თუმცა, თავად გ. გ. დ. მ-ესთან ერთად წასვლას უარყოფდა. დ. მ-ს გაუჩინარების თაობაზე აცნობეს პოლიციას. ამავე დროს, იმ ადგილას, სადაც „--(ნ. ბ) და გ. გ. დ. მ-ს ნახვას ადასტურებდნენ, გასართობ ცენტრ „ჰ-ის“ კამერებში ნახეს, რომ მისი ვაჟი, დ. მ-ე გ. გ–ს ჩაუჯდა მანქანაში და ერთად წავიდნენ. კამერების ნახვის შემდეგ, 4 ოქტომბერს, გ. გ–მა დაუდასტურა, რომ დ. მ-ე მართლაც ჩაუჯდა მანქანაში. მოწმის განმარტებით, მას ჰქონდა რეგისტრირებული „მაკაროვის“ სისტემის იარაღი, რომელსაც კარადაში ინახავდა და გასაღებიც მხოლოდ მას ჰქონდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ იარაღი ადგილზე აღარ იყო. მისი აზრით, მის შვილს საფრთხე ელოდა და ამიტომ აიღო მისი იარაღი.

მოწმე ნ. დ-ის განმარტებით, 2019 წლის 2 ოქტომბერს მისი რძლის გ-ა დ-ისაგან შეიტყო, რომ ღამით, დ. მ-ე სახლში არ მისულა და ტელეფონიც გათიშული ჰქონდა. გასართობ ცენტრ „ჰ-ის“ კამერებში ნახეს, რომ დ. მ-ე გ. გ–ს ჩაუჯდა მანქანაში და ერთად წავიდნენ. გ. გ–მა თავდაპირველად, უარყო დ. მ--ესთან შეხვედრა, თუმცა, „ჰ-ის“ კამერების ნახვის შემდეგ დაადასტურა, რომ დ. მ-ე მართლაც ჩაუჯდა მანქანაში, მაგრამ აღნიშნავდა, რომ გზაში დ. მ-ე სხვასთან გადაჯდა. მოგვიანებით თქვა, რომ დ. მ-ე იარაღით ყოფილა და პოლიციელებს წაუყვანიათ რ-ი. გ. გ. ერთ-ერთი პოლიციელს, გვარად მ-ს ასახელებდა. მან გ. გ-ს საუბარი ფარულად ჩაიწერა ტელეფონით და გადასცა გამომძიებელს.

2019 წლის 5 ოქტომბერს ნ.დ–ს, დ. დ-ს, მ. ქ-სა და გ. გ–ს შორის შემდგარი შეხვედრისა და საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის თანახმად, გ. გ. მათ უდასტურებს, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაურეკა დ.მ-ეს, გაიყვანა სახლიდან და მიუთითა ტერიტორიაზე, სადაც ჩამოსვა იმ მიზნით, რომ დ. მ-ე უნდა შეხვედროდა მისთვის უცნობ პირებს. ამავე ჩანაწერის მიხედვით, გ. გ. აცხადებს, რომ გზაში დ. მ-ე მობილურით ელაპარაკებოდა ვიღაცას.

მოწმე ნ. დ-ის მიერ წარდგენილ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს შსს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N-- დასკვნის თანახმად:

1) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო აუდიოჩანაწერში: „20191005-141005.m4a“ მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ. გ-ს ხმის;

2) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერს „20191005-141005.m4a“ მონტაჟის კვალი არ აღენიშნება.

აღნიშნული დასკვნის ავთენტიკურობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დასკვნის გამცემმა ექსპერტმა - ე. კ–მა, რომლის განმარტებითაც, კვლევის შედეგად გაცემული დასკვნა კატეგორიულია და ცდომა არ არსებობს.

გასართობი ცენტრი „ჰ-ის“ კამერების ჩანაწერებით, რომელიც გამოკვლეულ იქნა მოწმე ნ. დ-ის თანდასწრებით, დადასტურებულია, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, 19:59 საათზე კადრში ჩნდება თეთრი ,,BMW-ს“ მარკის ჯიპი, რომლის ნომერიც არ ჩანს. 20:01 საათზე გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი. ნ. დ-ის განმარტებით, მისი ძმა დ. მ-ე ელაპარაკება ახალგაზრდა მამაკაცს ნ. ბ-ს, იგივე „ბ-ს.“ რამდენიმე წუთის შემდეგ, მისი ძმა აღებს თეთრი მანქანის კარს და ჯდება მასში. ჩაჯდომისას, კადრში ჩანს მხოლოდ მამაკაცის ფეხი. მოწმის განმარტებით, ეს მისი ძმა დ. მ-ეა, რომელიც ჯდება გ. გ-ს ავტომანქანაში. იგივე დაადასტურა აღნიშნული კადრის ნახვისას, ნ. ბ-მაც.

დ. მ-ს მობილური ტელეფონის ---- დეტალური ინფორმაციით დადასტურებულია, რომ დ. მ-ს მობილური ტელეფონის ნომერზე 2019 წლის 1 ოქტომბერს, 19:59 საათზე ბოლო სატელეფონო ზარი დაფიქსირებულია გ. გ-ს მობილური ტელეფონიდან.

მოწმე გ-ა დ–ის ჩვენებით (გარდაცვლილ დ. მ-ს მეუღლე), 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს რვა საათზე, მისი სახლში დაბრუნების შემდეგ, მეუღლე გავიდა სახლიდან. სახლიდან გასვლისას ეცვა ლურჯი შორტი, სპორტული ფეხსაცმელი და ზოლიანი ღია ფერის მაისური. მისი ჩაცმულობის გამო იფიქრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. დ. მ-ე სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით -------- დ. მ-ე მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მოგვიანებით, ტელეფონი გაითიშა. მეუღლის მეგობრებს, მათ შორის გ. გ-საც ურეკავდა და კითხულობდა, რაიმე ხომ არ იცოდნენ. გ. გ. პასუხობდა, რომ საერთოდ არ ჰყავდა იმ დღეს ნანახი. მოგვიანებით, „ჰ--ის“ კამერების ჩანაწერებით აღმოჩნდა, რომ ეზოში ნ. ბ-სთან საუბრის შემდეგ, დ. მ--ე გ. გ–ს ჩაუჯდა მანქანაში და წავიდნენ, რაც საუბარში დაადასტურა ნ. ბ-მაც. „ჰ-ის“ კამერების ჩანაწერების ნახვის შემდეგ, გ. გ. არწმუნებდათ, რომ დ. მ-ე პოლიციას ჰყავდა გატაცებული და მალე დაბრუნდებოდა. მოგვიანებით, ისიც გაიგეს, რომ ზ. ჯ-ს ნათესავი იყო პოლიციელი მ.

მოწმე ნ. ბ-ს ჩვენებით (ზედმეტსახელად - „-), დ. მ-ე გაიცნო მეტადონით ჩანაცვლებითი პროგრამით მკურნალობისას. დ-მა 2019 წლის სექტემბრის ბოლოს გააცნო გ. გ, რომელიც იმყოფებოდა ,,BMW-ს“ მარკის, თეთრი X-6-ით. 2019 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს შეხვდა დ. მ-ეს, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ კორპუსთან. გამოლაპარაკებისას, დ. მ-სგან გაიგო, რომ გ. გ-თან ერთად აპირებდა გასვლას; მასთან საუბრის დამთავრებისთანავე, ჩაჯდა თეთრ ავტომანქანა X-6-ში. მოწმე ნ. ბ-ს წარედგინა „ჰ-იდან“ ამოღებული კამერის ჩანაწერი, რომელზეც დაადასტურა, რომ კადრში შარვლიანი არის თვითონ, მოკლე შარვალი (ბრიჯი) კი აცვია დ. მ-ეს. თეთრი ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა X-6-ით არის გ. გ, რომლის მანქანაშიც ჯდება დ. მ-ე.

მოწმის სახით დაკითხული, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს გამომძიებლის, ნ. ლ-ს ჩვენებით, წარმოებაში ჰქონდა სისხლის სამართლის საქმე დ. მ-ს გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით. გამოიკითხა გ. გ. (რომელიც დ. მ-ს ოჯახის წევრების განმარტებით, დ. მ-ეს შეხვდა ბოლოს). გამოკითხვისას, გ. გ-მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, მან დაურეკა დ. მ-ეს, შეხვდა მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ხოლო შემდეგ დაშორდა.

მოწმის სახით დაკითხული რ მ--ს ჩვენებით, გ. გ-თან, გ. ა-სა და ზ. ჯ-სთან აქვს მეგობრული ურთიერთობა. ასევე მეგობრობდა აწ გარდაცვლილ - დ. მ–ესთან. მეგობრისგან, თ. ლ-სგან გაიგო დ. მ-ს გაუჩინარების შესახებ. იგი თ. ლ-ნ ერთად მივიდა დ. მ-ს სახლში, სადაც დახვდნენ დ. მ-ს ოჯახის წევრები და ნ. ბ. იქ გაიგო, რომ გაუჩინარებული დ. მ-ე, წინა საღამოს გ. გ-ს ჩასჯდომია თეთრ ავტომანქანა X-6-ში და მასთან ერთად წასულა. ამის შემდეგ, მან დაურეკა გ. გ–ს, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა, მაგრამ უთხრა, რომ ორი წუთის შემდეგ, გადავიდა. კამერების ჩანაწერების ნახვის შემდეგ, გ. გ. დ. მ-ს სახლში დაიბარეს. მან დაადასტურა მისი ავტომანქანა X-6-ით დ. მ-ს წაყვანა და განმარტა, რომ დ. მ-ს თხოვნით არ ამხელდა ამ ინფორმაციას.

მოწმე თ. ლ-ს ჩვენებით, იგი იცნობს გ. გ–ს, ზ.ჯ-სა და გ. ა-ს. გარდაცვლილი დ. მ-ე კი იყო მისი მეგობარი. 2019 წლის 2 ოქტომბერს გ-ა დ-ისგან გაიგო, რომ დ. მ-ე ღამე სახლში არ მისულა და დახმარება სთხოვა. შეიკრიბნენ დ. მ-ს სახლში. შეკრებილ მეგობრებს შორის იყო გ. გ-ც, რომელიც უარყოფდა დ. მ-ესთან შეხვედრას. ორი დღის შემდეგ, გ-ა დ-ისგან უკვე იცოდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრის საღამოს, დ. მ-ე გ. გ-ს წაუყვანია თავისი ავტომანქანით. გ. გ-თან განმეორებით შეხვედრისას, გ. გ-მა აღიარა, რომ იმ საღამოს თეთრი X-6-ით წაიყვანა დ. მ-ე, თუმცა სად - არ უთქვამს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზემოაღწერილი მტკიცებულებების მიხედვით, გ. გ. წარმოადგენს უკანასკნელ პირს, რომელთანაც დ. მ-ეს მის გაუჩინარებამდე ჰქონდა უშუალო კონტაქტი. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც გ. გ. დ. მ-ს ოჯახის წევრებს ან/და მეგობრებს აწვდიდა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. გ. დ. მ-ესთან კომუნიკაციის თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო და არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა როგორც აწ გარდაცვლილის ოჯახს, ისე - სამართალდამცავ ორგანოს, კერძოდ:

თავდაპირველად, დ. მ-ს ოჯახი ნ.ბ-სგან იგებს, რომ დ. მ-ე მასთან საუბრის შემდეგ, გ. გ-ს ავტომანქანით წავიდა, თუმცა, თავად გ. გ. დ. მ-ესთან ერთად წასვლას უარყოფს. მხოლოდ, კამერების ნახვის შემდეგ, დაადასტურა გ. გ–მა, რომ დ. მ-ე მართლაც ჩაუჯდა მანქანაში, მაგრამ მოწმე ნ. დ-ის განმარტებით, გ. გ. აღნიშნავდა, რომ გზაში დ. მ-ე სხვასთან გადაჯდა. მოგვიანებით, კი თქვა, რომ დ. მ-ე იარაღით ყოფილა და პოლიციელებს წაუყვანიათ რ-ი. მოწმე გ-ა დ--ის ჩვენებით, გ. გ. არწმუნებდათ, რომ დ. მ-ე პოლიციას ჰყავდა გატაცებული და მალე დაბრუნდებოდა. თუმცა, როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, თავად საგამოძიებო ორგანოში გ. გ–მა გამოკითხვისას განაცხადა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მან დაურეკა დ. მ-ეს, შეხვდა მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და დაშორდა.

დაცვის მხარე უთითებს, რომ მოწმეები - ნ. დ-ი და გ-ა დ-ი სასამართლოს აწვდიან ცრუ ინფორმაციას, რომ გ. გ–მა მათ უამბო გატაცების თაობაზე. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია რაიმე, უტყუარი სახის საფუძველი - ეჭვი შეიტანოს დ. მ-ს ოჯახის წევრთა ჩვენებებში. არ იკვეთება კონკრეტული ინტერესი, თუ რატომ უნდა განეცხადებინათ ცრუ ინფორმაცია ხსენებულ მოწმეებს დ. მ-ს მეგობართან მიმართებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გ. გ. ზემოაღნიშნული ვერსიის გარდა, მიუთითებდა სხვა ვერსიებზეც, რომლებიც ერთმანეთისგან იყო განსხვავებული. თავდაპირველად, საერთოდ უარყოფდა დ. მ-ესთან შეხვედრას. მოცემულ გარემოებებში, საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტს მოწმეების - ნ. დ-ისა და გ-ა დ-ის ჩვენებების შეფასების ნაწილში, ვერ გაიზიარებს.

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგი სახის ფაქტობრივ გარემოებებს:

- გ. ა. და ზ. ჯ. დ. მ-ესთან თავდაპირველად ერთმანეთთან მეგობრობდნენ, თუმცა, გარკვეული ხნის შემდეგ მათ შორის ადგილი ჰქონდა რამდენიმეწლიან დაპირისპირებას;

- შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში, ხ-ი, ლ. ღ-ს ოფისში, დ. მ-ესა და ს. ბ--ს (ზ. ჯ-ს ძმა) შორის იყო კამათი, რა დროსაც ს. ბ-მ დ. მ-ეს სახეში თავი დაარტყა;

- დაპირისპირების გამო, დ. მ-ე იყო მუდმივ შიშში (აღნიშნულზე მათ შორის მიუთითებს - მოწმე მ. მ-ე; ასევე - მოწმე დ. დ–ი, როდესაც განმარტავს, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ, აღმოაჩინა, რომ მისი იარაღი ადგილზე აღარ იყო; მისი აზრით, მის შვილს საფრთხე ელოდა და ამიტომ ატარებდა იარაღს);

- გ. გ. იყო დ. მ-ს მეგობარი; მტკიცებულებების მიხედვით, გ. გ. წარმოადგენს უკანასკნელ პირს, რომელთანაც დ. მ-ეს მის გაუჩინარებამდე (ნ. ბ-ს შემდეგ), ჰქონდა უშუალო კონტაქტი, კერძოდ, ჩაჯდა მის მანქანაში, რის შემდეგაც მისი კვალი ოჯახის წევრებისათვის სწორედ აქედან დაიკარგა;

- გ. გ. დ. მ-ს გაუჩინარების თაობაზე ურთიერთსაწინააღმდეგო და არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა როგორც აწ გარდაცვლილის ოჯახს, ისე - სამართალდამცავ ორგანოს, რაც თავის მხრივ, საფუძვლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გ. გ-ს ვერსიის უტყუარობას (მითუმეტეს, რომ ისინი მეგობრები იყვნენ) და თავის მხრივ, განამტკიცებს ბრალდების მხარის მითითებებს - მისი დანაშაულში კონკრეტული ფორმით თანამონაწილეობის შესახებ.

3.2. შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გაანალიზებს იმ მოვლენათა ქრონოლოგიას, რომელიც დ. მ-ს კვალის დაკარგვისა და ძებნის პარალელურად იქნა ჩადენილი - თავდაპირველად მისი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ხოლო შემდგომში კი მისი განზრახ მკვლელობით, დამამძიმებელ გარემოებებში (ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით).

დ. დ–სა და მ. ღ-თან 2019 წლის 7 ოქტომბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, დგინდება, რომ: 2019 წლის 1 ოქტომბერს, დ. დ. მივიდა რ–ი, ალ. მ-ს ქუჩაზე დ. მ--სთან უბანში, ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით: -----, საიდანაც მასთან ერთად, ავტომანქანაზე ნომრების შეცვლის მიზნით, წავიდნენ რ--ს სასაფლაოზე, სადაც შეცვალეს ნომრები და დააყენეს სხვა ნომრები. დ. დ. და მ. ღ. გამომძიებლებს უთითებენ და აჩვენებენ მ. ღ-თან შეხვედრის ადგილს, სადაც იგი ჩაისვეს ავტომანქანაში და გაემართნენ დ. მ-ს საცხოვრებელ კორპუსთან (მ--ს ქუჩაზე). რ-ი, დ. მ-ს საცხოვრებელ კორპუსთან შეხვდნენ ზ. ჯ-ს და მასთან საუბრის დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ავტომანქანით გაემართნენ თ–ი. ისინი უთითებენ კონკრეტულ ქუჩებს, რომელთა გავლით ,,BMW-ს“ მარკის მესამე სერიის ავტომანქანითა და უცხოური ნომრებით მივიდნენ - თ-ი, ც-ს ქუჩის N---თან, სადაც შეხვდნენ გ. გ-სა და გ. ა-ს და კიდევ ერთხელ შეათანხმეს დ. მ-ს სახლიდან მოტყუებით გამოყვანისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გეგმა. აღნიშნულის შემდეგ, გამომძიებლებს მიუთითეს ის ქუჩები, რომელთა გავლით ზემოაღნიშნული ავტომანქანით მივიდნენ დ. მ-ს საცხოვრებელ კორპუსთან - თ-ი, გ--ს ქუჩის N---თან და გაჩერდნენ მის მოპირდაპირე მხარეს, საიდანაც თვალყურს ადევნებდნენ გ. გ–ს, რომელიც ,,BMW X6-ის“ მარკის ავტომანქანით გაჩერებული იყო დ. მ-ს კორპუსთან და სწორედ მას უნდა გამოეყვანა დ. მ-ე სახლიდან. აღნიშნულის შემდეგ, მიუთითეს იმ ქუჩებზე, რომელთა გავლით მივიდნენ გ-ს მ--- მიკრორაიონის N- კორპუსთან, სადაც შებოჭეს დ. მ-ე, წაართვეს იარაღი, მობილური და გადასვეს თავის ავტომანქანაში. ბრალდებულებმა მიუთითეს მარშრუტზე, რომლის გავლითაც, თ-ს შემოვლითი გზით ზემოაღნიშნული ავტომანქანით მივიდნენ რ–ი, თ-ს ქუჩის ბოლოს, მ--ნ მიმავალი გრუნტიანი გზის დასაწყისიდან დაახლოებით, ორას მეტრში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც დ. მ-ე გადასცეს იქ ავტომანქანა „მერსედესით“ მისულ - გ. ა-სა და ზ. ჯ-ს. აღნიშნულის შემდეგ, დ. დ-მა და მ. ღ-მა გამომძიებლებს მიუთითეს ძველი და ახალი რ-ს დამაკავშირებელ ხიდთან არსებული ადგილზე, სადაც დ. მ-მ მ-ი გადაყარა ავტომანქანის ტრანზიტული ნომერი, დ. მ-ს მობილური ტელეფონი და „მაკაროვის“ სისტემის იარაღი (წერილობითი ფორმით გამოკვლეულია - პირველი ინსტანციის 2020 წლის 8 ივნისისა და 15 ივნისის სასამართლო სხდომებზე).

აღსანიშნავია, რომ იგივე ფაქტობრივი გარემოებებია დადასტურებული - დ. მ-ს 2019 წლის 7 ოქტომბერს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (წერილობითი ფორმით გამოკვლეულია - პირველი ინსტანციის 2020 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომაზე).

საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე გამომძიებლების - ს. ე-ს, ს. ღ-ს, გ. ქ-ს, ი. გ-ს და გ. ფ-ს ჩვენებებით.

დ. მ-ს, დ. დ-სა და მ. ღ-ს მსგავსად, საკასაციო სასამართლო სხდომაზე არ უღიარებია დანაშაული (რაც რათქმაუნდა, მისი უფლებაა) და მას არ დაუდასტურებია გამოძიების სტადიაზე მიცემული გამოკითხვის ოქმის შინაარსი. საკასაციო პალატა ხსენებულ საკითხს ეხება იმ კუთხით, რომ მოცემულ ვითარებაში პალატამ უნდა შეაფასოს რამდენად დაეყრდნობა დ. მ-ს მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო ექსპერიმენტს ოქმს (როგორც ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებას).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, როდესაც ბრალდებული აღარ ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, იგი საგამონაკლისო შემთხვევებში მაინც შესაძლოა იქნეს გამოყენებული, როგორც ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი სახის მტკიცებულება (გამოძიების სტადიაზე მიცემული აღიარებითი ჩვენების გამოკლებით); აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით (იხ. №424აპ-16, №561აპ-15, №682აპ-21, №569აპ-22), კერძოდ:

N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“

ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).

პალატამ სხვა საქმეში მიუთითა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად, სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩენილი იქნება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №682აპ-21 გადაწყვეტილება).

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მ. ღ-მა და დ. დ-მა საკასაციო სასამართლო სხდომაზე აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ამასთან, მიუთითეს, რომ ისინი ეთანხმებოდნენ მათი გამოკითხვის ოქმს/საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსს. რაც შეეხება, დ.მ-ს, საკასაციო სასამართლო მასთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აგრეთვე იყენებს მტკიცებულებად კუმულაციურად, ორ, კონკრეტულ არგუმენტზე დაყრდნობით:

პირველი არგუმენტის თანახმად, დ. მ-სთან, მ.ღ-სა და დ. დ-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი შემოიფარგლა არაერთი განსხვავებული, ერთმანეთისაგან დაშორებული ადგილით, კერძოდ:

პირველ სტადიაზე მათ მიუთითეს რ-ი არსებულ ლოკაციებზე, კერძოდ, ადგილზე, სადაც შეიცვალა ავტომანქანის ნომრები, სადაც დ. დ-მა და დ. მ-მ ავტომანქანაში ჩაისვეს მ. ღ. და სადაც შეხვდნენ ზ. ჯ-ს;

შემდეგ, მათი მითითებული ლოკაციები დაკავშირებულია - თ-ნ და მოიცავს რამდენიმე ადგილს, კერძოდ: ც-ს ქუჩას - სადაც ისინი შეხვდნენ გ. გ-სა და გ.ა--ს, დ. მ-ს საცხოვრებელ კორპუსთან მისვლას, საიდანაც - თვალყურს ადევნებდნენ გ. გ–ს და ლოკაციას, სადაც შებოჭეს დ. მ-ე, წაართვეს ნივთები და გადაისვეს თავის ავტომანქანაში;

მესამე ლოკაციად მითითებულია კვლავ რ-ე, სადაც უშუალოდ ხდება დ. მ-ს გადაცემა გ. ა-სა და ზ. ჯ-სათვის;

ხოლო მეოთხე ლოკაციად, მითითებულია ადგილზე, სადაც მ-ი გადაყარეს ტრანზიტული ნომერი და დ. მ-ს ნივთები.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, როგორ შეეძლოთ ბრალდებულებს მიეთითებინათ ამ რაოდენობის დეტალზე, ადგილზე, კონკრეტულ ლოკაციებზე შესაბამისი ქმედებების მითითებით. სრულიად არაბუნებრივია, დანაშაულთან დაუკავშირებელი პირი ფლობდეს ამ მოცულობის ინფორმაციას, მითუმეტეს ისეთი სახის გარემოებებთან მიმართებით, როგორებიც არის: დანაშაულის ჩადენის ფორმა, სტადიები, ერთმანეთისგან დაშორებული ლოკაციები, გადაადგილების კონკრეტული მარშრუტები და ა.შ..

მეორე არგუმენტის თანახმად, საგამოძიებო ორგანომ დაათვალიერა დ. მ--ს, მ. ღ-სა და დ. დ-ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს მითითებული გადაადგილების მარშრუტები, გამოიკვლია მითითებულ მარშრუტზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები და სატელეფონო მომსახურების ანძების მონაცემები, რომელიც თანხვდენილი აღმოჩნდა მათ მიერ გამოძიებისათვის მიწოდებულ ინფორმაციასთან. შესაბამისად, ხსენებული მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანომ მოიპოვა სწორედ მას შემდეგ, რაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ბრალდებულებმა საგამოძიებო ორგანოს მიუთითეს იმ კონკრეტულ, არაერთ ლოკაციაზე, რომლებიც უკავშირდებოდა როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისათვის მზადებას, ისე უშუალოდ ამ დანაშაულის აღსრულებას.

როგორც უკვე აღინიშნა, საგამოძიებო ორგანომ დაათვალიერა დ. მ-ს, მ. ღ-სა და დ. დ-ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს მითითებული გადაადგილების მარშრუტები, გამოიკვლია მითითებულ მარშრუტზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, რომელიც შეესაბამება საგამოძიებო ექსპერიმენტში ასახულ ლოკაციებს, კერძოდ:

შპს „პ. რ-ს“ ვიდეოჩანაწერებით: 2019 წლის 1 ოქტომბერს, 14:04 საათზე დ. დ. თავისი მართვის ქვეშ მყოფი მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით: ----, ასხამს საწვავს. 14:29 საათიდან 17:36 საათამდე პერიოდში, იგივე ავტომანქანა, რომელსაც უკვე შეცვლილი აქვს ქართული სანომრე ნიშნები, უცხოური სანომრე ნიშნებით - ------ ფიქსირდება რ-ს სხვადასხვა ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებში. იმავდროულად, დ. დ--ს, დ. მ-სა და მ. ღ-ს სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებს ემსახურებათ - რ–ი განთავსებული ანძები.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 14 მაისით დათარიღებული N…. ვიდეოექსპერტიზის დასკვნის თანახმად: წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე ასახული ავტომობილი სანომრე ნიშნით - ------- და ავტომობილი სანომრე ნიშნით - ------, ასევე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის ავტოსადგომზე განთავსებული ავტომობილი სანომრე ნიშნით - ------, არის ერთი და იგივე, ხოლო საქართველოს შსს საექსპეტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 23 დეკემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N--- დასკვნით დგინდება, რომ თ. წ. ხიდის დამაკავშირებელი საავტომობილი გზის მე-17 კილომეტრზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში 17:40:31 საათზე დაფიქსირებულ თ-სკენ მოძრავ მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანაში, სანომრე ნიშნით - ----- მძღოლის გვერდით ზის - მ. ღ.

მოწმე ა. ბ-ის განმარტებით, იგი დ. დ-–თან მეგობრობს. მას საკუთრებაში ჰყავს მესამე სერიის, შავი, ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: -------. 2019 წლის 30 სექტემბერს, დ. დ-მა უთხრა, რომ მეორე დღისთვის, რამდენიმე საათით, თ-ი ჩასვლის მიზნით, ეთხოვებინა ავტომანქანა. იმ საღამოსვე, მისი გასაღები გადასცა და მეორე დღეს, დ. დ–მა ავტომანქანა წაიყვანა მისი მშობლების ეზოდან. მოწმემ მიუთითა თავისი მანქანის განმასხვავებელ ნიშნებზე. მისი განმარტებით, გამომძიებელმა წარუდგინა რამდენიმე ვიდეო, ერთ-ერთ კამერაში ჩანდა, როგორ ასხამდა ბენზინს დ. დ. იმის მიუხედავად, რომ სხვა კამერების ჩანაწერებში ავტომანქანას უცხო ნომრები ეყენა, მან თავისუფლად ამოიცნო ავტომანქანა იმ ნიშნებით, რაც ჩამოთვალა სასამართლო სხდომაზე. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მისი ავტომანქანა ათხოვა დ. დ–ს, მისი მეგობრისგან ს. წ-ნ შემთხვევით გაიგო, რომ დ. დ. მართავდა მის ავტომანქანას უცხოური სანომრე ნიშნებით.

მოწმის სახით დაკითხული ქვემო ქართლის პოლიციის საპატრულო დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორების გ. მ-სა და თ. ზ-ს ჩვენებებით, დადასტურებულია, რომ სამსახურებრივად იცნობდნენ - დ. მ-ს, მ. ღ-სა და დ. დ–ს. 2019 წლის 1 ოქტომბერს, რ–ი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით, 17:30 სთ-ზე შ--ს გამზირზე, შენიშნეს თ-ს მიმართულებით მოძრავი ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა უცხოური ნომრით. გადაამოწმეს ნომერი, რომელიც ბაზაში არ მოიძებნა. მაღაზია „მ--ს“ მიდამოებში დაეწივნენ აღნიშნულ ავტომანქანას და ნახეს, რომ შიგნით პოლიციელები ისხდნენ: საჭესთან - დ. მ. და გვერდით - მ. ღ. პოლიციის ფორმებით, უკან - დ. დ. სამოქალაქო ფორმით. მიიჩნიეს, რომ ოპერატიული მიზნით ეყენათ ეს ნომრები, მიესალმნენ და გზა განაგრძეს.

ამასთან, სხვა ვიდეოკამერის ჩანაწერების მიხედვით, ხსენებული, მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა სანომრე ნიშნით - ----- აგრეთვე ფიქსირდება რ-ა და თ–ი (რაც შესაბამისია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, პირთა ლოკაციები შემოსაზღვრული იყო სწორედ - რ-თა და თ-თ), კერძოდ:

2019 წლის 1 ოქტომბერს, 17:36:22 საათზე, რ-ი, შ-ს ქუჩაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებში ფიქსირდება მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა სანომრე ნიშნით - ------- რომელიც მიემართება რ-ს გასასვლელისკენ. იმავე ქუჩაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებში 2019 წლის 1 ოქტომბერს, 17:36:43 საათზე, იგივე მანქანა აგრძელებს მოძრაობას თ-ს მიმართულებით. 2019 წლის 1 ოქტომბერს, 17:40:31 საათზე თ. წ. ხიდის დამაკავშირებელი საავტომობილი გზის მე-17 კილომეტრზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში, ფიქსირდება თ-სკენ მოძრავი ზემოაღნიშნული მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომობილი, სანომრე ნიშნით - ------. ამავე ჩანაწერში გარკვევით ჩანს, რომ ავტომანქანაში ზის სამი პირი.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 17:48:36 და 17:49:56 საათებზე, თ-ი, ფ-ს დასახლებაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებში, ფიქსირდება მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის იგივე ავტომანქანა. იმავდროულად, იმავე დღის 17:43 საათიდან 17:46 საათამდე დროის შუალედში, დ. მ--ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის --------- ნომერსა და მ. ღ-ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის -------- ნომერს ემსახურება - თ–ი, ფ-ს დასახლებაში განთავსებული ანძები.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 17:51:56 საათზე, თ-ი, ო--ს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერის ვიდეოჩანაწერებში, ფიქსირდება მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის იგივე ავტომანქანა. იმავდროულად, იმავე დღის, 17:48 საათიდან 17:52 საათამდე დროის შუალედში დ. მ-სა და მ. ღ-ს მობილურ ტელეფონებს ემსახურება თ–ი, ო-ში დამონტაჟებული ანძები.

აღნიშნულის შემდეგ, საკასაციო პალატა განსაკუთრებულად გამოჰყოფს ც-ს ქუჩაზე დაფიქსირებულ ვიდეოჩანაწერებს, ვინაიდან, როგორც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით დგინდება, ხსენებულ ქუჩაზე ისინი (იგულისხმება დ. დ, დ. მ, მ. ღ.) შეხვდნენ გ. გ-სა და გ. ა-ს და კიდევ ერთხელ შეათანხმეს დ.მ-ს სახლიდან მოტყუებით გამოყვანისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გეგმა, კერძოდ:

2019 წლის 1 ოქტომბერს, 18:09:30 საათზე, თ-ი, კაზინო „ა-ა“ და ს-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებში, ფიქსირდება მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა სანომრე ნიშნით - --- რომელიც მიემართება ს-ს მოედნისკენ. 2019 წლის 1 ოქტომბერს, 18:10:47 საათზე, იგივე მანქანა ფიქსირდება თ-ი, კ-ა და ს-ის ქუჩების კვეთაზე და მიემართება ც-ს ქუჩისკენ. პარალელურად, 2019 წლის 1 ოქტომბერს, 18:02 საათიდან 18:13 საათამდე პერიოდში დ. მ-სა და მ. ღ-ს მობილურ ტელეფონებს ემსახურება თ-ი, გ-ა და კ. ქუჩაზე მდებარე სატელეფონო ანძები. იმავე დღეს, 18:13 საათზე დ. დ-ს მობილურ ტელეფონის ----- ნომერს ემსახურება - თ-ი, შ-ს ქუჩაზე მდებარე სატელეფონო ანძა.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 18:21:55 საათზე, თ–ი, ც-ს ქუჩაზე დამონტაჟებული კამერის ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება - ზემოაღნიშნული მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა სანომრე ნიშნით - ----. იმავდროულად, 2019 წლის 1 ოქტომბერს, 18:21 საათიდან 19:30 საათამდე, დ. მ-ს, დ. დ-სა და მ. ღ-ს მობილურ ტელეფონებს ემსახურება - თ-ი, ს-ს ტერიტორიაზე, კერძოდ, გ-ს, ც-ს, ფ-სა და ხ-ს ქუჩებზე განთავსებული სატელეფონო ანძები. ასევე, 18:11 საათიდან 19:33 საათამდე, გ. გ-ს მობილური ტელეფონის ------- ნომერს ემსახურება თ-ი, კ, შ-ს, ს-სა და ც-ს ქუჩებზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძები. 18:23 საათიდან 21:00 საათამდე, გ. ა-ს მობილური ტელეფონის -------- ნომერს ემსახურება - თ-ი, ს-ს, ფ--ს, ჭ-ს, ც-სა და მ-ის ქუჩებზე განთავსებული სატელეფონო ანძები.

ვიდეოჩანაწერებში აგრეთვე იკვეთება გ. გ-ს ავტომანქანაც, რომელიც გარკვეულ შემთხვევაში, იგი სწორედ მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანის პარალელურად მოძრაობს. რაც შეესაბამება საგამოძიებო ექსპერიმენტში მითითებულ იმ გარემოებას, რომ მათ ც-ს ქუჩის შემდეგ, გადაინაცვლეს დ. მ-ს საცხოვრებელ კორპუსთან, კერძოდ:

2019 წლის 1 ოქტომბერს, 19:30:59 საათზე, თ-ი, პ-ა და ბ-ს ქუჩების კვეთაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებში ფიქსირდება მესამე სერიის BMW-ს მარკის ავტომანქანა სანომრე ნიშნით - -----. ამავე ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებში იმავე დღეს, 19:34:25 საათზე, ფიქსირდება გ. გ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,BMW X6,“ სახელმწიფო ნომრით -----. იმავე დღის, 19:30 საათიდან 19:41 საათამდე დროის პერიოდში, დ. მ-ს მობილურ ტელეფონს ჯერ ემსახურება თ-ი, ს-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან განთავსებული სატელეფონო ანძა, ხოლო შემდეგ - მდინარე მ-ს მ-ზე მდებარე სატელეფონო ანძები, ხოლო 19:30 საათზე მ. ღ-ს მობილურ ტელეფონს ემსახურება თ–ი, კ. ქუჩაზე მდებარე სატელეფონო ანძა.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 19:40:17 საათზე, თ-ი, მ-ე, გ-ს ქუჩაზე, ე.წ. „ე-ს“ ხიდთან დამონტაჟებული კამერების ვიდეოჩანაწერებში ჩნდება ბ. ქუჩის მიმართულებით მოძრავი გ. გ-ს მართვის ქვეშ მყოფი BMW X6, სახელმწიფო ნომრით - ----.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 19:49:17 საათზე, თ–ი, ბ-ა და ჩ-ს ქუჩების კვეთაზე განთავსებული კამერების ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება გ. გ-ს მართვის ქვეშ მყოფი BMW-X6-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ----- და მის პარალელურად, გვერდით, მარცხენა მხარეს მოძრავი მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა, სანომრე ნიშნით - ----. დაახლოებით ერთ წუთში, თ-ი, ბ-ა და ბ-ს ქუჩების კვეთაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებში, კვლავ ჩნდება ერთმანეთის პარალელურად მოძრავი, ზემოაღნიშნული თეთრი BMW-X6-ის მარკის ავტომანქანა და მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა. იმავდროულად, 2019 წლის 1 ოქტომბრის 19:49 საათიდან 19:51 საათამდე, დ----- მ--ს მობილურ ტელეფონს ემსახურება - თ-ი, ბ. ქუჩაზე მდებარე სატელეფონო ანძა.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 19:53:48 საათზე, თ-ი, შ-ის ქუჩაზე, ე.წ. გ-ს ხიდებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერის თვალთახედვის არეში, ექცევა მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა სანომრე ნიშნით - ----- და გ. გ–-ს თეთრი ,,BMW X6“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ---- 20:00 საათზე, თ-ი, გ--სა და ნ--ს ქუჩების კვეთაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებში, ფიქსირდება მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა სანომრე ნიშნით -----, რომელსაც არ უმუშავებს წინა მარჯვენა ფარი, ხოლო რვა წამში, მას უკან მიჰყვება გ. გ-ს თეთრი ,,BMW X6-ის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------ დაახლოებით ერთ წუთში, დ. მ-ს საცხოვრებელი სახლის წინ - თ-ი, გ--ს ქუჩის N---თან მდებარე გასართობი ცენტრ „ჰ--ის“ კამერის ვიდეოჩანაწერში, ფიქსირდება გზაზე მოძრავი მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის შავი ავტომანქანა და გ. გ-ს ,,BMW X6-ის“ მარკის თეთრი ავტომანქანა, რომელიც ჩერდება გასართობ ცენტრ „ჰ-ის“ წინ. იმავდროულად, 2019 წლის 1 ოქტომბერს, 19:59 საათზე, გ. გ. თავისი მობილური ტელეფონის ზემოაღნიშნული ნომრით ურეკავს დ. მ-ეს მობილური ტელეფონის -------- ნომერზე. ამ დროს, გ. გ-ს მობილურ ტელეფონს ემსახურება - თ–ი, გ-ს ქუჩაზე მდებარე სატელეფონო ანძა, ხოლო დ. მ-ს მობილურ ტელეფონს - თ–ი, მ–ი მდებარე სატელეფონო ანძა.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 20:11 საათზე, თ–ი, გ-ს მ--- მიკრორაიონის პ-ი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ინდივიდუალური მეწარმე „ლ. მ-ის“ აფთიაქის კამერის ვიდეოჩანაწერებში, ჯერ ფიქსირდება გ. გ-ს თეთრი, ,,BMW X6“ მარკის ავტომობილი, ხოლო შემდეგ - მის უკან მოძრავი შავი, მესამე სერიის „BMW-ს“ მარკის ავტომობილი სანომრე ნიშნით -----. ორივე ავტომანქანა მიემართება თ-ი, გ-ს მ----- მიკრორაიონის პ. კორპუსისკენ. 2019 წლის 1 ოქტომბერს, 20:16 საათზე, დ. მ-ს მობილურ ტელეფონს ემსახურება თ-ი, მ-ი განთავსებული ანძა. აღნიშნულის შემდეგ, დ. მ-ს მობილური ტელეფონი ითიშება და მასზე აქტივობა აღარ ფიქსირდება.

ამასთან, თ-ი, გ-ს მ-- მიკრორაიონის N- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული საკონტროლო ზარებით დადგენილია, რომ თ-–ი, მ-ი განთავსებული ანძა ემსახურება იმ ტერიტორიას, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების მიხედვით, დ. მ-ე შეიპყრეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ასევე, 2019 წლის 1 ოქტომბერს, 20:22 საათზე, დ. დ-ს მობილურ ტელეფონს ემსახურება თ-ი, გ-ი, ხ-ს ქუჩაზე მდებარე ანძა.

2019 წლის 1 ოქტომბერს, თ-დან რ-სკენ მიმავალი მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის ავტომობილი სანომრე ნიშნით ---- ფიქსირდება სოფელ ნ--ს გადასახვევთან 20:52 საათზე, სოფელ გ-ის გადასახვევეთან - 21:04 საათზე და სოფელ გ-ს გადასახვევთან - 21:10 საათზე.

რ–ი, თ-ს ქუჩაზე დამონტაჟებული კამერების მიხედვით, 2019 წლის 1 ოქტომბერს, 21:15:23 საათზე, კადრში ჩანს მესამე სერიის ,,BMW-ს“ მარკის, შავი ავტომობილი, სანომრე ნიშნით - -----, რომელიც მიემართება ც-ს ქუჩის მიმართულებით, მდინარე მ--ნ. 22:25:28 საათზე იგივე ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------ ჩნდება რ-ი დამონტაჟებული კამერების თვალთახედვის არეში. ამავდროულად, 21:19 საათიდან 22:11 საათამდე პერიოდში დ. მ-ს, მ. ღ-სა და დ. დ-ს მობილურ ტელეფონებს ემსახურება რ-ი მდებარე სატელეფონო ანძები. პარალელურად, 2019 წლის 1 ოქტომბრის 20:58:01 საათიდან „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - ------- მოძრაობას იწყებს თ-დან რ-ს მიმართულებით.

რაც შეეხება გ. გ-თან 2019 წლის 6 ოქტომბერს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მისი დამცველი ადვოკატის არგუმენტებზე, კერძოდ, საკასაციო საჩივრის მიხედვით: მოცემული მტკიცებულება მოპოვებულია კანონის დარღვევით, ვინაიდან, იმ დროისათვის გ. გ-ს ჰყავდა ადვოკატი, რომელიც არ დაუშვეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. ადვოკატის განცხადებებით დგინდება, რომ იგი პოლიციაში იმყოფებოდა და არ ახვედრებდნენ გ. გ-ს. მხოლოდ მას შემდეგ მიუყვანეს ადვოკატი, რაც მან უარი განაცხადა ამოცნობაზე. ადვოკატის მიერ მითითებული მასალების თანახმად, 2019 წლის 6 ოქტომბერს, ადვოკატი ა. კ-ე საგამოძიებო ორგანოში წარადგენს სამ განცხადებას (მასში მითითებული დროებია: 14:18 საათი, 16:23 საათი, 19:20 საათი). განცხადებებში აღნიშნულია, რომ მათ დაკავებული ჰყავთ გ. გ. და ითხოვს მისი ადგილმდებარეობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებასა და მასთან შეხვედრას. თავის მხრივ, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია - იმავე დღეს (6 ოქტომბერს), 17:35 საათიდან 21:15 საათამდე დროის პერიოდში. ესე იგი, ამ დროისათვის საგამოძიებო ორგანო მინიმუმ, ფლობდა ინფორმაციას ადვოკატის არსებობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ა. კ-ეს, როდესაც გამომძიებელი დაუკავშირდა, მან სთხოვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, საღამომდე დალოდებოდნენ (,,მაგალითად, საღამოს რვა საათამდე“) და მიუთითა, რომ ორდერი ჯერჯერობით წარდგენილი არჰქონდა, ვინაიდან, როდესაც მივიდოდა, მაშინ წარადგენდა. ამასთან, არ იკვეთებოდა სავალდებულო დაცვის შემთხვევა და გ. გ–ს ჰქონდა მხოლოდ მოწმის სტატუსი. საგამოძიებო მოქმედებები გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ტარდებოდა და გამოძიება მიმდინარეობდა განზრახ მკვლელობაზე.

მოსამართლის დამატებით შეკითხვაზე - მოწმეს ჰკითხეს თუ არა, ადვოკატის საჭიროების შესახებ, პროკურორმა განაცხადა, რომ მოწმემ აღნიშნულზე განაცხადა უარი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მოცემული ინფორმაცია დაფიქსირებულია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:51 საათი).

საკასაციო პალატა პროკურორის აღნიშნულ განმარტებებთან მიმართებით, ყურადღებას მიქცევს რამდენიმე სახის გარემოებას, კერძოდ:

- პირველ რიგში, როგორც დგინდება, პროკურორს არ უარუყვია საგამოძიებო ორგანოს მიერ ადვოკატის თაობაზე ინფორმაციის ცოდნის ფაქტი;

- პროკურორი უთითებს, რომ ადვოკატი ითხოვდა საღამომდე დალოდებას, რისი შესაძლებლობაც საგამოძიებო ორგანოს არსებული ვითარებიდან და თავად დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, არ ჰქონდა. პალატისათვის გაურკვეველია, მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულად რა დროს მოიცავს საღამო (პროკურორმა მხოლოდ ზოგადი ფორმით აღნიშნა - ,,მაგალითად რვა საათი“), მაშინ როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტი იწყება - 17:35 საათიდან და გრძელდება - 21:15 საათამდე.

- ამის გარდა, როგორც აღინიშნა, ადვოკატი პერიოდულად, რამდენიმესაათიანი ინტერვალით, წერს სამ განცხადებას (მათ შორის - ითხოვს გ. გ-ს მონახულებას), რაც თავის მხრივ, ბუნდოვანს ხდის დღის განმავლობაში, მისი მოუცლელობის ფაქტის შესახებ მითითებას;

- პროკურორმა განაცხადა, რომ მოწმემ ადვოკატზე განაცხადა უარი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მოცემული ინფორმაცია დაფიქსირებულია, თუმცა, აღნიშნული არ დასტურდება თავად საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. მოცემულ ოქმში მხოლოდ მითითებულია, რომ ექსპერიმენტში მონაწილე პირებს განემარტათ ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი და წესი, მათი უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, რომ შეუძლიათ დასვან კითხვა, მოითხოვონ მოქმედების გამეორება, მონაწილეობა მიიღონ აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტისა თუ კვალის დათვალიერებაში და ა.შ.. აღნიშნულზე მითითება არ გვხვდება არც საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის გრაფაში. საგამოძიებო ექსპერიმენტს ოქმს წინ ერთვის - გ. გ-ს ხელწერილი, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში (ადვოკატთან დაკავშირებით, არც ამ ხელწერილშია აღნიშნული). ა. კ-ე ერთვება მხოლოდ პირის ამოცნობის ოქმში (06/10/2019, 22:58-23:05), რა დროსაც გ. გ, ადვოკატთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, უკვე უარს აცხადებს ამოცნობაში მონაწილეობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში არ დასტურდება ის გარემოება, რომ გ. გ-სათვის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს ცნობილი იყო ა. კ-ის მიერ დაწერილი განცხადებების თაობაზე და რომ იგი, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ უტყუარად, უარს აცხადებდა მის მიერ დაცვაზე. მეტიც, ზოგადად ადვოკატზე უარის გაცხადება, პროკურორის მითითების შესაბამისად, მოცემული არ არის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში (არამედ მხოლოდ მისი გამოკითხვის ოქმში, რომელიც წინ უსწრებდა საგამოძიებო ექსპერიმენტს).

მოცემულ ვითარებაში, ყველა ზემოაღწერილი დეტალის ერთობლივად მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია - გ. გ-ს 2019 წლის 6 ოქტომბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსის გაზიარება.

რაც შეეხება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავეთა ქცევასთან, არის შემდეგი:

მოწმე გამომძიებელმა მ. ნ-ა განაცხადა, რომ დ. მ-სთან მეგობრობს, ხოლო დ. დ–სა და მ. ღ-ს იცნობს სამსახურებრივად. დ. მ--მ „ვოთსაპში“ მისწერა რჩევის საკითხავად იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე დღის წინ ავტომანქანაში ჩაუსვამს პირი, წამოუყვანია რ–ი, რომელიც მოგვიანებით გარდაცვლილი მ-ი იპოვეს.

რუსთავის საქალაქო სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსმა გ. კ-მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ დ. მ. მის განყოფილებაში მუშაობდა. მან მიიღო შეტყობინება, რომ მდინარე მ-ე გამორიყული იყო ადამიანის გვამი. „ვოთსაპში“ მისწერა დ. მ-მ, რომ მასთან შეხვედრა უნდოდა. შეხვედრისას, დ. მ-მ უამბო, რომ მის დას, ნ. მ-ს აწუხებდა დ. მ-ე, რის გამოც სიძემ, ზ. ჯ-მ სთხოვა მისი რ-ი ჩაყვანა. დაწვრილებით მოუყვა, როგორ ჩამოიყვანეს დ. მ-ე რ-ი მან, მ. ღ-მა და დ. დ-მა, ამ უკანასკნელის მიერ ნათხოვი ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანით და დ. მ-ე გადასცეს მის სიძეს. მან დ. მ. წაიყვანა გამომძიებელთან ჩვენების მისაცემად. მოწმის განმარტებით, ეს ყველაფერი დ. მ-სთან შეხვედრამდე გ. გ-სგანაც იცოდა.

მოწმის სახით დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებლის - ზ. ბ-ს განმარტებით, დ. მ. და მ. ღ. მისი მეგობრები არიან, დ. დ. - თანაკლასელი და მეჯვარეა. 2019 წლის 5 ოქტომბერს, მდინარე მ-ე გვამის აღმოჩენასთან დაკავშირებით, ამ საქმეში ოპერატიული კუთხით ჩაერთო. 2019 წლის 6 ოქტომბერს, დილით, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოში შეხვდნენ დ. მ. და მ. ღ. დ. მ. გამოელაპარაკა დ. მ-ს მკვლელობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც დ. მ--მ შეიტყო, რომ საქმეში ფიგურირებდა ოთხი პირი და მათი მონაცემები ჰქონდა მობილურში, მოსთხოვა აღნიშნული ინფორმაციის მისთვის გადაგზავნა. „ვოთსაპის“ საშუალებით დ. მ-ს გადაუგზავნა მითითებული პირების მონაცემები. იმავე დღეს, შუადღეს, დადგინდა, რომ აღნიშნულ საქმეში ასევე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული - დ. მ-ს, მ. ღ-სა და ყოფილ თანამშრომელს დ. დ-ს. იგი მარტო შეხვდა ამ უკანასკნელს და ჰკითხა, მ. ღ-სა და დ. მ-სთან ერთად, გ-დან ვინმე ხომ არ ჰყავდა წამოყვანილი, რაც დ. დ-მა დაუდასტურა და ჰკითხა, თუ რა ხდებოდა. მან დ. დ–ს უთხრა, რომ მათ მიერ გ-დან წამოყვანილი პირი ნახეს მოკლული, მდინარე მ–ი. საუბარში დ. დ-მა უთხრა, რომ აღნიშნული პირი გ-დან დ. მ-ს სიძეს და კიდევ ერთ პირს ჩაუყვანეს რ–ი.

ზ. ბ-ს, მ. ნ. და გ. კ-ს მიერ დ. მ-სთან შემდგარი სატელეფონო კომუნიკაცია დადასტურებულია დ. მ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით.

მოწმის სახით დაკითხული შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებლის ს. ც-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ მ. ღ-თან, დ. მ-სა და დ. დ-თან მეგობრობს. 2018 წლის დეკემბერში, დ. დ–ს ასესხა 2000 ლარი, რაზეც გააფორმეს სესხის ერთწლიანი ხელშეკრულება. დ. დ–მა მხოლოდ სამი თვის თანხა გადაიხადა, შემდეგ შეწყვიტა თანხის გადახდა. არაერთი შეხსენების მიუხედავად, ვერ იხდიდა, რის გამოც თავად მას მოუწია სესხის დაფარვა. 2019 წლის 3 ოქტომბერს, დაუკავშირდა დ. დ. და დარჩენილი თანხა გადაუხადა სრულად.

ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით:

სს „ლ-ან“ - 2019 წლის 2 ოქტომბერს დ. დ-მა თავის ანგარიშზე შეიტანა 399,5 ლარი, ხოლო 2019 წლის 3 ოქტომბერს - 400 ლარი.

სს „ს-ან“ - 2019 წლის 3 ოქტომბერს დ. მ-მ თავის ანგარიშზე შეიტანა 6800 ლარი.

სს „ს-ან“ - 2019 წლის 3 ოქტომბერს მ. ღ-ს ანგარიშზე სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით ჩაირიცხა 400 ლარი.

ამდენად, დ. მ-ს, მ. ღ-ს, დ. დ-სა (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და გ. გ-ს მიერ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში დახმარება) დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია შემდეგი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობით:

- მოწმე ნ. ბ-ს ჩვენებით, რომლის თანახმდაც, 2019 წლის 1 ოქტომბერს, გამოლაპარაკებისას, დ. მ--სგან გაიგო, რომ გ. გ-თან ერთად აპირებდა გასვლას; მასთან საუბრის დამთავრებისთანავე ჩაჯდა თეთრ ავტომანქანა X-6-ში. მოწმე ნ. ბ-ს წარედგინა „ჰ-იდან“ ამოღებული კამერის ჩანაწერი, რომელზეც დაადასტურა, რომ კადრში შარვლიანი არის თვითონ, მოკლე შარვალი (ბრიჯი) კი აცვია დ. მ-ეს. თეთრი ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა X-6-ით არის გ. გ, რომლის მანქანაშიც ჯდება დ. მ-ე;

- გ. გ-ს ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ იკარგება დ. მ-ს კვალი, რის გამოც, მისი ოჯახის წევრი მეორე დღესვე, განცხადებას წერს საგამოძიებო ორგანოში;

- გ. გ. დ. მ-ს გაუჩინარების თაობაზე, ურთიერთსაწინააღმდეგო და არასწორ ინფორმაციებს აწვდის დ. მ-ს ოჯახსა და სამართალდამცავ ორგანოს;

- დ. მ-სთან, მ. ღ-სა და დ. დ–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით;

- დ. მ-ს, მ. ღ-სა და დ. დ-ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს, მათ მიერ მითითებულ მარშრუტებზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებითა და სატელეფონო მომსახურების ანძების მონაცემებით;

- მოწმე ა. ბ-ის განმარტებით დადასტურებულია, რომ დ. დ-ს მან საკუთარი ავტომანქანა ათხოვა. გამომძიებელმა მას წარუდგინა რამდენიმე ვიდეო, ერთ-ერთ კამერაში ჩანდა, როგორ ასხამდა ბენზინს დ. დ. იმის მიუხედავად, რომ სხვა კამერების ჩანაწერებში ავტომანქანას უცხო ნომრები ეყენა, მან თავისუფლად ამოიცნო ავტომანქანა; ხოლო პატრულ-ინსპექტორების გ. მ-სა და თ. ზ-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს შენიშნეს თ--ს მიმართულებით მოძრავი ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანა უცხოური ნომრით, რომელსაც დაეწივნენ და ნახეს, რომ შიგნით ისხდნენ: საჭესთან - დ. მ. და გვერდით - მ. ღ. პოლიციის ფორმებით, უკან - დ. დ. სამოქალაქო ფორმით;

- ავტომანქანისათვის ნომრის შეცვლა, ხოლო ქმედების დასრულების შემდეგ აღნიშნული ნომრის, ისევე როგორც დ. მ-ს ნივთების (ტელეფონისა და პისტოლეტის) მ-ი გადაყრა მიუთითებს მსჯავრდებულთა მიერ გამოჩენილ სიფრთხილეზე;

- ზეპირი და წერილობითი სახის მტკიცებულებებით, აგრეთვე იკვეთება იმგვარი სახის გარემოებები, რომლებიც ამყარებს ბრალდების მხარის პოზიციას, კერძოდ, ამ მხრივ აღსანიშნავია, დ. მ-ს კომუნიკაციის შინაარსი თანამშრომლებთან (ქმედების ჩადენიდან მომდევნო დღეებში) და მისი მხრიდან საქმის დეტალებით დაინტერესება (გვამის აღმოჩენის შემდეგ); აგრეთვე, მაგალითად, დ. დ-ს მიერ 2019 წლის 3 ოქტომბერს, დარჩენილი ვალის დაფარვის ფაქტი;

ამდენად, მსჯავრდებულების - გ. გ-სა და დ. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრების მოთხოვნა - მათი გამართლების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი უსაფუძვლობის გამო.

4. ზ. ჯ-სა და გ. ა-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 1-ლ ოქტომბერს მოქმედი რედაქციით):

საკასაციო სასამართლო ზ. ჯ-სა და გ. ა-ს ბრალდებას ცალკე გამოჰყოფს, ვინაიდან, მათ მიმართ წარდგენილი მუხლები არის იდენტური.

ამასთან, საკასაციო პალატა პირველ რიგში, შეაფასებს ზ. ჯ-ს ქმედებებს, ვინაიდან, იგი წარდგენილ ბრალდებაში სრულად არის ცნობილი დამნაშავედ, ხოლო შემდეგ, გააანალიზებს გ. ა-ს მონაწილეობის ხარისხს ხსენებულ დანაშაულებში.

მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს ზ. ჯ-ს ბრალდებას არის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომელთა გამოყენების მართლზომიერ ხასიათსა და უშუალოდ შინაარსზე, საკასაციო პალატამ ზევით უკვე დეტალურად იმსჯელა. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს:

შპს „ბ“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერის თანახმად, 2019 წლის 1 ოქტომბერს, 10:37 საათზე ზ. ჯ- ნ. მ-სა და შვილთან ერთად გამოდის თ-ი, ც-ს ქუჩის N---ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოდან. დათვალიერების ოქმის მიხედვით, მას აცვია რუხი პიჯაკი, ხოლო შიგნით - ლურჯი სამოსი.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:34 საათზე თ-ი, გ-ს ქუჩაზე და 16:39 საათზე თ–ი, ფ–ი დამონტაჟებული კამერების ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება რ-სკენ მოძრავი ნ. მ-ს მართვის ქვეშ მყოფი ,,BMW X6“-ის მარკის ავტომობილი სახელმწიფო ნომერი - -----. დათვალიერების ოქმის მიხედვით, წინა მარჯვენა სავარძელზე ზის ზ. ჯ. და აცვია იგივე ტანსაცმელი - რუხი პიჯაკი და პიჯაკის შიგნით - ლურჯი სამოსი. იგივე მანქანა ფიქსირდება თ. წ. ხიდის მეჩვიდმეტე კილომეტრზე, იმავე დღის 16:51 საათზე და მიემართება რ-სკენ.

ამასთან, 2019 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა ზ. ჯ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სხვა ნივთებთან ერთად, ამოიღეს - ლურჯი გრძელმკლავიანი პერანგი (წარწერით - ,,CARAMELO“) და რუხი გრძელმკლავიანი პიჯაკი (კისრის მიდამოში წარწერით - ,,SUN 68“). აღსანიშნავია, რომ ზ. ჯ-ს მეუღლის - ნ. მ-ს განმარტებით, ზ. ჯ-ს აღნიშნული სამოსი ეცვა 2019 წლის 1 ოქტომბერს. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს თავად ნ. მ, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებაში რაიმე შესწორება ან/და დამატება არ შეუტანია. აგრეთვე მას გადაეცა ოქმის ასლი, რაც აგრეთვე დაადასტურა ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ. ჯ--ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ ტანსაცმელზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით N… დადგინდა, რომ:

პერანგსა და პიჯაკზე არსებული ღია მოწითალო - მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანს სისხლს. ობ. N53-55,58-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N53-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. N54,55,58-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის დ. მ-ეს.

ამდენად, გარდა იმისა, რომ დადასტურებულია ზ. ჯ-სათვის უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი დ. მ-ს გადაცემის ფაქტი, მის ტანსაცმელზე (რომელიც დადასტურებულია, რომ ეცვა 2019 წლის 1 ოქტომბერს და ამოღებულია მისი ბინიდან), გარდაცვლილის სისხლის კვალია ამოსული.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ პასუხებს დაცვის მხარის იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ - ზ. ჯ-ს ტანსაცმელზე დ. მ-ს სისხლის აღმოჩენა, განაპირობა ზ. ჯ-ს ძმის - ს. ბ-სა და დ. მ--ეს შორის 2019 წლის სექტემბერში მომხდარმა დაპირისპირებამ, რა დროსაც ს. ბ-ს სწორედ აღნიშნული ტანსაცმელი ეცვა. სხვა არსებითად ახალი, დამატებითი სახის არგუმენტებზე კი, დაცვის მხარეს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ. მ-ს სიკვდილის მიზეზია პოსტჰემორაგიული ანემია, გამოწვეული მარჯვენა საერთო საძილე არტერიისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებით, სხეულის მრავლობითი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობების შედეგად; სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს 24 საათზე მეტი (აქვე საკასაციო სასამართლო დამატებით უთითებს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, გვამი აღმოჩენილია - 2019 წლის 5 ოქტომბერს).

გვამზე აღინიშნება ოცდასამი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა, აგრეთვე მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები: თავის, სახისა და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოში კანის და რბილი ქსოვილების დაზიანებით;

ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით, ხოლო ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილის წინა და სიკვდილის დადგომის პერიოდში და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.

ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დ. მ-ს გვამიდან აღებულ კუნთში აღმოჩნდა 0,18% ეთილის სპირტი. კუნთში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები, აცეტონი. კუნთში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. კუნთში არ აღმოჩნდა ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები.

საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ქმედების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმი, რაც გულისხმობს იმას, რომ დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება მსხვერპლში უნდა იწვევდეს ძლიერ ტანჯავას, ასევე, დამნაშავემ შეგნებულად უნდა შეარჩიოს მკვლელობის ისეთი ხერხი, რომელიც მსხვერპლს განსაკუთრებულ ტანჯვას მიაყენებს. მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო ექსპერტიზაში მითითებულ ჭრილობათა სიმრავლე, მათი სიღრმე და ლოკაცია (მოიცავს გულმკერდს, კიდურებს, ფაქტობრივად, სხეულის უმეტეს ნაწილს), აგრეთვე ფაქტი, რომ ხსენებული არაერთი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით, ხოლო ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილის წინა და სიკვდილის დადგომის პერიოდში - მიუთითებს ერთი მხრივ, იმაზე, რომ აღნიშნული ფორმა მსხვერპლში, უპირობოდ გამოიწვევდა ძლიერ ტანჯვას, ხოლო მეორე მხრივ, ადასტურებს დამნაშავის მიზანს, რომ სწორედ ამ მეთოდით დაეტანჯა, მოესპო სიცოცხლე დ. მ-სათვის. ამასთან, სხვადასხვა სახისა და ფორმით მიყენებული დაზიანება, აგრეთვე დ. მ-ს გვამის აღმოჩენის ადგილის (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, რ-ი, მდინარე მ-ს მ-ს გაყოლებაზე, მდინარის დინების მიმართულებით, მიწის გრუნტიან ზედაპირზე, დასვენებული იყო, მოთეთრო პოლიეთილენის ტომარაში მამაკაცის გვამი) საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ. ჯ. არ მოქმედებდა მარტო.

რაც შეეხება გ. ა-სათვის წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იგი უნდა გამტყუნდეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ, დ. მ-ს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში, ხოლო განზრახ მკვლელობაში დამამძიმებელ გარემოებებში, უნდა გამართლდეს.

პროკურორი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნაწილში, მისი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიუთითებს:

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებზე, რომლებიც უთითებს 2019 წლის 1 ოქტომბერს ავტომანქანა „მერსედესის“ (სახელმწიფო ნორმით -----) გადაადგილების მარშრუტზე როგორც თ–ი, ასევე რ-ი, გ. ა-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების ადგილმდებარეობასა და ზემოხსნებული ავტომანქანა „მერსედესის“ სახელმწიფო ნომრით ---- გ. ა-სგან ამოღების ფაქტზე (06/10/2019).

რაც შეეხება მტკიცებას, განზრახ მკვლელობის ნაწილში, პროკურორს ახალი არაფერი წარმოუდგენია, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოსათვის მ. ღ-სა და დ. დ-ს მიერ ბრალის აღიარებამ, ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლთან მიმართებით, სრულებით არ შეცვალა (მოცემულ შემთხვევაში, გ. ა-ს ტანსაცმელზე, ზ. ჯ-ს მსგავად, არ ამოსულა გარდაცვლილის რაიმე სახის კვალი), ხოლო სხვა, ყველა ზემოხსენებული მტკიცებულება ერთობლივად, უტყუარად მიუთითებს მის მიერ მხოლოდდამხოლოდ - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე. თვით დ. დ-სა და მ. ღ-ს არ გააჩნიათ რაიმე სახის უტყუარი ინფორმაცია, თუ როგორც განვითარდა მოვლენები მათ მიერ ზ. ჯ-სა და გ. ა-სათვის დ. მ--ს გადაცემის შემდგომ.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ამოღების ოქმს, ავტომანქანა „მერსედესის“ (სახელმწიფო ნორმით - ------) გადაადგილების მარშრუტებს, გ. ა-ს კუთვნილ, მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების ადგილმდებარეობას, დ. დ-ს, მ. ღ-სა და დ. მ-ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს) საკასაციო პალატა განიხილავს ერთობლივად და მიუთითებს, რომ ისინი სრულად შეესაბამება ერთმანეთს და ქმნის შემთხვევის დღეს მოვლენათა განვითარების უწყვეტ და ლოგიკურ ჯაჭვს.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით პროცესის მონაწილე მხარეების მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოების ვალდებულებების შესახებ, რომელთა თანახმად, არ არის სავალდებულო ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს; მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავიანთი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. შემდეგი გადაწყვეტილებები: „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Van de Hurk v. Netherlands), 1991 წლის 19 აპრილი, 61 პარ., „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ,“ (Georgiadis v. Greece), 1997 წლის 29 მაისი, პარ. 43).

5. საკასაციო სასამართლოს მიერ გ. გ-ს, ზ. ჯ-ს, გ. ა-სა და დ. მ-ს მიმართ შერჩეული სასჯელის სახე და ზომა:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი პასუხობდეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ მიზნებს.

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2019 წლის 1-ლ ოქტომბერს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

5.1. ზ. ჯ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი:

ზ. ჯ-სთან მიმართებით, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მასთან გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობის (განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის) ფაქტი. ამასთან, მის მიერ ჩადენილი ორივე დანაშაული განზრახია და განეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას (მათ შორის - სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულს), რაც საბოლოო ჯამში მის მიერ მოვალეობათა დარღვევის ზომის საკმარისად მაღალ ხარისხზე მეტყველებს.

ამასთან, ზ. ჯ-სათვის განსაზღვრული სასჯელის ნაწილში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს, რომლის თანახმადაც, გარდაცვლილის სხეულს სხვადასხვა ადგილზე აღენიშნებოდა არაერთი ჭრილობა - ნაჩხვლეტ-ნაკვეთი და მრავლობითი ნაკვეთი.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიიდან, ქმედებების ხერხიდან, მოვალეობათა დარღვევის ზომიდან, მიყენებული დაზიანების სიმრავლიდან და დანაშაულთა ერთობლიობის ფაქტიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ზ. ჯ-ს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლით - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მისი მაქსიმალური, 20 წლის ვადით. რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთას (რომელსაც ალტერნატივის სახით, აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 2019 წლის 1-ლ ოქტომბერს მოქმედი რედაქცია), საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის მასალებით, არ იკვეთება პროკურორის მოთხოვნის - ზ. ჯ-სათვის სასჯელის გამკაცრების (ესე იგი, უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯის) დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია რაიმე განსხვავებული სახის არგუმენტზე, რომელიც ერთი მხრივ, იქნებოდა საფუძვლიანი და დასაბუთებული, ხოლო მეორე მხრივ კი, გამოკვეთდა, რომ იგი სააპელაციო პალატამ სასჯელის დანიშვნის დროს, მხედველობაში არ მიიღო.

5.2. გ. გ-ს, გ. ა-სა და დ. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელები:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამივე მსჯავრდებულს მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისათვის (დ. მ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა) უნდა განესაზღვროთ თანაბარი სახისა და ზომის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

მართალია, გ. გ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში დამხმარეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მან დ. მ-ე საცხოვრებელი ბინიდან მოტყუებით გამოყვანა, რითაც შექმნა საფუძველი - დ. მ-ს, მ. ღ-სა და დ. დ–ს წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, შესაძლებლობა, მისცემოდათ მისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება (რაც მოიცავდა დაკავების ინსცენირებას).

გ. გ-თან მიმართებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დ. მ-ე მისი მეგობარი იყო (აღნიშნულზე მიუთითებს არაერთი მოწმე, რაც ზემოთ იქნა მიმოხილული).

დ. მ-სთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ იგი იყო პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც უშუალოდ აკისრია ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვაზე, არათუ - შელახოს იგი.

რაც შეეხება გ. ა-ს, მან და ზ. ჯ-მ, დ. მ-ე მანქანაში ჩაისვეს ისეთ მდგომარეობაში, რომ მას როგორც საკომუნიკაციო საშუალება, ისე თავდაცვის საშუალება ჩამორთმეული ჰქონდა.

ყოველივე ხსენებული გარემოება თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით, მიუთითებს მოვალეობათა დარღვევის ზომის მაღალ ხარისხზე და მათ მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროებაზე. შესაბამისად, გ. გ-ს, დ. მ-სა და გ. ა-ს უნდა დაენიშნოთ - თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელი (დ. მ-სთან მიმართებით, ვინაიდან წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, არ იკვეთებოდა მაქსიმალური ზომის (10 წლით) მისჯის სამართლებრივი საფუძველი, მას საკასაციო სასამართლომ აგრეთვე, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების - გ. გ-ს, გ. ა-სა და დ. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა (თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით) სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილის - ლევან ლაზარეშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მსჯავრდებულების - მ. ღ-სა და დ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

3. მსჯავრდებულ დ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ - მ -ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - გ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. მსჯავრდებულ ზ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - თ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

7. სახელმწიფო ბრალმდებლის ხატია გოგრიჭიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ხატია გოგრიჭიანსა და მსჯავრდებულ დ. დ-ს შორის:

დ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით;

დ. დ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 ოქტომბრიდან, რაც დღეის მდგომარეობით ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

8. სახელმწიფო ბრალმდებლის ხატია გოგრიჭიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ხატია გოგრიჭიანსა და მსჯავრდებულ მ. ღ-ს შორის:

მ. ღ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით;

მ. ღ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 ოქტომბრიდან, რაც დღეის მდგომარეობით ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

9. დ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 7 ოქტომბრიდან.

10. გ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 6 ოქტომბრიდან.

11. ზ. ჯ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 1-ლ ოქტომბერს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ. ჯ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 2 იანვრიდან.

12. გ. ა. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 1-ლ ოქტომბერს მოქმედი რედაქციით) წარდგენილ ბრალდებაში;

გ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ამავე საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 7 ოქტომბრიდან 2020 წლის 4 ივლისის ჩათვლით.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

14. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა (პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების ნაწილში).

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი