გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1251-02 1 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ა. და რ. ნ-ების მიმართ. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1998წ. 23 მარტს ა. ნ-ას ასესხა 1500 აშშ დოლარი უპროცენტოდ. 1998წ. 11 ოქტომბერს მოპასუხეებს ასესხა 1000 აშშ დოლარი 10% სარგებლით, ხოლო 1998წ. 20 ოქტომბერს კვლავ 1000 დოლარი 8% სარგებლით. მოპასუხეები თანხას არ აბრუნებდნენ, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა 3500 აშშ დოლარის მათთვის დაკისრება.
საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ი. ა-მა რამდენჯერმე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საბოლოოდ 9850 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილები არ ასახავდნენ საქმის რეალურ მდგომარეობას, ვინაიდან მათი დადებისას არ მომხდარა თანხის გადაცემა და ხელწერილის დადებას არ ესწრებოდნენ ხელწერილზე ხელმომწერი პირები. მოპასუხეების განმარტებით, მათ გადახდილი აქვთ მოსარჩელისაგან მიღებული თანხა და მათი ურთიერთობა შეწყვეტილია.
მოცემული დავა მრავალგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 6840 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ ხელწერილების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელისაგან 1998წ. 23 მარტს სესხად მიიღეს 1500 აშშ დოლარი, ამავეწ. 11 და 20 ოქტომბერს 1000-1000 აშშ დოლარი, სულ 3500 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 3500 დოლარიდან მოპასუხეებს დაბრუნებული აქვს 1000 დოლარი. მოპასუხეთა მტკიცება იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი ხელწერილები უკანონოა, რადგან მათზე არაა მოწმეთა ხელმოწერები გაკეთებული სესხის გაცემის მომენტისათვის სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ კანონი ასეთ ხელმოწერების სავალდებულობას არ იცნობს და ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ხელწერილების ნამდვილობის ეჭვის საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებმა ხელწერილების გაფორმებით აღიარეს ვალის არსებობა, რაც პასუხობს სკ-ს 341-ე მუხლის მოთხოვნებს. მოპასუხეების მითითება იმ გარემოებაზე, რომ სესხის სახით მიღებული აქვთ მხოლოდ 1700 დოლარი, რაც დააბრუნეს, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ხელწერილების უარსაყოფად და ასევე რაიმე მტკიცებულება სესხის დაბრუნების თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2500 აშშ დოლარის დაბრუნებაზე კანონიერია.
სააპელაციო პალატამ სკ-ს 409-ე მუხლის გამოყენებით მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა უნდა გადაიხადონ ასევე კანონით განსაზღვრული პროცენტი თანხის დაბრუნების გადაცილების დროისათვის. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1998წ. 23 მარტის ხელშეკრულებით ვადაგადაცილებული დრო შეადგენს 45 თვეს ამ ხელშეკრულებით გადასახდელი იყო პირადი თანხა 500 დოლარი, რომლის ყოველთვიური ოთხი პროცენტი შეადგენს 900 აშშ დოლარს. 1998წ. 11 და 20 ოქტომბრის ხელწერილებით პირადი თანხა შეადგენდა 1000-1000 აშშ დოლარს, რომლის პროცენტი შეადგენს 40-40 აშშ დოლარს, სულ 3440 აშშ დოლარი. მთლიანი თანხის საპროცენტო დანამატი შეადგენს 4340 აშშ დოლარს, რაც ძირითად თანხასთან (2500 დოლარი) ერთად საბოლოოდ შეადგენს 6840 აშშ დოლარს.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კასატორები ა. და რ. ნ-ები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ სსკ-ს 102-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით სრულყოფილად არ შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები, რითაც არასწორი დასკვნები გააკეთა სასესხო ვალდებულებების წარმოშობაზე. სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 429-ე მუხლი, მაგრამ საქმის მასალებში არსებულ ი. ა-ის წერილობით საბუთს კასატორების მიერ სხვადასხვა დროს აღებული ვალების გადახდის აღიარების შესახებ, არ მისცა შესაბამისი შეფასება, სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 341-ე მუხლი, ხელწერილი შეაფასა კასატორის მიერ ვალის აღიარებად, არ გაანალიზა ამ ხელწერილის ტექსტობრივი შინაარსიც კი და არ შეაფასა გარემოებები, რომლებსაც მათი შედგენისას ჰქონდა ადგილი.
კასატორი ი. ა-ი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კერძოდ, ა. და რ. ნ-ებისათვის 9850 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას ნაცვლად 6840 აშშ დოლარისა შემდეგი საფუძვლებით: ი. ა-ი სადაოდ არ ხდის სადავო გადაწყვეტილებით 1998წ. 23 მარტის ხელწერილით დაკისრებულ თანხას და პროცენტებს, აგრეთვე 1998წ. 11 და 20 ოქტომბრის ხელწერილებით დაკისრებულ ძირითად სესხს, 2000 აშშ დოლარს. კასატორი სადავოდ ხდის უკანასკნელი ორი ხელწერილით 4 პროცენტიანი სარგებლის გადახდის დაკისრებას, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებით ბანკთაშორის აუქციონზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი იმ პერიოდისათვის განისაზღვრებოდა 5 პროცენტით, რაც სკ-ს 403-ე მუხლით უნდა დაეკისრებინათ მოპასუხისათვის. 1998წ. 23 მარტის ხელწერილზე უნდა დაეკისრებინათ პროცენტი ძირითად თანხასთან ერთად, სულ _ 1400 აშშ დოლარი, 1998წ. 20 ოქტომბრის ხელწერილზე – 3440 აშშ დოლარი, ხოლო 1998წ. 11 ოქტომბრის ხელწერილზე _ 4010 აშშ დოლარი. მთლიანად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 9850 აშშ დოლარი. ამავე დროს ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატა ლომბარდიდან და კერძო პირებიდან სესხის აღებაში და რისი დამადასტურებელი ხელწერილები საქმეში დევს, აგრეთვე სადავო სესხის გამო კასატორი ი. ა-ი იძულებული გახდა გაეყიდა ავტომანქანა და მიწის ნაკვეთი სოფ. ...ში. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა – სკ-ს 404-ე მუხლი და არასწორად განმარტა 403-ე მუხლი. საბოლოოდ კასატორი ი. ა-ი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და მოპასუხეებისათვის 9850 აშშ დოლარის დაკისრებას, ნაცვლად 6840 აშშ დოლარისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კასატორთა მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით იმსჯელა რა ი. ა-ის სააპელაციო საჩივარზე, აღწერილობით ნაწილში მიუთითა, რომ აპელანტ ი. ა-ის მოთხოვნას წარმოადგენდა ა. ნ-ასთვის 8650 აშშ დოლარის დაკისრება. იგივე ოდენობის თანხის მოთხოვნაა დაფიქსირებული ი. ა-ის სააპელაციო საჩივარშიც. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით სასამართლომ გააუქმა რა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება, მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი. ა-ის სარჩელი. ა. და რ. ნ-ებს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 6840 აშშ დოლარის გადახდა. როგორც ზემოაღნიშნულიდან თვალნათლივ ჩანს, სასამართლოს არ უმსჯელია ი. ა-ის მოთხოვნის რა ნაწილს ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ზემოხსენებულზე არაფერია ნათქვამი არც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რაც ცხადჰყოფს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნაზე და უპასუხოდ დატოვა იგი. აღნიშნულით დარღვეულია სსკ-ს 244-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 249-ე მუხლით კი სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი დასკვნა სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. და რ. ნ-ების და ი. ა-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.