Facebook Twitter

საქმე # 330100122006069678

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №429აპ-23 ქ. თბილისი

ქ–ი ლ., 429აპ-23 10 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ლ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ. ქ–ს ბრალეულობა გამამართლებელ ნაწილშიც.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ქ–ს ბრალად ედება: ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგანაც თავის შეკავება, მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

ლ. ქ–სის მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

- 2022 წლის 19 მაისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში ლ. ქ–სმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ. დ–ს, კერძოდ: გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

- 2022 წლის 19 მაისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მყოფ მ. დ–ს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი ლ. ქ–სი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: დანის დემონსტრირებით განუცხადა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2022 წლის 19 მაისს, დილის საათებში, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში ლ. ქ–მა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება განზრახ მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ. დ–ს, კერძოდ: მუშტებისა და დანის ტარის მრავალჯერადი დარტყმებით დაზიანებები მიაყენა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, მათ შორის - ჭრილობა ზურგის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

- 2022 წლის 18 მაისს, დილის საათებში, მყოფ მ. დ–ს, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს უფლება მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტის და ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი - ლ. ქ–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სახელდობრ: იარაღის დემონსტრირებით განუცხადა, რომ მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2022 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, ხ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში ლ. ქ–სმა ჩაიდინა იძულება, კერძოდ: მ. დ–ს განუცხადა, რომ თუ ვიდეოჩანაწერში თავისთვის სასურველ სიტყვებს არ გაიმეორებდა, კვლავ მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ლ. ქ–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 19 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ლ. ქ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 იანვრის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით შეცვლილი სასჯელიდან - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარიდან, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

გაუქმდა მსჯავრდებულ ლ. ქ–სის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ლ. ქ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2022 წლის 20 მაისიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ და მსჯავრდებულ ლ. ქ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ვ–მ.

- ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. ქ–სის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

- დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 18 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 19 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ არ ეთანხმება, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, განსხვავებით 2022 წლის 19 მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდისა (ლ. ქ–ს მიერ მუშტებისა და დანის ტარის მრავალჯერადი დარტყმებით დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მიყენების ეპიზოდი), 2022 წლის 18 მაისს ლ. ქ–ს მიერ მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის, იმავე წლის 19 მაისს ფიზიკური ძალადობის (რამაც ტკივილი გამოიწვია), იძულებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადგენად არასაკმარისია. ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულ ეპიზოდებში, საქმეში არსებული მტკიცებულებები ზოგადი ხასიათისაა, კერძოდ: საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველ ოქმებში გაკვრითაა ნახსენები, რომ ლ. ქ–ი ორჯერ დაემუქრა მ. დ–ს სიცოცხლის მოსპობით და ასევე აიძულა, რომ არ განეცხადებინა მომხდარის შესახებ პოლიციაში. ამასთან, მ. დ–მ სასამართლოში შეცვალა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და არ დაადასტურა ლ. ქ–ს მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და მუქარის ფაქტები. მან განმარტა, რომ დაზიანებები მიიღო არა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად, არამედ - სხვა ვითარებაში. ამდენად, მ. დ–სის ჩვენებით გაურკვეველი დარჩა დაზარალებულის ემოციური მდგომაროება სავარაუდო მუქარის ფაქტების შედეგად, სახელდობრ, არ დგინდება განიცადა, თუ არა მან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ისევე როგორც ის ფაქტი, ნამდვილად აიძულა თუ არა ლ. ქ–მა მ. დ–ე არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ხოლო მისი ჩვენების გარდა, სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც ლ. ქ–ს გამართლების ეპიზოდებში მის ბრალეულობას დაადასტურებდა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 დეკემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი