Facebook Twitter

3კ-1259-02 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ. წ-ის მიმართ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2000წ. 13 ოქტომბერს ვ. წ-ს ასესხა 3300 აშშ დოლარი 6 თვის ვადით 2001წ. 13 აპრილამდე. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მოვალის საკუთრებაში არსებული ბინა დაიტვირთა იპოთეკით. მოპასუხემ კვლავ ისესხა 250 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, მთლიანი თანხა _ 3500 აშშ დოლარი, გადაეხადა 30 აპრილამდე. ვ. წ-მა გადაიხადა მხოლოდ 1100 აშშ დოლარი, მას გადასახდელი აქვს 2450 აშშ დოლარი.

მოსარჩელემ ძირითად თანხასთან ერთად მოითხოვა ზიანის, 250 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელე მთლიანად ითხოვდა 2700 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს დაეკისრა 2450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. წ-მა. მან მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მ. ჭ-ემ მოპასუხეს ასესხა 2200 აშშ დოლარი ყოველთვიური 10% დარიცხვით და ამიტომ ხელშეკრულებაში ჩაიწერა 3300 აშშ დოლარი. ერთი თვის შემდეგ მოპასუხემ მოსარჩელეს ხელზე გადასცა 1760 აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პალატამ დაადგინა, რომ სესხის და იპოთეკის ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მ. ჭ-ემ ვ. წ-ს ასესხა 3300 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაერუნებინა 2001წ. 13 აპრილამდე. ხელწერილით დადგენილია, რომ 2001წ. 12 აპრილს ვ. წ-მა კვლავ ისესხა მოსარჩელისაგან 250 აშშ დოლარი და მთლიანი ვალის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2001წ. 30 აპრილი.

პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები აკმაყოფილებენ სკ-ს 824-ე და სსკ-ს 102-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო მოპასუხეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ თანხა იქნა დაბრუნებული, არ წარმოუდგენია.

ვ. წ-მა განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სესხთან დაკავშირებული ფაქტების დადგენა არ შეიძლება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით და მხარეებმა მათი მოთხოვნების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინონ წერილობითი მტკიცებულებები.

სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის მოთხოვნები, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მოპასუხეს არ წარმოუგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც მის მოთხოვნებს დაადასტურებდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.