Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1262-02 29 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ქ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში დ.მ-ის და თ. ც-ის მიმართ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1997წ. 17 მაისს მოპასუხეებს ასესხა 3300 აშშ დოლარი. მოპასუხეებმა დაუბრუნეს 2300 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 1000 დოლარს არ უბრუნებენ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ვალი დაბრუნებული აქვთ. მოპასუხეების მოსაზრებით ხელშეკრულება ბათილია, რადგან მასში სესხისათვის გათვალისწინებული იყო 10%, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილ საბანკო საპროცენტო განაკვეთს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 560 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. მოსარჩელემ კი შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატის სხდომაზე დ. მ-ი შეიცვალა სათანადო მოპასუხე – ა. ც-ით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1997წ. 17 მაისს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ცოლ-ქმარი თ. და კ. ც-ეები იღებენ ლ. ქ-ისაგან სესხად 3300 აშშ დოლარს 1977წ. 1 სექტემბრამდე ვადით. ხელშეკრულებას ხელს აწერს მხოლოდ ა. ც-ე.

მოსარჩელის განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეებს დაბრუნებული აქვთ 2300 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 1000 აშშ დოლარიდან 440 აშშ დოლარი არის პროცენტი. სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა პროცენტისა და მისი მოცულობის შესახებ საქმის მასალებით არ არის დასაბუთებული. აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის 440 აშშ დოლარის ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან ამ ნაწილში არ არსებობს ვალდებულება.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხა 560 აშშ დოლარი უნდა გადახდეს წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების უშუალო მხარეს – კ. ც-ეს.

სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 316-ე, 623-ე, 625-ე მუხლები; ასევე სსკ-ს 131-ე და 133-ე მუხლები და 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ც-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 560 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ა. ც-ეებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

1997წ. 17 მაისის ხელშეკრულების მიხედვით თ. და კ. ც-ეებმა აიღეს ვალდებულება ლ.ქ-ისაგან სესხად აღებული 3300 აშშ დოლარს დააბრუნებდნენ 1997წ. 1 სექტემბრისათვის. დაუბრუნებლობის შემთხვევაში, გაყიდიან მათ კუთვნილ ერთოთახიან ბინას და აღნიშნულ თანხას გადაუხდიან მოსარჩელეს.

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კ.ც-ეს წარმოეშვა ვალდებულება 3300 აშშ დოლარის დაბრუნებაზე. სკ-ს 364-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად და დათქმულ ვადაში. აქედან გამომდინარე, ვალდებულების ძალით მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხეს მოსთხოვოს მისი შესრულება ე.ი. უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხის მიერ ნაკისრი 3300 აშშ დოლარის დაბრუნება.

კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მან სესხად მიიღო მხოლოდ 2300 აშშ დოლარი ვერ იქნება გაზიარებული, რადგან როგორც ავღნიშნეთ მოპასუხემ ხელშეკრულების მიხედვით მიიღო 3300 აშშ დოლარი ძირითადი თანხა და იკისრა ვალდებულება 3300 აშშ დოლარის დაბრუნებაზე. მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ 1000 აშშ დოლარი იყო სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სსკ-ს 131-ე მუხლის საფუძველზე მართებულად მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად მოსარჩელის აღიარება იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ დაბრუნებულია 2300 აშშ დოლარი, ხოლო 1000 აშშ დოლარიდან პროცენტს შეადგენდა მხოლოდ 440 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 560 აშშ დოლარი. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. და კ. ც-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.