საქმე # 330100120003756134
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №446აპ-23 ქ. თბილისი
ა–ი კ., 446აპ-23 18 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - კ. ა–ს და ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ–ს საკასაციო საჩივრები, ასევე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების - კ. ა–ს და ა. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჭ–მა, ასევე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
- მსჯავრდებულების - კ. ა–ს და ა. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ჭ–ი საკასაციო საჩივრებით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: საქმეში არ მოიპოვება არცერთი უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულების ბრალეულობას; ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, როგორიც არის დანაშაულის ჩადენის იარაღები; შემთხვევის ე.წ. თვითმხილველი მოწმეები - ა. ა–ი და დ. ჯ–ი, სინამდვილეში არიან ცრუ მოწმეები, ვინაიდან ისინი ცრუობენ და საერთოდ არ შესწრებიან შემთხვევას, რასაც ადასტურებს შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი; არ დგინდება მკვლელობის ჯგუფურად ჩადენის ფაქტიც, ვინაიდან დაზარალებულის გარდაცვალება გამოწვეულია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა დაზიანებებმა, ხოლო ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები არ არის შემავალი და წარმოადგენს სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს; რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მსჯავრდებას, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის გარემოება, რომ კ. ა–ი სასტიკად სცემეს აწ. გარდაცვლილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა, რასაც ადასტურებს სამედიცინო დასკვნებიც, ასეთ ვითარებაში კი ბრალდების მხარის პოზიციის სრულად გაზიარება სცდება რეალობასა და სამართლიანობას.
- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულების - კ. ა–ს და ა. ა–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, შემდეგი არგუმენტებით: მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმისა და საზოგადოებრივი საშიშროების, დაზარალებულის პოზიციისა და აგრეთვე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მათ გადამალეს დანაშაულის ჩადენის იარაღები და ორი წლის განმავლობაში მიმალვაში იყვნენ, მსჯავრდებულებს უნდა განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელები.
2. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ლევან ვეფხვაძე საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები, ვინაიდან არ არსებობს მათი დასაშვებად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივნისის განაჩენით:
ü კ. ა–მი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით; სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
გაუქმდა კ. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
კ. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 3 ნოემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო 2021 წლის 21 მაისიდან - 2021 წლის 3 ნოემბრამდე.
ü ა. ა–ი, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით; სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ა. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
გაუქმდა ა. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
ა. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 3 ნოემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო 2021 წლის 21 მაისიდან - 2021 წლის 3 ნოემბრამდე.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ა–მა და ა. ა–მა ჩაიდინეს: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, ჯგუფურად; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ასევე ჯგუფურად.
კ. ა–ს და ა. ა–ს მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის მაისში, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ. ა–მა და ა. ა–მა ტ. ა–ს ჯგუფურად, განზრახ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც მან მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
- ამასთან, კ. ა–მა და ა. ა–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს გადაჭრილი სანადირო თოფი და 16 კალიბრიანი ორი ვაზნა, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ და ატარებდნენ. 2019 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 20:55 საათზე, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, წარსულში არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, შურისძიების მოტივით, კ. ა–მა ზემოხსენებული გადაჭრილი სანადირო თოფიდან, მოკვლის მიზნით, ორჯერ ესროლა ტ. ა–სს, ხოლო ძირს დავარდნილ დაზარალებულს, იმავე მიზნით, ა. ა–მა ხელთ ნაქონი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ტ. ა–ი გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულებმა გადაკვეთეს ს–ს სახელმწიფოს საზღვარი და გადავიდნენ ს–ს რესპუბლიკაში. სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ მიმართა ს–ს რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა ბრალდებულების ექსტრადიცია, რაც დაკმაყოფილდა და ბრალდებულები - კ. ა–მი და ა. ა–ი 2021 წლის 3 ნოემბერს შესახლებულნი იქნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულებაში.
ამავე დროს, სასამართლომ გაითვალისწინა ექსტრადიციის პირობები, რომლის მიხედვით, სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით დასჯადია სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები, ხოლო, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დასჯადია მხოლოდ ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება და, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ბრალდებულებს მსჯავრი არ დაედოთ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჩ–მ მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
- მსჯავრდებულმა კ. ა–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჭ–მა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
- თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ქობულაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულების - ა. ა–სა და კ. ა–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების - კ. ა–ს და ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ–ს საკასაციო საჩივრების მოთხოვნას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულების მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შესახებ და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ა. ა–სის ჩვენებით, მოწმე დ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ა. ნ–ს, გ. ა–ს, ჯ. ჯ–ს, გ. გ–ს, გ. ს–ს, გ. წ–ს, ლ.ბ–ს, ზ. ო–ს, დ. ბ–სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დ. ჯ–ს მონაწილეობით ჩატარებული ა. ა–სა და კ. ა–ს ფოტოსურათებით ამოცნობის 2019 წლის 2 დეკემბრის ოქმებით, საცხოვრებელი სახლის 2019 წლის 2 დეკემბრის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების 2019 წლის 2 დეკემბრის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების - გ. ს–ს, გ. გ–ს, მ. ა–სა და გ. წ–ს მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 30 იანვრის ოქმით, ტ. ა–ს სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 13 მაისის N....... დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების (სათვალთვალო (სამეთვალყურეო) კამერების) გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 3 და 8 თებერვლის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების (სათვალთვალო (სამეთვალყურეო) კამერების ჩანაწერების) გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 7 მარტის ოქმით, ტ. ა–სის სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 21 ივლისის N........... დასკვნით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის 2020 წლის 2 ნოემბრის დასკვნით, ამოღებული ვიდეოჩანაწერებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია აღნიშნული დანაშაულების ჩადენა.
10. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება, რომ ა. ა–ი და დ. ჯ–ი არიან ცრუ მოწმეები და რომ მათ საერთოდ არ დაუნახავთ მომხდარი შემთხვევა, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან. ა. ა–ს ჩვენებით, დ. ჯ–სის გამოკითხვის ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ცალსახად დასტურდება 2019 წლის 1 დეკემბერს კ. ა–ს მიერ ტ. ა–სათვის თოფიდან ორჯერ სროლისა და ა. ა–ს მიერ დანისმაგვარი ბასრი საგნით, თავისა და გულმკერდის უკანა ზედაპირზე შვიდი ჭრილობის მიყენების ფაქტები. გარდა იმისა, რომ ა. ა–სა და დ. ჯ–ს ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი ერთმანეთთან, თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ისინი ასევე შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ტ. ა–სის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ა. ა–სა და დ. ჯ–ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებსა და შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების ამსახველ, შპს „........დან“ ამოღებულ ვიდეოჩანაწერს. ის გარემოება, რომ თვითონ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები - ა. ა–ი და დ. ჯ–ი არ ჩანან შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერში, რის შესახებაც დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებში აპელირებს, მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან საქმის მასალებით დგინდება, რომ ვიდეოსამეთვალყურეო კამერა დამონტაჟებული იყო იმ კუთხით, რომლის გადაღების არეალში არ ექცეოდა ის ადგილი, სადაც აღნიშნული მოწმეები იმყოფებოდნენ. ამასთან, მოწმე დ. ჯ–სის ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება მხოლოდ მითითებული მოწმის გამოქვეყნებულ ჩვენებას, რის გამოც აღნიშნული მოტივებითაც არ არსებობს მისი ჩვენების გაუზიარებლობის სამართლებრივი საფუძველი.
11. შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ კ. ა–მი და ა. ა–ი ერთად მიდიან ქ. თ–ში, ........ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე (ვიდეოჩანაწერის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის ადგილზე პირველი ა. ა–ი მივიდა, რომელიც სწრაფად მიუახლოვდა ტ. ა–ს და მასთან ახლოს დადგა, შემდეგ ა. ა–ის მიჰყვება კ. ა–ც), თითქმის ერთდროულად მოქმედებენ დანაშაულის ჩადენისას და ასევე ერთად ტოვებენ შემთხვევის ადგილს. უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში, ვიდეოჩანაწერში ჩანს პირი (კ. ა–ი), რომელსაც ხელში უჭირავს მოგრძო ფორმის საგანი, რომელსაც უმიზნებს ლიანდაგებთან მდგარ პირს (ტ. ა–ს) და ორჯერ ესვრის მას, რა დროსაც ჩანს ცეცხლის ალი. შემდეგ მსროლელი გარბის იმ მიმართულებით, საიდანაც ამოვიდა ქუჩაზე და კადრიდან გადის, ხოლო დაზარალებული ძირს ეცემა. გასროლის შემდეგ, მსროლელის თანმხლები - შედარებით დაბალი პირი (ა. ა–ი), დაზარალებულს წაქცევისთანავე უახლოვდება და რამდენჯერმე იქნევს ხელს მისი მიმართულებით, რის შემდეგაც იგი ასევე გარბის ქუჩის ქვემოთ და კადრიდან გადის.
12. საქმის მასალებით, კერძოდ, მოწმეების: ა. ა–ს, ა. ნ–ს, გ. ა–სა და ჯ. ჯ–ს ჩვენებებით დადასტურებულია ისიც, რომ ტ. ა–ს მკვლელობამდე, წარსულში, ერთი მხრივ, ტ. ა–სსა და, მეორე მხრივ, კ. ა–სა და ა. ა–ის შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არსებობდა კონფლიქტი, რასაც შედეგად, 2019 წლის მაისში, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებებიც მოჰყვა, რის შედეგადაც ტ. ა–მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხოლო მსჯავრდებულები კი სწორედ ამ საფუძვლით, განაწყენების ნიადაგზე და შურისძიების მოტივით, ჯგუფურად მოქმედებდნენ მასზე ანგარიშსწორების მიზნით.
13. საყურადღებოა დანაშაულის ჩადენის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც, სახელდობრ, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ორივე მსჯავრდებულმა ერთად, არაერთხელ შეიცვალეს სხვადასხვა სამარშრუტო ტაქსი, თბილისიდან ჩავიდნენ „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, საიდანაც იმავე დღეს - 2019 წელის 1 დეკემბერს, ასევე ერთად გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდნენ სომხეთის რესპუბლიკაში.
14. ტ. ა–სის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ აწ. გარდაცვლილს სხეულზე, მუცლისა და წელის მიდამოებში ცეცხლნასროლი ჭრილობების გარდა, საფეთქლისა და გულმკერდის უკანა მიდამოში ასევე აღენიშნებოდა - ნაკვეთ-ნაჩხვლეტი და ნაკვეთი, ჯამურად - 7 ჭრილობა, განვითარებული რაიმე მჭრელი და მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით.
15. ამდენად, მსჯავრდებულებსა და ტ. ა–ს შორის წარსულში არსებული კონფლიქტი, შემდეგ 2019 წლის 1 დეკემბერს მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის ჩადენამდე, ჩადენისას და მას მერე განხორციელებული ქმედებები, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღები (სანადირო თოფი და დანისმაგვარი ბასრი საგანი), დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების ხასიათი, ხარისხი, რაოდენობა, ლოკაცია და სიმძიმე, ცალსახად მიუთითებს კ. ა–ს და ა. ა–ს მხრიდან, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტზე.
16. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - კ. ა–ს და ა. ა–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - კ. ა–ს და ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ–სის საკასაციო საჩივრები, ასევე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი