გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1273-02 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა, სახლის ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. თ-ი ცხოვრობდა ქ.თბილისში, ... მდებარე სახლში. მას საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ამ სახლის 4/27 ნაწილი, იგი გარდაიცვალა 1997წ. 29 აგვისტოს. გარდაცვალებამდე, 1996წ. 8 ივნისს, მან ზემოაღნიშნული სახლის ნაწილი აჩუქა თავის დას, რ. თ-ს, რომლის სახელზეც აღნიშნულ სახლში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა 4/27 ნაწილი. აწ გარდაცვლილ თ. თ-ს დარჩა მემკვიდრეები: შვილები გ. და ქ. თ-ები და მეუღლე ნ. ვ-ე. მათ სარჩელი აღძრეს რ. თ-ის წინააღმდეგ და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 54-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვეს 1996წ. 8 ივნისის ნაჩუქრობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშული გარიგება არ არის ნამდვილი, ვინაიდან მისი დადების მომენტში თ.თ-ს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნა დაამყარეს იმ გარემოებაზე, რომ თ.თ-ი 1995 წლიდან იყო დაავადებული თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით (ინსულტით), ვერ ხმარობდა მარჯვენა ხელ-ფეხს, დაქვეითებული ჰქონდა მეტყველება და ცნობიერება.
მოპასუხე რ. თ-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობდნენ და დღესაც არ ცხოვრობენ სადავო ბინაში, თავს არიდებდნენ თ. თ-ის მოვლა-პატრონობას.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ. და გ. თ-ებისა და ნ. ვ-ის სარჩელი. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო დაეყრდნო ამ საქმეზე ჩატარებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ.თ-ს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ვ-ის, ქ. და გ. თ-ების სააპელაციო საჩივარი. უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა სსკ-ს 102-ე მუხლით, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 54-ე მუხლით და აღნიშნა, რომ გარიგების საცილოდ გახდომის უფლება ჰქონდა თვით თ.თ-ს. პალატა დაეყრდნო განმეორებითი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადასტურდა, რომ აწ გარდაცვლილი თ.თ-ი გარიგების დადების დროს ქმედუნარიანი იყო.
მოსარჩელეებმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს საკასაციო წესით. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები;
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ თ. თ-ი ნამდვილად იყო დაავადებული ინსულტით, მაგრამ ამ დაავადებას გავლენა არ მოუხდენია მის გონებრივ შესაძლებლობებზე. სადავო ნაჩუქრობის ხელშეკრულების დადების დროს, 1996წ. 8 ივნისს, თ. თ-ის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით ამ საქმეზე ჩატარებულ იქნა ორი ექსპერტიზა (პირველადი და განმეორებითი), რომელთა დასკვნები ერთმანეთის იდენტურია. აღნიშნული დასკვნების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ აწ გარდაცვლილ თ.თ-ს – 1996წ. 8 ივნისს, ნაჩუქრობის გააფორმებისას შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თ.თ-ი 1996წ. 1 აგვისტომდე მუშაობდა “ს-ში” ნავთობ-ქიმიური განყოფილების ...ად.
სსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კი მსგავსი შინაარსის პრეტენზია მითითებული არ არის.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ფსიქიატრული ექსპერტიზა არ დაემორჩილა სასამართლოს განჩინებას განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და დამოუკიდებულად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისათვის შეუტყობინებლად ჩაატარა ექსპერტიზა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2001წ. 25 ივლისის განჩინებაში განმეორებითი სასამართლო-ფსიქიატრული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მითითებული პროფესიის პირთა, კერძოდ, ექსპერტ-ფსიქიატრის და ექსპერტ-ნევროლოგის საშტატო ერთეულები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრში არ არსებობდა, რის გამოც ექსპერტიზაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მ.ა-ის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რჩევით, მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქიატრიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტმა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ზ.ბ-მ. ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილეობდნენ ასევე სამედიცინო აკადემიიის ნევროლოგიის კათედრის დოცენტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ნ.შ-ე და ორი ექსპერტ-ფსიქიატრი.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში გ. და ქ. თ-ებმა და ნ. ვ-ემ ვერ შეძლეს იმის დადასტურება, რომ თ. თ-ს 1996წ. 8 ივნისს ნაჩუქრობის ხელშეკრულების დადებისას არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და მასში აღნიშნული მიზეზები (გასაჩივრების საფუძვლები) არ ცვლის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს და სამართლებრივ შედეგს, რის გამოც პალატა არ აკმაყოფილებს კასაციის განაცხადს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. და ქ. თ-ებისა და ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აგვისტოს განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.