საქმე # 210100122006311526
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №469აპ-23 ქ. თბილისი
წ–ი ვ., 469აპ-23 19 ივლისი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ - გიორგი შიოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გიორგი შიოშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ვ. წ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი მოტივებით: მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია შეუსაბამოდ ლმობიერი სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვინაიდან ვ. წ–ის ქმედებამ გამოიწვია მცირეწლოვნის - 5 წლის ბავშვის გარდაცვალება, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლეს პრეტენზია აქვს მის მიმართ.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით ვ. წ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული ძირითადი სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე განესაზღვრა პენიტენციური დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
გაუქმდა ვ. წ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ. წ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 4 სექტემბრიდან.
სასჯელაღსრულებითი დაწესებულების დატოვების შემდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ვ. წ–ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა პრობაციის ბიუროს, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც, მსჯავრდებულს აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს პრობაციის ბიუროს.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. წ–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე, დ–ს რაიონის სოფელ ...........ში ა–ს მიმართულებით მოძრაობდა ავტომობილი „ოპელი" სახელმწიფო ნომრით: .........., რომელსაც მართავდა - ვ. წ–ი. იმავე დროს, მისგან მარჯვნიდან მარცხნივ, მისი სავალი გზის ნაწილის გვერდულზე გაჩერებული ავტომობილის უკანა მხრიდან, საავტომობილო გზას სწრაფი სირბილით კვეთდა ქვეითი - დ. ფ–ი, რომელიც სავალი ნაწილის დაახლოებით შუაში გაჩერდა, მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, გამოიყენა მუხრუჭი და საჭე მიმართა მარცხნივ, მაგრამ ქვეითთან შეჯახება ვერ აიცილა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ვ. წ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ვ. წ–სათვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებელი დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), მსჯავრდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და მისი პიროვნება (მსჯავრდებულმა დაზარალებული დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში და ცდილობდა მისთვის დახმარების აღმოჩენას, მისი ეთიკური ქცევა სასამართლო სხდომის დარბაზში, დამოკიდებულება ჩადენილი ქმედებისადმი, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე, მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ. წ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში ვ. წ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და სასჯელის დანიშვნის წესი, შეესაბამება როგორც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, ისე საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ - გიორგი შიოშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი