ბს-1550-1124(კ-05) 21 ივნისი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - გ. ილინა
კასატორი – მ. ც-ლი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი; წარმომადგენელი – ე. ს-ლი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – პენსიის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 27 მაისს მ. ც-ლმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა პენსიაზე დანამატის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ გაწვეული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღო სხივური ტრამვა, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი II ჯგუფის ინვალიდი, დანიშნული აქვს 45 ლარი პენსია, არის 72 წლის. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სოციალური პენსია 14 ლარის ოდენობით.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ც-ლის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მის სასარგებლოდ დაეკისრა მოხუცებულობის პენსია 14 ლარის ოდენობით, მასზედ დანამატი _ 28 ლარის ოდენობით ყოველთვიურად 2003 წლის 1 ივლისიდან.
2003 წლის 8 აგვისტოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და მ. ც-ლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის განცხადება და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება.
მოსარჩელე მ. ც-ლმა ახალი სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა პენსიაზე დანამატის დანიშვნა 23 ლარისა და 33 თეთრის ოდენობით «სამხედრო, შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხონილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონის 41 მუხლის შესაბამისად, რადგან არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, და პენსიას ღებულობს უკვე ათი წელია. ასევე, მოითხოვა ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, გასული პერიოდის 12 თვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ც-ლის სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მ. ც-ლის სასარგებლოდ დაეკისრა პენსიაზე დანამატი 23,33 ლარი ყოველთიურად 2004 წლის ივლისიდან. აგრეთვე ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის სხვაობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ც-ლს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ც-ლმა უარი განაცხადა ასაკის პენსიაზე და ითხოვა ინვალიდობის პენსია. 2001 წლის 14 მარტიდან მას აქვს ინვალიდობის მეორე ჯგუფი უვადოდ განსაზღვრული, ინვალიდობის მიზეზია სხივური ტრამვა დაკავშირებული სამხედრო სამსახურის პერიოდთან და ამ პერიოდიდან _ 2001 წლის 14 მარტიდან მას დაენიშნა 45 ლარი ინვალიდობის პენსია ყოველთვიურად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" 1996 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ინვალიდობის პენსია და მასზე დანამატი ენიშნებოდათ მხოლოდ ამ კანონის პირველი მუხლის «ა" პუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა შორისაც, თავისი მონაცემების მიხედვით, მ. ც-ლი არ მოიაზრება.
აღნიშნული კანონის მე-17 მუხლში 2003 წლის ივლისში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც «ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებათ, თუ ისინი დაინვალიდნენ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში ან არაუგვიანეს სამი თვისა სასხურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო". ანუ ამ ცვლილებებით ინვალიდობის პენსიის დანიშვნა და მასზე დანამატის გავრცელება განისაზღვრა ამ კანონის პირველ მუხლში მითითებულ პირებზე და არა მხოლოდ პირველი მუხლის ,,ა" პუნქტში ჩამოთვლილ პირებზე. მაგრამ აღნიშნული კანონი, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი «სამხედრო, შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" კანონში უნდა ამოქმედებულიყო 2004 წლის 1 იანვრიდან. ამავე კანონში 2003 წლის 31 დეკემბრის კანონით შეტანილი იქნა დამატება _ გარდამავალი დებულება _ 63 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ამ კანონის მე-17, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 22 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე, 36-ე, 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 50-ე და 60-ე მუხლების ამოქმედება განისაზღვრა 2005 წლის 1 იანვრიდან.
სააპელაციო პალატამ, მართალია, მ. ც-ლი მიიჩნია, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის «ი" პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურედ, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნას ინვალიდობის პენსიის დანიშვნის თაობაზე და აქედან გამომდინარე იგი მოიპოვებს ასევე ინვალიდობის პენსიაზე ამ კანონის 22-ე მუხლით გათალისწინებულ დანამატის უფლებასაც, მაგრამ იმის გამო, რომ აღნიშნული კანონი კონკრეტულად უთითებს მისი ამოქმედების ვადას, ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, ხოლო 42-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან ეს კანონი ადგენს სხვა ვადას, რომელიც ჯერ არ დამდგარა, იგი ვერ გამოიყენებს და ვერ დაეყრდნობა ძალაში შეუსვლელ საკანომდებლო აქტს, რაც წარმოადგენს მ. ც-ლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ც-ლმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი მიუთითებდა, რომ 1954-57 წლებში მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში, საიდანაც გაწვეულ იყო ვადიან სამხედრო სამსახურში. სამსახურს გადიოდა ჯერ სერჟანტის, შემდეგ ოფიცრის წოდებით.
1956 წლის 24 ოქტომბერს საბჭოთა კავშირსა და უნგრეთის ჯარებს შორის მოხდა საბრძოლო შეტაკება, სადაც მიიღო რადიაქტიული დასხივება, რის შემდეგ არის ომის ვეტერანი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი უვადოდ.
არის 74 წლის, დანიშნული ჰქონდა პენსია 45 ლარის ოდენობით, რის გამოც ითხოვდა პენსიის დანამატს როგორც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი II ჯგუფის ინვალიდი ოფიცერი, მაგრამ ფონდის დუშეთის ფილიალმა და საქართველოს ფონდმა უარი უთხრეს პენსიაზე დანამატის დანიშვნაზე, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის. მას შემდეგ გავიდა 3 წელი, მაგრამ კანონიერი გადაწყვეტილება მისთვის პენსიის დანამატის დანიშვნასთან დაკავშირებით კასატორის განმარტებით, სასამართლომ ვერ მიიღო.
კასატორის მითითებით საპელაციო პალატის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან 2004 წლის მიღებულ ცვლილებებს უკუქცევითი ძალა არ აქვს და მეორე ვერც ექნება, რადგან იგი აუარესებს მის მდგომარეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ც-ლი ითხოვდა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-ლის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იყოს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ც-ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
კასატორმა მ. ც-ლმა უარი განაცხადა ასაკის პენსიაზე და ითხოვა ინვალიდობის პენსის დანიშვნა. დუშეთის სარაიონთაშორისო სსე ბიუროს სსეკ-ის შემოწმების აქტის ¹-- ამონაწერით დადგინდა, რომ 2001 წლის 14 მარტიდან კასატორს განსაზღვრული აქვს ინვალიდობის მე-2 ჯგუფი უვადოდ. ინვალიდობის მიზეზია სხივური ტრამვა დაკავშირებული სამხედრო სამსახურის პერიოდთან, რისი გათვალისწინებითაც მ. ც-ლს დაენიშნა 45 ლარი ინვალიდობის პენსია ყოველთვიურად.
მ. ც-ლმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პენსის დანიშვნა ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის საფუძველზე მითითებულ გარემოებებს მიიჩნევს დადგენილად.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ კასატორი წარმოადგენდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 1 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს. კერძოდ, მითითებული ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებოდნენ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში. ამავე კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს ინვალიდობის პენსია დაენიშნებოდათ, თუ ისინი დაინვალიდნენ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ მე-17 მუხლი წარმოადგენს მითითებითი ხასიათის ნორმას, რომლის გამოყენებისათვისაც სავალდებულოა პირი იყოს ამავე კანონის 1 მუხლით განსაზღვრული სუბიექტი.
როგორც აღინიშნა, მ. ც-ლი დაინვალიდდა ვადიანი სამხედრო სამსახურის პერიოდში მიღებული სხივური ტრამვის შედეგად, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ჩათვალოს, რომ კასატორი წარმოადგენდა მითითებული კანონის სუბიექტს, რომელზედაც უნდა გავრცელებულიყო კანონის მე-17 მუხლის მოქმედება. თუმცა, იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და განმარტავს:
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, მითითებული კანონის მე-17 მუხლის ამოქმედება განისაზღვრა 2005 წლის 1 იანვრიდან.
,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 17 ივნისის კანონით, ზემოაღნიშნული მე-17 მუხლი უნდა ამოქმედებულიყო 2004 წლის 1 იანვრიდან. ამავე კანონში 2005 წლის 28 ოქტომბერს კვლავ შევიდა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა, რომ კანონის მე-17 მუხლი, ამავე კანონის ,,ი-ლ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა მიმართ, ამოქმედდებოდა 2006 წლის 1 იანვრიდან. ხოლო 2005 წლის 23 დეკემბერს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კანონის 1 მუხლიდან საერთოდ ამოღებულ იქნა ,,ი” ქვეპუნქტი. საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს იმის თაობაზე, რომ კანონიდან ამოვიდა პირველი მუხლის ის ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც კასატორი მიჩნეულ იყო ზემოაღნიშნული კანონის სუბიექტად.
საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ ნორმა, რომლითაც კასატორს მიეცა ინვალიდობის პენსიის დანიშვნის უფლება, ისე იქნა კანონიდან ამოღებული, რომ კანონის მოქმედების არცერთ ეტაპზე კანონმდებელს არ მოუხდენია მისი მატერიალური რეალიზება. რაც, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ჩათვალოს, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ- სამართლებრივი საფუძველი, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო ცვლის უარის თქმის საფუძველს, საჭიროდ მიიჩნევს საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-ლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ც-ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.