3კ-1275-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში ..... მდებარე ¹30 ერთოთახიანი ბინის მესაკუთრე იყო ვ. ნ-ე.
შპს “კ-სა” და ვ. ნ-ეს შორის დაიდო გარიგება, რომლის თანახმად ვ. ნ-ემ ივალდებულა, რომ ჩააბარებდა შპს “კ-ს” ერთოთახიან ბინას და სანაცვლოდ შპს “კ-ის” მიერ ..... ქუჩაზე მშენებარე სახლში დაკმაყოფილებული იქნებოდა 66 კვ.მ ფართობის ოროთახიანი ბინით.
ერთოთახიანი ბინის ჩაბარებით ვ. ნ-ეს გადახდილად ჩაეთვლებოდა ოროთახიანი ბინის ღირებულება.
ერთოთახიანი ბინა შპს “კ-ის” მიერ განსაზღვრული იყო ი. ძ-ის დასაკმაყოფილებლად, რომლის სახლი ახალი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით ექვემდებარებოდა აღებას.
ი. ძ-ის თანხმობით მითითებული ერთოთახიანი ბინა 5000 აშშ დოლარად გასხვისებული იქნა ლ. ლ-ეზე.
1999წ. 11 ნოემბერს ვ. ნ-ესა და ლ. ლ-ეს შორის დაიდო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. საჯარო რეესტრში ბინა აღირიცხა ლ. ლ-ის სახელზე რომელიც შესახლდა შეძენილ ბინაში.
2000წ. 7 ივლისს შპს “კ-სა” და ვ. ნ-ეს შორის სამშენებლო კომპანიას ვ. ნ-ისათვის უნდა ჩაებარებინა ოროთახიანი ბინა მშენებარე სახლში.
2001წ. ნოემბერში ვ. ნ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში შპს საამშენებლო კომპანია “კ-ისა” და ლ. ლ-ის მიმართ 2000წ. 7 ივლისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ საამშენებლო კომპანია ფაქტიურად გაკოტრდა და ვეღარ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, ხოლო ერთოთახიანი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა შპს სამშენებლო კომპანია “კ-სა” და ვ. ნ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება. არ დაკმაყოფილა ვ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნა. ლ. ლ-ესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ბინიდან გამოსახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება არ ყოფილა დადებული სხვა გარიგების დასაფარავად და მხარეების მოქმედება მიმართული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგის დადგომისაკენ.
ვ. ნ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ვ. ნ-ესა და ლ. ლ-ეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და ლ. ლ-ე გამოსახლებულ იქნა ბინიდან.
ლ. ლ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ გამყიდველისათვის ბინის საფასურის გადაუხდელობა არ ადასტურებს გარიგების თვითმაქციურ ხასიათს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს დასაქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს სამშენებლო კომპანია “კ-ს” ვ. ნ-ეს, ი. ძ-ესა და ლ. ლ-ეს შორის დაიდო მრავალმხრივი გარიგება. შპს “კ-ს” მშენებლობის საწარმოებლად ესაჭიროებოდა ი. ძ-ის კუთვნილი სახლის და ეზოს ტერიტორია, ამ ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შპს “კ-მა” იკისრა ვალდებულება, რომ ი. ძ-ეს დააკმაყოფილებდა რამდენიმე საცხოვრებელი ბინით მათ შორის ვ. ნ-ის სახელზე რიცხული ერთოთახიანი ბინით.
შპს სამშენებლო კომპანია “კ-სა” და ვ. ნ-ეს შორის 2000წ. 7 ივლისს დადებული ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში მოპასუხე შპს “კ-მა” ცნო სარჩელი, რაც დაედო საფუძვლად ხელშეკრულების შეწყვეტას.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა და იგი შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატამ ვ. ნ-ეს და ლ. ლ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო იმ საფუძვლით, რომ მხარეების მიერ არ იყო შესრულებული სკ-ს 477-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, რომლის თანახმად მყიდველი მოვალეა გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება. გამყიდველისათვის ნასყიდობის ფასის გადახდას მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. ფული მიიღო არა ვ. ნ-ემ არამედ ძ-ემ.
სკ-ს 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი ვალდებულება ჩაეთვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებით მიიღო სარგებელი.
ლ. ლ-ემ ი. ძ-ეს თანხა გადასცა გამყიდველის _ ვ. ნ-ის თანხმობით, ხოლო ამ უკანასკნელს აღნიშნული გარიგებით უნდა მიეღო გარკვეული სარგებელი. ვ. ნ-ეს ბინის გადაცემით დაფარულად ჩაეთვალა ასაშენებელი ოროთახიანი ბინის ღირებულება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ ვ. ნ-ესა და ლ. ლ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება სკ-ს 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას. მხარეთა ნება მიმართული იყო კონკრეტული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ.
სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.