3კ-1277-02 16 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ს-ომ” სარჩელი აღძრა შპს “ტ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა 1239938 ლარის გადახდა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001წ. 12 სექტემბერს საერთაშორისო კომპანია “ვ-ს”, შპს “ტ-ას”, სს “ე-სა” და “ბ-ს” შორის გაფორმდა ¹12-12 ხელშეკრულება სს “ს-ოს” კუთვნილი მაღალი ძაბვის “ელექტროგადამცემი ხაზებით “კავკასიონით” და “სალხინოთი” ელექტროენერგიის იმპორტირების შესახებ.
ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად შემსრულებელი შპს “ტ-ა” ვალდებული იყო შეეთანხმებინა კონტრაქტი იმ ელექტროქსელების მფლობელთან, რომლებითაც განხორციელდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება. მოპასუხეს კონტრაქტი არ შეუთანხმებია მოსარჩელესთან. მოსარჩელემ სათბობენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მეშვეობით დაადგინა, რომ მისი ხაზებით გადაცემა ხდება მოპასუხის მიერ.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 982-ე, 317-ე, 315-ე, 421-ე და 992-ე მუხლებზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელს ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე:
1. მოსარჩელის მიერ გათვლილი ტარიფი 0,21 ცენტი არ არის სწორად დადგენილი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-5 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, ტარიფების დადგენას და რეგულირებას ახდენს სემეკი. ასეთი ტარიფი სემეკს არ დაუდგენია.
2. სს “ს-ო” მოპასუხის მიერ მისი ხაზებით ელექტროენერგიის იმპორტირების შესახებ იმფორმირებული იყო და მისი 2001წ. 6 დეკემბრის ¹05-01/380 წერილით ნებართვა იყო გაცემული ელექტროენერგიის გატარების მომსახურებაზე, რაც გახდა მოპასუხისათვის იმპორტის ლიცენზიის გაცემის საფუძველი.
3. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საბაზრო წესების” მიხედვით, საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიის, აგრეთვე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი კონტრაქტებისა) ხორციელდება ელექტრობაზარზე. ენერგობაზარი ახდენს ქვეყნის ენერგობალანსის შედგენასა და რეგულირებას. ბაზრის წევრები ემორჩილებიან ბაზართან ერთად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მითითებებს და მასთან, ერთად ადგენენ ელექტრობალანსირებას, ამდენად, სს “ს-ოსათვის” ცნობილი იყო რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის შესახებ, რომლის მიმღები იყო “ბ-ი”. მოსარჩელე ვალდებული იყო დამორჩილებოდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მოთხოვნებს და მწყობრში ჰქონოდა გადამცემი ხაზები.
4. შპს “ტ-ამ” საქართველოს ენერგოსისტემას ელექტროენერგია მიაწოდა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე DAF-ის პირობით, რაც ნიშნავს საქონლის მიწოდების საზღვრამდე. კონტრაქტის პირველი მუხლის მიხედვით გამყიდველი ყიდის, შემსრულებელი აწვდის, ხოლო გადამხდელი 1 და გადამხდელი 2 (მიმღები) ღებულობენ და იხდიან ელექტროენერგიის საფასურს. აქედან გამომდინარე შპს “ტ-ა” არასათანადო მხარეა.
5. საქმის წარმოება უნდა შეწყდეს იმის გამო, რომ ¹12-12 კონტრაქტით განსაზღვრული იყო დავის გადაწყვეტა არბიტრაჟის მეშვეობით. ამავე დროს “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად ლიცენზიანტებს შორის დავის განხილვა უნდა მოხდეს მარეგულირებელი კომისიის მეშვეობით საბაზრო წესების IX თავის მიხედვით, სემეკის მიერ დამტკიცებული პროცედურების მიხედვით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები.
2001წ. დეკემბერში, 2002წ. იანვარსა და თებერვალში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი იყო 271, 253, 834 კვტსთ. ელექტროენერგია. ელექტროენერგიის შემოტანა განხორციელდა 2001წ. 12 დეკემბრის კონტრაქტით, რომელიც დაიდო საერთაშორისო კომპანია “ვ-ს”, შპს “ტ-ის”, სს “ე-სა” და კავშირი (ასოცოაცია) “ბ-ს” შორის.
კონტრაქტის 2.3 მუხლის მიხედვით 500 კვტ-იანი ხაზით გადაცემული ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა მომხდარიყო რუსეთის ტერიტორიოაზე ქვესადგურ “ც-ში”, 220 კვტ-იანი ელექტროენერგიისა კი ქვესადგურ “ფ-ზე”. მათი საკონტროლო შემოწმებები კი საქართველოს ტერიტორიაზე მოხდებოდა.
ხელშეკრულების 1.1. მუხლის მიხედვით გამყიდველი ყიდის, შემსრულებელი აწოდებს და გადამხდელი 1 და 2 ღებულობენ ელექტროენერგიას და იხდიან მის საფასურს.
ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით მიწოდება უნდა მომხდარიყო DAF პირობით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული ხელშეკრულება თავისი იურიდიული ბუნებით ნასყიდობის ხელშეკრულებაა, რომლის ძალითაც გამყიდველი-საერთაშორისო კომპანია “ვ-ი” ყიდის, ხოლო მყიდველები სს “ე-ი” და კავშირი “ბ-ი” ყიდულობენ ელექტროენერგიას ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული ოდენობითა და ფასით. შპს “ტ-ის” ¹12-12 კონტრაქტში მონაწილეობა 2.5 მუხლის თანახმად შემოიფარგლება ორგანიზაციული ფუნქციით. იგი უზრუნველყოფს დისპეტჩერის ბრძანებების შესრულებას და უთანხმებს კონტრაქტს იმ გადამცემი ხაზების მესაკუთრეს, რომლის მეშვეობითაც მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე კონტრაქტის შესრულების პერიოდში მოქმედებდა როგორც იმპორტის ლიცენზიანტი, რაც “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად ნიშნავს სემეკის მიერ გაცემულ ნებართვას, რომელიც მის მფლობელს უფლებას აძლევს საქართველოს ფარგლებს გარედან ერთ ან მეტ მიწოდების პუნქტზე მიიღოს ან გაყიდოს ანდა თვითონ მოიხმაროს ელექტროენერგია (სიმძლავრე).
სასამართლომ ხელშეკრულების 2.1 მუხლის მიხედვით მიიჩნია, რომ იმპორტის ლიცენზიანტს (მოპასუხეს) ელექტროენერგია უნდა მიეღო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და შემდგომში უნდა გადაეცა მყიდველი მხარეებისათვის. აქედან გამომდინარე მიიჩნია, მოპასუხეს არ უსარგებლია მოსარჩელის კუთვნილი გადამცემი ხაზებით “კავკასიონით” და “სალხინოთი”. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ელექტროენერგია შეიძინა კავშირი “ბ-მა” და შეძენის შემდეგ მოსარჩელის კუთვნილი გადამცემი ხაზებით შემოიტანა და მის სარგებლობაზე გასაწევი ხარჯები ასახა საკუთარ ანგარიშებში.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ არ შეათანხმა კონკრეტული კონტრაქტები მასთან, რადგან სემეკის თავმჯდომარის წერილის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს სემეკში წარდგენილი ჰქონდა სს “ს-ოს” დასტური ელექტროენერგიის იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ. აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ¹12-12 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს “ს-ოს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს-ომ”, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
კასატორის მოსაზრებით გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სასამართლოს მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული; სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები წინააღმდეგობრივია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან.
სასამართლომ ერთი მხრივ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს არ უსარგებლია მოსარჩელის კუთვნილი გადამცემი ხაზებით, ხოლო მეორე მხრივ დაადგინა, რომ მოპასუხე არის ელექტროენერგიის იმპორტიორი, რომელმაც ელექტროენერგია მიიღო და შემდგომ გადასცა მყიდველ მხარეებს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დასკვნები წინააღმდეგობრივია, რადგან ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელება შეუძლებელია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების გამოყენების გარეშე.
ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად შემსრულებელი (მოპასუხე) აწვდის, ხოლო 2.1 მუხლის თანახმად ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება “კავკასიონის” და “სალხინოს” მეშვეობით. აღნიშნული ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მფლობელი კი უდავოდ დადგენილია, რომ სს “ს-ოა”.
ხელშეკრულების 2.5 მუხლის თანახმად შემსრულებელი (მოპასუხე) ვალდებულია შეათანხმოს წინამდებარე კონტრაქტი იმ ელექტროქსელების ბალანსის მფლობელ ორგანიზაციებთან, რომელთა მეშვეობითაც მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება.
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სემეკის წერილზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ კონკრეტული კონტრაქტი შეთანხმებული იყო მოსარჩელესთან. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული გარემოება არ არის გამოკვლეული. იმავე სემეკის წერილით ირკვევა, რომ იმპორტის და ექსპორტის განხორციელების შემთხვევაში საჭიროა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. იმპორტის ლიცენზიატი ვალდებული იყო თუ არა გაეფორმებინა ხელშეკრულება ელექტროქსელების მფლობელ ორგანიზაციებთან და თუ ვალდებული იყო, გაფორმდა თუ არა ასეთი ხელშეკრულება მხარეთა შორის სასამართლოს მიერ არ არის გამოკვლეული.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ელექტროენერგია მოპასუხის კუთვნილი გადამცემი ხაზების მეშვეობით შემოიტანა “ბ-მა” და ხაზების სარგებლობაზე გასაწევი ხარჯები ასახა საკუთარ ანგარიშებში. აღნიშნული გარემოება დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ამასთან ეწინააღმდეგება თავად სასამართლო კოლეგიის მიერ გაკეთებულ დასკვნას იმის შესახებ, რომ მოპასუხე მოქმედებდა როგორც იმპორტის ლიცენზიატი, რაც ნიშნავს საქართველოს ფარგლებს გარედან ელექტროენერგია შემოიტანა მოპასუხემ.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ს-ოს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 12 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.