¹3კ-1278-02 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. გ-ე 2000წ. 3 აპრილს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა გ. დ-ასთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ნ. დ-ა – დაბადებული 20......წ. ....... მარტს.
ე. გ-ე მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა ქ. ბათუმში ...... მდებარე ბინაში, რომელიც ირიცხებოდა გ. დ-ას მამიდის ნ. დ-ას სახელზე.
მეუღლეებს შორის ქორწინება შეწყდა 2001წ. 14 ივლისს.
2002წ. თებერვალში ე. გ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში გ. დ-ას და ნ. დ-ას მიმართ საცხოვრებელი ბინიდან სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფის შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1996 წელს მისი მეუღლის მონაწილეობით განხორციელდა ბინის პრივატიზაცია.
2002წ. 27 მარტის ხელშეკრულებით ნ. დ-ამ აღნიშნული ბინა აჩუქა ძმას ე. დ-ას.
ნ. დ-ამ დამატებით მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებაც, რადგან ჩათვალა, რომ გარიგება იყო თვალთმაქცური.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით ე. გ-ეს უარი ეთქვა სარჩელზე.
ე. გ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 სექტემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
ე. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მისი ყოფილი მეუღლე გ. დ-ა ითვლებოდა ნ. დ-ას თანამესაკუთრედ და სადავო ბინის ჩუქების გარიგება იყო მოჩვენებითი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ. ბათუმში ...... მდებარე ბინის მესაკუთრე იყო ნ. დ-ა, რომელსაც გააჩნდა ამ ბინის გასხვისების სრული უფლებამოსილება.
საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ 2001წ. 17 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური გარიგება.
სკ-ს 56-მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
2001წ. 17 მარტის ხელშეკრულებას მოყვა იურიდიული შედეგი: საცხოვრებელი ბინა, რომელიც ეკუთვნოდა გამჩუქებელს, უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში ე. დ-ას. საქმეში წარმოდგენილია, როგორც სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება, ასევე საჯარო რეესტრში მესაკუთრედ ე. დ-ას რეგისტრაციის მოწმობა.
სკ-ს 183-ე მუხლის შესაბამისად მითითებული დოკუმენტები საკმარისია სადავო ბინაზე ე. დ-ას საკუთრების უფლების იურიდიული შედეგის წარმოშობისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მცირეწლოვან ნ. დ-ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს სადავო ბინა. საქმის მასალებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ე. გ-ე მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო ბინაში. ქორწინების შეწყვეტის შემდეგ იგი მცირეწლოვან შვილთან ცხოვრობს მისი დედის სახლში.
სკ-ს მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლების საცხოვრებელი ადგილი.
ვინაიდან მცირეწლოვანი ნ. დ-ა აღსაზრდელად იმყოფება დედასთან, მის საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს კასატორის საცხოვრებელი ადგილი.
სააპელაციო პალატამ სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სწორი შეფასება მისცა მტკიცებულებებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.