გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1280-02 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ.კვანტალიანი
დავის საგანი: მიუღებელი შემოსავლისა და ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ტ-ისა და შპს “მ. ჯ-ს” შორის 2001წ. 3 მარტს დადებული ხელშეკრულებით “მ. ჯ-მ” თავისი უცხოელი თანამშრომლებისათვის იქირავა თბილისში, ... მდებარე ორსართულიანი სახლი 6 თვის ვადით. 2002წ. აგვისტომდე დამქირავებელს თვეში უნდა გადაეხადა 1860 აშშ დოლარი. მათ წინასწარ გადაიხადეს 3 თვის ქირა, რითაც დაფარა 6 ივნისამდე გადასახდელი ქირა. 6 ივნისის შემდეგ კი მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ა. ტ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოპასუხემ დაარღვია საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, ერთი თვით ადრე არ აცნობეს მას ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, რის გამოც ვერ მიიღო ქირა _ 1860 აშშ დოლარი. ამასთან, მოპასუხეთა დაჟინებული თხოვნით შეიძინა 5675 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯი და დანადგარები, რომლებიც შეთანხმებისამებრ ბინიდან გადასვლის შემდეგ თან უნდა წაეღოთ დამქირავებლებს, ხოლო მისთვის აენაზღაურებინათ გაწეული ხარჯები, რაც არ შესრულებულა. მოსარჩელის განმარტებით, მობინადრეთა მიზეზით მთლიანად დანესტიანდა შენობის პირველი სართული, აიყარა კედლის საღებავი, დაობდა იატაკის რბილი საფარი, დაზიანდა იქ მოთავსებული ავეჯი, რის გამოც მას მიადგა 1500 აშშ დოლარის ზარალი. ა. ტ-მა ამავე დროს მოითხოვა ორი თვის ქირა _ 3720 აშშ დოლარი და იურიდიული მომსახურების ღირებულების, 510 აშშ დოლარის, ანაზღაურება, სულ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 13265 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტის დაკისრება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “მ. ქ-ის” წარმომადგენლობა “მ. ჯ-ს” დაეკისრა ა. ტ-ის სასარგებლოდ ერთი თვის ქირის, 1860 აშშ დოლარის, გადახდა შესაბამისი კურსით ლარებში, სახლზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების ღირებულება _ 2243 ლარი და ავეჯის აღდგენისათვის საიჯარო თანხა _ 300 ლარი. სარჩელს ავეჯის და დანადგარების ღირებულების, მიუღებელი შემოსავლის და იურიდიული კომპანია “დ-სთვის” გადასახდელი თანხის დაკისრების ნაწილში უარი ეთქვა.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “მ. ქ-ის” წარმომადგენლობა “მ. ჯ-მ”. აღნიშნულთან დაკავშირებით შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ტ-მაც. მხარეებმა მოითხოვეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ნოემბრის გადაწყვეტილება შეიცვალა და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ა. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “მ. ქ-ის” წარმომადგენლობა “მ. ჯ-ს” ა. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1860 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და სახლზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება _ 2243 ლარი, დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ. ქ-ის” წარმომადგენელმა “მ. ჯ-მ” და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მათ სასამართლომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით დააკისრა იმაზე მეტი, ვიდრე მხარე ითხოვდა. ამასთან, კასატორის აზრით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა ექსპერტიზის დასვნასა და აუდიტორული დასკვნას შორის არსებულ შეუსაბამობაზე. არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დამქირავებლის ოჯახის წევრი დაავადებული იყო ასთმით და მას უფლება ჰქონდა, ვადის დაცვის გარეშე შეეწყვიტა ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკმაოდ დასაბუთებული არ არის, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ა. ტ-ი სარჩელით ითხოვდა ბინის დანესტიანებით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის დასკვნის თანახმად სადავო ბინაში არსებული დაზიანებების აღსადგენად საჭირო თანხა განისაზღვრა 2243 ლარით. აღნიშნულ თანხაში შევიდა ¹5 სათავსის აღსადგენად აუცილებელი თანხაც, რომლის კედლები, ექსპერტის დასკვნის თანახმად, დაზიანებულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად. სააპელაციო სასამართლომ ისე დააკისრა მხარეს სახლზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება, რომ არ გაითვალისწინა ¹5 ოთახის დაზიანების გამომწვევი მიზეზები, ე.ი. სასამართლომ არ მოახდინა ექსპერტის დასკვნის ყოველმხრივი და სრული შეფასება სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად.
სსკ-ს 244-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი _ დაუდგენელი. მიუხედავად იმისა, რომ შპს “მ. ქ-ის” წარმომადგენელმა საქართველოში “მ. ჯ-მ” სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ დამქირავებლის ოჯახის წევრს აწუხებდა ასთმა და მას ჰქონდა უფლება, თანახმად სკ-ს 542-ე მუხლისა, შეეწყვიტა ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე, სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და არ მისცა სათანადო შეფასება საქმეში წარმოდგენილ ავადმყოფობის ცნობას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ მითითებული გარემოებების შესწავლისა და შეფასების გარეშე შეუძლებელია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.