Facebook Twitter

საქმე # 080100117002202913

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №497აპ-23 ქ. თბილისი

კ-ი თ, 497აპ-23 18 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით:

1.1. თ. კ-ი, - დაბადებული ... წლის .. აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. კ-მა ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ესე იგი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. თ. კ-ი მოტყუებით დაეუფლა ე. გ-ის თანხას 23000 აშშ დოლარს. თ. კ-მა 2007 წლის 12 ნოემბერს, ტელეფონით, ე. გ-ს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს იგი იყო გატაცებული და ემუქრებოდნენ მოკვლით, რის გამოც ე. გ-ს სთხოვდა ნასესხები თანხის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე (შპს „უ-ა“, მდებარე ს-ია, ს-ოს ქუჩა №...-ში) იპოთეკის მოხსნას. იპოთეკისგან ქონების გათავისუფლების შემდგომ, თ. კ-მა უარი განაცხადა ე. გ-ის თანხის დაბრუნებაზე, რითაც მან ე. გ-ს მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა თ. კ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განაჩენის გაუქმება და გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ ე. გ-ის ჩვენება, მოწმეების - გ. ვ-ის, ც. ვ-ის, მ. ჭ-ის, ე. კ-ის, ა. მ-ის, დ. ნ-სა და რ. გ-ის ჩვენებები, საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები, ხელწერილები, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №7928 წერილი), შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც თ. კ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კერძოდ:

7. დაზარალებულ ე. გ-ის ჩვენებით დგინდება, რომ 2007 წლის ზაფხულში თ. კ-მა რამდენჯერმე სთხოვა თანხის სესხება. 2007 წლის 22 აგვისტოს, თ. კ-ს სამი თვით, სარგებლის გარეშე გადასცა 23000 აშშ დოლარი, რის შესახებაც გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირა შპს „უ-ს“ საკუთრებაში არსებული ბენზინგასამართი სადგური, რომლის დირექტორიც იყო თ. კ-ი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება როგორც მოწმეების - გ. ვ-ის, ც. ვ-ა და ე. კ-ის ჩვენებებით, ასევე 2007 წლის 22 აგვისტოს დადებული კრედიტისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით. დაზარალებულ ე. გ-ის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის გასვლამდე ათი დღით ადრე, 2007 წლის 12 ნოემბერს, თ. კ-ი დაუკავშირდა და განუცხადა, რომ გატაცებული იყო და თუ სესხის უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკას არ მოხსნიდა, მას მოკლავდნენ. მასთან მივიდნენ თავდაპირველად თ. კ-ის მეუღლე - ი. ნ-ე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და სთხოვდა იპოთეკის მოხსნას, ხოლო მოგვიანებით - თ. კ-ის და - თ. კ-ი, რომელიც ითხოვდა, მისი ძმა სიკვდილისგან გადაერჩინა, რადგან გატაცებული იყო და კლავდნენ. მას შემდეგ, რაც იპოთეკის მოხსნის მიზნით სანოტარო ბიუროში მივიდა, პირადად გაესაუბრა თ. კ-ს, რომელმაც გატაცების ფაქტი დაუდასტურა და იპოთეკის მოხსნის შემთხვევაში პირობა დადო, რომ ვალს სამ დღეში დაფარავდა.

8. დაზარალებულ ე. გ-ის ჩვენებას შეესაბამება მოწმე მ. ჭ-ის ჩვენება, რომლის თანახმად, თ. კ-ი დაუკავშირდა და არწმუნებდა, რომ ე. გ-ს შპს „უ-ზე“ დადებული ყადაღა უნდა მოეხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გატაცებული იყვნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. დაზარალებულის ჩვენებასთან ასევე შესაბამისობაშია მოწმე გ. ვ-ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ როდესაც ე. გ-ის თხოვნის საფუძველზე მასთან მივიდა, ე-სა და თ. კ-ის მეუღლის - ი. ნ-ან შეიტყო, რომ თ-ი გატაცებული იყო და თუ უძრავ ქონებაზე დადებულ იპოთეკას არ გააუქმებდნენ, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

9. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2007 წლის 12 ნოემბერს თ. კ-ი ე. გ-ს დაუკავშირდა და განუცხადა, რომ გატაცებული იყო და თუ სესხის უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე დადებულ იპოთეკას არ გააუქმებდა, გამტაცებლები მოკლავდნენ, ასევე დასტურდება მოწმე ე. კ-ის ჩვენებით, რომლის თანახმად, ე. გ-ან თანხის სესხების გამო შპს „უ-ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურს ყადაღა ედო და მყიდველზე გადაფორმებას ვერ ახერხებდნენ. გადაფორმების პროცესში თ. კ-ი სანოტარო ბიუროდან გამოვიდა, ტელეფონზე საუბრობდა და ყვიროდა, რომ გატაცებული იყო და თუ იპოთეკა არ გაუქმდებოდა, დაიღუპებოდა.

10. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თ. კ-ის მიერ მის გატაცებასთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ე. გ-მ და ც. ვ-მ შპს „უ-ას“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე დადებული იპოთეკის უფლება გააუქმეს, დასტურდება როგორც დაზარალებულ ე. გ-ის, მოწმეების - გ. ვ-ის, ც. ვ-ის, მ. ჭ-სა და ე. კ-ის ჩვენებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 12 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 იანვრის N7928 წერილით, რომლის თანახმად, შპს „უ-ას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი ს-ია, ქუჩა სანავარდო N.. (საკადასტრო კოდი: ....) 27/08/2007 წლიდან 12/11/2007 წლამდე რეგისტრირებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება, უფლების რეგისტრაციის ნომერი ....; თარიღი 27/08/2007, მონაწილე პირები: იპოთეკარი: ე. გ-ე (პ/ნ ....); ც. ვ-ძე (პ/ნ .....).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - ე. კ-ისა და მ. ჭ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ თ. კ-ის გატაცებას ადგილი არ ჰქონია და მან ე. გ-ს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, კერძოდ, ე. კ-მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიუთითა, რომ შპს „უ-ას“ კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურის გადაფორმების დროს სანოტარო ბიუროდან გამოვარდა თ. კ-ი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და ყვიროდა: „ბიძია გატაცებული ვარ, იპოთეკა უნდა მომიხსნა თორემ ვიღუპები, შენი მოსარჩენი და საშველი ვიქნებიო“; მის კითხვაზე რას აკეთებდა, თ-მა უპასუხა: „მაცადე, მე ვიცი რას ვაკეთებო“. მოწმე მ. ჭ-ის ჩვენებით კი დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ე. გ-მ და ც. ვ-მ შპს „უ-ს“ კუთვნილ უძრავ ქონებას იპოთეკა მოხსნეს და ქ-ში გაემგზავრნენ, თავად ე. კ-სა და თ. კ-ს შეხვდა, რომლებსაც წამების და ზემოქმედების რაიმე კვალი არ აღენიშნებოდათ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ყველაფერი შეთხზული და მოგონილი იყო. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - დ. ნ-სა და რ. გ-ის ჩვენებების თანახმად, გამოძიების მიმდინარეობისას გადამოწმდა თ. კ-ის გატაცების ფაქტი და დადგინდა, რომ აღნიშნული რეალობას არ შეესაბამებოდა.

12. დაზარალებულ ე. გ-სა და მოწმე გ. ვ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით, უძრავ ქონებაზე დადებული იპოთეკის მოხსნის შემდეგ, თ. კ-ი იმალებოდა, ე. გ-ის სესხის სახით აღებული 23000 აშშ დოლარის დაბრუნებაზე უარს აცხადებდა და აღნიშნული სასესხო ვალდებულება დაფარული არ აქვს.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარეს გარკვეული მსგავსება აქვს თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება. ამასთან, ამ ორ დანაშაულს შორის არსებობს განსხვავებაც. თაღლითობის დროს მოტყუება გამოყენებულია, როგორც მესაკუთრის მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლების საშუალება, ხოლო ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს კი მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. დამნაშავე ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისთვის უნდა გადაეცა ან თავს არიდებს მის გადაცემას. ამ მოქმედების შედეგად მესაკუთრეს ადგება ზარალი, ე.წ. აცდენილი მოგების სახით. ეს ორი დანაშაული განსხვავდება ქონებრივი სარგებლის უკანონოდ მიღების მექანიზმით. თუ თაღლითობის დროს მოტყუებითი ხერხის გამოყენებით ხდება სხვისი კუთვნილი მოძრავი ნივთის დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი ზიანის მიყენებისას ნივთის ამ გზით ამოღება არ ხორციელდება. მესაკუთრის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება არ მცირდება. განსახილველი მუხლის თავისებურება სწორედ იმაშია, რომ დამნაშავე თავის სასარგებლოდ იყენებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო, თუმცა ნორმატიული აქტის საფუძველზე ქონება შეტანილი უნდა ყოფილიყო მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის ფონდში, ე.ი. მისი ფონდი უნდა გაზრდილიყო. ამრიგად, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ქონებრივი ზიანი არ არის გამოხატული პირდაპირ ზიანში, არამედ გულისხმობს სარგებლის მიუღებლობას. დანაშაული დამთავრებულია არა მოქმედების ჩადენის მომენტიდან, არამედ ქონების მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი ზარალის მიყენების მომენტიდან. ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს მისთვის ცრუ ცნობების მიწოდებით ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიადგება და სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება. სუბიექტური მოტივით სახეზეა ანგარების მოტივი და სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღების მიზანი.

14. ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა მტკიცებულებათა ერთობლიობით საკასაციო სასამართლოს უტყურად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2007 წლის 12 ნოემბერს, თ. კ-მა მოატყუა ე. გ-ე, რომ, თითქოს იყო გატაცებული და თუ 2007 წლის 22 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად შპს „უ-ს“ კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ იპოთეკას არ გააუქმებდა, მას მოკლავდნენ. აღნიშნული ცრუ ინფორმაციის საფუძველზე შპს „უ-ს“ კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების შემდგომ თ. კ-მა ე. გ-ს აღარ დაუბრუნა მისგან სესხად აღებული 23000 აშშ დოლარი.

15. ამასთან, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. კ-ის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდებაც არის კანონიდან გამომდინარე.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებაზე, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი