გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1286-02 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: საცხოვრებელი ოთახის, სარდაფის და სათონის გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. პ-მა და რ. ხ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მიუთითეს, რომ გურჯაანის რაიონის სოფ. ...ის სასოფლო საბჭოსთან არსებულმა საზოგადოებრივმა სასამართლომ პ-ების კომლი გაყო ორ კომლად, პირველი კომლის შემადგენლობაში დარჩნენ მშობლები – ნი. და ვ. პ-ები, ძმა ო. პ-ი და მისი ოჯახი, მეორე ოჯახში დარჩნენ თვითონ ნ. პ-ი, ბიძა ნიკ. პ-ი და ბებია ა. პ-ი. ბიძა ომში დაიღუპა. მის კომლს ე. საცხოვრებელი ოთახი თავისი სარდაფით და სათონით, მისი ძმის კომლს კი – ერთი ოთახი თავისი მარნით. 1985 წელს იგი ქორწინებაში გატარდა რ. ხ-თან, ჰყავთ ორი არასრულწლოვანი ვაჟიშვილი, ბებია გარდაიცვალა 1965 წელს. მოსარჩელის განმარტებით, მისი ოჯახი აღრიცხულია საკოლმეურნეო კომლად. კომლის გაყოფის დროს მისთვის გამოყოფილი ერთი ოთახისა და სარდაფის გარდა სოფ. ...ში სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. მის სახელზე ირიცხება, აგრეთვე, მიწის ნაკვეთი. მისმა ძმამ გაკაფა სახლის წინ გაშენებული ვაზის ხეივანი და მის კუთვნილ ოთახს დაეპატრონა.
აღნიშნული საფუძვლებით მოსარჩელეებმა მოითხოვეს ო., ლ., ნი. და ნო. პ-ების გამოსახლება ოთახიდან, სარდაფიდან და სათონიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოს გაყოფა იზოლირებულ ნაწილებად და ვაზის აკაფვით მიყენებული ზიანის 790 ლარის ანაზღაურება. შემდგომში ნ. პ-მა გაზარდა ზარალის თანხა 1150 ლარამდე, ხოლო მორალური ზიანისათვის მოითხოვა 1000 ლარის ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 დეკემბრის გადაწვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ო., ლ., ნი. და ნო. პ-ები გამოსახლებულ იქნენ სადავო სახლის ერთი ოთახიდან და პირველი სართულის სარდაფიდან. ნ.პ-ს დაევალა დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობა მთავარი გზის მხრიდან. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ არ გაიზიარა ო. პ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ, მართალია, ნ. პ-ს ეკუთვნოდა საცხოვრებელი ოთახი, მაგრამ მან დაკარგა საკუთრების უფლება ამ ოთახზე მხარეთა შორის არსებული გაცვლის გარიგების საფუძველზე და ვინაიდან ნ. პ-ი არ ამოწერილა კომლიდან, სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე. სასამართლომ უარყო მოსარჩელის მოთხოვნა ვაზის აკაფვით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე, რადგან ვაზი, როგორც ადგილობრივი დათვალიერებით დადგინდა, იდგა ო. პ-ის ოთახის გასწვრივ. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. პ-ის მოთხოვნა ეზოს გაყოფისა და სათონის დაბრუნების ნაწილში, რადგან სათონე დღეისათვის აღარ არსებობს. ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო., ლ., ნი. და ნო. პ-ებმა და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ საცხოვრებელი ოთახი, რომლიდანაც მათ გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემების საფუძველზე ირიცხება ო. და ნი. პ-ებზე. ნ. პ-ს რამდენიმე ათეული წელი არ უცხოვრია სოფ. ...ში. მხარეთა შორის იყო მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება მარანისა და სახლის ნაწილის გაცვლის შესახებ. მხარის აზრით, უკანონოა გაყრის შესახებ დადგენილებაც.
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-მაც. მან მოითხოვა ვაზის აჩეხვით გამოწვეული ზიანის _ 1150 ლარის და მორალური ზიანის სახით 1000 ლარის გადახდევინება, სათონის მიკუთვნება და მოპასუხისათვის საადვოკატო ხარჯების დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. პ-ის სააპელაციო საჩივარი. ო., ლ., ნი. და ნო. პ-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა გამოსახლების, საცხოვრებელი ოთახისა და სარდაფში დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ნ. პ-ს ა. პ-ის გარდაცვალების შემდეგ კომლის ქონება კანონით დადგენილი წესით არ მიუღია და ნ. პ-ი საკოლმეურნეო კომლის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამასთან, ნ. პ-ი არ არის სადავო ქონების მესაკუთრე და მას უფლება არა აქვს, მოითხოვოს მის მიერ მითითებულ პირთა მიერ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.
ნ. პ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ მას კომლთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, საქართველოში არ ყოფნის დროსაც უგზავნიდა ფულს მამას, რომელიც მის ნაკვეთს ამუშავებდა თავისი ხელით და პატრონობდა მის ბინას. ამიტომ, კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 128-ე მუხლი, მემკვიდრეობა კი, მისი აზრით, მეორე მხარესაც არ მიუღია კანონით დადგენილი წესით. მისი კომლი აღდგენილია, რაც არავის გაუსაჩივრებია, ხოლო კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთები და ქონება აღრიცხულია მის სახელზე. კასატორის განმარტებით, ტექაღრიცხვის პასპორტში მეორე მესაკუთრედ ის უნდა ირიცხებოდეს; მას საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს 1957 წლიდან; საარქივო ცნობებით დადასტურებულია მისი საკუთრების უფლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, მან საკუთრების უფლება თავისი კომლის ქონებაზე მოიპოვა 1957 წლიდან. აღნიშნული უფლება მან აღიდგინა 1983 წელს. კასატორი არ უარყოფს, რომ სოფელში 1988 წელს ჩატარდა ტექნიკური ინვენტარიზაცია. ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად საცხოვრებელი სახლი მასზე არ აღრიცხულა. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მონაცემებით სახლის მესაკუთრეებად მითითებულია ო. და ნ. პ-ები. კასატორის აზრით, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემულ ტექნიკურ პასპორტში მეორე მესაკუთრედ ნი. პ-ის ნაცვლად თვითონ უნდა ირიცხებოდეს. კასატორს კანონით დადგენილი წესით ტექნიკური ინვენტარიზაციის ჩანაწერი სადავოდ დღემდე არ გაუხდია და ვიდრე მოცემულ დოკუმენტში ან საჯარო რეესტრის მონაცემით ნ.პ-ი არ აღირიცხება მესაკუთრედ, მას არ წარმოეშობა სამოქალაქო კოდექსით მესაკუთრისათვის მინიჭებული უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.პ-ს არ გააჩნია უფლებამოსილება, სკ-ს 170-172-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოითხოვოს ნივთის უკანონო მფლობელობიდან დაბრუნება. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ო. პ-ის მიერ ვაზის გაჩეხვას არ შეეძლო მიეყენებინა მისთვის არც მატერიალური და არც მორალური ზიანი, რადგან გაჩეხილი ვაზის მიმართ ნ. პ-ს არავითარი უფლება არ გააჩნია.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთის ო. პ-ისათვის ჩამორთმევას და კასატორისათვის მიკუთვნებას, აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლოა, რადგან ო. პ-ი სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმართ არ არსებობს არც კანონისმიერი და არც სხვა სახის ბოჭვა, თანახმად სკ-ს 170-ე მუხლისა, მიზანშეუწონელია მისთვის კანონით მინიჭებული უფლების ხელყოფა. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.