გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1290-02 7 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. დ-ემ სარჩელი აღძრა ჯ. შ-ისა და თ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ სოლიდარულად 1200 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2001წ. გაზაფხულზე გაიცნო მოპასუხეები, რომლებსაც ნდობის საფუძველზე სარეალიზაციოდ აძლევდა თამბაქოს ქაღალდს. 2001წ. სექტემბერში მოსარჩელე ნ.დ-ემ კვლავ მისცა მოპასუხეებს სარეალიზაციოდ 510 კგ ქაღალდი, რისთვისაც მისთვის უნდა გადაეხადათ 1600 ლარი, მაგრამ გადაუხადეს 400 ლარი. 1200 ლარი დარჩათ გადასახდელი, რისთვისაც სარჩელი აღძრა სასამართლოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 17 ივნისის განჩინებით ნ.დ-ეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.დ-ემ.
აპელანტი მიუთითებდა შემდეგზე: თ. ბ-ემ შესთავაზა ჯ. შ-ესთან ერთობლივი საქმიანობა და შეთანხმდნენ, რომ იგი უკრაინიდან ჩამოიტანდა თამბაქოს ქაღალდს, ჯ. შ-ე მოახდენდა რეალიზაციას და მიღებულ მოგებასა და ზარალსაც გაინაწილებდნენ.
აპელანტი მიუთითებდა, რომ ჯ. შ-ემ თამბაქოს ქაღალდის ჩამოსატანად გაატანა გარკვეული თანხა. სკ-ს 931-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად და სწორედ ზეპირი იყო მის მიერ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 6 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას: უკრაინის ქ. ჟიტომირიდან ბათუმში ჩამოჰქონდა თამბაქოს ქაღალდი და რეალიზაციისათვის თანხების შემდგომი გადახდის მიზნით უნაწილებდა თამბაქოს გამყიდველებს, რომლებიც რეალიზაციის შემდეგ უხდიდნენ მას ადრე შეთანხმებულ თანხას.
დადგენილია და მხარეებიც არ უარყოფენ, რომ ნ.დ-ე 2001წ. სექტემბერში წავიდა უკრაინაში ქაღალდის ჩამოსატანად, რომელსაც ჯ. შ-ემ გაატანა 1300 აშშ დოლარი. ნ. დ-ეს ასევე ჰქონდა, თავისი ფული _ 800 აშშ დოლარი, რაზედაც მხარეები არ დავობენ. სექტემბრის მეორე ნახევარში ნ. დ-ემ ჩამოიტანა 510 კგ. თამბაქოს ქაღალდი, რომელიც სარეალიზაციოდ ჩააბარა ჯ. შ-ეს. ამასთან, ქაღალდის რეალიზაციისათვის მხარეებს შორის შეთანხმებული თანხა უნდა დაეტოვებინა ჯ. შ-ეს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ის ვერ გაიზიარებს მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების არსებობას, ვინაიდან ვლინდება, რომ ყოველი გაყიდული კილოგრამიდან შ-ე იტოვებდა 2 ლარს, დანარჩენ თანხას კი აძლევდა დ-ეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. დ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს და მისი სარჩელი დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ურთიერთობა და შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის დავალიანება არ გააჩნდათ.
სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს იმ გარემოებების არსებობა, რომელსაც ის თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს.
თუ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე პირი არ ზრუნავს, შექმნას მტკიცებულება, რომელიც დავის წარმოშობის შემთხვევაში მისი ინტერესების შესაბამისად იქნება გამოყენებული, იგულისხმება, რომ მხარე რისკს იღებს თავის თავზე, რაც დავის დროს მის წინააღმდეგ იმოქმედებს.
კასატორი ვერ მიუთითებს მტკიცებულებებზე, რომლის საფუძველზე შეიძლება დადგენილად იქნეს მიჩნეული მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების არსებობა. მართალია, კასატორი მიუთითებს, რომ ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება სკ-ს 931-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ასევე _ ზეპირად, მაგრამ იგი, ასევე, ვერ ამტკიცებს ზეპირი ხელშეკრულების არსებობას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.