Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1292-03 12 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს “ტ-მა” 2001წ. 5 მაისს სს “დ. ა-თან”, ხოლო 2001წ. 16 მაისს – შპს “ნ-სთან” დადო ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე შპს “ტ-მა” იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა მძღოლთა წინასარეისო სამედიცინო შემოწმება დადგენილი წესებით, ხოლო მეორე მხარემ ივალდებულა შპს “ტ-ისათვის” გამოეყო სანოტარო-ჰიგიენური ნორმების შესაბამისი ფართი და აღჭურვილობა, წარედგინა მარშრუტებზე გასვლის განრიგი და არ დაეშვა წინასარეისო შემოწმების გარეშე მძღოლების გასვლა რეისზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულების შესაბამისად შპს “ტ-ს” დაკავებულ ფართში მეორე მხარისათვის უნდა გადაეხადა მიღებული შემოსავლის 8%. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.

სს “ა. დ-მ” შპს “ტ-ს” ხელშეკრულება შეუწყვიტა 2001წ. 24 აგვისტოს, ხოლო შპს “ნ-მ” _ 2001წ. 31 აგვისტოს.

შპს “ტ-მა” სარჩელი აღძრა სს “ა. დ-სა” და შპს “ნ-ს” წინააღმდეგ და სკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სს “ა. დ-ს” ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დაკისრებოდა 2047.9 ლარის ანაზღაურება, ხოლო შპს “ნ-ს” წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოითხოვა _ 2870.4 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მოსაზრებით მოპასუხეებს ხელშეკრულება რომ არ შეეწყვიტათ დარჩენილი 8 თვის განმავლობაში მიიღებდა მითითებულ თანხას.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათი მოსაზრებით ხელშეკრულების შეწყვეტა კანონიერად მოხდა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ტ-მა”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “დ. ა-ს” შპს “ტ-ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2870.4 ლარის, ხოლო შპს “ნ-ს” _ 2047.9 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

დადგენილია, რომ 2001წ. 5 და 16 მაისს შპს “ტ-ს”, სს მძღოლთა წინასწარი სამედიცინო შემოწმება დადგენილი წესებით, ხოლო სს “დ. ა-მა” და შპს “ნ-მ” ივალდებულეს შპს “ტ-ისათვის” გამოეყოთ სანიტარულ-ჰიგიენური ნომების შესაბამისი ფართი და აღჭურვილობა, წარედგინათ მარშრუტებზე გასვლის განრიგი და არ დაეშვათ წინასწარი შემოწმების გარეშე მძღოლის გასვლა რეისზე. ხელშეკრულების შესაბამისად შპს “ტ-ს” სს “ა. დ-ისა” და შპს “ნ-სათვის” უნდა გადაეხადა შემოსავლის 8% ფართის დაკავებისათვის. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლით. დადგენილია, რომ შპს “ტ-ი” ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ხელშეკრულება შეწყვიტეს _ სს “დ. ა-მა” 2001წ. 24 აგვისიტოს, ხოლო შპს “ნ-მ” _ 2001წ. 31 აგვისტოს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა ურთიერთშორის დადეს სკ-ს 319-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი ხელშეკრულება, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას არ არსებობდა სკ-ს 405-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და მიუთითა სკ-ს 407-ე, 411-412-ე მუხლებზე. სასამართლომ მიუღებელი შემოსავალი განსაზღვრა შემდეგნაირად: შპს “ტ-ს” ხელშეკრულებით მოქმედების პერიოდში გადახდილი აქვს მის მიერ მიღებული შემოსავლის 8%: ივნისში 39 ლარი, ივლისში 38 ლარი აგვისტოში 34 ლარი. ე.ი. საშუალოდ იგი თვეში იღებდა სს “დ. ა-თან” დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 390 ლარს, ხოლო “ნ-სთან” დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 278 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს “ტ-ი” მიუღებელ შემოსავალს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე სს “დ. ა-ის” მოქმედებით მიყენებული ზიანი შეადგენს 2870,4 ლარს, ხოლო “ნ-ს” მიერ მიყენებული ზიანი 2047.9 ლარს.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი დაუსაბუთებელია. კერძოდ, სასამართლომ ისე დაადგინა მიუღებელი შემოსავლის არსებობა, რომ საქმეში შპს “ტ-ის” მიერ შემოსავლის მიღების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ მოიპოვება. სკ-ს 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აქედან გამომდინარე, მტკიცებულებების უქონლობის გამო გაურკვეველია მოვალისათვის რა ზიანის არსებობა უნდა ყოფილიყო წინასწარ არსებული.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატას მიაჩნია, რომ კასატორის საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია. კერძოდ, სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მოპასუხეს, მას შემდეგ რაც დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, არ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის განმხილველ სასამართლოს არ წარედგინა შესაგებელი და შესაბამისად, სათანადო საბუთები, რითაც თავს დაიცავდა სარჩელისაგან ე.ი. მტკიცების ტვირთი, რომელიც სამოქალაქო პროცესით მხარეებს აწევთ, ნებაყოფლობით არ გასწია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლით სამართალწარმოება მომდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ სათანადო უფლებებით და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებანი თუ მტკიცებულებანი. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ წარადგინა ის მტკიცებულებანი, რითაც განისაზღვრა მისი ყოველთვიური საშუალო შემოსავალი. მოპასუხემ კი საწინააღმდეგოდ არავითარი მტკიცებულება არ წარადგინა. თუკი ასეთს მოპასუხეს წარადგენდა, მაგრამ სასამართლო მას არ მიცემდა სათანადო შეფასებას, მაშინ მისი საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულად იქნებოდა მიჩნეული.

პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია. სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 407-ე, 411-ე და 412-ე მუხლები, რადგან კრედიტორს შეუძლია მოვალეს მოთხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მოპასუხეებს ჯეროვნად რომ შეესრულებინათ ვალდებულება, მოპასუხე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში _ დარჩენილი 8 თვის განმავლობაში _ მიიღებდა შემოსავალს, რომელიც მოპასუხის ბრალით ვერ მიიღო.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ნ-ს” და სს “დ. ა-ის” საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.